2:50 PM „საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაა“ | |
[გეგა ბერიძე] ვაშინგტონი საქართველოს მთავარ საერთაშორისო მხარდამჭერად რჩება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუმ თბილისში მთავრობის და ოპოზიციის წევრებთან შეხვედრები გამართა. შეერთებული შტატები მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის დემოკრატიულ პროგრესს. პოლიტიკური ოპოზიციიდან თინა ქეიდენაუ ირაკლი ალასანიას და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. ალასანიას განცხადებით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაა. თარგამაძის შეფასებით კი, აშშ-სთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ახალი კონსტიტუციით სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის დაცვა გარანტირებული იყოს. თინა ქეიდენაუ ამბობს, რომ მას აქვს სურვილი, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეხედულებები და პრობლემები მოისმინოს. ირაკლი ალასანია საქართველოში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე, ჩამოყალიბებაზე და გაჯანსაღებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მომავალი არჩევნები აუცილებლად შეცვლილი საარჩევნო გარემოს პირობებში უნდა ჩატარდეს, იყოს სამართლიანი და ხალხს მიეცეს შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნება დემოკრატიულად გამოხატოს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაჯანსაღებისთვის გამოყოფს 30 მლნ აშშ დოლარს, რომელიც გათვალისწინებულია ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. ქეიდენაუ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის მთავრობა არ ჩაერევა იმაში, თუ როგორი მმართველობის სისტემა იქნება საქართველოში. გიორგი თრგამაძის თქმით, როგორც გულშემატკივარი ქვეყნისთვის, აშშ–სთვის მთავარია საქართველოში სახელისუფლებო შტოებს შორის დაბალანსებული ურთიერთობები იყოს, რათა ვერც ერთმა შტომ ვერ მოახდინოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. ვიზიტის ფარგლებში თინა ქეიდენაუ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიგა ბოკერიას შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფის წლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები გაწერეს. საქართველოში აშშ–ს ელჩის ჯონ ბასის განცხადებით, „ქეიდენაუ საქართველოში პერიოდულად ჩამოდის და ეს მისი მორიგი გეგმიური ვიზიტია". საქართველოში ვიზიტამდე ქეიდენაუ აზერბაიჯანსა და სომხეთშიც იმყოფებოდა. „საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაა", – ამის შესახებ „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე თინა ქეიდენაუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. თინა ქეიდენაუ, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, „ჩვენი საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს" პარტიის ოფისში ეწვია და მათთან საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ქეიდენაუმ აღნიშნა, მოხარულია, რომ „თავისუფალ დემოკრატებთან" იმყოფება და აქვს სურვილი, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით მათი შეხედულებები და პრობლემები მოისმინოს. ირაკლი ალასანიას თქმით, შეხვედრაზე ძირითადად საქართველოში დემოკრატიის პრობლემებზე, ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიასა და ამ ქარტიის შესრულების გზებზე ისაუბრეს. „ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ქვაკუთხედი გახდა საქართველოს დემოკრატიული განვითარება. აქ იგულისხმება საქართველოში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა, ჩამოყალიბება და გაჯანსაღება. ასევე, მომავალი არჩევნებისთვის მზადება, რათა არჩევნები აუცილებლად ჩატარდეს შეცვლილი საარჩევნო გარემოს პირობებში, იყოს სამართლიანი და ხალხს მიეცეს შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნება დემოკრატიულად გამოხატეს", – ამბობს ალასანია. მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებს და კონკრეტულად იმას, თუ კონსტიტუციის ახალ პროექტში „თავისუფალი დემოკრატები" რას მიიჩნევენ მიუღებლად. საუბარია ქვეყნის მოწყობის მოდელზე. ამასთან, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაჯანსაღებისთვის გამოყოფს 30 მლნ აშშ დოლარს, რომელიც გათვალისწინებულია ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. „აშშ-სთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ახალი კონსტიტუციით სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის დაცვა გარანტირებული იყოს", – ამის შესახებ „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ასევე თინა ქეიდენაუსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა. „სამ ძირითად თემას შევეხეთ. მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმას. ქ-ნმა ქეიდენაუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა არ ჩაერევა იმაში, თუ როგორი მმართველობის სისტემა იქნება საქართველოში. როგორც გულშემატკივარი ქვეყანა, მათთვის მთავარია საქართველოში სახელისუფლებო შტოებს შორის დაბალანსებული ურთიერთობები იყოს, რათა ვერც ერთმა შტომ ვერ მოახდინოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება", – აღნიშნავს თარგამაძე. მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე საარჩევნო გარემოს შეცვლას. „რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური ძალა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ვმუშაობთ. ვიმედოვნებთ, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ხელისუფლებასთან მალე გაიხსნება მოლაპარაკების შესაძლებლობა", – თქვა თარგამაძემ. მისივე თქმით, ქეიდენაუსთან შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო პარტიული სტრუქტურების, რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერების, პარტიული პროგრამების ჩამოყალიბების, ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციების გაძლიერების თემას. „ეს მნიშვნელოვანი თემაა, რადგან საქართველოში პოლიტიკური სისტემა ვერ გაჯანსაღდება, თუ ჩვენ არ გავძლიერდებით. ძლიერი პარტიები, ძლიერი მხარდამჭერებით, საქართველოში ძლიერ პოლიტიკურ სისტემას ნიშნავს, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტიაა", – აცხადებს თარგამაძე. მანვე მადლიერება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ თინა ქეიდენაუმ თავად გამოთქვა „ქრისტიან-დემოკრატებთან" სტუმრობის სურვილი. შეხვედრის დაწყებისას კი „ქრისტიან-დემოკრატებმა" 11 სექტემბრის ტრაგედიის მსხვერპლთა და ვლადიკავკაზში რამდენიმე დღის წინ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემა გამოხატეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |