მთავარი » 2010 » სექტემბერი » 23 » ფრთხილად - ბოტულიზმი!
9:05 PM
ფრთხილად - ბოტულიზმი!



ზაფხულში დიასახლისები ხილისა და ბოსტნეულისგან კონსერვებს ამზადებენ, ზამთრისათვის. მაგრამ ვიდრე დაკონსერვებულ პროდუქტებს მიირთმევდეთ, კარგად დაფიქრდით, სათანადოდ თუ დაიცავით მათი მომზადებისას ყველა სანიტარიული ნორმა, რადგან ელემენტარული სანიტარიული ნორმის დაღვევამ შესაძლოა საფრთხე შეგიქმნათ თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებსაც.

 გვესაუბრება ექიმი ინფექციონისტი ეკა გორგოშიძე:

- შინ დამზადებული კონსერვები ძალიან გემრიელია და საზამთროდ ერთგვარი მარაგიც არის, მაგრამ მათი დამზადებისას იმ ელემენტარული წესების დაცვაა აუცილებელი, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა უფრო უკეთ იცოდნენ, ვიდრე ჩვენ.

ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დაავადება, რომელიც არასწორად მომზადებულმა კონსერვმა შეიძლება გამოიწვიოს, ბოტულიზმია, რომელიც ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს და ნერვულ სისტემას აზიანებს. ის ოფთალმოპლეგიური (თვალის კუნთების დამბლა) და ბულბური (ყლაპვისა და სუნთქვის დარღვევა) სინდრომებით გამოვლინდება.

ბოტულიზმის გამომწვევი ბაცილების ოჯახს მიეკუთვნება. ის არის (გრ.+) გრამდადებითი მოძრავი ჩხირი, რომელიც იზრდება ჩვეულებრივ საკვებ ნიადაგზე, გარემო პირობებში (წყალში და ნიადაგზე) წარმოშობს სპორებს, რომლებიც საკმაოდ გამძლენი არიან ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების მიმართ. დუღილს 3-5 საათს უძლებენ, პლუს 120 გრადუსზე კი იღუპებიან.

- რა არის ბოტულიზმის გამომწვევი?
ბოტულიზმის გამომწვევი ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული. ბინადრობს საქონლის, ღორის, ცხვრის, ფრინველის ნაწლავებში და განავალთან ერთად ხვდება ნიადაგში, სადაც სპორად გარდაიქმნება, სპორების შემცველი ნიადაგით კი ბინძურდება ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, სოკო, წყალი და სხვა.

- რა უწყობს ბოტულიზმის გამომწვევის გამრავლებას ხელს?
- ბოტულიზმის ბაქტერიის გამრავლებისა და ეგზოტოქსინის გამოყოფისთვის მთავარი პირობაა უჟანგბადო გარემო. ამიტომაც ავადდება ბოტულიზმით ამდენი ადამიანი კონსერვების, ძეხვის, შაშხის, შებოლილი, დამარილებული თევზის ჭამის შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტები დაბინძურებული იყო ნაწლავების შიგთავსით ან სპორებიანი ნიადაგით და დამუშავებისას სათანადოდ არ იყო დაცული სანიტარიული ნორმები.

- თუ ეტყობა დაკონსერვებულ პროდუქტს, რომ ის საშიშია?
- ინფიცირებული პროდუქტი ხშირად ფერნაცვალია, აქვს მძაღე კარაქის ან ყველის თავისებური სუნი. თუ ასეთი ნიშნები ვერ შეამჩნიეთ, დააკვირდით თავსახურს - ის არ უნდა იყოს ამობურცული.

შინ დამზადებულ კონსერვებში ბოტულიზმის გამომწვევი იმიტომ მრავლდება, რომ დაკონსერვებისას დუღილის ხანგრძლივობა, გამოყენებული ძმრისა და მარილის კონცენტრაცია არ არის სათანადო და ხელს არ უშლის ბოტულოტოქსინის გამომუშავებას.

- ყველაზე ხშირად რომელი კონსერვები გვიქმნიან ბოტულიზმით დაავადების საფრთხეს?
- ხშირია კიტრის, მწვანე ლობიოს, ბადრიჯნის, სტაფილოს კონსერვებით, ჭერმისა და მაყვლის კომპოტებით გამოწვეული დაავადების შემთხვევები. მყავდა პაციენტი, რომელიც სოკოს კონსერვით მოიწამლა. მისი ოჯახიდან კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო დაავადებული და რომ არა დროული მკურნალობა, შედეგი ლეტალური იქნებოდა. საერთოდ, ლეტალურობა ამ დაავადების დროს 30-40%-ს აღწევს.

