მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა რეალობას არ შეესაბამება
9:36 PM
ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა რეალობას არ შეესაბამება



საქართველოს სავაჭრო სექტორში არსებული მდგომარეობა, წლის მეორე კვარტლის შედეგებით, გაუმჯობესებულად გამოიყურება. თუ ოფიციალურ მონაცემებს დავეყრდნობით, გაზრდილია როგორც საწარმოთა მთლიანი ბრუნვის მაჩვენებელი, ასევე სავაჭრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი თვიური ხელფასი.

უკანასკნელ ორ მაჩვენებელს ექსპერტთა ნაწილი საეჭვოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ რეალურად ზრდა დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების მხრივ არ შეინიშნება. სპეციალისტები არ გამორიცხავენ გარკვეულ ზრდას კერძო სექტორში, რის საფუძველსაც კრიზისის შემდეგ არსებული ვითარება იძლევა. თუმცა, ეს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებია, სადაც ყველაფერი სესხების ხარჯზე კეთდება და დასაქმებას რეალურ შესაძლებლობას არ გვაძლევს.

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2010 წლის მეორე კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 5737.5 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ - 2980.5 მილიონი ლარი. პირველი კვარტლის შედეგებით, საწარმოთა მთლიანი ბრუნვა რამდენადმე ნაკლები იყო და 4836.2 მილიონი ლარით განისაზღვრა, პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ კი 2554.9 მილიონი ლარი შეადგინა.
მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა: მსხვილი საწარმოები - 83.3 პროცენტი, საშუალო საწარმოები - 8.5 პროცენტი, მცირე საწარმოები - 8.2 პროცენტი.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი საწარმოები - 81.3 პროცენტი, საშუალო საწარმოები - 9.5 პროცენტი, მცირე საწარმოები - 9.2 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა მეორე კვარტლის განმავლობაში 4199.0 მილიონი ლარი, ხოლო გასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 2770.3 მილიონი ლარი შეადგინა.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქალაქი თბილისი 73.1 პროცენტით. ქვემო ქართლზე მოდის 6.8 პროცენტი, იმერეთზე - 5.3 პროცენტი, აჭარაზე - 5.1 პროცენტი, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთზე მთლიანი ბრუნვის 4 პროცენტია დაფიქსირებული.

საწარმოთა ზომის მიხედვით ბრუნვამ მეორე კვარტალში 5,736.5 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის მსხვილ საწარმოზე 4778.1 მილიონი ლარი მოდის, საშუალო საწარმოზე 486 მილიონი ლარია, მცირე საწარმოს შემთხვევაში 472.4 მილიონი ლარი დაფიქსირდა. 1 კვარტლის შედეგით, საწარმოთა ზომის მიხედვით ბრუნვამ 4836.2 მილიონი ლარი შეადგინა.

ოფიციალური მონაცემებით, ბიზნეს სექტორში 2 კვარტალში 371,341 ადამიანია დაფიქსირებული. ეს მაშინ, როცა პირველი კვარტლის მაჩვენებლით, 358,934 ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის ყველაზე მეტი - 208,148 ადამიანია მსხვილ საწარმოში. ამ სეგმენტზე მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 217,882-ს შეადგენს, საშუალო საწარმოში - 73,082, ხოლო მცირე საწარმოებში 80,337 ადამიანია დასაქმებული.

რაც შეეხება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებას, ასევე გაზრდილია და 600.6 ლარს შეადგენს, პირველ კვარტალში რამდენადმე ნაკლები, 552.1 ლარი დაფიქსირდა.

ექსპერტი ავთო სილაგაძე ამბობს, რომ მეორე კვარტალში სავაჭრო ბრუნვის მონაცემების ზრდა ჩვეული მოვლენაა, რადგან წლის ეს პერიოდი, წინასთან შედარებით, ყოველთვის აქტიურია. ამდენად, არსებულ ცვლილებას ექსპერტი მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს.

"მეორე კვარტალში სავაჭრო ბრუნვის მონცემების ზრდა ნაკლებად საინტერესოა. ცვლილება, სავარაუდოდ, იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის. ამ თვალსაზრისით მატებას ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად ვერ განვიხილავთ. მთავარია, როგორია განსხვავება ექსპორტ-იმპორტს შორის. შარშან 80 პროცენტი იმპორტზე მოდიოდა, 20 პროხცენტი - ექსპორტზე, ანუ სხვაობა 4/1-თან იყო.

ეს მონაცემები ამ ეტაპზეც უცვლელია. იმპორტის ზრდა იწვევს ჩვენი ქვეყნიდან ფულადი ნაკადის გადინებას. ჩვენი ფული სამუშაო ადგილებს ქმნის უცხოეთში. იგი აქ რომ დაბანდებულიყო, სამუშაო ადგილები აქვე შეიქნებოდა. შარშან ეკონომიკური ზრდის ტემპის ოთხპროცენტიანი ჩავარდნა გვქონდა. წელს კი ჯერჯერობით დაგეგმილი ინვესტიციების 30 პროცენტიც არ შემოსულა", - ამბობს ექსპერტი.
რაც შეეხება სამუშაო ადგილებისა და შრომის ანაზღაურების გაზრდილ მაჩვენებლებს, სილაგაძე ამ მხრივ წარმოდგენილ მონაცემებს საეჭვოდ მიიჩნევს.

"ძალიან მეეჭვება, რომ მეტი სამუშაო ადგილი შექმნილიყო. ეს მაჩვენებელი სწორი არ მგონია. რომელ სექტორში უნდა შექმნილიყო - მრეწველობაში, საბანკო თუ უძრავი ქონების სექტორში? ამ პერიოდის განმავლობაში ზრდა არ ყოფილა. რეალური სიტუაციით ეს არ ჩანს.

რაც შეეხება ხელფასებს, საშუალო მაჩვენებელი ყოველთვის არ არის რეალური მაჩვენებელი. საქართველოში ხელფასი ერთს 600 ლარი აქვს, მეორეს - 115. ამ მონაცემებით გასაშუალება საკმაოდ დიდ ციფრს გვაძლევს, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულთა შორის ბევრი მინიმალურ ხელფასს იღებს, ხოლო ცოტანი აირიან, ვისაც მაღალი ანაზღაურება აქვს.

შესაძლებელია, გარკვეული ზრდა კერძო სექტორში იყოს, კრიზისის შემდეგ ცოტა გამოცოცხლება შეინიშნება, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება კრედიტების ხარჯზე და მუდმივმოქმედი ადგილები არ იქმნება. დასაქმებას ასე თუ მივუდგებით, რეალური ზრდა გამორიცხულია", - აცხადებს სილაგაძე.

რაც შეეხება საქმიანობის სახეების მიხედვით და მთლიან ბრუნვაში ვაჭრობის მაჩვენებელს, აქ ავტობიზნესი რეალურად რეექსპორტია და ქვეყნის ეკონომიკას დიდ შეღავათს არ აძლევს.
"რეალურად, ეს რეექსპორტია, ანუ სხვაგან დამზადებული პროდუქციის ჩვენს ტერიტორიაზე გაყიდვა. ბევრი ჩამოდის აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან და აქ ყიდულობს. ჩვენ ექსპორტად განვიხილავთ, მაგრამ ეს მაინც მოჩვენებითი მაჩვენებელია, რადგან არ არის ჩვენთან შექმნილი პროდუქცია და ჩვენს ეკონომიკას დიდს არაფერს არ აძლევს.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ყველაზე მეტი მაჩვენებლით დედაქალაქი ლიდერობს და ეს მოსალოდნელიცაა. რეგიონებში ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა, არ არის სამუშაო ადგილი და ვისაც შეუძლია, მოდის თბილისში და აქ ეძებს, დაწყებული ტაქსის მძღოლით და დამთავრებული ელიავას ხიდთან მდგომი უმუშევრებით. არ ხდება შრომის გადანაწილება რეგიონებში, ამის საშუალებას ადგილობრივი ბიუჯეტი არ იძლევა.

დასაქმებულთა 53% სწორედ სოფელზე მოდის, მაგრამ რეალური შემოსავალი არც ამ ხალხს აქვს. ხშირ შემთხვევაში, ეს ფიქტიური დასაქმებაა, რადგან პროდუქცია არ იქმნება და მიწების დიდი ნაწილი არ მუშავდება", - განმარტავს სილაგაძე.

მარი ჩიტაია
გაზეთი ”რეზონანსი”



















კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1251 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar