მთავარი » 2010 » მარტი » 16 » წმიდა ეგნატი ანტიოქიელი - ეპისტოლე რომაელთა მიმართ (ნაწილი 2)
12:37 PM
წმიდა ეგნატი ანტიოქიელი - ეპისტოლე რომაელთა მიმართ (ნაწილი 2)


1-8. ლკ. 81 დას. X

day_icon   ხსენება


[14] - შდრ. გიორგი მთაწმინდელის
თარგმანი: ”ჩემი იგი ტრფიალი ჯუარცუმულ არს” (გვ. 622). მოწამეობის
დასაბამია ბაძვა უფლის ვნებისადმი: ”მაცადეთ, ვბაძო ვნებას ღვთისას”
(6,3), ამბობს წმ. ეგნატი და შემდეგ დასძენს: ”ჯვარს-ეცვა ჩემი ტრფიალება”
(”ეროს”, amor). ზოგი თანამედროვე მთარგმნელი ბერძნულ ”ეროსს” იგებს,
როგორც ”ხორციელ სურვილს”. უკანასკნელ ფრანგულ თარგმანში ვკითხულობთ: mon
desir terrestre a ete crucifie (დასახ. გამოც. გვ. 117), რაც ნიშნავს:
”ცემი მიწიერი სურვილი ჯვარს ეცვა”. ამგვარი გააზრებით გამოდის, რომ
წმ.ეგნატი გულისხმობს საკუთარ თავში მიწიერი გულისთქმის, მატერიალური
ვნებების მოკვდინებას. წარმოდგენილ თარგმანს პ. კამელო იმით ასაბუთებს,
რომ სიტყვა ”ეროსი” ”ახალ აღთქმაში” სულიერი სიყვარულის მნიშვნელობით არ
გვხვდება. ეს მომენტი, ცხადია, საბუთი არ არის. ცნობილია, რომ წმიდა
მამებმა ანტიკური ენიდან მომდინარე აურაცხელ ლექსიკას მოუხმეს და
ჭეშმარიტად ქრისტიანული სული შთაბერეს სხვა შინაარსის მქონე სიტყვებს.
საგულისხმოა, რომ დოგმატური ტერმინოლოგიის უძირითადესი ცნებები
(”ერთარსება”, ”ერთბუნება”, ”სამგვამოვნება” და მისთ.) არ გვხვდება ”ახალ
აღთქმაში”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ ცნებებს რაიმე სხვა
შინაარსობრივი წყარო ჰქონდეთ. რაც შეეხება კონკრეტულად ”ეროსს”, ეს სიტყვა
უძირითადესია, მაგალითად, წმ. დიონისე არეოპაგელის მჭვრეტელობითი
მეცნიერებისათვის, აგრეთვე მრავალი სხვა შედარებით მოგვიანო დროის
ღვთივშთაგონებული ავტორისათვის. როგორც ჩანს, ამ ტერმინის ზემოაღნიშნული
შინაარსით ქრისტიანობაში შემოსვლა სწორედ წმ. ეგნატის სახელს უკავშირდება.
საყურადღებოა, რომ უშუალოდ ზემომოტანილი სიტყვების წინ გვხვდება ასეთი
წინადადებ: ”გწერთ მე ცოცხალი, კვდომის მოტრფე”. ეჭვი არ არის, რომ
მიმღეობა ”ერონ” (”მეტრფე”), რომელსაც საფუძველი აქვს იგივე ზმნა, რაც
”ეროსს” (”ერაო” და ”ერამაი”), ამ შემთხვევაში უთუოდ სულიერ, საღვთო
სიყვარულს გულისხმობს, რადგანაც ხორციელი სურვილების ასპექტით, ანუ
მიწიერების თვალსაზრისით, არ შეიძლება, რომ ადამიანს სიკვდილი ანუ
ხორციელი კვდომა უყვარდეს. სიტყვა ”ეროსის” შინაარსის გაგებაში
განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანულ ტრადიციას, რადგანაც წმ.
მამები გაცილებით ღრმად ჭვრეტდნენ ყოველივე იმას, რაც საღვთო სიყვარულს
უკავშირდება. თვით პ. კამელო შენიშნავს, რომ მთელი ქრისტიანული ტრადიცია
წმ. ეგნატის ზემომოტანილ სიტყვებში საღვთო სიყვარულს ხედავს, კონკრეტულად
სიტყვა ”ეროსს” კი იესუ ქრისტეს სახელდებად მიიჩნევს. ამ მხრივ,
უპირველესად აღსანიშნავია წმ. დიონისე არეოპაგელი, რომელიც თავისი შრომის
”საღმრთოთა სახელთათვის” IV თავში ვრცლად მსჯელობს იმის შესახებ, რომ
”ეროსი” უფრო ცხოველ საღვთო სიყვარულს გულისხმობს, ვიდრე ”აგაპე”.  პავლე
მოციქულის მოწაფე აღნიშნავს (მოგვაქვს ეფრემ მცირის თარგმანი): ”ვინაიცა
სთნდა ვიეთმე ჩუენთა სამღვდელო მეტყველთაგანთა უსაღმრთოესცა ყოფად
”ტრფიალებისა” (ბერძნ. ”ეროს”) სახელი უფროის ”სიყუარულისასა” (ბერძნ.
”აგაპე”). და სწერს საკვირველი ეგნატიცა: ”ტრფიალი ჩემი ჯუარ-ცუმულ
არს”... საღმრთოდ განისაკუთრეს (დიდმა ღვთისმეტყველებმა, ე.ჭ.) ჭეშმარიტი
”ტრფიალება” (”ეროს”) უფროის ”სიყუარულისასა” (”აგაპე”). ვინაიცა დიდი
პავლე, შეპყრობილ რაი იქმნა საღმრთოთა ტრფიალებითა და მიიღო ძალი იგი მისი
განმაცვიბრებელი, საღმრთოითა მით პირითა იტყვის: ”არღარა მე ცხოველ ვარო,
არამედ ცხოველ არსო ჩემ შორის ქრისტე” (გალატ. 2,20), და ვითარცა
ჭეშმარიტი ტრფიალი, განცვიბრებულადცა ღმრთისა უწოდს თავს თვისსა, რამეთუ
არღარა თავისა თვისისა ცხონდებოდა, არამედ ტრფიალისა მის მისისა ცხოველ
იყო, ვითარცა ფრიად საყუარელისა” (4.12;13).


ამგვარად იაზრებს წმ. ეგნატის სიტყვებს
ცნობილი საეკლესიო მწერალი თეოდორე სტუდიელი (გარდ. 826წ.), რომელიც
აღნიშნავს: ”წმიდა მამებმა საჩინოყვეს ღვთისადმი მძაფრი ტრფობა, როდესაც
ერთმა მათგანმა თქვა: ”ვითარცა სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა,
ეგრეთ სურინ სულსა ჩემსა შენდა მიმართ, ღმერთო!” (ფს. 41,1); სხვამ თქვა:
”ტრფიალება ჩემი ჯვარცმულია, - ქრისტე” (თეოდორე სტუდიელი, სამოძღვრო
ქადაგებანი, pg. 99, col. 512 D). საგულისხმოა აგრეთვე, რომ წმ. ეგნატის
”ეროსში” ქრისტეს ხედავს ორიგენეც (გარდ. 254 წ.). იგი გვაუწყებს:
”მახსოვს, რომ ერთ-ერთი წმინდანი, სახელად ეგნატი, ქრისტეს შესახებ
ამბობს: ”ჯვარს-ეცვა ჩემი ტრფიალება” (Prol. in Cant. 3; pg. 13, c. 70.
იხ. პ. კამელოს დასახ. გამოც. გვ. 116; შდრ. ა. ბოროდას გამოც. გვ. 622,
შენ. 4; იხ. აგრეთვე, მიქაელ სვინგელოზის მოწმობა ეპისტოლის თარგმანისადმი
წამძღვარებულ ჩვენს ”წინათქმაში”).


[15] - იგულისხმება, რომ თუ რომაელები
ინებებენ, ისურვებენ ანუ სათნო-იჩენენ უმჯობესს ეგნატისათვის (ე.ი. მის
მოწამეობრივად აღსრულებას), ღმერთიც ინებებს, ისურვებს სათნო-იჩენს მათ.


[16] - ”უტყუარი პირი” ანუ ძველი ქართული
”პირი უტყუველი” (”აფსესტეს სტომა”) ქრისტიანულ ტრადიციაში სახელდება
როგორც თავად მაცხოვარს, აგრეთვე მის მბაძველ ყველა წმიდა მამას.
ორიგინალური ძეგლებიდან ეს შესიტყვება გვხვდება, მაგალითად, ”სერაპიონ
ზარზმელის ცხოვრებაში”.


[17] - წმ. ეგნატი ევედრება რომაელებს,
დათრგუნონ მისდამი სიყვარული, რომ მასშიც არ აღენთოს მსგავსი განცდა და
მოწამეობისათვის დაწინდული სული კვლავ ამქვეყნიურობას არ დაუბრუნდეს, ანუ
არ დაბრკოლდეს მისი მარტვილური გზა. ჭეშმარიტი სიყვარულის გამოვლენად წმ.
ეგნატის ესახება მთლიანი დათრგუნვა მისდამი თანალმობისა, აგრეთვე, სრული
მდუმარება მისი ღვაწლის შესახებ, ეს კი მაშინ გამოვლინდება, როდესაც
აღსრულდება ვნება. ამგვარად, ეგნატის ვედრებაა, რომ რომაელებმა
მარტვილობისათვის გაწირონ იგი, რაც ნიშნავს, ინებონ, სათნო-იჩინონ მისი
მოწამეობა. ეს გზა შეიძლება დააბრკოლოს მხოლოდ მათმა ადამიანურმა
თანალმობამ. ამიტომ, ამბობს მარტვილი, თუ ვერ ეღირსა იგი ვნებას, ამის
მიზეზი იქნება სწორედ რომაელთა მისდამი სიყვარული, რაც არსებითად
სიძულვილია.


[18] - ”ვინმე გულისხმობს იმავე
”ადამიანს (შდრ. ”რაჟამს იქ მივალ, შევიქმნები ადამიანი” 6,2; იხ. შენ.
13), ანუ ჭეშმარიტ ”ვინმეს”, ახლადშობილ, განახლებულ კაცს, მას ვინც
ნამდვილად, ცხოვლად არსებობს და არა ამქვეყნიურად, ნივთიერად. პ. კამელო
შენიშნავს: ”ის (წმ. ეგნატი) ვერ იქნება ”ვინმე” მარტვილობის გარეშე”
(დასახ. გამოც. გვ. 115).


[19] - შდრ. გიორგი მთაწმინდელის
გავრცობილი თარგმანი: ”... ეკლესიათა, შემწყნარებელთა ჩემთა სახელისათვის
ქრისტესისა, - არა ვითარცა მწირი და მოგზაური, არამედ ვითარცა თავი და
მოძღუარი მათი” (გვ. 624).


[20] - პ. კამელო შენიშნავს: ”ქალაქები,
რომლებიც არ მდებარეობდნენ რომისაკენ წმ. ეგნატის მიერ გასავლელ გზაზე (ეს
არის ”ხორციელი გზა”, ”სულიერი გზა” ისაა, რომლიც ღვთისაკენ მიდის),
მისდამი მიავლენდნენ წარმომადგენლებს, რომლებიც უნდა დალოდებოდნენ
წმინდანს მის მიერ გასავლელ ქალაქებში” (დასახ. გამოც. გვ. 118).


[21] - ეს კროკოსი, როგორც ქალაქ
ეფესოდან წარმოგზავნილი ჯგუფის წევრი, იხსენიება ეფესელთა მიმართ
ეპისტოლეში: ”...კროკოსი, ღირსი ღვთისა” (11,1).


[22] - წმ. ეგნატის სიტყვები ცხადყოფს,
რომ ქრისტიანთა დევნულების მსხვერპლნი სხვებიც ყოფილან, რომლებიც მასზე
ადრე შეუპყრიათ ანტიოქიაში და აქედან რომში გადაუგზავნიათ ”ღვთის
სადიდებლად” ანუ მარტვილობისათვის.


[23] - რომაელთა მიმართ ეპისტოლე
ერთადერთია წმ. ეგნატის ეპისტოლეთა შორის, რომელსაც ახლავს ნაწილობრივი
თარიღი (კერძო დღის აღნიშვნა). მითითებული რიცხვი შეესაბამება 24 აგვისტოს
(იხ. პ. კამელოს დასახ. გამოც. გვ. 11; 119; შდრ. ა. ბოროდას გამოც. გვ.
624, შენ. 2).


 


ძველი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ედიშერ ჭელიძემ










კატეგორია: მართმადიდებლობა | ნანახია: 1743 | დაამატა: allfile | ტეგები: წმინდა, ანტიოქიელი, წმიდა ეგნატი ანტიოქიელი, repurgo, amor, ეპისტოლე, ეგნატი, mon desir terrestre a ete crucifie, რომაელები, ედიშერ ჭელიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar