მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » მეშვიდე შემოვლა: მუმლაძე წარსულის წინააღმდეგ
6:11 PM
მეშვიდე შემოვლა: მუმლაძე წარსულის წინააღმდეგ


თექთურმანიძე და ”დინამო” ბოლნისელებთან მოგებაზე
 ითამაშებენ
ეკა ელოშვილის ფოტო

შორს რომ არ წავიდეთ, ერთი ფაქტიც მოწმობს მიმდინარე ჩემპიონატის დაძაბულობაზე: 6 ტური გავიდა და მხოლოდ ორ თამაშში ვიხილეთ სამი და მეტი ბურთით მოგება. ორბურთიანი ჰანდიკაპიც, სულ 6-ჯერ დაფიქსირდა, დანარჩენ 22 მატჩში კი, ან ფრე, ანაც - ერთი ბურთის სხვაობით გამარჯვებები.
მოკლედ მიმოვიხილოთ, რას უნდა ველოდოთ უახლოეს ტურში.  

 

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური.
     
24. 09. 16:00. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია”.
სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი)
მსაჯები:
ა. ნონიკაშვილი; დ. ჩიგოგიძე, კ. ტეფნაძე; დ. ხარიტონაშვილი.
დისკვალიფიცირებული: გიორგი ყიფიანი ("სიონის” მთავარი მწვრთნელი), დავით ასლანაძე ("სიონის” მეკარეების მწვრთნელი).
"დინამოს” ტრავმამოშუშებული მათე ვაწაძე დაუბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, 22 წლის ფორვარდი მწყობრშია და თამაში შეუძლია. ვაწაძე ძალიან "გადამტერებულია” "სიონზე”, ხშირად უტანს გოლებს და ბოლნისელებს ეს ფაქტორი არ უნდა გამოეპაროთ. "დინამომ” ირაკლი ლილუაშვილი - გივი კვარაცხელია – დავით მუჯირის სამეულით, სოლიდური შევსება მიიღო და კახა კაჭარავას გუნდს ეტყობა, რომ წლეულს გააფთრებული იბრძოლებს ჩემპიონობისთვის.
ბოლნისელები ძალიან გამწარდნენ წინა ტურში, როცა ზუგდიდში ორბურთიანი ჰანდიკაპი ვერ შეინარჩუნეს (მათი აზრით, არ შეანარჩუნებინეს) და ფრეს დასჯერდნენ. "სიონს” შინ ჯერ არ მოუგია, თუმცა არც აგებს. ისევ ფრე? სტუმრები რომ ამაზე ყაბულს არ იქნებიან, თქმაც არ უნდა. ეგ კი არა, სავარაუდოდ, მაინცდამაინც არც ბოლნისელები იზეიმებენ ერთ ქულას.           

 

24. 09. 16:00. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე”.
 სამტრედია – ზესტაფონი
მსაჯები:
ლ. სილაგავა; ბ. ჭიჭინაძე, კ. გაბრიაძე; ი. ურუშაძე.
დისკვალიფიცირებული: პაატა ბაკარანძე ("სამტრედია”).
გასულ სეზონში "ზესტაფონმა” ოთხივე მატჩი მოუგო მეზობელს, თუმცა შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ფეროელებს ამჯერადაც თვალებდაუხამხამებელი სამი ქულა ჰქონდეთ ჯიბეში. თუნდაც იმიტომ, რომ გია გეგუჩაძის გუნდი, სტუმრად მაინცდამაინც შედეგიანად ვერ თამაშობს. "სამტრედია” კი ჩამოსაწერი გუნდი რომ არაა, გასულ ტურშიც დაამტკიცა "დინამოსთან”, როცა მხოლოდ 2:3 წააგო.
"ზესტაფონის” მოედანზე ბალახის საფარს ცვლიან, გუნდი თბილისში იყო დაბანაკებული და იქ ემზადებოდა. გეგუჩაძეს ყველა ფეხბურთელი  მწყობრში ჰყავს და უსიკვდილო 3 ქულისთვის დარაზმავს შეგირდებს. მოკლედ, საინტერესო უნდა გამოდგეს იმერული დერბი.     


24. 09. 16:00. რუსთავი. "ფოლადი”.
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი)
მსაჯები:
გ. ვადაჭკორია; ზ. მენთეშაშვილი, დ. კურტანიძე; ჯ. ხორავა.
ქუთაისელი ქომაგებისგან ათვალწუნებული ნესტორ მუმლაძე, ყოფილი კლუბის გამწარებას ეცდება. რა შეხსენებაა საჭირო, მუმლაძის ხელში, "ვიტ ჯორჯია” 2009 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, რიონისპირეთში კი ხეირს ვერ ნახულობს – "ტორპედოს” მოგებათა გრაფაში ნული წერია, "ვისოლის” დაპატრონებული კლუბი ბოლო ადგილზეა. "სიონთან” შინ ვერმოგება ბოლო წვეთი იყო, "ტორპედოს” ფანები ნამატჩევს სტადიონთან შეიკრიბნენ და მუმლაძეს პასუხს სთხოვდნენ, გუგუნით გინებაც ისმოდა მისი მისამართით.
ასეა თუ ისე, "ტორპედოს” მწვრთნელს, ალბათ, ერთ-ორ, მაქსიმუმ სამმატჩიანი ნდობის კრედიტი აქვს. ვერ გეტყვით, "ვიტ ჯორჯიასთან” ქუთათურთათვის რა ჩაითვლება კარგ შედეგად. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფრეც მშვენიერი უნდა იყოს, მაგრამ "ტორპედოს” "ჯუნგლები” (ფან-კლუბის სახელია) დროულად ითხოვენ ცხრილის ფსკერიდან ამოსვლას, დრო კი არ ითმენს.
"ვიტ ჯორჯიას” კი სავიშვიშოდ არ აქვს საქმე: მეოთხე ადგილზეა და ამდენი ფეხბურთელის წასვლის შემდეგ რომ დევიზად უსიკვდილოდ ჩემპიონობა არ უნდა ჰქონდეთ, მოდით, ნუ გავამტყუნებთ. როგორც ხშირად მომხდარა, ვეტერინართა შემადგენლობა ახლიდან ჩამოყალიბდა, ოღონდ, ამ ზაფხულს მაინც ნამეტანი მოუვიდათ – ამდენი ფეხბურთელი ერთბაშად არასოდეს გაუშვიათ...

 

25. 09. 16:00. ფოთი. "ფაზისი”.
კოლხეთი (ფოთი) – ოლიმპი (რუსთავი)
მსაჯები:
თ. გვანცელაძე; ზ. ფიფია, ზ. ჯვარიძე; გ. კიკაჩეიშვილი.
"ოლიმპი” ტრადიციას არ ღალატობს და ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან წაფორხილებას "ერიდება”. თემურ მახარაძეს ძალიან უყვარს მატჩისშემდგომ კომენტარებში "რთული მატჩი იყო”-ს თქმა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისმა გუნდმა ბოლო ტურებში გამარჯვებებისთვის ცხრაპირი ოფლი ღვარა. ან არის კი "კოლხეთი” ცხრილის ქვედა ნაწილისთვის განწირული გუნდი? ეგებ, სულაც არა.
ისე ჩანს, "ოლიმპი” ტურიდან ტურამდე ძალას იკრეფს და სულ უფრო საშიში ხდება, რაც ლოგიკურიცაა: ახალაწყობილი გუნდია, მახარაძეს კი ჭიპი აქვს მოჭრილი ამ საქმეში – პირველად კი არ უწევს შეუთამაშებელი ფეხბურთელების შეთამაშება.    

 

25. 09. 16:00. ზუგდიდი. "გულია თუთბერიძე”.
ბაია (ზუგდიდი) – სპარტაკი (ცხინვალი)
მსაჯები:
მ. ბეუქლიშვილი; ლ. მიქელაძე, ი. კაკაბაძე; ხ. გაგნიძე.
დისკვალიფიცირებული: როინ ონიანი ("ბაია”).
ორი აზრი არ უნდა იყოს, რომ ფავორიტი "ბაიაა”. ჯერ ერთი, გუნდი გუნდადაც სჯობს "სპარტაკს” და მეორეც, შინ თამაშობს. ცხინვალელებმა ერთი დიდანგარიშიანი მოგება კი გამოურიეს ("სიონთან” 3:0), მაგრამ უცნაურია, რატომ სხვა მატჩებში არ "გადაჰყვათ” ეს წარმატება? გასვლით შეხვედრებში ჯერ ქულა არ აუღიათ და გოლიც კი არ გაუტანიათ. თუმცა ისიც ვთქვათ, ვისთან მოუწიათ სტუმრობა – "ზესტაფონთან” (0:4), "ოლიმპთან” (0:2) და "დინამოსთან”.
როინ ონიანის არყოფნა მცირე დანაკლისი არაა "ბაიასთვის”, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ "სპარტაკს” სამეგრელოში ძალიან გაუჭირდება.   


 

გუნდი
1 ოლიმპი 6 4 1 1 8-3 13
2 დინამო 6 4 1 1 9-5 13
3 ზესტაფონი 6 4 0 2 11-5 12
4 ვიტ ჯორჯია 6 3 1 2 9-8 10
5 ბაია 6 2 2 2 6-7 8
6 კოლხეთი 6 2 2 2 4-5 8
7 სიონი 6 1 4 1 3-5 7
8 სამტრედია 6 1 1 4 7-11 4
9 ცხინვალი 6 1 1 4 6-11 4
10 ტორპედო 6 0 3 3 2-5 3



შენიშვნები:
•    პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა;
•    ოთხი წრის შედეგების მიხედვით ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი XXIII ჩემპიონატში პირველ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო სეზონის მე-8 ადგილზე დამამთავრებელი გუნდი პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან ერთ შეხვედრაში გაარკვევს – შეინარჩუნებს ადგილს უმაღლესში, თუ ახალი სეზონიდან დაბალ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა.

ბომბარდირები
გიორგი მეგრელაძე (ბაია) - 5 (1 პენალტით), ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია) - 5 (1), რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) - 4, ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია, ტორპედო) - 3, თეიმურაზ შონია (სპარტაკი) - 3.


ილია ნანობაშვილი


















კატეგორია: სპორტი | ნანახია: 791 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar