ყოველდღიურმა
ირანულმა გაზეთმა Kayhan-მა, რომელიც ქვეყნის კონსერვატიული ხელისუფლების
მხარდამჭერია, საფრანგეთის პირველ ლედის კარლა ბრუნის მეძავი უწოდა.
გაზეთში
გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია "ადამიანის უფლებათა დამცველების
პროტესტს ფრანგი მეძავებიც შეუერთდნენ", მოხსენიებულნი არიან კარლა ბრუნი
და მისი მეგობარი, მსახიობი იზაბელ აჯანი. სტატიაში ამ ორი ქალბატონის მიერ
ორი შვილის დედის, 43 წლის საკინე აშტიანისადმი მხარდაჭერაზეა საუბარი,
რომელსაც სიკვდილი აქვს მისჯილი.
2006 წელს ირანში, წარმოშობით
აზერბაიჯანელ აშტიანს ბრალად ქმრის ღალატი და მკვლელობა წაუყენეს და
სასიკვდილით დასჯა (ქვით ჩაქოლვა) მიუსაჯეს. ქალმა დანაშაული აღიარა, თუმცა
მოგვიანებით განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება მისგან ძალადობით მიიღეს.
აშტიანის მხარდასაჭერად ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები
გამოვიდნენ, რამდენიმე ქვეყანამ კი ირანის ქმედება დაგმო.
რამდენიმე
დღის წინ კარლა ბრუნიმ აშტიანის დასაცავად პეტიციას ხელი მოაწერა და ღია
წერილი დაწერა. ამის პასუხად ირანულმა გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა,
რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის მრავალრიცხოვან რომანებზეა
საუბარი. ამასთან, ირანის სახელმწიფო ტელეარხით გავრცელდა განცხადება, რომ
ბრუნი აშტიანის დაცვით თავისი ამორალურობის გამართლებას ესწრაფვის.
ელისეის სასახლეში ირანული გამოცემის შეურაცხყოფაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.