მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » დოქტორი თენგიზ ტყებუჩავა - "დროა, საქართველოშიც დაინერგოს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიები"
10:16 PM
დოქტორი თენგიზ ტყებუჩავა - "დროა, საქართველოშიც დაინერგოს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიები"



დოქტორი თენგიზ ტყებუჩავა საქართველოდან დაახლოებით 30 წლის წინ წავიდა. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოსკოვის ბაკულევის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდა და იქვე დაიცვა დისერტაციაც. 1989 წელს მიიწვიეს შვეიცარიაში - ციურიხის უნივერსიტეტის კარდიოქირურგიის კლინიკაში, სადაც მუშაობდა თანდაყოლილ და შეძენილ გულის პათოლოგიებსა და გულის გადანერგვაზე. შემდეგ მუშაობა დაიწყო ლონდონის იმპერიალკოლეჯის გულისა და ფილტვების ნაციონალურ ინსტიტუტში. 1997 წელს გადავიდა აშშ-ში, ბოსტონში, სადაც ტაფტის უნივერსიტეტში მიიღო პროფესორის წოდება. დოქტორმა ტყებუჩავამ თავისი გამოგონილი ტექნოლოგიების დასანერგად რამდენიმე წლის წინ დააარსა კომპანია Boston Transtec, რომლის პრეზიდენტიც თვითონ არის. ბატონი თენგიზ ტყებუჩავა, რომელიც ბოსტონიდან დაგვიკავშირდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება.

- შარშან თბილისში საერთაშორისო ბიზნესსამეცნიერო ფორუმზე ჩამოვედი და ვიდრე მოხსენებას გავაკეთებდი, ვცადე, ჯანდაცვის სამინისტროდან საჭირო ინფორმაცია მიმეღო. მაგრამ ამაოდ. არც მოხსენებებს დაესწრო ვინმე სამინისტროებიდან, თუმცა მოსვლას ჰპირდებოდნენ საორგანიზაციო კომიტეტს.

ფორუმის მიზანი იყო დიასპორასთან თანამშრომლობა და საქართველოში სხვადასხვა ტექნოლოგიის დანერგვა. არც ერთი პროექტი, როგორც ვიცი, შესაბამის სამთავრობო უწყებაში არ განხილულა. არადა, ვფიქრობ, მათ მეტი ინიციატივა უნდა გამოეჩინათ, განსაკუთრებით - სამედიცინო სფეროში მაღალი სიკვდილიანობისა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული სურათის გათვალისწინებით. ჩემი აზრით, სამედიცინო სიტუაციის ამსახველი ფაქტები და ყოველწლიური სტატისტიკა ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

- რას გულისხმობთ?
- მაგალითად, ჰოსპიტლების რეიტინგი და ინფორმაცია მათი პოტენციალის შესახებ უნდა დაიდოს სამინისტროსა და სხვა ვებგვერდებზე. მედპერსონალის საშუალო დონის ასამაღლებლად საჭიროა კვალიფიციური ექიმების როტაცია ნებაყოფლობითა და მაღალი ანაზღაურებით ქვეყნის სხვადასხვა ჰოსპიტალში. ეს პრინციპი მალე აამაღლებს ქვეყანაში სტანდარტულ დონეს. ინტერნეტქსელის დაარსება დააჩქარებდა საავადმყოფოთაშორისო კომუნიკაციას, საჭირო ინფორმაციის მიღებას, დიაგნოზის დასმას და საჭიროების შემთხვევაში პროფილურ საავადმყოფოში პაციენტის გადაგზავნას. უნიკალური კლინიკური შემთხვევები, ტექნოლოგიური ინოვაციები და თერაპიული მიღწევები მყისვე გავრცელდებოდა, გაანალიზდებოდა და დაინერგებოდა ქვეყნის სამედიცინო სივრცეში. სტატისტიკის ცოდნა კი დაეხმარებოდა მთავრობას ოპტიმალური გეგმის შემუშავებაში. სიკვდილიანობა თუ ავადობა არ არის მხოლოდ სამედიცინო პრობლემა, - ეს არის პრობლემა სოციალური კუთხითაც და მას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

- მომავალ ექიმებზე რას იტყოდით?
- სტუდენტები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი სამეცნიერო მუშაობაში. უნდაA დაკომპლექტდეს და შეიქმნას ახალი კვლევითი ცენტრები პროგრამების ფართო სპექტრით. აქ ბევრი დაინახავს თავის ინტერესს: მეცნიერი, ექიმი, ბიოლოგი, ქიმიკოსი, ინჟინერი და სხვა. ახალგაზრდები დახვეწენ ქირურგიულ, საპროცედურო მანიპულაციას, ისწავლიან კრიტიკულად მსჯელობას და მეცნიერულ ანალიზს. ეს შეძენილი თვისებები ყველას დაეხმარება პროფესიულ კარიერაში და დასაბამს მისცემს მრავალდარგოვანი სამეცნიერო სკოლების დაარსებას. დროა, საქართველოშიც დაინერგოს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიები და მეტად განვითარდეს ინფრასტრუქტურა.

- როგორ ხდება საზღვარგარეთ მედიცინის დარგის ხელშეწყობა?

- ყველა განვითარებული ქვეყნის მთავრობა აქტიურად ეხმარება კვლევით პროგრამებს. შეერთებულ შტატებში ყოველწლიური ფინანსური ინიექციები რამდენიმე მილიარდს აჭარბებს და ამით სახელმწიფო იგებს. სქემა ლოგიკურია: სახელმწიფო აფინანსებს, მეცნიერი აღმოაჩენს, ინვესტორი კი ამით კომერციას ავითარებს. შესაბამისად, იქმნება სამუშაო ადგილები და ფირმა სახელმწიფოს უხდის გადასახადს. გარდა ამისა, ეს ინოვაციები ინერგება და ცხოვრების დონის ამაღლებას უწყობს ხელს. ამის შედეგად ყველა მოგებულია: სახელმწიფო, მეცნიერი, ბიზნესმენი და რიგითი მოქალაქე.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა - საიდან ავიღოთ საწყისი კაპიტალი ამ ეკონომიკური სირთულეების დროს? ჰოსპიტლების მუშაობა რომ ეფექტიანი და სტაბილური იყოს, ისინი დამოუკიდებლები უნდა გახდნენ და თვითდაფინანსების რეჟიმში იმუშაონ. ამისთვის საწყის ეტაპზე, ვიდრე დაზღვევის ინსტიტუტი მოძლიერდება, სამედიცინო მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ანუ იაფი უნდა იყოს.

- სამედიცინო ტურიზმზე რას გვეტყოდით, აქვს საქართველოს ამ მხრივ განვითარების შანსი?
- ყოველწლიურად უამრავი ამერიკელი თუ ევროპელი პაციენტი მიემგზავრება უცხოეთში ამა თუ იმ სამედიცინო პროცედურისთვის. ეს ისე მოგებიანი აღმოჩნდა მიმღები ქვეყნებისთვის, რომ ასეთი სერვისი ინტენსიურად ვითარდება, განსაკუთრებით - საკურორტო ზონებში. აქ წარმატების საწინდარი მაღალი პროფესიონალიზმი და ხარისხიანი სერვისია.

აქვს თუ არა საქართველოს შანსი ამ უთანასწორო ბრძოლაში? აქვს! ქართველი პროფესიონალებისა და თანამედროვე ჰოსპიტლების გარდა, ამას ხელს უწყობს უნიკალური გეოგრაფია, რომელიც უამრავ ტურისტს მიიზიდავს. ამიტომ საჭიროა ამ სერვისების შერწყმა და ინტენსიური რეკლამირება. თუმცა მოზიდვის მთავარი მიმართულება უნიკალური ტექნოლოგიები უნდა იყოს. განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი ახალი ტექნოლოგიები, როგორიც არის ღეროვანი უჯრედები, გენები, ბიოგელები, ბიოაქტიური ნანომასალები, ემბოლიზაციური ნაწილაკები და სხვა. ეს თერაპიული აგენტები გადარჩენის უნიკალურ შანსს აძლევენ მწვავე ინფარქტით, გულის უკმარისობით, დიაბეტით, ჰეპატიტით, სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს.

- თქვენი გამოგონება რას გულისხმობს?

- მინიმალური ინვაზიით პრეპარატის უშუალოდ კერაში შეყვანას, ანუ ოპერაციის ნაცვლად უნარკოზოდ ხანმოკლე პროცედურის ჩატარებას. ამ კათეტერის პრინციპის ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა ამერიკის საუკეთესო დაწესებულებებში: ჰარვარდის, პენსილვანიისა და კოლუმბიის სამედიცინო ცენტრებში. კათეტერის საშუალებით ბიოლოგიური ნივთიერების ერთჯერადი შეყვანა სიმსივნეში ან გულში კარგ შედეგს იძლევა. ამასთანავე, ეს თავიდან აგვაცილებს ხანგრძლივ, რთულ და ძვირად ღირებულ ტრადიციულ თერაპიას. ასეთ პროექტში მონაწილე ფარმაკოლოგიური კომპანიაც წარმატებას მოიპოვებს და თავისი ახალი პროდუქტით გავა მსოფლიო ბაზარზე.

ჩემი სქემით, ეს ტექნოლოგიები კარგად იმუშავებს საქართველოს საზღვრებთან და საკურორტო ზონებში. ეს მიმზიდველი იქნება მეზობელი ქვეყნის პაციენტებისთვისაც.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)


















კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1487 | დაამატა: allfile | ტეგები: Boston Transtec, ლიკა კერატიშვილი, თენგიზ ტყებუჩავა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar