რუსეთსა
და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, თუ როგორ აფასებს იგი 2008 წლის
აგვისტოს ომსა და მის შედეგებს, რა პერსპექტივა აქვს რუსულ-ქართულ
ურთიერთობებს, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები აფხაზეთსა და
სამხრეთ ოსეთში და აქვს თუ არა საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული
ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა.
ასევე იმაზე, რეალურად რა
ხდება მედვედევსა და პუტინს შორის და აქვს თუ არა პოლიტიკური მომავალი
რუსეთის დემოკრატიულ ძალთა კოალიციას, "ინტერპრესნიუსი" ლიბერალური
შეხედულებებით ცნობილ რუს ისტორიკოს, რუსეთის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის
დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის
საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, იური აფანასიევს ესაუბრა.
გასული
საუკუნის 90-იან წლებში აკადემიკოსი იური აფანასიევი რუსეთის დემოკრატიული
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. იგი დღეს კრემლის ერთ-ერთ შეურიგებელ
ოპონენტად ითვლება და საზოგადოებაში მოუსყიდველი ინტელექტუალის ავტორიტეტით
სარგებლობს.
- ბატონო იური, როგორ შეაფასებდით რუსეთში არსებულ პოლიტიკურ
ვითარებას? თქვენი აზრით, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებასა და
პოლიტიკურ ელიტას იმისადმი, რაც დღეს თანამედროვე რუსეთში ხდება?
-
ეს კითხვა იმდენად მრავლისმომცველია, რომ ერთ ინტერვიუში, რა ფორმატისაც
არ უნდა იყოს იგი, ძნელი იქნება მასზე პასუხის გაცემა. მითუმეტეს, რომ ამ
საკითხებზე ის შეხედულებები, რომელიც მე მაქვს, ფართოდ გავრცელებული არაა.
ჩემი
აზრით, სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისითა და თავისი სულიერი მდგომარეობით
რუსეთი დეგრადირებას განაგრძობს. დეგრადირების ტემპები ყველა სფეროში
ძლიერდება.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, პროპუტინურ პრესასა
და ტელევიზიებში რუსეთში არსებულ ვითარებაზე სხვა ხაზი ტარდება და
ადამიანებს უჭირთ რეალობის სწორად გაგება. ასეთი გაორებისაგან ადამიანებს
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური თვალსაზრისით უჭირთ იმ სურათის აღქმა, რაც
თავისთავად ყალიბდება. ერთი მხრივ, ქვეყნის ოფიციალური პირები საუბრობენ
მხოლოდ წარმატებებზე, აღმშენებლობაზე, მეორე მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ,
ადამიანებს უწევთ რეალობაში იმაზე დაკვირვება, რაც ხდება.
ფასები
იზრდება, ადამიანებს შორის, სხვადასხვა კორპორაციებსა და გაერთიანებებს
შორის გაუცხოება, კრიმინალური დანაშაულობები იზრდება. ყველა სახისა და
ფორმის დანაშაულობები, მათ შორის ყოფით დონეზე, იზრდება. დანაშაულობები და
ბავშვებისა და ქალების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებების გამოვლინებები
ძლიერდება. ვითარებაში, როცა წარმოდგენილია ორი რეალობა, - ერთი ვირტუალური
და მეორე რეალური, ადამიანებს უჭირთ რეალობაში გარკვევა. ასეთია ჩემი
ზოგადი წარმოდგენა იმაზე, თუ რა ხდება დღეს რუსეთში.
-
თქვენ, თქვენს ნაშრომებში რუსეთში არსებული ვითარების მიზეზებს რუსეთის
სახელმწიფოებრიობისა და რუსი ერის ფორმირების ისტორიაში ხედავთ. ამ
თვალსაზრისით, თქვენი შეხედულებები მართლაც საინტერესოა, მაგრამ მართლაც
ისე უიმედოდაა რუსეთის საქმე, როგორც თქვენ ასკვნით?
- ჩემი
აზრით, დიახ. როცა მე ამას ვამბობ, მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის
მთელი სოციუმი. ანუ, კულტურის ის რუსული ტიპი, რომელიც საუკუნეების
განმავლობაში ყალიბდებოდა და ბოლოს და ბოლოს რუსულ იმპერიულ არსად
გადაიქცა. იგი ხელისუფლების თვითმპყრობელობაში, მმართველი უმრავლესობის
მიერ ქვეყნის ბატონყმური მონობით მართვაში ვლინდება.
ჩემი აზრით,
კულტურის ეს ტიპი არა მარტო უპერსპექტივოა, მისი ისტორიულ სცენაზე
შენარჩუნება იწვევს საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური და სულიერი
თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად გახლეჩვას. ერთი მხრივ, რუსული სულიერება
ეჯახება წარმატებების განდიდებას, ხოლო მეორე მხრივ, სიკვდილიანობის იმავე
დონეზე დარჩენას, რაც ერის შემცირების გზით რუსული ერის ისტორიული სცენიდან
ფიზიკურ გაქრობას ნიშნავს.
რუსეთის მოსახლეობა ყოველწლიურად
თითქმის ერთი მილიონით მცირდება. ეს დემოგრაფიული კატასტროფის ტოლფასია.
მაღალ დონეზე რჩება ბავშვთა სიკვდილიანობა და სიცოცხლის ხანგრძლივობის
შემცირება. ეს ორი ფაქტორი კატასტროფულად მოქმედებს იმაზე, რასაც ჩვენ
ნაციის პერსპექტივაში ვგულისხმობთ.
- ცნობილი რუსი
პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება
"ფაშიზმზეა ფეხმძიმედ" და თუ საზოგადოებამ არ იაქტიურა, რუსეთში ფაშიზმი
გარდაუვალია. ეთანხმებით ბატინ ანდრეი პიონტკოვსკის ამგვარ შიშებსა და
შეფასებას?
- იცით, სამწუხაროდ, ეს შიშები სავსებით რეალურია.
მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ფატალურად ასეც მოხდება. ისტორიული სცენიდან ამა
თუ იმ კულტურის, ცივილიზაციის გაქრობის სხვა გზებიც არსებობს. პიონტკოვსკი
ერთ-ერთ, შესაძლო გზას ასახელებს. მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ
შესაძლოა, საქმე გვქონდეს რუსული კულტურის ტიპის ნელ-ნელა კვდომასთან.
აუცილებელი არაა რევოლუცია და მეორეჯერ სტალინური ფაშიზმის განმეორება.
განვითარების სტალინური გზა ჰიტლერული ფაშიზმის ანალოგიურია.
გასული
საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იან წლებში ამგვარი პერსპექტივის
თავიდან აცილების იმედი გაჩნდა. დღეს კი შეიძლება ითქვას, რომ ბევრ
გამოვლინებებში, რუსეთში ფაშიზმის დაბრუნების პერსპექტივა რეალური ხდება.
-
მედვედევისა და პუტინის დაპირისპირებაზე რას იტყვით? ეჭვს არ იწვევს, რომ
მათ შორის როლები განაწილებულია. ერთი კეთილი მილიციელის, ხოლო მეორე
ბოროტი მილიციელის როლს ასრულებს, მაგრამ თქვენი აზრით, ის რაც მათ შორის
თამაშდება, რისთვის კეთდება? მხოლოდ იმის თქმა, რომ ყველაფერი 2012 წლის
საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, აშკარად არასაკმარისია. . .
-
ეს ის თემაა, რომელშიც ჩაღრმავების სურვილი არა მაქვს. საქმე იმაშია, რომ
მედვედევი ლიბერალურ ენაზე კი საუბრობს, მაგრამ პრაქტიკაში ეს არ
დასტურდება. რეალობაში, საკანონმდებლო და პოლიტიკურ დონეზე კი სხვა რამე
ხდება. პრაქტიკულად, ავტორიტარული რეჟიმი მკაცრდება. ბევრი საუბრობს
იმაზეც, რომ ის, რაც რუსეთში ხდება, ნეოტოტალიტარიზმის ნაირსახეობაა.
რეალობაში ადამიანის მოთხოვნების მიმართ ისეთი დონის სიძულვილი, ინდივიდის
დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის გამოვლინების ნებისმიერ შესაძლებლობის
დათრგუნვის იმგვარი ხარისხი მძვინვარებს, რომ საუბარი ე.წ. "რბილ
ავტორიტარიზმზე" შეუძლებელია. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთში ნამდვილი
ტოტალიტარიზმია.
ნამდვილი ტოტალიტარიზმის არსებობისათვის სულაც არ
არის საჭირო მასობრივი რეპრესიები, მასობრივი უკანონობა და გულაგის
არსებობა, როგორც ეს სტალინის დროს იყო. საკმარისია მოკლა ისეთი
ადამიანები, როგორებიც იყვნენ იუდინი, იუშენკოვი, პოლიტკოვსკაია. ვისაც
მთელი ქვეყანა იცნობდა და ეს ხმაურიანი მკვლელობები არ გამოიძიო.
ამისათვის
საჭიროა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული აქციის ჩატარება. ამგვარი
პოლიტიკის წარმოება საჭიროა იმისათვის, რომ რუსეთის ხელისუფლების ჭეშმარიტი
არსი გაიგო ყველა იმათ მიმართ, ვინც ისე არ ფიქრობს, როგორც რუსეთის
დღევანდელი ხელისუფლება. რუსეთის ხელისუფლება მზადაა ჩაიდინოს ნებისმიერი
მკვლელობა და დანაშაული, რათა ყველამ თავისი პერსპექტივა დაინახოს.
ეფ-ეს-ბეს ფუნქციების გაფართოების შესახებ კანონის ინიციატორი იყო არა
ვინმე სხვა, არამედ ლიბერალური ლექსიკით მოსაუბრე პრეზიდენტი მედვედევი.
-
როგორ შეაფასებდით დასავლეთის დამოკიდებულებას რუსეთისადმი? კრემლში
მიიჩნევენ, რომ საქართველოსთან ომის გამო მას დასავლეთთან არა მარტო არ
შექმნია პრობლემები, არამედ დასავლეთი გარკვეულ დათმობებზეც კი წავიდა...
-
რუსეთის იმპერიული არსის გასაგებად საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის
აგრესიასა და შემდეგ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უდიდესი
მნიშვნელობა აქვს. პუტინმა მიუნხენში გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ
რუსეთი მოიქცევა ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.
საქართველოს
შემთხვევაში რუსეთმა ყველას აჩვენა თუ რას ნიშნავდა პუტინის მიერ მიუნხენში
დეკლარირებული განცხადებები. მიუნხენში გაკეთებული განცხადებები კი იმას
ნიშნავდა, რომ რუსეთი ყველას წინააღმდეგ გამოიყენებს ძალას, ვის მიერ
გატარებული პოლიტიკური ხაზიც არ მოეწონება და ძალის გამოყენებით მიაღწევს
იმას, რაც მას სურს. რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ თავისი მიზნის
მოსაღწევად მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა. სამწუხაროდ, დასავლეთმა
რუსეთის თავხედობა უპასუხოდ დატოვა და გადაყლაპა.
ტალიავინის
კომისიის დასკვნის ფასი იმ თვალსაზრისით არის ნულის ტოლი, რომ მან პუტინის
მიერ მიუნხენში გაკეთებულ განცხადებებს თავისი სახელი არ დაარქვა. ანუ, არ
თქვა, რომ კატა, კატაა. უკანასკნელ პერიოდში რუსეთის მიმართ დასავლეთის
სტრატეგია ასეთია - არ ჩაერიოს იმ პრობლემებში, რაც რუსეთის ინტერესების
ზონად მიიჩნევა.
- თქვენი აზრით, თუ დე-იურე არა, დე-ფაქტოდ დასავლეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის გავლენა აღიარა?
-
ფაქტობრივად, ეს ასეა. სხვათა შორის, ეს საშინელებაა. ჩემი აზრით,
დასავლეთში ბოლომდე გაცნობიერებული არა აქვთ ლევ ტოლსტოის გენიალური
ნოველის "ჰაჯი-მურატის" მნიშვნელობა. არადა, ეს ნოველა იმის ღირსია, რომ
მისი არსი ღრმად გაიაზრონ არა მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელებმა, არამედ
რუსეთის რიგითმა მოქალაქეებმა. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, თავად ლევ
ტოლსტოის არ ჰქონდა გაცნობიერებული ის, თუ რა გააკეთა მან ამ ნოველით
რუსული იმპერიალისტული არსის დახასიათებისა და სწორად გაგებისათვის.
ჰაჯი-მურატი
მზად იყო მეფის რეჟიმთან ერთად ებრძოლა შამილის წინააღმდეგ. მან მათ,
ვისაც იგი ამის შესახებ მოელაპარაკა, ერთი პირობა დაუდო: იგი შამილის
ტყვეობისაგან მისი ცოლ-შვილის დახსნას ითხოვდა. მოვლენები კი ასე
განვითარდა - ჰაჯი-მურატის თხოვნის დაკმაყოფილებაზე არავის უფიქრია. ასეთ
ვითარებაში მან რუს ოფიცრებთან ერთად ერთ-ერთი ნადირობის დროს ტყვეობიდან
გაქცევა და შამილის ტყვეობიდან საკუთარი ცოლ-შვილის დახსნა გადაწყვიტა.
გაქცეულ
ჰაჯი-მურატს იჭერენ და თავს მოკვეთავენ. მოჭრილ თავს ტომარაში ათავსებენ
და მის მოჭრილ თავს ყველა სოფლის, დაბისა და ქალაქის მოსახლეობას ანახებენ.
ეს ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს მხრებზე თავი
შეიძლება მაშინ შერჩეს, თუ არ გაუჩნდება ისეთი აზრები, რომელიც რუსეთს არ
სჭირდება. ასეთი თავი ღირსი იქნება იმისა, რომ ტომარაში ჩააგდონ და
პერიოდულად ხალხს ანახონ.
- საინტერესოა, როგორ აფასებთ თქვენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს?
-
სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ. საქართველოზე
შემიძლია ვიმსჯელო მხოლოდ იმით, რასაც მასზე ვკითხულობ. კითხვით კი დიდი
ინტერესით ვეცნობი ყველაფერს. ჩემი აზრით, საქართველო სწორ გზაზე დგას და
უკვე საკმაოდ ბევრ წარმატებებს მიაღწია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ,
უპირველესად რუსეთისაგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში.
მე,
ჰაჯი-მურატის მაგალითი შემთხვევით არ მომიხმია. ჩემი აზრით, ამ
თვალსაზრისით რუსეთის იმპერიული არსი არ შეცვლილა. რუსული პოლიტიკა დარჩა
არა უბრალოდ იმპერიული, იგი დარჩა იმპერიულ-იდეოკრატიული. რუსეთი არა მარტო
კოლონიური, არამედ იდეოკრატიული იმპერიაა იმ თვალსაზრისით, რომ მისთვის
მთავარი, ყოველთვის იდეა იყო.
მას შემდეგ, რაც მე-15 საუკუნის მეორე
ნახევარში რუსეთი როგორც სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რუსეთში, რუსეთის,
როგორც მესიის იდეა დომინირებდა. ანუ, მართლმადიდებლობის გადარჩენის იდეა.
აქედან გაჩნდა ტერმინი - მოსკოვი –მესამე რომი, მეოთხე არ იქნება. ამ იდეამ
მე-15 საუკუნიდან მოყოლებული არაერთხელ განიცადა ტრანსფორმაცია.
თეოლოგიურიდან იგი იდეოკრატიულად გადაიქცა. საბჭოთა ხელისუფლების პირველ
წლებში რუსეთში დომინირებდა მსოფლიო რევოლუციის იდეა, შემდეგ მთავარი იდეა
გახლდათ საბჭოთა კავშირში კომუნიზმის მშენებლობა.
მე-20 საუკუნის
80-იან წლებამდე საბჭოთა კავშირი იდეოკრატიულ სახელმწიფოდ რჩებოდა. როცა
80-იან წლებში კომუნისტური იდეის პერსპექტივა დაიმსხვრა, ყველა დარწმუნდა
იმაში, რომ კომუნიზმის აშენება შეუძლებელია, საბჭოთა იმპერიამ დაშლა
დაიწყო. მესიანური იდეა საბჭოთა კავშირის არსებობის ეკონომიკურ, ფინანსურ
და სამხედრო წინაპირობას ქმნიდა, რაც კავშირის შენარჩუნების საფუძველი იყო.
როცა იდეა გაქრა, სსრკ-მ დაშლის პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ახლა
საკუთრივ იდეა არ არსებობს, მაგრამ მისი ჩანაცვლება ხდება პუტინის მიერ
წარმოებული პოლიტიკით.
მესიანური იდეა არ არსებობს, მაგრამ
გარკვეული სიმულაკრის ქონა რუსეთს მაინც სურს. ამის ნათელი მაგალითია
რუსეთის მხრიდან უკრაინის, ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს მიმართ
წარმოებული პოლიტიკა. საქართველოს შემთხვევაში მესიანური იდეის სიმულაკრი
საქართველოს გახლეჩვაში გამოვლინდა.
- ვითარებაში, როცა
მოსკოვი ღიად უჭერს მხარს სოხუმსა და ცხინვალს, ოკუპირებული ტერიტორიების
დაბრუნების რა პერსპექტივა აქვს საქართველოს?
- ჩემი ზრით,
ასეთი პერსპექტივა იოლი და სწრაფი არ იქნება. მაგრამ ის, რაც საქართველოში
ხდება, მხედველობაში მაქვს ვითარების გაუმჯობესება, მშენებლობები,
კორუფციასთან რეალური ბრძოლა, რეალურად ახალი პარადიგმის რეალიზება,
საქართველოს მიმართ გარე სამყაროს ახალ დამოკიდებულებას აყალიბებს. ეს
პროცესი იოლი არ იქნება, მაგრამ თუ ის პროცესები რაც ახლა საქართველოში
ხდება, გაგრძელდა, ეს საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების
დაბრუნების პერსპექტივაზეც ისახება. თუ საქართველომ სწორი მმართულებით სვლა
განაგრძო, არის იმის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთიანი, დემოკრატიული
და თანამედროვე ქვეყანა.
- თქვენი აზრით, რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვს კასიანოვ-ნემცოვ-რიჟკოვის ახლად შექმნილ კოალიციას?
-
თავის დროზე, ამგვარი კოალიციების შექმნას მე მხურვალედ ვუჭერდი მხარს. მე
რა თქმა უნდა, მინდა რომ ამ კოალიციას რამე გამოუვიდეს, მაგრამ,
კასიანოვ-ნემცოვ-რიჟკოვის კოალიციას არჩევნების გზით სურს წარმატების
მიღწევა. პრობლემა კი სწორედ იმაშია, რომ რუსეთში არჩევნები არ ტარდება და
სამართლიანი არჩევნების ჩატარების პერსპექტივა არ არსებობს. ასეთ
ვითარებაში, კითხვა - თუ რა საჭიროა ამგვარი კოალიცია? ჰაერშია
გამოკიდებული.
პუტინის რეჟიმის არსი მის შეუცვლებადობაშია. ამ
რეჟიმს არ შეუძლია დაუშვას არჩევნები და მით უმეტეს სამართლიანი არჩევნების
დაშვება. ამ თვალსაზრისით, ამ კოალიციასთან დაკავშირებით გარკვეული
კითხვები ჩნდება.
მე ამ კოალიციის მომხრე ვარ, მაგრამ იმ პირობით,
თუ გაირკვევა რა საჭიროა იგი. ვითარებაში, როცა რუსეთში არჩევნები არ
ტარდება და სამართლიანი არჩევნების პერსპექტივა არ არსებობს, კოალიციის
შექმნა, რაღაცის ბოლომდე უთქმელობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
კობა ბენდელიანი