მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » ”სააკაშვილს ლეგიტიმაცია ჩვენმა ზედმეტად რადიკალურმა ნაბიჯებმა გაუხანგრძლივა”
2:54 PM ”სააკაშვილს ლეგიტიმაცია ჩვენმა ზედმეტად რადიკალურმა ნაბიჯებმა გაუხანგრძლივა” | |
ახალ
პოლიტიკურ სეზონს ზოგი ახალი იდეებითა და გეგმებით ხვდება, ზოგიც ისევ
ძველს ირჩევს... ე.წ. რადიკალური ოპოზიცია უფრო მეტი რადიკალიზმით და
შეუპოვრობით იმუქრება, ახალი მემარჯვენეების ლიდერის თქმით კი, მათი
მუშაობა დიპლომატიურ ჭრილში გადავიდა, ვინაიდან გადაწყვიტეს, ყველა გზა
მოსინჯონ. დავით გამყრელიძე არც წარსულში დაშვებული შეცდომების აღიარებას
ერიდება. - ბატონო დავით, თქვენ გადადგით ნაბიჯი ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ, რა შედეგს ელოდებით? - ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენი შეხვედრა პირველი არ ყოფილა, ჯერ კიდევ ზაფხულში, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, როცა კონსტიტუციური ცვილებების პირველი ვერსია თითქმის მზად იყო, შევხვდით სახელმწიფოს კომისიას, მათ შორის იყოს ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი, ასევე ბევრ ექსპერტს და მთელი ზაფხული ვმუშაობდით... ასე რომ, ლოგიკური იყო ჩვენი შეხვედრა საპარლამენტო კომისიასთანაც, ვინაიდან ცვლილებები კენჭის საყრელად საპარლამენტო კომისიამ უნდა გაიტანოს და ამ განხილვებსაც ის ხელმძღვანელობს. ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა ბერკეტი და საშუალება გამოვიყენოთ, რათა მცირედით მაინც გაუმჯობესდეს კონსტიტუციის არსებული ვერსია. პარალელურად ვხვდებით ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ სამსახურებს. - ანუ თქვენი პოლიტიკური მუშაობის ფორმატი იცვლება და დიპლომატიურ ჭრილში გადადის? - ადამიანი მაშინაა გონიერი, როცა მისი ქმედება არ არის სწორხაზოვანი... ერთხელ ჩვენი პატრიარქისგან ძალიან ბრძნული სიტყვები მოვისმინე, თუ კედელს ასკდები, ჯობს, მას გვერდიდან შემოუარო... გასული წლის აქციები რომ შედეგს არ მოგვიტანდა, ამის პროგნოზირება ადვილი იყო და თამამად შემიძლია ვაღიარო, რომ ამას კოლეგებსა და მეგობრებს მუდმივად ვეუბნებოდი. სრულიად მოუმზადებლები ვიყავით, არავითარი გეგმა არ გქონდა, არც სტრატეგია გვქონდა და არც გადაწყვეტილების მიმღები ლიდერი გვყავდა, სხვათა შორის, არც ფინანსები გვქონდა, იყო მხოლოდ საზოგადოებაში დაგროვილი საპროტესტო მუხტი. ერთი სიტყვით, ოპოზიციამ სულსწრაფობა გამოვიჩინეთ, როცა მოუმზადებლად წავავლეთ ხელი ამ მუხტს და სიტუაცია ”ავადუღეთ”, მერე კი საჭირო მიმართულება ვერ მივეცით. - რადიკალური ოპოზიცია სხვა გზით აპირებს მუშაობას, მათთან თანამშრომლობას გააგრძელებთ თუ თქვენი გზები საბოლოო გაიყარა? - ”ახალი მემარჯვენეები” არავისთან კონფრონტაციას არ ვაპირებთ, მაგრამ მთელი ზაფხული ვმუშაობდით და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ არავისთან კოალიციაში არ შევალთ. ამიტომაც, ნებისმიერ საკითხსა და ქმედებაზე, აქციებში მონაწილეობა იქნება თუ მოლაპარაკებებში ჩართვა, პარტია გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს, არანაირი კლიშეებისა და ფორმატის მძევალი არ გავხდებით... - სხვების თქმით, ხელისუფლებასთან კონსტრუქციული ქმედებები მგლის თავზე სახარების წაკითხვაა... - არაკონსტრუქციული ქმედებების შედეგი გვითხრან მაშინ, ხომ ყველამ ვნახეთ, რით დასრულდა ეს ყველაფერი. მართალია, მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, მაგრამ გამიჯვნამ, დაპირისპირებამ, სამთვიანმა აქციამ და შიმშილობამ რამე შედეგი მოგვცა? მგონი, ვერავინ გვისაყვედურებს, რომ რამე დავაკელით და ჩუმად ვიყავით, ულტრარადიკალურ ფორმებზეც კი არ დაგვიხევია უკან, მე პირადად ვხელმძღვანელობდი რკინიგზის გადაკეტვას, ხელჩართული ჩხუბების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ არ გაამართლა ასეთმა ფორმებმა... სწორედ ჩვენმა ზედმეტად რადიკალურმა ნაბიჯებმა გაუხანგრძლივა სააკაშვილს ლეგიტიმაცია დასავლეთის თვალში... ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რევოლუციის, თავების მოჭრისა და დამხობის გარეშე, ხალხის ნებითა და არჩევნებით შევცვალოთ ხელისუფლება. - არჩევნებამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია... - ეგ არავინ იცის, შორია თუ ახლო. როცა დადგება ის დრო, არც გაყალბების მექანიზმი უნდა დაგვავიწყდეს. კომუნისტების დროს საარჩევნო კომისია მათი იყო, პოლიცია, უშიშროება და მედიაც, მაგრამ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს რეჟიმი საქართველოში უნდა დასრულებულიყო და დაასრულა კიდეც. - მაშინ ის რეჟიმი შესუსტებულიც იყო... - სააკაშვილის რეჟიმიც შესუსტებულია, სულს ღაფავს, მაგრამ სანამ ხალხის მყარი ნება არ იქნება, ის მაინც სათავეში დარჩება. მანამდე კი ქუჩაში გამოსვლებით, ”წადის” ყვირილითა და კანონების წერით არაფერი შეიცვლება... - როგორ ფიქრობთ, საზოგადოება არის მზად ამისთვის? - ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ რადიკალური ლოზუნგები და მოწოდებები საზოგადოებას აშინებს და ხალხს რევოლუციაზე მეტად ევოლუცია სჭირდება. ეს ალბათ ომის შედეგად განცდილი შიშით არის გამოწვეული... სანამ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა, შევარდნაძეს გველეშაპს ეძახდა, მთავარია, ის კორუმპირებული და საზიზღარი წავიდეს და როცა მე, მზეჭაბუკი მოვალ, ნახეთ, რა კარგად ვიცხოვრებთო... მე კი ვიცნობდი მას და ვიცოდი, რომ მზეჭაბუკი კი არა, შევარდაძეზე უფრო გველეშაპი იყო, მაგრამ ხალხმა დაიჯერა და აიტაცა ეს. ის, რომ დღეს ბევრად მეტი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ჩვენი მუდმივი პროტესტის შედეგია. გაჭირვებით, მაგრამ მცირე დათმობებზე მაინც წავიყვანეთ ხელისუფლება. თუნდაც პირდაპირი წესით არჩეული მერიც დიდი ბრძოლის დამსახურებაა. მშვიდად რომ ვყოფილიყავით, დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ იმის მესამედი თანხაც არ დაიხარჯებოდა, რაც მერის არჩევნების წინა პერიოდში დაიხარჯა. მართალია, ეს ყველაფერი უგულავას პიარისთვის იყო გამიზნული, მაგრამ საბოლოო ჯამში ხალხის სასიკეთოდ დაიხარჯა. მესმის, რომ ძალიან გვეჩქარება და ხალხს უჭირს სააკაშვილის გაუთვლელი თუ გაუწონასწორებელი ნაბიჯების ატანა, მაგრამ ხომ გაგიგიათ, მოჩქარეს მოუგვიანდესო და ისე არ მოგვივიდეს... ლალი პაპასკირი ჟურნალი "რეიტინგი" | |
კატეგორია: ინტერვიუები |
ნანახია: 1443 |
დაამატა: allfile
| ტეგები: |
სულ კომენტარები: 0 | |