მთავარი » 2010 » სექტემბერი » 22 » როგორ დავძლიოთ უძილობა
3:32 PM როგორ დავძლიოთ უძილობა | |
ალბათ,
ხშირად გსმენიათ ფრაზა: "თავი მისკდება, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს".
უძილობასთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს: თბილი აბაზანა ძილის
წინ, თვალდახუჭული თვლა, - თუმცა ეს მეთოდები ყველას როდი შველის. როგორ
დავძლიოთ ჩვენი დროის ეს მტკივნეული პრობლემა? ამ კითხვაზე ნევროლოგი ლია ივანიძე გვიპასუხებს: - თუ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში დაწოლიდან 15-20 წუთის შემდეგ ვერ იძინებს, მიიჩნევა, რომ ძილის დარღვევა აქვს. უძილობა ხალხს ძველადაც აწუხებდა, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებისთვის ის უდიდეს პრობლემად იქცა. უძილობას მრავალი ფაქტორი იწვევს, უპირველეს ყოვლისა ნერვული სტრესი, ცხოვრების დაძაბული რიტმი, მედიის საშუალებით მიღებული, უმეტესად ნეგატიური, ინფორმაციის დიდი ნაკადი... მედიცინაში უძილობას ასე განმარტავენ: ეს არის ღამის ძილის ხანგრძლივობის შემცირება, დაძინების გაძნელება, ზერელე, წყვეტილი ძილი და ნაადრევი გაღვიძება (ზოგჯერ - დილით გაღვიძების გაძნელება). ამას ხშირად დაერთვის მოუსვენრობა, მომეტებული აგზნებადობა და სხვა. უძილობისას მცირდება ღრმა ძილის პერიოდი, ირღვევა ურთიერთობა ძილის სიზმრებიან და უსიზმრო ფაზებს შორის. უძილობას სხვადასხვა დაავადებაც იწვევს, უმთავრესად - ნევროზი, ფსიქოზი, ტვინის ორგანული დაავადება (ნეიროინფექცია, თავის ტვინის ღეროს ანთებითი, სისხლძარღვოვანი, ტრავმული დაზიანება), გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადება, აგრეთვე - ისეთი სომატური დაავადებები, რომელთა ესა თუ ის გამოვლინება (ქოშინი, ხველა, ტკივილი, კუჭის აშლილობა და სხვა) ხელს უშლის თავის ტვინის ძილის მარეგულირებელი მექანიზმის ძილში დროულ ჩართვას. ჯანმრთელ ადამიანს ძილი შეიძლება დაურღვიოს ფიზიკურმა ან ფსიქოლოგიურმა გადაღლამ, ძლიერმა განცდებმა. თუ უძილობა რომელიმე დაავადებით არის განპირობებული, პირველ რიგში, ამ დაავადებასთან ბრძოლაა საჭირო, თუმცა ნერვული სისტემის დამამშვიდებელ საშუალებას მედიკოსები ასეთ შემთხვევაშიც უნიშნავენ. - როგორ დავაღწიოთ თავი უძილობას? - როდესაც ადამიანი წვება და საათობით ვერ იძინებს, უფრო მეტად ღიზიანდება, ამიტომ ჩემი რჩევა ასეთია: თუ არ გეძინებათ, დასაძინებლად ნუ დაწვებით. - მაგრამ თუ უკვე გვიანია? - აქამდე საქმე არ უნდა მივიყვანოთ. თუ ეს ათასში ერთხელ ხდება, საშიში არ არის, მაგრამ თუ უძილობა ჩვევად გვექცა და ვიცით, რომ დაწოლა არ გვიშველის, წინასწარ უნდა ვიღონოთ რამე. - სედატიური (საძილე) საშუალებების მიღებას გულისხმობთ?.. - სედატიური საშუალება ექიმმა უნდა დანიშნოს ანამნეზისა და სიმპტომების საფუძველზე. ამასთანავე, აუცილებლად უნდა დაიცვათ სათანადო დოზა. ბევრი სედატიური საშუალება თავდაპირველად დაწყებითი დოზით ინიშნება, შემდეგ დოზა იზრდება, კურსის განსაზღვრულ ეტაპზე კი ისევ იკლებს. ამ მეთოდს იმიტომ მიმართავენ, რომ საძილე პრეპარატებმა შეჩვევა იცის - მათ გარეშე ვეღარ დაიძინებთ. დოზების რეგულირებაში ექიმი დაგეხმარებათ. სამწუხაროდ, უმეტესობა ნაცნობ-მეგობრების რჩევით იღებს ასეთ პრეპარატებს, რაც სახიფათოა. - შედარებით მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალებების, მაგალითად, ვალოსედის, ვალერიანის წვეთების მიღება უექიმოდაც ხომ შეიძლება? - ასეთი საშუალებები ყველა ოჯახშია და ანოტაციაში მითითებული დოზით მათი მიღება უვნებელია, მაგრამ თუ ადამიანს ძილი სერიოზულად აქვს დარღვეული, ეს წამლები ვერ უშველის. მოდი, დროებით თავი დავანებოთ მედიკამენტებს. გაიხსენეთ, ქართველი გლეხკაცი თუ შეუწუხებია ოდესმე უძილობას? ჯაფით დაღლილი, ბალიშზე თავის დადებისთანავე ღრმა ძილს ეძლეოდა. აქედან გამომდინარე, უძილობის უებარი წამალია შრომა, მაგრამ არა გონებრივი, არამედ ფიზიკური. - თუ საფიქრალი არ გვაძინებს? - ყოველ დღეს თავისი პრობლემები ახლავს და, როგორც წესი, მთელი დღის საზრუნავი ძილის წინ გონებაში ვიდეოჩანაწერივით გაირბენს ხოლმე, მაგრამ ეცადეთ, ამ დროს უფრო სასიამოვნო რამეზე იფიქროთ, გაიხსენოთ სასიამოვნო მოვლენები და მშვიდად დაგეძინებათ. ექიმი გვირჩევს ძილის წინ დაღლამდე იარეთ სუფთა ჰაერზე. დაწოლის წინ ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს, ნუ დალევთ კოფეინის შემცველ სასმელს - ყავას, მაგარ ჩაის, ნუ უყურებთ "საშინელებათა" ფილმებს და, საერთოდ, 12 საათის შემდეგ ტელევიზორთან და კომპიუტერთან ნუ იჯდებით. თუ არ დაგეძინებათ, უმჯობესია, წიგნი წაიკითხოთ. გარდა ამისა, ეცადეთ, დილით ადრე გაიღვიძოთ და მაშინვე წამოდგეთ. უძილობას ხშირად სიცხეც იწვევს. ამ შემთხვევაში უნდა შევარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც სუსტი ნიავი მაინც უბერავს, კონდიციონერისა და გამაგრილებლის ახლოს დაძინებას კი არ გირჩევთ - შესაძლოა გაცივდეთ და თქვენს პრობლემებს სასუნთქი გზების დაავადებაც დაერთოს. ლიკა კერატიშვილი ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” | |
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1303 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |