მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » 8 ათასი მსაჯის დატუქსვისთვის
5:52 PM
8 ათასი მსაჯის დატუქსვისთვის



კიდევ დიდხანს ემახსოვრება საფეხბურთო ინგლისს "ევერტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შაბათის შეხვედრის დასკვნითი წუთები. მერსისაიდელებმა "გუდისონ პარკზე" გამართული მატჩის მიწურულს მეტოქეს არაადამიანური ძალებით შეუტიეს და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაც შეძლეს. სხვათა შორის, "ევერტონის" ფეხბურთელები არც ამაზე გაჩერდნენ და რეფერი მარტინ ატკინსონის საფინალო სასტვენი რომ არა, ვინ იცის, იქნებ მოეგოთ კიდეც.

სწორედ ამ "უდროო დროს" გაჟღერებულმა სასტვენმა გააცოფა "ევერტონის" დამრიგებელი დევიდ მოიესი. შოტლანდიელი მოედანზე შევარდნილა და ატკინსონთან მისულმა, არბიტრი გვარიანადაც დატუქსა. ჩვეულებრივ გაწონასწორებული მოიესის ასეთმა აფეთქებამ მისი ასისტენტი სტივ რაუნდიც გადარია და საბრალო ატკინსონს არც მან დააკლო რამე.

ბუნებრივი კითხვაა – რამ განარისხა "ევერტონის" მწვრთნელები? აი, როგორ იხსენებს იმ ეპიზოდს დევიდ მოიესი:

"არბიტრმა დროზე ადრე დაასრულა მატჩი. მან 90 წუთს სამი დაამატა და მაშინ ჩასტვინა, როცა ის სამი წუთი ამოიწურა. არადა, იმ სამ წუთში ორი გოლი გავიტანეთ და ატკინსონმა აღარ დაამატა ის დრო, რომელიც გოლის გატანის შემთხვევაში ემატება მატჩისთვის განკუთვნილ დროს. სულ ბოლო წამებზე სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს, ხოლო ჩვენ ჩინებული კონტრშეტევა გამოგვივიდა და ატკინსონის სასტვენის ხმა სწორედ იმ მომენტში გაისმა, როცა ბურთი "მანჩესტერის" კარიდან სულ რაღაც 23 მეტრში იყო.

ჩვენ ხალხისთვის ვთამაშობთ. ადამიანები სტადიონზე თამაშის და არა არბიტრის ამბიციების დაკმაყოფილების პროცესის საყურებლად დადიან. ატკინსონმა წესები უხეშად დაარღვია, სამაგიეროდ, თავისი პერსონისადმი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო".

შედეგად, დევიდ მოიესს, ისევე როგორც მის ასისტენტს, ჯარიმის სახით 8 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდა დაეკისრა. მერსისაიდელთა საბედნიეროდ, მათი მწვრთნელი დისკვალიფიკაციას გადაურჩა და გუნდს სამწვრთნელო ადგილიდან უხელმძღვანელებს.



















კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1126 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar