12:25 PM წმიდა ეგნატი ანტიოქიელი - ეპისტოლე რომაელთა მიმართ (ნაწილი 1) | |
ეგნატი ღმერთშემოსილი - ეკლესიას, წყალობაქმნილს უზენაესი მამის სიდიადეში, მისი მხოლოდშობილი ძის იესუ ქრისტეს მიერ, შეყვარებულსა და განათლებულს მამისვე ნებით, ვისაც ესათნოება ყოველივე, რაც კი არსებობს იესუ ქრისტეს, ჩვენი ღვთის რწმენასა და სიყვარულში, - ეკლესიას, რომელიც მოთავეობს[1] რომაელთა ქვეყნის სამკვიდრებელში, ღვთივღირსეულს, ღირსადმშვენიერს, ნეტარღირსეულს, ღირსადსაქებელს, ღირსადსასურველს, ღირსადწმიდასა და წინამძღვარს სიყვარულისას, ქრისტეს სჯულიერს,[2] მამის მოსახელეს, რომელსაც მოგიკითხავ სახელითა ძისა მამისა, იესუ ქრისტესითა! თქვენ, რომლებიც ხორციელად და სულიერად შეუერთდით უფლის ყველა მცნებას, რომლებიც წრფელად[3] აღივსეთ საღვთო მადლით და განიწმიდეთ[4] ყოველი უცხო ფერისაგან,[5] უსპეტაკესად იხარებდეთ იესუ ქრისტეს, ჩვენი ღვთის მიერ! 1.1. რადგანაც ფრიად ვევედრე ღმერთს ლოცვათა მიერ, ვეღირსე იმას, რომ ვიხილე და შევიწყნარე ღირსსახილველნი თქვენი სახენი, და თუ ღვთის ნება ღირსმყოფს, აგრეთვე, რომ მივეწიფო აღსასრულსაც, ვსასოებ მაშინ, იესუ ქრისტეს მიერ შეკრულმა ამბორ-გიყო თქვენ. 2. კეთილად განეგო დასაბამი, თუკი მომმადლებს ღმერთი იმასაც, რომ უბრკოლველად მოვიგო ჩემი წილხვედრი. შიში მაქვს თქვენი სიყვარულისა, არ მიმტროს მან მე,[6] რადგანაც თქვენთვის ადვილია ისა ქმნათ, რაც გსურთ, ჩემთვის კი, - თუკი არ განმეკრძალვით, - საძნელოა ღმერთს მივეახლო. 2.1. არათუ ის მწადია, რომ აამოთ ადამიანებს, არამედ მხოლოდ - ღმერთს სათნო-ეყოთ, რასაც იქმთ კიდეც. ვერ მოვიპოვებ უმჯობეს ჟამს, ღმერთს მივეახლო, და თქვენც, უკეთუ დაიდუმებთ, სხვას ვერას ჰპოვებთ საქმეს უკეთესს თქვენი თავისთვის. თუკი დუმილით განმეკრძალვით, გავხდები ღვთისა, მაგრამ თუ ჩემს ხორცს შეეტრფობით, კვლავ მივიქცევი სრბოლისაკენ.[7] არათუ სხვა რამ, ჩემთვის მარტოდენ ის იზრუნეთ, ღმერთს შევეწირო ზედაშეს მსგავსად, რადგანაც უკვე განემზადა საკურთხეველი, თქვენ კი შემოკრბით სიყვარულით, როგორც რამ ქორო, და უგალობეთ მამას იესუს მიერ, რადგანაც ღმერთმა ღირს-იჩინა ეპისკოპოსი სირიისა; აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ უწოდა მას. კარგია ამ ქვეყნიდან ღვთისაკენ ”ჩასვლა”, რომ შემდეგ მასთან ”აღმოვიდე”.[8] 3.1. არასოდეს გშურდათ ვინმესი; სხვებს ასწავლიდით. მსურს მტკიცედ ეგოს ყოველივე, რაც თქვენ ასწავლეთ და განაჩინეთ. ჩემთვის მარტოდენ ის ითხოვეთ, ძალა მომეცეს შინაგანად და გარეგანად, რომ არა მხოლოდ სიტყვით ვამბობდე, მსურდეს კიდეც; არა მხოლოდ სახელად მერქვას ქრისტიანი, ვიყო კიდე და თუ ვიქნები, მეწოდება კიდეც ამგვარად, მორწმუნე კი მაშინ გავხდები, ქვეყნად რომ აღარ გამოვჩნდები. ჩენილთაგან რა არის კარგი?[9] მამაში მყოფი ღმერთი ჩვენი იესუ ქრისტე უმეტესად არის ჩენილი. არათუ რწმუნების საქმეა ქრისტიანობა, არამედ - სიდიადისა, როდესაც მოიძულებს მას სამყარო.[10] 4.1. მივწერ მე ყველა ეკლესიას და ვამცნებ ყველას, რომ ნებსით ვკვდები ღვთისათვის, თუკი თქვენს მიერ არ დავბრკოლდები.[11] ამიტომ გევედრებით, უდროო დროს ნუ გამოავლენთ კეთილგანწყობას. მაცადეთ მე, გავხდე მხეცების ლუკმა, რადგანაც მათი გზით ღმერთს მივეახლები. ხორბალი ვარ ღვთისა და დავიფქვები მხეცთა კბილებით, რომ გახდე წმიდა პური ქრისტესი. 2. უფრო ის ეცადეთ, ალერსით აწვიოთ მხეცები, საფლავად მექნენ მე და არაფერი დატოვონ ჩემი ხორციდან, რომ დაძინებული არავის ვემძიმო. ჭეშმარიტად მაშინ ვიქნები მოწაფე იესუ ქრისტესი, რაჟამს ჩემს სხეულსაც ვეღარ იხილავს ქვეყნიერება. ლიტანია ჰყავთ ქრისტეს მიმართ ჩემთვის, რომ ამგვარი სახით შევიწირო ღვთისადმი. 3. პეტრესებრ და პავლესებრ როდი გამცნებთ თქვენ: ისინი - მოციქულნი, მე კი - მსჯავრდებული, ისინი - თავისუფალნი, მე კი ვიდრე დღემდე - მონა, მაგრამ თუ ვივნებ, ვით აზატქმნილი იესუ ქრისტესი, თავისუფალი აღვდგები მის მიერ, აწ კი ტყვექმნილი იმას ვსწავლობ, არაფრისადმი მქონდეს გულისთქმა. 5.1. სირიიდან რომამდე ხმელეთსა და ზღვაზე, დღითა თუ ღამით ვებრძვი მე მხეცებს, ბორკილდებული ათი ავაზას, ანუ, რაც იგივეა, მხედართა დასის მიერ, რომლებსაც თუმცა კეთილს უყოფენ, მეტად და მეტად ავდებიან. მათი სიავე უმეტესად მასწავლის მე, მაგრამ ”არათუ ამით რასმე განვმართლდები” (I კორ. 4,4). 2. დაე, ღირსი ვიყო მხეცებისა, რომლებიც მზადყოფნაში არიან ჩემთვის. ვილოცავ მათთვის, რომ დამეხმარონ; ალერსით ვაწვევ, ხარბად მჭამონ, რათა არ მოხდეს ისე, რომ დამიფრთხნენ, როგორც ზოგ ვინმეს, და არ შემეხონ. თუნდაც რომ ნებით არ ისურვონ თვით ვაიძულებ. შემინდეთ, ძმანო, რადგანაც ვიცი, რაც მე მარგებს![12] 3. აწ შევუდგები მოწაფეობას. ნუვინ იქნება, - ნურც ხილული, ნურც უხილავი, - მოშურნე ჩემთვის, რომ მივეახლო იესუ ქრისტეს. ცეცხლი და ჯვარი, მხეცთა გუნდები, დაჭრა-დაგლეჯა, ძვლების მიმოყრა, ასოთმოკვეთა, დაქუცმაცება მთელი ტანისა, ეშმაკისაგან ტანჯვა-წამება, და - დაე, შემემთხვეს ეს ყოველივე, რომ მივეახლო იესუ ქრისტეს. 6.1. არაფერი მარგებს სიამენი ამა ქვეყნისა, არც სააქაო სამეფონი. მიღირს, რომ მოვკვდე იესუსთვის, ვიდრე ვეუფლო ქვეყნის კიდეებს. მას ვეძიებ, ვინც ჩვენთვის მოკვდა. იგი მსურს, ვინც ჩვენთვის აღდგა. მომელის მე შობა! 2. შემინდეთ ძმანო! ნუ დამაბრკოლებთ, რომ გავცხოველდე: ნუ ინებებთ, რომ მოვკვდე! ვინც მსურველია, რომ იყოს ღვთისა, ამა სოფლისათვის ნუ გასცემთ მას, და ნუ აცთუნებთ ნივთის მიერ. მაცადეთ, შევიწყნარო წმიდა ნათელი. რაჟამს იქ მივალ, შევიქმნები ადამიანი.[13] 3. მაცადეთ, ვბაძო ვნებას ღვთისას. ვინც თავის თავში ღმერთს შეიცავს, დაე, შეიცნოს, რასაც ვესწრაფვი, და თანამიგრძნოს, რამეთუ უწყის, რით ვარ პყრობილი. 7.1. სოფლისმთავარი განიზრახავს ჩემს წარტაცებას, ღვთისადმი ჩემი სურვილის გახრწნას და ნუ იქნება მისდა შემწედ ვინმე თქვენგანი. უმჯობესია, გახდეთ ჩემი, რაც ნიშნავს, - ღვთისა! ნუ იქმთ იმგვარად, სიტყვით ამბობდეთ იესუ ქრისტეს, გულისთქმა კი ქვეყნისკენ გქონდეთ. ნუ დაიბუდებს შური თქვენში. 2. თუნდაც პირისპირ გევედროთ თქვენ, ნუ მერწმუნებით. უმჯობესია ის ირწმუნოთ, რასაც მოგწერთ, რადგანაც გწერთ მე ცოცხალი, კვდომის მეტრფე. ჯვარს-ეცვა ჩემი ტრფიალება[14] და აღარ არის ჩემში ნივთისმოყვარე ცეცხლი, არამედ ცხოველი წყალი, რომელიც ჩემში მეტყველებს და შინაგან მეტყვის: ”მოდი მამასთან”. აღარ შევიტკბობ ხრწნილების საზრდოს, არც ამ ცხოვრების სიამეებს. მსურს პური ღვთისა, - ხორცი იესუ ქრისტესი, რომელიც იშვა ”თესლისაგან დავითისა” (იოანე 7,42; რომ. 1,3), და მსურს სასმელი, სისხლი მისი, რაც სიყვარული არის უხრწნელი. 8.1. აღარ ვესწრაფვი კაცებრ ცხოვრებას. ასე იქნება, თქვენ თუ ინებებთ, ხოლო გნებავდეთ, რომ თქვენც გინებონ![15] მოკლე წერილით გევედრებით: 2. ირწმუნეთ ჩემი. მართლად რომ ვამბობ, გააცხადებს, თქვენს წინაშე იესუ ქრისტეს, - უტყუარი პირი,[16] რომლის მიერ ჭეშმარიტი გვაუწყა მამამ. 3. ითხოვეთ ჩემთვის, მას მივეახლო. ხორციელად როდი მოგწერთ, - ოდენ ღვთის ნებით. უკეთუ ვივნებ, გნებებივართ, თუ ვერ ვეღირსე, გძაგებივართ.[17] 9.1. მოიხსენეთ თქვენს ლოცვებში ეკლესია სირიისა, რომელსაც ჩემს სანაცვლოდ ღმერთი ჰყავს მწყემსად. ეპისკოპოსობს მასზე მარტოოდენ იესუ ქრისტე და თქვენმიერი სიყვარული. 2. სირცხვილი არის, მეც მათ შორის შერაცხილვიყო, მათი ნარჩევი, მათგან განგდებული. არა ვარ ღირსი, მაგრამ ღმერთს თუ მივეახლები, შევიწყალები, რომ ვიყო ვინმე.[18] 3. ამბორ-გიყოფს თქვენ ჩემი სული და სიყვარული ეკლესიათა, რომლებმაც კი შემიწყნარეს ქრისტეს სახელით, მაგრამ-არათუ მსგავსად მწირისა.[19] ეკლესიები, მშორებელნი ჩემს ხორციელ გზას, ქალაქებში წინ მიხვდებოდნენ.[20] 10.1. ამას გწერთ სმირნიდან ნეტარღირსეულ ეფესელთა მიერ. ბევრ სხვასთან ერთად ჩემთან არის აქ კროკოსიც, - საწადელი ჩემთვის სახელი.[21] 2. მჯერა, რომ იცით მათ შესახებაც, რომლებმაც უკვე წინ მისწრეს მე სირიიდან რომისაკენ ღვთის სადიდებლად. აუწყეთ მათ, რომ ახლოსა ვარ. ყველა მათგანი ღირსი არის ღვთისაც და თქვენიც. ამიტომაც შეგფერით თქვენ, განუსვენოთ მათ ყოვლითურთ.[22] 3. ხოლო მოგწერეთ ეს ცხრა დღით უწინარეს სექტემბრის კალენდებისა. ქრისტესმიერი მოთმინებით გაძლიერდით აღსასრულამდე![23]