- მაგრამ ხომ არის შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი ავადდება, ოჯახის სხვა წევრები კი, რომლებმაც იმავე ქილიდან მიირთვეს კონსერვი - არა?
- საქმე ის არის, რომ ქილაში ტოქსინი ხშირად ბუდობრივად გროვდება, ამიტომ ავადდება მხოლოდ ის, ვინც კონსერვის ტოქსინიანი ნაწილი მიირთვა.

- როგორია ბოტულიზმის პირველადი სიმპტომები?
- დაავადების საინკუბაციო პერიოდი 4-36 საათია, იშვიათად - 5-7 დღე. რაც უფრო დიდია ტოქსინის დოზა, მით უფრო ხანმოკლეა ინკუბაცია და მძიმედ ვლინდება დაავადება. დასაწყისშივე შეინიშნება ინტოქსიკაციის სიმპტომები: ძლიერი სისუსტე, მოდუნება, თავბრუ, უმადობა, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე.

დამახასიათებელია ისიც, რომ სხეულის ტემპერატურა ხშირად არ იმატებს. გულისრევა და ფაღარათი იშვიათია, უფრო ხშირია ყაბზობა და ძლიერი წყურვილის შეგრძნება. თავიდანვე იპყრობს ყურადღებას შემდეგი სინდრომები: ავადმყოფი ხედავს ბუნდოვნად და გაორებულად, თითქოს ბურუსშია ან თვალებზე ბადე აქვს აფარებული. უჭირს ყლაპვა და სუნთქვა. ძლიერდება კუნთოვანი სისუსტე, იმ ზომამდე, რომ ადამიანს თავის დაჭერაც კი უძნელდება.

- როგორ უნდა მოვიქცეთ პირველი ნიშნების შემჩნევისას?
- ბოტულიზმის პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს ან გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ტოქსინის ნეიტრალიზაციის მიზნით ავადმყოფს სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს ბოტულიზმის საწინააღმდეგო ანტიტოქსინი, რადგან მას სუნთქვის შეჩერების საფრთხე ემუქრება.

ამასთანავე, პირველადი დახმარება ითვალისწინებს 5%-იანი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარით კუჭის გაწმენდას და ოყნის გაკეთებას. სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ყლაპვის დარღვევის შემთხვევაში ავადმყოფი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაჰყავთ.

პირველადი დახმარების შემდეგ საჭიროა ავადმყოფის სტაციონარში გადაყვანა, სადაც მას სათანადო და კომპლექსური მკურნალობა ჩაუტარდება.

- როგორია ბოტულიზმის პროფილაქტიკა?
- უნდა გვახსოვდეს, რომ საკვების დამუშავების, შენახვა-დაკონსერვებისა თუ ტრასპორტირების დროს აუცილებელია სანიტარიული წესების დაცვა და სტერილიზაცია, მოხმარების წინ კი დაკონსერვებული პროდუქტი თერმულად უნდა დამუშავდეს - მიღებამდე 20-30 წუთის განმავლობაში უნდა ვადუღოთ.

ბოტულიზმის პროფილაქტიკა და სანიტარიული  ნორმები

1. კარგად გარეცხეთ პროდუქტი და ჭურჭელი, რომელსაც დაკონსერვებისთვის გამოიყენებთ.
2. დაიცავით მარილის, შაქრისა თუ ძმრის რეცეპტში მითითებული კონცენტრაცია - ეს ტოქსინის წარმოშობას უშლის ხელს.

3. კონსერვები შეინახეთ დაბალ ტემპერატურაზე.
4. არ შეიძინოთ შინ დამზადებული კონსერვები ბაზარში.

5. მაღაზიაში შეძენილ კონსერვებს დააკვირდით სახურავზე - ამობურცული არ უნდა იყოს.
6. კონსერვირების არც ერთი რეცეპტი არ იძლევა ბოტულიზმისგან დაცვის სრულ გარანტიას, ამიტომ კონსერვი მირთმევამდე გადმოიღეთ ქვაბში და 15-20 წუთის განმავლობაში ადუღეთ. თუ კონსერვში ტოქსინი გაჩნდა, დუღილი მას გაანადგურებს. ბოტულიზმის პროფილაქტიკის მთავარი გზა სწორედ კონსერვირებული პროდუქტის თერმული დამუშავებაა. 

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)































კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1716 | დაამატა: allfile | ტეგები: botulizmi, ბოტულიზმი, ფრთხილად, 03, frtkhilad, frtxilad | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar