ამერიკული
ავტოწარმოება, ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად, მოგებაზე მუშაობს, რაც
აშშ-ის ადმინისტრაციისა და ავტომწარმოებელთა კოორდინებული თანამშრომლობის
შედეგია, - განაცხადა ბარაკ ობამამ.
"აშშ-ის სამივე ავტომწარმოებელი
(GM, Ford და Chrysler) ამჟამად მოგებაზე მუშაობს. შარშან ივნისის შემდეგ
მათ 55 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს, რაც უკანასკნელი 10 წლის
განმავლობაში ზრდის საუკეთესო მაჩვენებელია", - განაცხადა ობამამ ჩიკაგოში
Ford-ის ქარხანაში ვიზიტისას.
ობამას თქმით, მას გააჩნია
სტატისტიკა, რომლის თანახმად ამერიკული ავტომობილების გაყიდვა იმატებს და
ამის წყალობით, ავტოკონცერნებმა ტრადიციულ საზაფხულო არდადეგებზე უარი
თქვეს და თითქმის სრული დატვირთვით მუშაობენ.
ამერიკელი
ავტომწარმოებლები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას ძირითადად აშშ-ის
ტერიტორიაზე კრედიტით ჰყიდდნენ, 2008-2009 წლებში მსოფლიო ფინანსური
კრიზისის გამო განსაკუთრებით დაზარალდნენ. აშშ-ის ადმინისტრაციამ სამამულო
ავტოწარმოების გადარჩენა სცადა და კომპანიების დასახმარებლად ბიუჯეტიდან
რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი გამოყო.
პრეზიდენტის მთავარი
ინიციატივა, რომელსაც ამერიკული ავტოინდუსტრია ფინანსური უფსკრულიდან უნდა
ამოეყვანა, წარმოების მოდერნიზაცია და თანამედროვე ეკონომიური და
ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოებაზე ორიენტაცია იყო. General
Motors-ისა და Chrysler-ისგან განსხვავებით, კორპორაცია Ford-მა სახელმწიფო
დახმარებაზე უარი განაცხადა და კრიზისთან ბრძოლა დამოუკიდებლად
გადაწყვიტა.
"მე მჯერა ამერიკელი მშრომელების. დარწმუნებული ვარ,
რომ ამერიკელი მუშა-მოსამსახურეები მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ჩვენ
მძიმე პერიოდი ერთად გადავლახეთ და ახალი საფუძველი შევუქმენით უდიდეს
ამერიკულ წარმოებას. თუკი ერთიანი მიზანი გვექნება, ერთ დღესაც დავინახავთ,
რომ მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილები აქ, ამერიკაში, ჩიკაგოში მზადდება",
- განაცხადა ობამამ ავტომწარმოებლებთან შეხვედრისას და აღიარა, რომ
უკანასკნელი ავტომობილი, რომელიც შეიძინა, Ford-ის მარკის იყო.
"უკანასკნელად
Ford Escape მყავდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ ავტომობილით მხოლოდ 2
ათასი მილის გავლა მოვასწარი, მაგრამ მისგან 2 ათასი მილის ნამდვილი
სიამოვნება მივიღე", - განაცხადა ობამამ Ford-ის ჩიკაგოს საწარმოში
შეხვედრისას, რომელსაც შრომითი კოლექტივის 1,7 ათასი წარმომადგენელი
ესწრებოდა.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.