მართალია,
"იმედის დილის" ყოფილი წამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ტელეეკრანზე აღარ ჩანს,
მაგრამ ინტერესი მის მიმართ მაინც არ განელებულა. გადავწყვიტეთ, ნუკის
ერთი დღისთვის გადაგვეხედა და საინტერესო ამბავიც შევიტყვეთ, თურმე, ნუ
იტყვით და, ქერათმიანი ტელეწამყვანი შეყვარებულია. ალბათ დაინტერესდით, ვინ
არის მისი რჩეული, რას საქმიანობს. ამ დეტალების შესატყობად და
ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შეგიძლიათ, ჩვენი ინტერვიუ წაიკითხოთ.
- ცოტა ხნის წინ ჩამოვედი ბათუმიდან და ჯერ გრაფიკი არ მაქვს
შედგენილი, შეიძლება ითქვას, რომ ვუსაქმურობ, არაფერს არ ვაკეთებ,
ველოდები, როდის დაიწყება სწავლა. ამჟამად კი იმით ვერთობი, რომ ჩემს დას
დაეწყო სწავლა და ვეხმარები.
- რა პროფესიას ეუფლები?
- მომავალი დიპლომატი გახლავართ.
- შენი პროფესიით მუშაობას არ აპირებ?
-
ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე დიპლომატობაზე მეტად სხვა რაღაცები მაინტერესებს,
თუმცა არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ დიპლომატია ძალიან საინტერესო
პროფესიაა.
- ნუკი, კითხვა გიყვარს? კითხვისთვის თუ იცლი ხოლმე?
-
კი, მიყვარს კითხვა, ვერ ვიტყვი, წიგნის ჭია ვარ-მეთქი, მაგრამ როცა
სახლში ვარ, ტელევიზორის ყურებას კითხვა მირჩევნია. კომპიუტერს რაც
შეეხება, მისი მხოლოდ ჩართვა-გამორთვა ვიცი. ხშირად უკვე გადაკითხული რაღაც
წამიკითხავს და სულ სხვანაირად გამიგია, ვიდრე ადრე. გარდა
ამისა, ვცდილობ, პრესასაც გავეცნო, თუ რაღაც საინტერესოს აღმოვაჩენ, აუცილებლად ვკითხულობ.
- დილით, შინიდან გასასვლელად რომ მოემზადო, დიდი დრო გჭირდება?
-
გააჩნია სად მივდივარ, თუ წინასწარ დაგეგმილი მაქვს, სად მივდივარ, მაშინ
ფართხა-ფურთხით ვიღებ შხაპს, ვიცვამ, ვიღებები და გავრბივარ. იმ
შემთხვევაში, თუ არ მაქვს გადაწყვეტილი, რა უნდა გავაკეთო, შეიძლება, მთელი
დღე "ვიზოზიალო" და საბოლოო ჯამში არსადაც არ წავიდე.
- სილამაზის სალონში თავის მოსაწესრიგებლად თუ დადიხარ?
-
კი, აბა რა. ყველა ქალს აქვს ამოჩემებული სალონი, სადაც ხშირად, თუნდაც
საჭორაოდ მიდის. არც მე ვარ გამონაკლისი და მაქვს ასეთი სალონი, მყავს ჩემი
სტილისტი და ვგიჟდები იქ მისვლაზე. სულ რომ არაფერი მქონდეს გასაკეთებელი,
შეიძლება, უბრალოდ საჭორაოდ მივიდე, ვიქაქანო და წამოვიდე. ამ
ორთვენახევრიანი დასვენების შემდეგ რომ მივედი სალონში, მეჩხუბნენ, ეს რა
უქენი თმასო და გამოსწორების გზაზე დამაყენეს (იღიმება).
- წეღან მითხარი ვუსაქმურობო, ამ უსაქმურობის დროს საოჯახო საქმეებს თუ აკეთებ?
-
კი, არც კი ვიცოდი, ისეთი ოჯახის ქალი გამოვდექი (იღიმება). საჭმელებსაც
ვაკეთებ, პროდუქტებსაც ვყიდულობ და რაც მთავარია, შემიძლია, ნებისმიერი
კერძი მოვამზადო, შეიძლება ვიზუალურად მთლად დახვეწილი არ იყოს, მაგრამ
გემრიელი აუცილებლად იქნება.
- ე.ი. კარგი მეოჯახე ხარ. ამასთან ერთად მფლანგველიც ხომ არ ხარ? საშოპინგოდ წასული ჯიბეგამოფხეკილი თუ ბრუნდები შინ?
-
ვაიმე, შოპინგი ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა, ვგიჟდები ამ პროცესზე,
ფული რომც არ მქონდეს, მიყვარს მაღაზიებში სიარული, სამოსის მორგება.
დეპრესიაც რომ მქონდეს, ამ საქმეს მდგომარეობიდან გამოვყავარ, რაც შეეხება
მფლანგველობას, გეტყვით, რომ უზომოდ მფლანგველი ვარ, რამდენიც მაქვს,
იმდენის დახარჯვა შემიძლია, ხელმომჭირნეობა არ მახასიათებს, შემიძლია, ერთ
დღეს ის თანხა დავხარჯო, რაც გამაჩნია და მერე მთელი თვე ორ ლარზე ვიყო
(იცინის).
- "იმედის დილაში" აღარ ხარ, სხვა რაიმე შემოთავაზება თუ გაქვს სამსახურთან დაკავშირებით?
-
ჯერჯერობით ისეთი არაფერი, თუმცა დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ისევ
ტელევიზიაში. არაჩვეულებრივად მახსენდება ის პერიოდი, როცა "იმედის დილაში"
ვიყავით, მართალია, ჩვენეული ფორმატი დაიხურა, თუმცა თანამშრომლები
მეგობრობას ვაგრძელებთ, როგორ შეიძლება გავწყვიტო ურთიერთობა იმ
ადამიანთან, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მამასავით მპატრონობდა,
მიხვდით ალბათ, გოგიჩას ვგულისხმობ. აღარ ვიცი, მას რა ვუწოდო, ჩემი
მეგობარი, მეორე მამიკო თუ სხვა რამ, მის შვილთანაც ვმეგობრობ და ძალიან
მიყვარს ეს ადამიანი.
- დღის განმავლობაში პირად ცხოვრებას რა დროს უთმობ?
-
ძალიან დიდ დროს, მით უმეტეს ახლა, როცა მცალია. სანამ ვმუშაობდი, პირადი
ცხოვრება ნაკლებად მადარდებდა, ახლა კი ამ მხრივ კარგად ვარ.
- ანუ შეყვარებული ხარ?
- კი, შეყვარებული ვარ.
- და ვინ არის შენი რჩეული?
- მისი სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ნაცნობი არ არის, ამიტომ არ დავასახელებ.
- ის მაინც გვითხარი, რამდენი წლისაა, რას საქმიანობს, რამდენი ხანია რაც ერთად ხართ...
-
21 წლისაა და სწავლობს. დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა
საოცრად განვითარდა. საერთოდ, ძალიან აზარტული ვარ, ნებისმიერთან შემიძლია
სანაძლეოს დადება. ისე დაემთხვა, რომ მასთან ხშირად ვაგებდი რაღაცებს და ამ
წაგება-მოგებაში გრძნობა შემოგვეპარა (იღიმება).
- რა წააგე?
-
ერთხელ დაბადების დღეზე სტუმრად ვიყავით და წავაგე ასეთი რამ: მთელი
საღამოს განმავლობაში იატაკზე ფეხი არ უნდა დამედგა, ჰოდა, სკამით
ვმოძრაობდი (იცინის), გუშინ კი ერთი ამოსუნთქვით ლიტრნახევრიანი
"კოკა-კოლის" დალევა წავაგე, შენ წარმოიდგინე, ერთი ლიტრი დავლიე, ნახევარი
ლიტრი ვეღარ, მაგრამ მერე საშინლად ვიყავი.
- ზემოთ ახსენე, საოცრად დაიწყო ჩვენი ურთიერთობაო, რა იგულისხმე?
-
ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მაგრამ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა.
მერე და მერე მოგვეწონა ერთმანეთი და მან შემომთავაზა, მოდი, ერთად ვიყოთო,
ვუპასუხე, ასე უცებ ვერ გეტყვი პასუხს-მეთქი, და იცით რა მითხრა? ოოო,
მერე აღარ შემოგთავაზებო. თუ მომინდა, მე თვითონ შემოგთავაზებ-მეთქი,
ვუთხარი (იცინის), მერე მომინდა, შევთავაზე და ახლა ერთად ვართ.
- რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?
-
ძალიან ცოტა ხანია, ფაქტობრივად, ყველაფერი ბათუმიდან თბილისში ჩემი
დაბრუნების შემდეგ დაიწყო, ახლა, უბრალოდ, მოგვწონს ერთმანეთი და ერთად
კარგად ვართ, მომავალში რა მოხდება არ ვიცი.
- იმედია, ქორწილის ექსკლუზივს ჩვენ მოგვცემ...
-
ვაიმე, ქორწილს არ ვგეგმავ უახლოესი ოცი წელი, არ გვემეტება ერთმანეთი
საქორწილოდ (იცინის), ჯერჯერობით ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა,
უბრალოდ, კარგად ვართ ერთად, მე მის მიღმა ვერც ერთ კაცს ვერ ვხედავ, ის
ჩემს მიღმა ვერც ერთ ქალს, მაგრამ ჯერჯერობით ოჯახსა და სერიოზულ
ურთიერთობებზე ლაპარაკი ადრეა.
- როგორც ყველა შეყვარებული წყვილი, ალბათ თქვენც ჩხუბობთ ხოლმე...
-
კი, სულ მეჯაჯღანება, არ სჯერა, რომ რამის გაკეთება შემიძლია. მეუბნება,
საჭმელს შენ ვერ აკეთებ, დებილი, შტერი და სულელი ხარო (იცინის).
- დაუმტკიცე მერე, რომ შეგიძლია კერძების მომზადება...
-
არ მაკარებს არაფერს, ააფეთქებ აქაურობასო. ამას წინათ მასთან ვიყავი და
თვითონ ფუსფუსებდა სამზარეულოში (იღიმება), მე არ მშიოდა, ამიტომ საკუთარ
თავს თავად გაუმზადა საჭმელი (იღიმება).
- ამ ყველაფრის შემდეგ როგორ მთავრდება დღე?
-
ალბათ დილის გადაცემიდან გამომყვა ის, რომ ძალიან ადრე ვიძინებ. თან,
სიმართლე გითხრათ, მშობლები გვიანობამდე გარეთ არ მიშვებენ, ამიტომ საღამოს
ცხრა საათისკენ სახლში ვარ და ათის ნახევარზე შესაძლოა ჩამეძინოს, ოღონდ
ერთი საოცარი ჩვევა მაქვს, ტელევიზორში ვპოულობ რაღაც ფილმს და მის ფონზე
ვიძინებ, გადავრთავ იმ არხზე, სადაც ფილმი გადის, გადავბრუნდები და
ვიძინებ. აი, ასე მთავრდება ჩემი ერთი დღე.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)