ინტერნეტით დედ ჰასანზე თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. თავდასხმა მოსკოვში, ტვერის ქუჩაზე საღამოს 8 საათზე მოხდა. კრიმინალური სამყაროს მეფედ აღიარებული დედ ჰასანი, იგივე ასლან უსოიანი გადარჩა. მას მოსკოვის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ცოცხალია მისი დაცვის წევრიც. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ დედ ჰასანი გარდაიცვალა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ასლან უსოიანი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მსხვილ კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნეოდა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მისი მოკვლის მცდელობა პირდაპირ უკავშირდება ცნობილი კანონიერი ქურდის ვიაჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად `იაპონჩიკის`მკვლელობას.
მათი მტკიცებით, ორივე კრიმინალური ავტორიტეტი გარკვეული ხნის წინ დაუპირისპირდა კანონიერი ქურდების კლანს, რომელსაც სათავეში ტარიელ ონიანი ედგა. სამართალდამცველების თქმით, დედ ჰასანმა დაიფიცა, რომ ”იაპონჩიკის” მკვლელობისთვის შურს იძიებდა, რასაც მოჰყვა შეკვეთილი მკვლელობები ესპანეთსა და საფრანგეთში ონიანის კლანის წარმომადგენლების მონაწილეობით. დედ ჰასანის სახელს უკავშირდება ონიანის მოკავშირე მალხაზ კიტიას მკვლელობაც.