მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » შსს-ს მთელ პირად შემადგენლობას გადადგომის განცხადება დააწერინეს
10:28 PM
შსს-ს მთელ პირად შემადგენლობას გადადგომის განცხადება დააწერინეს



შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ყველა თანამშრომელი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. შესაბამისი განცხადება მათ უკვე დაწერეს, თუმცა, რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი გააფრთხილეს, რომ განცხადებაში თვე და რიცხვი არ მიუთითონ. განცხადება ისე დაწერეს, რომ მათთვის მიზეზები არავის აუხსნია.

"გუშინ დილით დაგვიბარეს და გამოგვიცხადეს, რომ დაგვეწერა განცხადება გადადგომის შესახებ. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს დააწერინეს განცხადება და თან დასძინეს, რომ განცხადებას რიცხვი და თარიღი არ მიუთითოთო. ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. მე პირადად 2 თვეში პენსიაზე უნდა გავიდე, არ ვიცი, რა ხდება. როგორც გავიგე, ხდება შემცირება და ეს უკავშირდება იმ პროცესს, რომ შსს-ს უნდა გამოეყოს უშიშროება და ამბობენ, რომ ცალკე უწყება იქნება," - გვითხრა შსს-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

გადაიყვანეს თუ არა შსს-ს თანამშრომლები კადრების განკარგულებაში და რა მოტივით, ამასთან დაკავშირებით შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. თუმცა ამბობს, რომ არანაირი სტრუქტურული ცვლილება არ იგეგმება.

ა-ო "სოლიდარობა უკანონო პოლიტპატიმრებს" თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ შსს-ს თანამშრომლების კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით კულუარულად საუბრობენ, მაგრამ საჯაროდ ამაზე განცხადებას არ აკეთებენ.

"როგორც ჩანს, ხდება შიდა რესურსების გადამოწმება, კონტროლის მექანიზმების გამკაცრება და კიდევ ერთხელ ყველაზე მორჩილი და ყველაზე ერთგული კადრების გადახალისების პროცესი. მით უფრო, რომ უახლოეს პერიოდში მზადდება, და ამაზე თქვენი გაზეთი იუწყებოდა, შსს-ს რეორგანიზაცია და ამ უწყების გაყოფა.

"ამ შემთხვევაში ეს არის წინმსწრები პროცესი, რომელიც ემსახურება იმ მიზანს, რომ მოხდეს ხელახალი დანიშვნები და სწორედ მოქმედი თანამშრომლების კადრებში გადაყვანა ამას გულისხმობს.

"არ შეიძლება თვითნებური მოქმედება, როდესაც ლაპარაკია შრომით უფლებებზე. ადამიანი აიძულო დაწეროს განცხადება, არა საკუთარი ნებით, არამედ იძულებით და გადაიყვანო კადრების განკარგულებაში იმიტომ, რომ მერე აქედან თავიდან შეარჩიო ის კადრები, რომლებიც შენთვის სასურველია ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში კანონს, პატივს არავინ არ სცემს და შრომით კოდექსს საერთოდ არ აღიარებენ," - ამბობს ბესელია.

მისივე თქმით, შსს-ში განსახორციელებელი რეფორმებისთვის მზადება იწყება და ხდება სასურველი კადრების გადარჩევა - ვინ დარჩება მერაბიშვილის უშუალო დაქვემდებარებაში და ვინ გადავა იმ გამოყოფილ უწყებაში, ანუ შსს-ში.

"სამწუხაროდ, ქვეყანაში გრძელდება ტენდენცია, როდესაც ადამიანები სამსახურს პოულობენ ან კარგავენ იმის მიხედვით, ვის რამდენად კარგი ლობისტი ჰყავს, რამდენად კარგი მფარველი და პატრონი და არა იმის მიხედვით, რამდენად მაღალი კვალიფიკაციის არის ის.

"რაც შეეხება იმას, რომ განცხადებაზე აეკრძალათ მათ თარიღის მითითება, ესეც დარღვევაა, ვინაიდან ამ შესაძლებლობას იტოვებს ადმინისტრაცია, რომ იმ თარიღით გააფორმოს შემდეგ ეს განცხადება, რა თარიღიც მათ აწყობთ. ამიტომ ხდება ის, რომ განცხადებას არ ახლავს განცხადების ავტორის მიერ თარიღისა და დროის მითითება. ეს არის უკანონობა, შრომის კოდექსის პირდაპირი დარღვევა.
"ნებისმიერი ფორმის იძულება, რომელიც გამორიცხავს მოქალაქის, თანამშრომლის და მოხელის მხრიდან საკუთარი ნების მოქმედების შესაძლებლობას, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დასჯადი ქმედება და ეს კვალიფიცირდება როგორც დანაშაული. ამ შემთხვევაში შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მხრიდან ადგილი აქვს უფლებამოსილების გადამეტებას, უკვე მერამდენედ," - ამბობს ეკა ბესელია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს შს სამინისტროს დათა ახალაიასთვის გაყოფა მოუწევს. შს სამინისტრო კვლავ ორ ნაწილად იყოფა. ცალკე სტრუქტურად ყალიბდება უშიშროების სამინისტრო. მართალია, პარლამენტში აღნიშნული ცვლილება ჯერ არ შესულა, მაგრამ, როგორც შსს-ს მაღალჩინოსანი ამბობს, ეს პროცესი ინტენსიურად, დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, კონტრდაზვერვა, კონტრტერორისტული ცენტრი და სხვა.
ცნობისთვის, ამჟამად ზემოთ ჩამოთვლილ სტრუქტურულ ერთეულებს მერაბიშვილის მოადგილე ამირან მესხელი კურირებს. ამ უწყებას სათავეში ვანო მერაბიშვილი ჩაუდგება.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში იქნება საგამოძიებო და კრიმინალური დეპარტამენტი. სარწმუნო წყაროს ცნობით, უწყებას სათავეში კუდ-ის ამჟამინდელი ფაქტობრივი ხელმძღვნელი დათა ახალაია ჩაუდგება. ახალაიამ სპეციალური კურსები უკვე გაიარა აშშ-ში და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, საკმაოდ წარმატებითაც.

ამ ინფორმაციას ახალაიას გარემოცვის წევრებიც ადასტურებენ, თუმცა ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.


თამთა ქარჩავა
გაზეთი ”რეზონანსი”
















კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1181 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar