მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » ”ჩვენს საზოგადოებაში მეტწილად მოვლენათა შავ-თეთრი ხედვაა ”
10:19 PM ”ჩვენს საზოგადოებაში მეტწილად მოვლენათა შავ-თეთრი ხედვაა ” | |
ქართველებს
რომ რადიკალიზმი გვახასიათებს, ახალი ამბავი არ არის. რადიკალიზმი ბოლო
დროს პოლიტიკის მთავარი და უკურნებელი სენიც გახდა. არავინ იცის, სადამდე
მიგვიყვანს "ყველაზე კარგისა" და "ყველაზე ცუდის", როგორც ეპითეტების,
შეჯიბრება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ჯერჯერობით იმ სტადიაზე ვართ,
რომ საქართველოს პრეზიდენტი მთელი სერიოზულობით მართავს მთავრობის სხდომას
შუა ქუჩაში, უფრო სწორად, შუა მოედანზე. გასული საუკუნის მოცეკვავე ქალის მოოქრული(?) ქანდაკების გარშემო საქორწინო სეფასავით გაშლილ მაგიდებთან მსხდომ მინისტრებს სრულიად საქართველოს პრეზიდენტმა მთელი სერიოზულობით აუწყა, რომ ბათუმს დასავლეთ ევროპაში მხოლოდ ქალაქი მარსელი თუ შეეჯიბრება. ამავე დროს ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მიმდინარეობს საქართველოს დეგრადაცია და ნგრევა როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. არადა, თანამედროვე მსოფლიო საქართველოს მსგავს "ახალი დემოკრატიის" ქვეყნებს სრულიად სხვა გამოწვევების წინაშე აყენებს. დღეს მსოფლიოში გავლენათა ახალი გადანაწილება ხდება და თუ რამდენად საღად ვაფასებთ ჩვენივე ქვეყნის მდგომარეობას, გნებავთ, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ჩვენივე ქვეყნის მომავლისთვის. თუ ადამიანი ავადმყოფობს, ცხადია, მისი მდგომარეობის არც ძალიან ავად და არც ძალიან კარგად ხელოვნური წარმოჩენა მას ვერ განკურნავს... საქართველოში მიმდინარე და მომავალ პოლიტიკურ პერსპექტივებზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ ზურაბ აბაშიძეს ვესაუბრებით: - როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, ამერიკის ტენესის შტატში ორმა მღვდელმა ყურანი დაწვა. მუსლიმანთა წმინდა წიგნი შეურაცხყვეს მანჰეტენზეც, სადაც 11 სექტემბერს, 2001 წლის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. "ტყუპთან" დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ 9 წელი გავიდა. ცივილიზებულმა მსოფლიომ სცადა, გვერდი აევლო რელიგიური დაპირისპირებისთვის და ომი საერთაშორისო ტერორიზმისთვის გამოეცხადებინა, რომელსაც არც კონკრეტული რელიგია აქვს და არც კონკრეტული სამშობლო. რამდენად წარმატებული გამოდგა ეს მცდელობა ან რა მოუტანა მსოფლიოს ტერორიზმთან ბრძოლის ცხრა წელმა? - ფაქტობრივად, 21-ე საუკუნე ჩვენ შევიგრძენით 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ. გაჩნდა განცდა, რომ ახალ მოვლენასთან, ძალიან სახიფათო და საშიშ გარემოებასთან გვქონდა საქმე. საერთაშორისო ტერორიზმზე მანამდეც ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ სწორედ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ იქცა ეს ფაქტორი სრულიად ახალ რეალობად მსოფლიოში. მივხვდით, რომ იმ რისკებსა და საფრთხეებს, რასაც საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობა ებრძოდა, რაღაც ახალი დაემატა და ეს გახლდათ საერთაშორისო ტერორიზმი. ამას შემდეგ მოჰყვა ერაყისა და ავღანეთის მოვლენები, ბრძოლა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების, "ალ-ქაიდას", თალიბანის წინააღმდეგ. გაჩნდა სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფება. რა სურათია ცხრა წლის შემდეგ? ვხედავთ, რომ ვითარება ერაყში კვლავ რთულია. კვლავ უცნობია, რა იქნება მას შემდეგ, რაც კოალიციური ჯარები დატოვებენ ერაყს, შეძლებს თუ არა ამ ქვეყნის ხელისუფლება შეინარჩუნოს სტაბილურობა; გაღრმავდება თუ არა ისევ დაპირისპირება და სისხლის ღვრა ქვეყნის შიგნით; ერაყი გაუძლებს ამ გამოწვევას თუ დაიშლება; ან სულაც, ახალი დიქტატორი მოვა ხელისუფლებაში, რომელიც ძალადობის ხარჯზე მოახდენს სიტუაციის მეტ-ნაკლებ კონტროლს - ჯერჯერობით ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. არის რაღაც ოპტიმისტური სცენარები და გათვლები, მაგრამ, სამწუხაროდ, პესიმისტი უფრო მეტია. ასეთივე რთული ვითარებაა ავღანეთშიც. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც წარმატებებზე ლაპარაკობენ, რომ "ალ-ქაიდა" კონკრეტულ რეგიონებშია ლოკალიზებული, რომ მოსახლეობას აღარ აქვს სიმპათია მის მიმართ... ცხადია, წინააღმდეგობა ავღანეთში ძალზე დიდია და იქ ყოველდღე რაღაც ხდება. ისევე, როგორც ერაყში, აქაც არის განცდა იმისა, რომ ვითარება კარდინალურად ცუდად შეიძლება შეიცვალოს. მეზობელ პაკისტანშია ასევე ძალიან რთული ვითარება. ბუნებრივია, ავღანეთის დესტაბილიზაცია მის სამეზობლოსაც დიდ საფრთხეს უქმნის. ასეთი გახლავთ ერთი ნაწილი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომი სურათისა. ამ მოვლენებმა და ვითარებამ ერაყში, ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთში ადრე არსებულ გადაუჭრელ პრობლემებთან ერთად ახალი კერებიც გააჩინა - ეს არის ტერაქტების სერიები ჩრდილო აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში... ეს ყოველივე ავის მომასწავებელი ნიშანი გახლავთ იმისა, რომ აქტიური ბრძოლის მიუხედავად, ტერორიზმი მაინც ახერხებს ფეხის მოკიდებას. სამწუხაროდ, რაც ყველაზე საშიში იყო და რის პრევენციაზეც მეცნიერები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები აქტიურად ფიქრობდნენ, მაინც შეუქცევადი აღმოჩნდა. ეს არის დაპირისპირების ნიშნები მუსლიმანურ და ქრისტიანულ სამყაროთა შორის. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები გამუდმებით უსვამენ ხაზს, რომ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი, პლანეტის სხვადასხვა წერტილში გაჩაღებული ბრძოლა მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლაა და რელიგიურ ნიშანს არ ატარებს. ისიც ფაქტია, რომ განხორციელებული ტერაქტების დროს ყველაზე მეტად ისევ მუსლიმანი მოსახლეობა ზარალდება. მიუხედავად ამისა, რელიგიური ნიშნები მაინც ჩნდება და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა. ოთხმოცდაათიან წლებში პოპულარული იყო ნაშრომი ცივილიზაციათა ომის შესახებ, რომლის ავტორიც ამერიკელი მეცნიერი ჰანტინგტონი გახლდათ. ამ წიგნში ასახულია მომავალი სამყარო, სადაც იქნება არა იდეოლოგიური, არამედ რელიგიური, ცივილიზაციური ნიშნით დაპირისპირება. მაშინ ეს წიგნი ბესტსელერად კი იქცა, მაგრამ ამისი მაინც ნაკლებად სჯეროდათ. დღეს კი თანდათან ჩნდება იმის ნიშნები, რომ ამ წიგნის ავტორი თავის ჰიპოთეზებში ნაწილობრივ მაინც მართალი იყო. პესიმისტური განწყობიდან რომ გამოვიდეთ, დღეს ისეთი პოლიტოლოგები და პოლიტიკოსებიც არიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამჟამად ტერორისტების მოღვაწეობის პიკია, რომ მათ თანდათან ელევათ როგორც პოლიტიკური, ისე მორალური და თუნდაც ფინანსური რესურსები. ამის ნიშნებიც არის და ამ თეორიის მომხრეთ მოჰყავთ მაგალითები, რომ ისლამური ფუნდამენტალიზმი ძალას ნელ-ნელა კარგავს. ზუსტად რა იქნება და როგორ იქნება, ამის თქმას ალბათ ნოსტრადამუსი და ვანგა თუ შეძლებდნენ, ჩვენ კი მხოლოდ თეორიის დონეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. - გასულ კვირაში შემზარავი ტერაქტი მოხდა ჩრდილო ოსეთში, ძალზე ტრაგიკული და მასშტაბური შედეგით. საინტერესოა, რომ ტერაქტს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გამოეხმაურა. ”ჩრდილო კავკასიასა და სხვა რეგიონებში მოქმედ ტერორისტებს შორის კავშირს ვხედავ, კერძოდ, მათ კავშირი აქვთ ავღანეთში "ალ-ქაიდას" დაჯგუფებასთან", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დავალებათა ელჩმა და ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინატორმა დენიელ ბენჟამინმა და დასძინა, რომ აშშ მზად არის, რუს პარტნიორებს დაეხმაროს. - უპირველეს ყოვლისა, ტერაქტით დაზარალებულ ხალხს სამძიმარი უნდა გამოვუცხადოთ - ჩვენი მეზობელი და მოძმე ხალხია, ამასთანავე ტერორიზმს გამართლება არა აქვს, მით უფრო, როცა ის ასეთ დაუნდობელ ხასიათს ატარებს. საქმე ის გახლავთ, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ძალადობამ ჩრდილო კავკასიაში იმატა. ამას ჩვენი რუსი კოლეგები - პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ხშირად უარყოფენ და იმასაც ამბობენ, რომ ჩრდილო კავკასიაში სიტუაციის ესკალაციას ცხინვალში განვითარებულ მოვლენებთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან კავშირი არ აქვს, რომ იქ სხვა ფონია, სხვა ნიშნები და სხვა მიზეზები. არ ვამტკიცებ, რომ იქ რაც ხდება, ყველაფერ ამის გამოძახილია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თვით ჩრდილო კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკების მეთაურები, რეგიონების ხელმძღვანელები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მათ რეგიონებში ძალადობის ფაქტები გაორმაგდა - არათუ იმატა, არამედ გაორმაგდა. სხვათა შორის, ამის სტატისტიკაც არსებობს და არც არის გასაკვირი, როცა ქედს აქეთ ასეთი ამბავი ხდება, ქედს იქით გამოძახილი ჰქონდეს, ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. მაშინაც მიკვირდა და ახლაც მიკვირს, რომ ასეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებას მოსკოვში ვერ ხედავენ, ან არ უნდათ, დაინახონ. ეს ერთი, რაც მინდოდა მეთქვა, მეორე ის გახლავთ, რომ კავკასიაში ასეთი მოვლენები - არეულობა, ვითარების დაძაბვა არავის აძლევს ხელს. არ არის გამორიცხული, თუ მოვლენები ასე განვითარდა, რუსეთი იძულებული გახდეს, ეს რეგიონი რაღაცა ფორმით მიატოვოს. ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს, მაგრამ თუ მოვლენები ასე განვითარდა, აქ არა მხოლოდ რუსეთის, მსოფლიო პოლიტიკის ყველა მთავარი მოთამაშის ინტერესებიც გადაიკვეთება. ასეთ შემთხვევაში რასთან გვექნება საქმე? ყველაზე დიდი ალბათობა არის ის, რომ ეს გახდება ტერორიზმის ბუდე, დიდი არეულობისა და დესტაბილიზაციის კერა, იქნება კლანობრივი და მაფიოზური დაპირისპირებაც. კლასიკური და ტრადიციული ისლამი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას იმ ახალ აგრესიულ რელიგიურ დაჯგუფებებს, რომლებიც ჩრდილო კავკასიაში არიან შესული. ამიტომ არავის სურს მოვლენების ასეთი განვითარება და ბუნებრივია, ჩვენს ინტერესებშიც არ შედის, მეზობლად ასეთი კერა გვქონდეს, რადგან არავინ იცის, როგორ აისახება ეს ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე. ამ მხარეში სერიოზული პრობლემებია - უმუშევრობის, სოციალური დაუცველობისა და კულტურულოგიური თვალსაზრისითაც. უამრავი ისეთი რამ ხდება, რაც ძალიან მძიმე პროგნოზების გაკეთების საბაბს იძლევა. როგორც ჩანს, შეერთებული შტატების პოზიციაც სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარეობს... - სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ლიდერ სერგეი ბაღაფშის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ვიაჩესლავ ჩირიკბამ ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა: ჯერ აღნიშნა, რომ სოხუმს საზღვარზე გაეროს დამკვირვებლების დაშვება სურს, შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზეთში გაეროს მისიის ან დამკვირვებლების განთავსება ამ ეტაპზე მხოლოდ თეორიულად დასაშვები ვარიანტია. ამან ქართველ პოლიტიკოსებს მისცა საშუალება, განეცხადებინათ, რომ აფხაზებს რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა არ სურთ... რეალურად არსებობს ასეთი განწყობა? - ვერ გეტყვით, რით იყო ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები განპირობებული. თვითონ ჩირიკბას ან წამოსცდა, ან ვიღაცამ უკარნახა, რომ ამით ნიადაგი მოესინჯათ, ვის როგორი რეაქცია ექნებოდა. ამაზე ზუსტი პასუხის გასაცემად შიდა სამზარეულოს ძალიან კარგი ცოდნაა საჭირო. ვფიქრობ, უფრო პირად ინიციატივასთან გვაქვს საქმე. თუმცა მერე მას ყური აუწიეს და გადაათქმევინეს, შესაძლოა, რაღაც დონეზე მას ეს განცხადება შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ უფრო ზემდგომმა ჩინოვნიკებმა რუსეთის მითითებით აიძულეს, საკუთარ განცხადებაზე უარი ეთქვა. ფაქტია, თუ ეს ამბავი რუსებთან, მათ "უფროს ძმებთან" არ არის შეთანხმებული, თვითონ აფხაზები, სურვილის მიუხედავად, საკუთარი ინიციატივით ვერაფერს გააკეთებენ. ეს კიდევ გამოჩნდება - არსებობს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და თუ რუსებს ჭკუაში დაუჯდათ, შესაძლოა, იქ დააყენონ კიდევ ერთხელ ეს საკითხი. აფხაზეთში დღეს ვითარება ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც ჩვენს აფხაზ კოლეგებს 2008 წლის შემდეგ წარმოედგინათ, როცა მოსკოვმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა. როგორც ჩანს, ყველაფერი მაინც ისე მიდის, როგორც რუსებს უნდათ და არა ისე, როგორც აფხაზები ისურვებდნენ. ეს არის სრული კონტროლი, რეგიონის სრული ათვისება, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის აფხაზთა თვითმყოფადობას. დიდია თუ არა უკმაყოფილება აფხაზებში, ძნელი სათქმელია. ხანდახან მეჩვენება, რომ ჩვენი მედია ამ უკმაყოფილებას ზედმეტად ამუქებს, მაგრამ არც უამისობაა. რაღაცა პროცესები რომ მიმდინარეობს აფხაზეთში, ამა თუ იმ ფორმით, აშკარაა და ეს ლიხნის შეკრებაზეც გამოჩნდება, თუკი ჩატარდა. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. თუმცა, რუსებს უკვე ისე მყარად აქვთ ფეხი მოკიდებული, იმდენად დიდია მათი გავლენა ამ რეგიონის ცხოვრებაზე, რომ აფხაზური წინააღმდეგობის სერიოზულ ნიშნებს ვერ ვხედავ. - საქართველოს სამხედრო ნაწილების სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის გამო ამერიკის ხელისუფლება ქართული დემოკრატიის ხარვეზებზე თვალს არ უნდა ხუჭავდეს, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრისას. ასეთი ბრალდებები ბუშის ხელისუფლების დროს უფრო აქტუალური იყო. ვრცელდება თუ არა ეს განწყობა ობამას ადმინისტრაციაზე? - გასაგებია ბატონი დავითის განცხადება - ეს ძალიან სერიოზული თემაა სასაუბროდ და სადისკუსიოდ. ხუჭავს კი თვალს ამერიკის ადმინისტრაცია? შეიძლება ამაში მთლად არ ვიყო დარწმუნებული, ყოველ შემთხვევაში, ის ტრადიციული ფორმები, რაც აქვს ამერიკულ დიპლომატიას და პოლიტიკას, საქართველოს მიმართაც სრულად არის ამოქმედებული. თბილისში რეგულარულად ჩამოდიან ამერიკელი პოლიტიკოსები, ხვდებიან ქართულ ოპოზიციას, არის მუდმივი დიალოგი და ინფორმაციის შეკრება... ამას ხომ ვხედავთ - კვირა არ გავა, ასეთი შეხვედრა რომ არ შედგეს. რამდენადაც ვიცი, ამ შეხვედრებზე სწორედ დემოკრატიის გაძლიერებაზეა საუბარი. შესაძლოა, ზოგი ფიქრობდეს, რომ ჯერ კიდევ არ არის ყველა რესურსი ამოქმედებული. ეს საკამათო და სადისკუსიო თემაა, როგორც გითხარით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენს მოსახლეობას ზოგჯერ ძალიან მარტივად წარმოუდგენია საქმის არსი - საკმარისია, ამერიკის ადმინისტრაციამ თითი დაუქნიოს თბილისში ვინმეს და ისიც მომენტალურად სხვანაირი გახდება. ჩვენ, ალბათ, ობიექტური ანალიზის ნაკლებობაც გვაქვს და მგონია, ეს ცალკე განხილვის თემა უნდა იყოს. მეჩვენება, რომ ჩვენს საზოგადოებაში ზოგადად და ექსპერტთა შორისაც, კონკრეტულად, მეტწილად მოვლენათა "შავ-თეთრი" ხედვაა. ერთი ნაწილი ამბობს, რომ ყველაფერი ბრწყინვალედაა და მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ მიმდინარეობს ქართველი ხალხის გეგმაზომიერი გენოციდი. ამ ორ პოზიციას შორის კი უზარმაზარი უფსკრულია. ხელისუფლებას მეტი რესურსი და საშუალება აქვს თავისი პოზიციების წარმოსაჩენად, ოპოზიცია, ამ მხრივ, გაცილებით შეზღუდულია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მთლიანად, ჩვენს საზოგადოებას ცალსახა რადიკალიზმი ახასიათებს. მაინცდამაინც, ან ასეა, ან ისე - რა მოვლენაზეც უნდა ვსაუბრობდეთ, გაზავებული, მრავალფეროვანი, ობიექტური სურათის დახატვა გვიჭირს. რაღაც ან შავია, ან თეთრი, ან ძალიან ცუდი, ან ძალიან კარგი - მოკლედ, ობიექტური და არატენდენციური ხედვა ჩვენთვის ძალიან რთულია. რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ოპოზიციისთვის მძაფრი კრიტიკის საგანი ხდება და პირიქით, ოპოზიციის ნებისმიერი კრიტიკა ხელისუფლებისთვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელია. თუმცა, მთლად პესიმისტებიც რომ არ ვიყოთ, რაღაცა ნიშნები უკეთესობისკენ მაინც არის - განვლილი ოცი წლის განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ ბევრი რამ გააცნობიერა და გაიგო. დაჩი გრძელიშვილი ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა” (გამოდის ორშაბათობით) | |
კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1271 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |