მთავარი » 2010 » სექტემბერი » 1 » რას მოგვიტანს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის კონფედერაცია
7:29 PM
რას მოგვიტანს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის კონფედერაცია

www.allfile.do.am - internet files encyclopediaსაქართველოს
პრეზიდენტი ხშირად ცდილობს სკანდალური განცხადებებით მიიპყროს მსოფლიოს
ყურადღება. ჯერ იყო და, საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციაზე "დაასველა"
ორიოდე სიტყვა და მერე დასძინა, რომ ეს ქვეყნები "ერთმანეთის გაგრძელება
და, პირიქით, დაბოლოებაა". ამ "ფრთიანმა ფრაზამ" საერთაშორისო ასპარეზზე
უმალ პოვა გამოხმაურება და თურქეთმა საკუთარი თავიც ნათლად წარმოიდგინა
კონფედერაციაში.

ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების
წარმომადგენლებსა თუ ექსპერტებს თავსატეხად ისღა დარჩათ, რას გულისხმობდა
პრეზიდენტი, სად უნდა დაიწყოს და სად უნდა დამთავრდეს საქართველოს
საზღვრები?..

გვესაუბრება ექსპერტი კავკასიურ საკითხებში მამუკა არეშიძე:

-
სააკაშვილმა უკვე ორჯერ გაახმაურა ეს იდეა, მაგრამ არავინ უწყის, ეს
რეალური გადაწყვეტილებაა თუ პოლიტიკური მანევრი. იყო დრო, როცა ქართველი
მეფეები კავკასიის მეფეებადაც კი იწოდებოდნენ, უფრო გვიან კი, 1917 წლის
ბოლოსა და 1918 წლის დასაწყისში, საფუძველი ჩაეყარა და საბოლოოდ შეიქმნა
კიდეც "ამიერკავკასიის სეიმი", რომელშიც სომეხი დაშნაკები, ქართველი
მენშევიკები და აზერბაიჯანელი მუსავატელები გაერთიანდნენ.

ამ
წარმონაქმნმა მაშინ დიდხანს ვერ გაძლო. 26 მაისს დაიწერა დოკუმენტი, სადაც
ნათქვამი იყო, რომ ამ ქვეყნების რელიგიურ-პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და
ჯგუფებს შორის დიდი უთანხმოებაა, რაც ხელს უშლის ერთიანი სახელმწიფოს
არსებობას. 26 მაისს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, 28 მაისს -
აზერბაიჯანმა, სხვათა შორის, სომხეთმა გამოუცხადებლად მიიღო
დამოუკიდებლობა.

პარალელურად, ჩრდილო კავკასიაშიც იყო 1918 წელს
შექმნილი მთიელ ხალხთა რესპუბლიკა. ასე რომ, ადრეც ძალიან ბევრი იყო
გაერთიანების მსურველი როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ
ამას თან ახლდა პრობლემები, რომელთა კარგად გააზრება გვმართებს.

90-იან
წლებშიც, როცა პარლამენტარი გახლდით, ევროპელი დიპლომატები გვირჩევდნენ
აზერბაიჯანთან ფედერაციის შექმნას (კონფედერაციაზე ლაპარაკი არ ყოფილა). იმ
დროს ჯერ კიდევ ბაქო-ჯეიჰანი იყო ჰაერში გამოკიდებული. უცხოელი
დიპლომატები პარალელს გაერთიანებულ ევროპასთან ავლებდნენ და ამაში იყო
ლოგიკის მარცვალი.

ერთ მშვენიერ დღეს მთხოვეს, შეგვექმნა
სამხრეთამიერკავკასიური ფედერაციის პარლამენტის სქემა, რომლითაც
ამიერკავკასიის კონგრესის წარმომადგენლობა განისაზღვრებოდა, როგორც
სეპარატისტული რეგიონების, ასევე ეთნიკური ჯგუფების კვოტებით, მაგრამ ამ
იდეას ხორცშესხმა არ ეწერა და დღემდე გვსაყვედურობენ სხვადასხვა
ქვეყანასთან საბაჟო ბარიერებისა და კანონის მოუქნელობის გამო.

ასე
რომ, არ გამოვრიცხავ, იდეა აზერბაიჯანთან კონფედერაციის შექმნის თაობაზე,
რომელიც სააკაშვილმა გაახმაურა, გარე ძალების ინსპირირებული იყოს. გარდა
ამისა, დასავლურმა პოლიტიკამ სომხეთ-თურქეთის დაახლოებაში მარცხი განიცადა.
ახლა, როგორც ჩანს, უკვე საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ერთობა
მოიაზრება კავკასიაში რუსული გავლენის გაზრდის შემაკავებელ ფაქტორად.
ერთ-ერთმა თურქულმა გავლენიანმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა:
"ეს იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანი-საქართველოს, არამედ
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის კონფედერაცია".

მე მაინც ვფიქრობ,
რომ ეს პოლიტიკური მანევრია საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად და რუსეთის
რეაქციის სანახავად.…მე შემიძლია ზუსტად გითხრათ, როგორ მოიქცევა რუსეთი
სექტემბერში:

დმიტრი მედვედევი ჩავა ბაქოში და ჩაიტანს ძალიან
საინტერესო წინადადების პაკეტს, სადაც აუცილებლად იქნება იარაღის მიყიდვის
შეღავათიანი წინადადებები, ის "სათუთი საკითხები", რომლებიც კასპიის ზღვის
ფსკერის განაწილებას ეხება; იქნება ენერგომატარებლების ფასებზე
წინადადებები, რომელთაც რუსეთი აზერბაიჯანისგან ყიდულობს. რუსეთს ეს
ვითარების დასაბალანსებლად დასჭირდება.

მოკლედ, ამ პოლიტიკური
მანევრით აზერბაიჯანი მოგებული დარჩება, საქართველო კი ერთხელ კიდევ
მოექცევა დიდი ქვეყნების ყურადღების ცენტრში და კონფედერაციის თემა განსჯის
საგანი გახდება. მაგრამ ყველაზე მთავარი და საინტერესო კარტი ჯერ არ არის
გახსნილი.

- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ჩვენ
არ ვიცით, რა ტიპის კონფედერაციას გულისხმობს ჩვენი პრეზიდენტი.
მხედველობაში აქვს მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება თუ სხვა
რამ.…

- პრეზიდენტმა განაცხადა, აზერბაიჯანი და საქართველო
არის ერთმანეთის გაგრძელება და დაბოლოებაო. შეიძლება დავუშვათ, რომ ეს
ქვეყნები ერთიან საზღვრებში აქვს წარმოდგენილი?

- ეს თავად
პრეზიდენტის გარდა არავინ უწყის. ამიტომ ჩვენი საუბარიც მკითხაობას ჰგავს.
მე შემიძლია მაგალითები მოვიყვანო, თუ რა სახის კონფედერაცები არსებობს
მსოფლიოში და შემდეგ განვიხილოთ თითოეული მათგანი. არსებობს შვეიცარიის
კონფედერაცია, სადაც სხვადასხვა სუბიექტი პრაქტიკულად ერთ ქვეყანას
წარმოადგენს. არსებობს კონფედერაციის ისეთი ფორმაც, რომელიც მთლიანად
ეკონომიკურ პრინციპებზეა აგებული, მაგრამ ქვეყნების სუვერენიტეტია დაცული,
საგარეო პოლიტიკაში კი კონფედერაციაში შემავალ ცალკეულ ქვეყანას თავისი
სიტყვა მაინც ეთქმის.

თუნდაც ეს ბოლო ვარიანტი რომ მოვარგოთ
საქართველოს, ჩემი აზრით, სახარბიელო მდგომარეობაში მაინც არ აღმოვჩნდებით.
საქმე ის არის, რომ ამ სამეულში, გნებავთ, ორეულში (აზერბაიჯანი და
საქართველო) ჩვენი ქვეყანა ყველაზე სუსტი რგოლია: აქვს არასახარბიელო
შიდაპოლიტიკური მდგომარეობა, კონფლიქტის ზონების დამოუკიდებლობა უკვე ოთხმა
ქვეყანამ აღიარა, ვითარებას ამძიმებს ცუდი დემოგრაფიული სურათიც.

წარმოიდგინეთ,
სამმილიონ-ნახევარი ქრისტიანის შეჭმა რა ადვილია 50-მილიონიანი მუსლიმანის
გარემოცვაში. ე.ი. საქართველოსთვის წამგებიანი იქნება ისეთი კონფედერაცია,
რომელსაც ეკონომიკა და ფულადი რესურსები არა აქვს იმ დონეზე, როგორიც
ვთქვათ, აზერბაიჯანს, თურქეთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ტვირთებისა და
ადამიანების თავისუფლად გადაადგილება ორ რეგიონს შორის ნიშნავს იმას, რომ
ყველას შეუძლია იცხოვროს და ივაჭროს იქ, სადაც უნდა.

ამ შემთხვევაში
კი რელიგიურ ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რასაც უკვე არათუ
ჩვენ, ანგარიშს ევროპაშიც უწევენ. მაგალითად, შვეიცარიელებმა მეჩეთების
მშენებლობა აკრძალეს თავიანთ ტერიტორიაზე, ფრანგებმა - ჩადრით სიარული
სკოლებში, იმიტომ, რომ გამოიკვეთა შიდასაზოგადოებრივი დაპირისპირება
რელიგიურ ნიადაგზე.

ასე რომ, როცა კონფედერაციაზე ვლაპარაკობთ, უნდა
გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და
საჭიროა ყველაფრის კარგად გაანალიზება. ერთადერთი, რა მოგებაც შეიძლება
ნახოს საქართველომ ამ ვითარებაში, ის არის, რომ მას საშუალება მიეცემა
სათავისოდაც მოიაზროს აზერბაიჯანის ენერგომატარებლები.

-
მართალია, არ ვიცით, რა ტიპის კონფედერაციაზე ლაპარაკობს ჩვენი პრეზიდენტი,
მაგრამ დავუშვათ, კონფედერაციის ფარგლებში ზემოხსენებულ ქვეყნებთან
საქართველომ თავდაცვის სფეროში ითანამშრომლა. რამდენად წაადგება ეს ჩვენს
ქვეყანას?

- კონფედერაციის ფარგლებში მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობა აუცილებლად გადაიზრდება


პოლიტიკურში,
რაც საქართველოს პარტნიორი აზერბაიჯანის ინტერესთა გათვალისწინებით
ბლოკადაში მოაქცევს სომხეთს და აღარ გაატარებს ტვირთებს მისკენ. აქ უკვე
პოლიტიკური საკითხები გადმოიწევს წინა პლანზე და არ არის გამორიცხული,
დაძაბულობა აზერბაიჯანი-საქართველოს "ბლოკის" რუსეთ-სომხეთის ბლოკთან
კონფრონტაციაში გადაიზარდოს. აზერბაიჯანი თავისი თავდაცვის ძალებს
ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას მოახმარს, ჩვენ კი რუსეთის პირისპირ ისევ
მარტო აღმოვჩნდებით.

- მაგრამ თურქეთსაც სურს კონფედერაციაში გაერთიანება.

-
თურქეთთან ძალიან საინტერესოდ არის საქმე. მას რეგიონული ლიდერობა უნდა,
ერთიანი კონფედერაციის შექმნა კი ამისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთი არის რუსეთის უახლოესი ეკონომიკური
პარტნიორი, მაგრამ ნატოს წევრიცაა.

ე.ი. თურქეთი გარკვეულწილად
დაზღვეულია, რომ რუსეთი მის პარტნიორებთან ურთიერთობაზე დაფიქრდება, ასჯერ
გაზომავს ნაბიჯს და ერთხელ გადადგამს, მაგრამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს
იგი არავითარ შემთხვევაში ხელიდან არ გაუშვებს. ეს იცის თურქეთმაც. რუსეთი
ბელორუსიას გაუთავებლად სთხოვს, აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებლობა.

ეს იმიტომ სჭირდება, რომ რუსეთ-ბელორუსიის
სამოკავშირეო სახელმწიფოში (რომელიც გაფორმებულია ხელშეკრულებით) შეიყვანოს
სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთი და სამხრეთ
ოსეთი რუსეთის ფედერაციის ასოცირებულ წევრებად უნდა იქცნენ, ეს კი მთელი
მსოფლიოს აღშფოთებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ყველა დაინახავს, თუ როგორ
დაკარგავენ აფხაზები და ოსები იმ "დამოუკიდებლობას", რომელიც რუსეთმა თავად
აღიარა.

- ე.ი. მიგაჩნიათ, რომ
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის კონფედერაციის იდეა ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენასთან უფრო გვაშორებს, ვიდრე გვაახლოებს?

-
დიახ, შესაძლოა, ასეც ითქვას. გარდა ამისა, ის აფხაზეთსა და სამხრეთ
ოსეთთან რაიმე ტიპის კონფედერაციაზე (თუნდაც ავტონომიის გაზრდილი
უფლებებით) ოცნებასაც კი ასამარებს. ჩემი აზრით, ეს არ არის გააზრებული,
საკითხის შესწავლაზე დაფუძნებული წინადადება. ეს უფრო ჰგავს ექსპერიმენტს,
აზრის მოსინჯვას, სპექტაკლს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის და პოლიტიკური
ბლოკის რეაგირებაზეა გათვლილი.

ეკა ასათიანი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)














კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1289 | დაამატა: allfile | ტეგები: konfederacia, აზერბაიჯანი, saqartvelo, კონფედერაცია, azerbaijani, საქართველო, თურქეთი, turqeti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar