მთავარი » 2010 » სექტემბერი » 13 » შემოდგომის დეპრესია და მასთან ბრძოლის მეთოდები
9:31 PM შემოდგომის დეპრესია და მასთან ბრძოლის მეთოდები | |
ზაფხულმა
უცებ გაირბინა, შემოდგომა დადგა, შვებულებების სეზონი გავიდა... თითქოს
სევდიანმა განწყობილებამ დაისადგურა და ირგვლივ მხოლოდ მოწყენილობაა. წინ
კი ასეთი ცივი და გრძელი ზამთარი გელოდება. შემოდგომის დადგომისთანავე ასე
ბევრი ფიქრობს და ამის გამო დეპრესიაშიც ვარდება. ზოგიერთი ადამიანი
დეპრესიას მსუბუქად უყურებს. მერე რა, თუ განწყობილება გაუფუჭდა?
სინამდვილეში დეპრესია საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომელსაც არ უნდა
წაუყრუო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მდგომარეობიდან სხვის დაუხმარებლად
გამოსვლა გაგიჭირდება. შემოდგომის დეპრესია უბრალოდ არ ვლინდება - მას თავისი მიზეზი აქვს: ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები. ორგანიზმი იწყებს "გადატვირთვას" და ახალი სეზონისთვის მზადებას. დღე მოკლდება და ჩვენი ორგანიზმი, ისევე, როგორც დედამიწაზე არსებული სხვა ცოცხალი ორგანიზმები, მზის სხივების უკმარისობას განიცდის; ქრონიკული დაავადებები მწვავდება. ყოველივე ამის შემდეგ როგორი განწყობილება გექნება? მთავარია, დეპრესია დროულად აღმოაჩინო და თავს უშველო. როდის გაქვს შეშფოთების საფუძველი? თუ შეგაწუხა აზრმა, რომ უსარგებლო ხარ და თუ გეჩვენება, რომ მთელი სამყარო აგიმხედრდა, არავის სჭირდები, მოწყენილობისგან კვდები და მიზეზის გარეშე ტირი ან ფეთქდები, მაშინ დროა, განგაში ატეხო. შენ ავად ხარ! ცნობილი ფაქტია, რომ შემოდგომით ბევრი წყვილი შორდება. მიზეზი სხვადასხვაა, მაგრამ წყვილის დეპრესიული მდგომარეობაც დიდ როლს თამაშობს. არსებობს მსუბუქი და მძიმე დეპრესია. მსუბუქ დეპრესიას შეგიძლია, თავადვე გაუმკლავდე, მაგრამ მძიმე დეპრესიის დროს აუცილებლად სპეციალისტს უნდა მიმართო. როგორ უნდა უშველო თავს პირველ რიგში შემოდგომას სხვა თვალით უნდა შეხედო. მიუხედავად გაყვითლებული ფოთლებისა და ხშირი წვიმისა, ის მაინც წელიწადის მშვენიერი დროა. უბრალოდ, ამ სეზონის ნაკლოვანებებზე არ უნდა ჩაიციკლო. ასეთივე წარმატებით შეგიძლია, ზაფხულს უამრავი ნაკლოვანება მოუძებნო - აუტანელი სიცხე, ტრანსპორტში საშინელი დახუთულობა და ა.შ. ნუთუ აღფრთოვანებას არ იწვევს ხეების მოყვითალო-მოწითალო შეფერილობა; ფეხქვეშ გამხმარი ფოთლების შრიალი... სინამდვილეში შემოდგომა წელიწადის დროთა შორის ყველაზე რომანტიკულია. ძირს დიეტა! რა თქმა უნდა, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა საჭიროა, მაგრამ დიეტისთვის შემოდგომა შესაფერისი დრო არ გახლავთ. ამ დროს ყველანაირი დიეტა უნდა დაივიწყო. გაანებივრე თავი გემრიელი ნუგბარით და ნუ დაივიწყებ ბუნებრივ სტიმულატორებს - სურნელოვანი ჩაი, ლიმონი, ასკილის ნაყენი და ერთი ნატეხი შოკოლადი ხასიათს გამოგიკეთებს. მწარე შოკოლადი სეროტონინის წარმოქმნას ხელს უწყობს, ეს ჰორმონი კი "სიხარულის" ჰორმონადაა მიჩნეული. "ბედნიერების" ჰორმონის გამომუშავებას ხელს ბანანი, ნაყინი და თხილიც უწყობს. ლამაზი ნივთების გარემოცვაში შემოდგომის ბოლო პერიოდში ადამიანი ფერადი ტონების უკმარისობას განიცდის და სწორედ ამის გამო, სამყარო ნაცრისფრად ეჩვენება. კედელზე ან კომპიუტერის მონიტორზე ზღვის პეიზაჟი განათავსე. ეს ზაფხულს გაგახსენებს. შენს ინტერიერში შეიტანე ღია, მკვეთრი ფერები - ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი... ფიზიკური დატვირთვა მოწყენილობის ჟამს ფიზიკური დატვირთვა კარგ განწყობილებაზე დაგაყენებს - დილაობით ირბინე ან ფიტნესის დარბაზს ესტუმრე. წყალი ნერვულ სისტემაზე კარგად მოქმედებს. ამიტომ, თუ საშუალება გაქვს, იცურე. წყლის პროცედურები მთელი დღის განმავლობაში მხნეობას შეგმატებს; თანაც, წყალი დაგამშვიდებს და ცურვის შემდეგ სულელურ აზრებს თავიდან "გამოიბერტყავ". თუ აუზში ცურვის საშუალება არ გაქვს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე შხაპი მიიღე. არომათერაპია და მუსიკა ეს ნებისმიერი დეპრესიის მკურნალობის გამოცდილი მეთოდია. კარგი იქნება, თუ აბაზანის მიღების დროს წყალში რამდენიმე წვეთ არომატულ ზეთს ჩაამატებ ან ოთახში არომატულ სანთელსა თუ ჩხირებს აანთებ. მუსიკა სულის მკურნალია. მუდმივი რელაქსაცია მოდუნებაში დაგეხმარება და განწყობილებას აგიმაღლებს. ამ დროს შენთვის საყვარელ მუსიკას უნდა უსმენდე. არა აქვს მნიშვნელობა, კლასიკა იქნება ეს თუ "პოპი". მთავარია, შენ გსიამოვნებდეს. წვიმის, ზღვის, ფოთლების შრიალის ხმაც დამამშვიდებლად იმოქმედებს. ჯანსაღი ძილი ძილი ბევრი დაავადების წამალია. როგორც წესი, დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები უძილობით იტანჯებიან, რაც მათ მდგომარეობას აუარესებს. ძილის წინ შეგიძლია, ეთერზეთებით განზავებული აბაზანა მიიღო, საინტერესო წიგნი წაიკითხო, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის ფილმს უყურო. ეს ჯანსაღი ძილის საწინდარი გახდება. საზოგადოებასთან ურთიერთობა თუ დეპრესიის დროს გამუდმებით შინ იჯდები, დეპრესია გაღრმავდება. შინიდან გასვლა აუცილებელია. მეგობრებს ესტუმრე, ქუჩაში გაისეირნე და თუ საშუალება გაქვს, ქალაქგარეთ, ტყეში წადი. რაც მთავარია, მარტოობას თავი უნდა დააღწიო. უნდა ისწავლო წელიწადის ნებისმიერი დროით, ყოველი განვლილი წამით ტკბობა და დეპრესია არასოდეს მოაკაკუნებს შენს კარზე. ჟურნალი ”გზა” (გამოდის ხუთშაბათობით) | |
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1752 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |