გამონაკლისების
გარდა, ალბათ ყველა ქალი ქვეცნობიერად დედაა. პატარა გოგონა თოჯინებით
თამაშობს, მათ უვლის, ეფერება და თავი მის დედად წარმოუდგენია. როცა გოგონა
გაიზრდება, იგი რეალურ შვილზე ოცნებობს. ოჯახის შექმნით, ამ ოცნებამდე
ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვს, მაგრამ ზოგ ქალს უმართლებს და დედა
ხდება, ზოგიც კი წლების განმავლობაში ელოდება ამ ოცნების ახდენას. როცა
მოლოდინი ამოიწურება, მაშინ ქალების უმრავლესობა მედიცინას მიმართავს.
მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ამ ფაქტს არ მიესალმება,
ქალი ხომ დედობისთვისაა გაჩენილი და ისიც ამისთვის ყველაფერზეა წამსვლელი,
მათ შორის ხელოვნურ განაყოფიერებაზეც კი... რასაკვირველია, ჩემი დღევანდელი
რესპონდენტების ანონიმურობა დაცულია.
ნანა, 32 წლის:
-
20 წლის ვიყავი, როცა მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი შევქმენით. გოჩა სკოლის
დამთავრებისთანავე, გამოსაშვებ საღამოზე გავიცანი და მას მერე ერთმანეთს არ
მოვშორებივართ. 3 წლის განმავლობაში შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ
გათხოვებას არ ვჩქარობდი, რადგან იმავე წელს სამედიცინო ინსტიტუტის
სტუდენტი გავხდი, გოჩაც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და გადავწყვიტეთ,
ჯერ გვესწავლა, ოჯახის შექმნაზე კი მოგვიანებით გვეფიქრა. სამწლიანი
ურთიერთობის შემდეგ, ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით, დავქორწინდით.
მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ჯერ კიდევ აქტუალური თემა იყო: რას იტყვის
ხალხი?! რაც უნდოდათ, ის ეთქვათ - არც ჩემთვის და არც გოჩასთვის ამას
არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია. ჩვენ, უბრალოდ, ერთმანეთი გვიყვარდა და
მთელ თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური
ურთიერთობა არ გვქონია, ხალხი მაინც გვკიცხავდა და ჩვენს მშობლებს
საყვედურებით ავსებდა, - შვილებს ყურადღებას რატომ არ აქცევთო?! ჰოდა,
ამიტომაც დავქორწინდით.
თავიდანვე მოვილაპარაკეთ, - ვიდრე სწავლას
არ დავასრულებდით, შვილზე არ უნდა გვეფიქრა. მოგეხსენებათ, სამედიცინო
ფაკულტეტზე სწავლას რამდენი მეცადინეობა სჭირდება... გავიდა კიდევ სამი
წელი. სიმართლე გითხრათ, ის ფაქტი, რომ შვილი არ გვყავდა, საერთოდ არ
მაწუხებდა. მიმაჩნდა, რომ დედობისთვის ჯერ მზად არ ვიყავი და როცა
მოვინდომებდი, შვილი მაშინ მეყოლებოდა...
რამდენიმე ხნის წინ ჩემი
მეგობარი გათხოვდა, მალევე დაფეხმძიმდა, 9 თვეში ულამაზესი გოგონა გააჩინა
და მთხოვა, მისი ნათლია მე ვყოფილიყავი. ჩემი ნათლული ისეთი საყვარელი იყო,
რომ სულ მის გვერდით მსურდა ყოფნა. ერთი სული მქონდა, მეცადინეობა
დამესრულებინა, რათა ანასთან წავსულიყავი და მის მოვლაში მიმეღო
მონაწილეობა. მალე მივხვდი, რომ დედობა მეც მწყუროდა. ამის შესახებ გოჩას
ვამცნე. ჩემი წინადადებით ისიც აღფრთოვანდა და შვილის გაჩენა გადავწყვიტეთ,
მაგრამ... მე ხომ თავიდანვე ცოდვა ჩავიდინე, როცა ვთქვი, - ჯერ შვილს არ
გავაჩენ-მეთქი. ეს ხომ ღმერთის ნებაა და რა უფლება მქონდა, მის სურვილს წინ
აღვდგომოდი? ჰოდა, ღმერთმა დამსაჯა კიდეც - არა და არ გავხდი დედობის
ღირსი. ხან მე ვიმკურნალე, ხან - გოჩამ, უფრო ხშირად კი ორივე ერთად
ვსვამდით წამლებს. ქართველი ექიმების ამბავი ხომ იცით, ოღონდ პაციენტი
ხელიდან არ გაუშვან და ყველაფრით დააიმედებენ - 5 წელი "გვიხვევდნენ ხელზე"
და მთელი ამ დროის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ მალე მშობლები
გავხდებოდით.
იმ პერიოდში ტაძარშიც დავდიოდი, ცოდვების
მოსანანიებლად და ჯანმრთელობის პარაკლისებსაც ვესწრებოდი. იმედი მქონდა,
რომ ღმერთი შემინდობდა და დედა გავხდებოდი, მაგრამ არაფერმა მიშველა.
საბოლოოდ, მკურნალ ექიმს ჩვენი დანახვა ყელში ამოუვიდა და მითხრა: ექიმი
გოგო ხარ. ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი გეშველა და ხომ უნდა მიხვდე,
რომ შვილი აღარ გეყოლება. არ ჯობია, ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთოო? ისე
მინდოდა, დედა გავმხდარიყავი, ეს წინადადება მაშინვე ავიტაცე. როცა ჩემს
მოძღვარს ამის შესახებ ვუამბე, მითხრა, - ღმერთის წინ ნუ წახვალ. თუ მას
სურს, ისედაც გახდები დედა, თუ არა და, ე.ი. ასე უნდა იყოსო. მას არ
დავუჯერე და მოსამზადებელი პერიოდის გავლის შემდეგ, ჩემი მეუღლის სპერმით
განაყოფიერება გამიკეთეს. არ იკითხოთ, რა ჯდება ეს ყველაფერი, მაგრამ
დედობა ისე მინდოდა, ფული არ მადარდებდა - ბანკიდან სესხი გამოვიტანე და
ექიმს დიდძალი თანხა ხელში ჩავუთვალე.
საბედნიეროდ, ყველაფერი
კარგად დასრულდა. მართალია, მთელი 9 თვის განმავლობაში წოლა მომიხდა,
რადგან მძიმე ორსულობა მქონდა, მაგრამ რაც მთავარია, ახლა ორი წლის
ქალიშვილი მყავს, რომელსაც ჩემი ნათლულის, ანას სახელი დავარქვი და დღეს
ძალზე ბედნიერი დედა ვარ. ჩემი აზრით, ქალი დედობის გამო ყველანაირ
მსხვერპლზე უნდა წავიდეს. ხანდახან დავფიქრდები ხოლმე იმ ფაქტზე, რომ
მოძღვარს არ დავუჯერე, მაგრამ ღმერთმა ხომ იცის, როგორ მინდოდა შვილი და
იმედია, შეცოდებას მაპატიებს...
ხატია, 37 წლის:
-
ხელოვნურ განაყოფიერებაზე ლაპარაკი ჩემთვის საკმაოდ მძიმე და მტკივნეული
თემაა. 19 წლის ვიყავი, როცა თანაკლასელს გავყევი ცოლად. მშობლები ჩვენი
დაოჯახების წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ამისთვის პატარები
ვიყავით, მაგრამ მათ არ დავუჯერეთ და გავიპარეთ. ზოგი წყვილი ხომ ფიქრობს, -
ჯერ პატარები ვართ, რა დროს ჩვენი შვილიაო (ჩემი 16 წლის ნათესავმა,
გათხოვებისთანავე, დედამთილის მოთხოვნით, სპირალი ჩაიდგა, რადგან მისი
ქმრის ოჯახს მიაჩნია, რომ ჯერ რძალი ჰყავთ გასაზრდელი და მერე იფიქრებენ
შვილიშვილზე), ჩვენ კი დაქორწინების პირველივე დღიდან შვილებზე ვოცნებობდით
და მათთვის სახელებსაც ვარჩევდით. სამწუხაროდ, ოცნება ოცნებადვე დარჩა...
რამდენიმე
წლის შემდეგ დედამ მთხოვა, - იქნებ ელემენტარული პრობლემები გაქვთ,
ექიმთან მაინც მისულიყავითო. ასეც მოვიქეცით და დაიწყო დაუმთავრებელი
მკურნალობის კურსი: ვისთან აღარ ვიმკურნალეთ, არც ექიმბაშები დაგვვიწყებია,
მაგრამ მაინც არაფერი გვეშველა. ბოლოს ყველაფერზე ხელი ჩავიქნიეთ...
ქორწინებიდან 15 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, ხელოვნური განაყოფიერება
გაგვეკეთებინა. მაშინ საქართველოში ეს არცთუ ისე დამკვიდრებული მეთოდი იყო,
მაგრამ მაინც გავრისკეთ. როცა ხელშეკრულებას ვაფორმებდით, ხელი
მიკანკალებდა, რადგან 9 ათასი ლარი გადავიხადეთ და ხელშეკრულებაში ეწერა,
რომ თუ განაყოფიერება არ შედგებოდა, ექიმები ამაზე პასუხს არ აგებდნენ.
სხვა რა გზა გვქონდა და ამ საბუთს ხელი მოვაწერეთ.
ჩემი ორსულობა
მხოლოდ ორი კვირა გაგრძელდა, შემდეგ მუცელი მომეშალა. დეპრესიაში ჩავვარდი,
ლოგინიდან ადგომაც კი არ მინდოდა. საბედნიეროდ, მეუღლე გვერდიდან არ
მომშორებია და მამშვიდებდა; მეუბნებოდა, რომ ძალიან ვუყვარდი, რომ ჩემ
გარდა, არც ერთ ქალთან ყოფნა არ სურდა... შარშან ძალები მოვიკრიბეთ,
ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ და კიდევ ერთხელ გავბედე ხელოვნური
განაყოფიერების გაკეთება. მართალია, მთლად 9 ათასი ლარი აღარ გადაგვიხდია
(ცოტა დაუკლიათ ფასი), მაგრამ მაინც ბევრი ფული გადაგვახდევინეს. პირველი
წარუმატებელი ორსულობის გამო, მეორედ განაყოფიერების გაკეთებისთანავე
მითხრეს, - ვიდრე ნაყოფი არ მოძლიერდება, ლოგინიდან საერთოდ არ წამოდგეო.
ასეც მოვიქეცი, მაგრამ არც ამჯერად გამიმართლა - 4 კვირის ნაყოფი მომეშალა.
მეგონა, ამას ვეღარ გადავიტანდი და თავს მოვიკლავდი. ექიმებმა მითხრეს,
რომ საშვილოსნოს სუსტი კედლები მაქვს და ნაყოფი მასზე ვერ მაგრდება, ამიტომ
შვილი არასოდეს მეყოლება. დეპრესიიდან დღემდე ვერ გამოვედი. ყველა
მირჩევს, ბავშვი ავიყვანო და ალბათ, ასეც მოვიქცევი, მაგრამ ჯერ დრო უნდა
გავიდეს, რათა ტკივილი ცოტათი მაინც გამინელდეს, რომ ბავშვის მოვლა
შევძლო...
ნინო, 34 წლის:
- ეს თემა ჩემთვის
საკმაოდ მძიმეა. ამის გამო უამრავმა ახლობელმა თუ ნათესავმა გამკიცხა,
მაგრამ არაფერს ვნანობ, რადგან მე დღეს დედა ვარ! 25 წლის ასაკში
გავთხოვდი. მაშინ მიმაჩნდა, რომ მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარდა
ერთმანეთი და ყველა პრობლემას გადავლახავდით, მაგრამ, სამწუხაროდ, შევცდი.
რამდენჯერაც დავვორსულდი, მუცელი იმდენჯერვე მომეშალა. იმის ნაცვლად, რომ
ამ პერიოდში ქმარი გვერდით დამდგომოდა, მეუბნებოდა, - შენ რა ქალი ხარ,
შვილიც კი ვერ გაგიჩენიაო და გარეთ გარბოდა. როცა მუცელი უკვე მეხუთედ
მომეშალა, ქმარმა უფრო დიდი შეურაცხყოფა მომაყენა, ჩემკენ ხელის
დასარტყმელადაც კი გამოიწია. ეს ბოლო წვეთი იყო და მისი სახლიდან წამოვედი.
ერთ თვეში შევიტყვე, რომ მან სხვა შეირთო ცოლად, ჰოდა, მაშინ მივხვდი,
როგორც ვყვარებივარ. გადავწყვიტე, მისთვის დამემტკიცებინა, რომ ჩვენი
უშვილობის მიზეზი მე კი არა, თავად იყო და დახმარებისთვის მაშინვე,
ხელოვნური განაყოფიერების ცენტრს მივმართე. რასაკვირველია, დონორი
ანონიმურია და დღემდე აზრზე არა ვარ, ვინ არის ჩემი შვილის მამა, თუმცა
ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ისაა, რომ
განაყოფიერებამ წარმატებით ჩაიარა და 9 თვეში დაჩის დედიკო გავხდი. ჩემი
შვილი ძალიან ლამაზია, რასაც ყველა აღიარებს. მე დღეს ბედნიერი დედა ვარ,
ჩემს ყოფილ მეუღლეს კი არც მეორე ცოლთან შეეძინა შვილები...
მაია, 30 წლის:
-
ხელოვნური განაყოფიერება ნამდვილად გავიკეთე, მაგრამ ამას არ ვნანობ.
საჭიროებამ მოითხოვა, ასე მოვქცეულიყავი. ადრეულ ასაკში, სიყვარულით
გავთხოვდი, მაგრამ ერთმანეთს იმდენად მალე დავშორდით, რომ შვილზე ფიქრიც
ვერ მოვასწარით. მას შემდეგ ყურადღება მხოლოდ სწავლაზე, კარიერის აწყობაზე
გადავიტანე და მერწმუნე, ჩემს ცხოვრებაში არც ერთი მამაკაცი აღარ ყოფილა.
სამი წლის წინ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ექიმს მივაკითხე. აღმოჩნდა,
რომ ქალური პრობლემები მქონდა და ისეთი ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, რომლის
ჩატარების შემდეგაც დედა ვეღარ გავხდებოდი. ექიმმა მირჩია, - მოდი,
ვცადოთ, იქნებ შვილი გააჩინო და ოპერაცია მერე გაიკეთო, ძალიან ახალგაზრდა
ხარ და მეცოდებიო. ჯერ ერთი, როგორც აღვნიშნე, ოჯახის დანგრევის შემდეგ არც
ერთ მამაკაცთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია და შვილს როგორ გავაჩენდი?
თანაც, ნამდვილად არ შემეძლო, ვიღაცასთან ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ გამება,
რომ შვილი გამეჩენა. ჰოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, ხელოვნური განაყოფიერება
გამეკეთებინა. ამ წინადადებას ჩემი ოჯახის წევრებიც დადებითად შეხვდნენ.
მათთვის ხომ ის იყო მნიშვნელოვანი, რომ კარგად ვყოფილიყავი...
საკმაოდ
რთული ორსულობა მქონდა. ფაქტობრივად, 9 თვე ვიწექი და მთელი ამ დროის
განმავლობაში, ჩემი მომავალი შვილის დაბადება-არდაბადების საკითხი
გაურკვეველი იყო, მაგრამ ღმერთმა არ გამწირა და ბავშვი აბსოლუტურად
ჯანმრთელი დაიბადა. საკეისრო კვეთის დროს ჩემთვის აუცილებელი ოპერაციაც
გამიკეთდა და ახლა თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, მით უფრო, რომ 2 წლის
ულამაზესი ქალიშვილი, ნიტა მყავს. სულ არ მაინტერესებს, ვინ არის მისი
მამა. ის მხოლოდ ჩემი ქალიშვილია და სხვათა შორის, ძალიან მგავს...
გადავწყვიტეთ
გაგვერკვია, თუ რამდენად დიდია ხელოვნური განაყოფიერების მსურველთა რიცხვი
და ამ საქმის სპეციალისტს, ექიმ-რეპროდუქტოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა
დოქტორს, პროფესორსა და ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრის ხელმძღვანელს, გია
ცაგარეიშვილს დავუკავშირდით.
- რასაკვირველია, ხელოვნური
განაყოფიერების მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. თავიდან, როცა
საზოგადოება ამ დარგში კარგად გათვითცნობიერებული არ იყო, წყვილს რისკზე
წასვლის ეშინოდა და წელიწადში სულ რამდენიმე ადამიანი მიმართავდა
განაყოფიერების ამ ხერხს, მაგრამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი მოდის.
მაგალითად, შარშან თუ 200 ოპერაცია გაკეთდა, წელს უკვე 250 გავაკეთეთ.
დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ყველა
უშვილო ცოლ-ქმარს სურს, მშობელი გახდეს და ხელოვნურ განაყოფიერებას
იკეთებს. ამ ხერხით, მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილია.
- თქვენთან მხოლოდ წყვილები მოდიან თუ დახმარებისთვის მარტოხელა ქალბატონებიც მოგმართავენ?
-
მარტოხელა ქალბატონების განაყოფიერება არც ისე ხშირია, თუმცა ასეთი
პაციენტებიც გვყავს. სხვათა შორის, არც მათი მომსახურება წარმოადგენს
სირთულეს, ამ ადამიანების დონორი კი ანონიმურია. მოკლედ, ჩვენი მეშვეობით
უამრავი ადამიანი ხდება მშობელი, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ
პაციენტები ძირითადად, უშვილო წყვილები არიან, რომელთაც ჩვენი დახმარებით
ბიოლოგიური შვილი უჩნდებათ.
- ბატონო გია, როგორც ჩემთვის ცნობილია, მართლმადიდებლური ეკლესია ხელოვნური განაყოფიერების ფაქტს დიდად არ მიესალმება...
-
როგორ გეკადრებათ, ეკლესია აღნიშნულ ფაქტს აბსოლუტურად ცივილიზებული
თვალით უყურებს და არც ერთი მოძღვარი პაციენტს ხელს არ უშლის, რომ მას
ბიოლოგიური შვილი ჰყავდეს.
P.S. რასაკვირველია, მართლმადიდებლური
ეკლესიის პოზიციითაც დავინტერესდით და კომენტარისთვის არაერთ მოძღვარს
მივმართეთ, მაგრამ მათ საუბრისგან თავი შეიკავეს და მითხრეს, რომ ამ
საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს სამშობიაროს ხელმძღვანელს, მამა ადამს
უნდა დავკავშირებოდი. მამა ადამის ვრცელ ინტერვიუს კი ჩვენი ჟურნალის
მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.
ნათია ჟივიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)