შენიშვნები
[1] - ”მოთავეობს” - ბერძნ. ”პროკათეტაი” (სიტყვ. ”წინ ზის”). აღნიშნულმა ბერძნულმა სიტყვამ დიდი კამათი აღძრა. მკვლევართა ნაწილმა ხსენებული სიტყვა გაიაზრა, როგორც წმ. ეგნატის მიერ რომის ეკლესიის აღმატებულებაზე ხაზგასმა. ბერძნული ტექსტის გამომცემელი და ფრანგულად მთარგმნელი პ. კამელო აღნიშნავს: ”ძნელია, ამ ტექსტში არ დავინახოთ მინიშნება სხვა რეგიონებთან შედარებით რომის ეკლესიის გარკვეულ უპირატესობაზე”. ასევე, ლ. დიუშესნის თქმით ამ გამოთქმის ყველაზე უფრო ბუნებრივი მნიშვნელობა ისაა, რომ ეკლესია თავჯდომარეობს ეკლესიათა კრებულს” (იხ. ეგნატი ანტიოქიელი, პოლიკარპე სმირნელი, ეპისტოლეები, მარტვილობა პოლიკარპესი, ბერძნული ტექსტი, შესავალი, თარგმანი და შენიშვნები პ.თ. კამელოსი, პარიზი, 1969, გვ. 106, შენ. 1). მკველვართა მეორე ნაწილი (მათ შორის პ. პრებრაჟენსკი) მიიჩნევს, რომ წმ. ეგნატი ამ სიტყვით ცხადყოფს რომის ეკლესიის უპირატესობას მხოლოდ ქალაქ რომის გარეუბნებში არსებულ ეკლესიებთან შედარებით. ვფიქრობთ, აღნიშნული სიტყვა, ალბათ, სხვაგვარად უნდა გავიგოთ. იგი, ჩვენი აზრით, გულისხმობს ზოგადად ეკლესიის მოთავეობას, წინამძღვრობას ქვეყნის ცხოვრებაში და არა კონკრეტულად რომის ეკლესიის სხვა ეკლესიებზე უპირატესობას. რა გვაძლევს ამგვარი გააზრების საფუძველს? უპირველესად ის, რომ ბერძნულ ტექსტში არ არის უწყებული თუ ვის ”მოთავეობს”, ვის ”თავჯდომარეობს” რომის ეკლესია, ამის უწყება კი სრულიად აუცილებელი იქნებოდა, მოტანილ კონტექსტში რომ ბერძნული სიტყვა კონკრეტულად სხვა ეკლესიებზე უპირატესობის ანუ სხვა ეკლესიებზე ”თავჯდომარეობის” მნიშვნელობით ყოფილიყო ხმარებული წმ. ეგნატის მიერ. საყურადღებოა, რომ თვით პ. კამელო შენიშვნაში ასეთ კითხვას სვამს: ”მაგრამ თავჯდომარეობს ვის?” (იხ. დასახ. გამოც. გვ. 106, შენ. 1). მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იმავე სიტყვის ხმარების სხვა შემთხვევებიც წმ. ეგნატის ეპისტოლეებში. მკვლევარები, რომლებიც ხსენებულ სიტყვას რომის ეკლესიის უპირატესბაზე აღმნიშვნელად იგებენ, თვით უთითებენ წმ. ეგნატის ეპისტოლეს მაგნესიელთა მიმართ, სადაც იგივე სიტყვა ორგზის გვხვდება. მაგრამ როგორი შინაარსი აქვს მას მითითებულ შემთხვევებში? აი, პირველი ადგილი: ”მოთავეა (”პროკათემენოს”) ეპისკოპოსი ღვთის ადგილას, ხოლო მღვდლები - მოციქულთა ადგილას” (მაგნესიელთა მიმართ, 6,1). შდრ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი: ”მსგავსად ღმრთისა, წინაშე-მჯდომარე იყოს ეპისკოპოსი თქუენი და ხუცესნი - სახედ მოციქულთა კრებულისა”. როგორც ვხედავთ, მოტანილ ტექსტში ისაა უწყებული, რომ ეპისკოპოსი ღვთის ნაცვლად მოთავეობს, წინამძღვრობს მრევლს, ერს, ქვეყნის ცხოვრებას (და არა სხვა ეპისკოპოსებს), ისევე, როგორც მღვდლები მოციქულთა მსგავსად მოთავეობენ ერსა და ქვეყანას (და არა ერთმანეთს). ”მოთავეობს” რომ წმ. ეგნატისთვის არ ნიშნავს კონკრეტულად უპირატესობას, არამედ, ზოგადად სულიერების მიერ ერის წინამძღვრობას, ეს გაცილებით უკეთ ჩანს მეორე შემთხვევაში, სადაც ჩვენთვის საინტერესო ზმნიდან ნაწარმოები ზედსართავი ”პროკათემენოს” (თავჯდომარე, მოთავე) მრავლობით რიცხვში გვხვდება. ასე მიმართავს მაგნესიელთა მრევლს წმ. ეგნატი: ”არავინ იყოს თქვენს შორის, ვინც შეძლებდა თქვენს განყოფას, არამედ შეუერთდით ეპისკოპოსს და მათ, რომლებიც მოთავეობენ უხრწნელების სახითა და მოძღვრებით” (მაგნესიელთა მიმართ, 6,2). მოტანილი ციტატა უეჭველად ცხადყოფს, რომ სამღვდელო დასის წევრები თანაბრად არიან მოთავენი ანუ წინამძღვარნი ერისა. ამავე შინაარსით პავლე მოციქულთან გვხვდება ტერმინი ”პროესტოტეს” (”წინამდგომარენი”, ”წინამძღვარნი”), რომელიც იდენტურია ზემორე სიტყვისა. აი, შესაბამისი ადგილი: ”მღვდლები, რომლებიც კეთილად მოთავეობენ” (სიტყვ. ”კეთილად მოთავე მღვდლები”; შდრ. ძვ. ქართული თარგმანი: ”რომელნი კეთილად ძღოდიანნ ხუცესნი”; I ტიმ. 5,17). ვფიქრობთ, წმ. ეგნატი რომის ეკლესიას დაგვისახავს არა როგორც სხვა ეკლესიათა მოთავეს, მათზე უპირატესს, არამედ, სხვა ეკლესიების მსგავსად, ანუ სხვა ეკლესიებთან ერთად, წინამძღვარს ქვეყნისას. რომის ეკლესია ისეთივე წინამძღვარია რომაელთა მხარეში, როგორც ეფესოს, მაგნესიის, სმირნის და სხვა ქალაქთა ეკლესიები. ალბათ, საყურადღებოა, რომ რომაელთა ეკლესიის მიმართვაში ზმნას ”პროკათეტაი” წინ უძღვის სიტყვა ”კაი”, რომელიც ქართული ”-ც” ნაწილაკის ფარდია და ნიშნავს: ”აგრეთვე”. ფრაზა ”ჰო კაი პროკათეტაი” შეიძლება ითარგმნოს: ”ისიც მოთავეა”, ”ისიც, აგრეთვე, წინამძღვრობს”, რაც, ალბათ, ნიშნავს: სხვა ეკლესიებთან ერთად, რომლებსაც ადრე გაუგზავნა ეპისტოლე წმ. ეგნატიმ, ქალაქ რომის ეკლესიაც წინამძღვარია რომაელთა ქვეყნისა. საგულისხმოა, რომ იმავე მიმართვაში წმ. ეგნატი რომის ეკლესიას უწოდებს ”მოთავეს” ანუ ”წინამძღვარს” (”პროკათემენე”) სიყვარულისას. ეჭვი არ არის, აქაც ზოგადეკლესიურ მოთავეობაზეა საუბარი და არა კონკრეტულად რომის ეკლესიის სხვა ეკლესიებთან შედარებით უპირატესობაზე (შდრ. ამ ადგილის გიორგი მთაწმინდისეული თარგმანი: ”წინამძღუარსა სიყუარულისასა”). მნიშვნელოვანია ისიც, რომ წმ. ეგნატი გამორჩეული ეპითეტებით მიმართავს, გარდა რომისა, აგრეთვე სხვა ეკლესიებსაც. მაგალითად, ეფესელთა ეკლესიას იგი უწოდებს ”ჟამთა უწინარეს წინაგანჩინებულს ყოვლითურთ მარადიული დიდებისათვის”. ძნელია მოიძებნოს უფრო აღმატებული სახელდება ეკლესიისა, მაგრამ ამგვარი მიმართვა, ცხადია, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ღირსების ნიშნით ეფესოს ეკლესიის სხვა ეკლესიებზე უპირატესობას. იმავე ეფესოს ეკლესიას წმ. ეგნატი უწოდებს ”უმეტესად ნეტარღირსეულს” (”აქსიომაკარისტოს”), სმირნელთა ეკლესიას მიმართავს, როგორც ”უმეტესად ღვთივღირსეულს” (”აქსიოპრეპესტატოს”) და სხვა. წმ. გიორგი მთაწმინდელი ზემოგანხილულ ზმნას ”პროკათეტაი” მდებარეობითი შინაარსით აღიქვამს და ასეთ თარგმანს გვაწვდის: ”წმიდისა ეკლესიასა... რომელი-იგი შენ-არს (ე.ი. აშენებულია, ე.ჭ.) ღვთივბრწყინვალედ სოფელსა შინა ჰრომაელთასა” (იხ. ”ეპისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანი”, გამოსცა ა. ბოროდამ, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1989, გვ. 619). როგორც ვხედავთ, არც გიორგი მთაწმინდელი ჭვრეტს ბერძნულ ტექსტში რომის ეკლესიის უპირატესობაზე ხაზგასმას. საგულისხმოა, რომ წმ. ეგნატი ეფესოს ეკლესიას პირდაპირ უწოდებს ”გამორჩეულს” (”ეკლეგმენე”, იხ. პგ. 5, სვ. 732 ა), მაგრამ, ცხადია, არც ეს წოდება მიანიშნებს ეფესოს ეკლესიის უმეტეს ღირსებაზე კონკრეტულად სხვა ეკლესიებთან შედარებით (გიორგი მთაწმინდელი შესაბამისი სიტყვისა და მთელი კონტექსტის ასეთ თარგმანს გვაწვდის: ”წინასაუკუნითგან წინაისწარგანჩინებულსა და შეერთებულსა და გამორჩეულსა ვნებითა მით ჭეშმარიტითა”, დასახ. გამოც. გვ. 604). ”რჩეული” (”ეკლეკეტე”) ეწოდება, აგრეთვე, ტრალისელთა ეკლესიას (შდრ. ”რჩეულსა და ღირსსა ღმრთისასა”. დასახ. გამოც. გვ. 535), რაც ასევე, ზოგადად, საეკლესიო ღირსების აღმნიშვნელია.
[2] - ”ქრისტეს სჯულიერი” - ”ხრისტონომოს”; ეს სიტყვა ნიშნავს ”ქრისტეს სჯულის მატარებელს”, ”ქრისტეს სჯულისას”. შდრ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი: ”ქრისტეს აღმსარებელი”. ჩვენამდე მოღწეულ ბერძნულ ტექსტში გვაქვს ”ხრისტონიუმოს” (”ქრისტეს მოსახელე”), მაგრამ რადგანაც სამი უძველესი თარგმანი (ლათინური, სირიული და სომხური) პირველ წაკითხვას უჭერს მხარს, მკვლევარებმა კრიტიკულ ტექსტში აღადგინეს ”ქრისტონომოს”. ალბათ, ამავე წაკითხვას უჭერს მხარს გიორგი მთაწმინდელისეული ”ქრისტეს აღმსარებელი”, რადგანაც მეორე წაკითხვა, ”ხრისტონიუმოს”, საფიქრებელია, მას ეთარგმნა, როგორც ”ქრისტეს სახელმოდგამი”, თუმცა ორიგინალისაგან მნიშვნელოვანი დაცილებანი გიორგი მთაწმინდელის თარგმანში შეიმჩნევა. მაგალითად, მომდევნო ეპითეტი ”პატრონიუმოს” (მამის მოსახელე”) მას თარგმნილი აქვს, როგორც ”მამის მადიდებელი” (დასახ. გამოც. გვ. 619). [3] - ”წრფელად” - ბერძნ. ”ადიაკრიტოს”: ლათ. indiscretim. ბერძნული ”ადიაკრიტოს”, ჩვეულებრივ, ნიშნავს ”განუყოფლად”, ”განუწვალებლად”; აგრეთვე ”განურჩევლად”, მაგრამ, როგორც ცნობილია, ეს სიტყვა ”ახალ აღთქმაში” და ადრექრისტიანულ მწერლობაში გულისხმობს: ”პირუთვნელად, უპირფეროდ, გულწრფელად, უყოყმანოდ” მისაღებია ფრანგული თარგმანი inebranblement (ურყევად), თუმცა იგი ზედმიწევნით ვერ ასახავს ბერძნულ ტერმინს. კონტექსტისათვის არაზუსტია რუსული [неразрельно] (პრებრაჟენსკის თარგმანი). შესანიშნავია გიორგი მთაწმინდლის თარგმანი: ”შეუორგულებელად”, რაც ნიშნავს: ”წრფელად, გულწფელად” (იხ. ძველი ქართული ენის ლექსიკონი, ი. აბულაძის მასალები, თბ. 1973, გვ. 490). აქ რომ ბერძნული ტერმინი სწორედ ”სიწრფელეს” ნიშნავს და არა ”განუყოფლობას”, ამას ცხადყოფს კონტექსტი, სადაც საუბარია საღვთო მადლის წრფელად მიღებაზე ანუ საღვთო სიყვარულის წრფელად შეწყნარებაზე. პავლე მოციქული გვაუწყებს: ”წარუდგინენით თავნი თქუენნი... სიყუარულითა შეუორგულებელითა” (II კორ. 6,6; დასახ. ლექსიკონი გვ. 490). ”სიყუარული შეუორგულებელი” ბერძნულში არის, როგორც ”აგაპე ანიპოკრიტოს”. სიტყვ ”ანიპოკრიტოს”, რომელიც მოტანილ კონტექსტში უთუოდ იდენტურია სიტყვისა ”ადიაკრიტოს”, ნიშნავს მხოლოდ ”გულწრფელობას, უპირფერობას” (იხ. უ. არნდტი, ფ. ჯინგრიჩი, ახალი აღთქმისა და სხვა ადრექრისტიანული ლიტერატურის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი, კემბრიჯი, 1957, გვ. 76). მსგავსი შინაარსისაა, აგრეთვე, გამოთქმა ”სარწმუნოებაი” შეუორგულებელი” (პისტის ანიპოკრატოს”; იხ. I ტიმ. 1,5; სხვა ნიმუში იხ. დასახ. ლექს. გვ. 490). [4] - ”განწმედა” - ბერძნ. ”აპოდიიულიძო” პირდაპირი აზრით აღნიშნავს ”გაფილტვრას”, ”ფილტრში გატარებას”, გადატანით კი ”განწმენდას” (შდრ. ლათ. repurgo). [5] - ”ფერი” - ბერძნ. ”ხრომა”; ლათ. color. შეადარეთ გიორგი მთაწმინდელის თარგმანი: ”განუშორებელად ყოვლისავე უცხოისა სახისაგან და წესისა” (დასახ. გამოც. გვ. 619). [6] - ამ სიტყვებით წმ. ეგნატი ამხელს შინაგან შიშს იმისას, რომ რომაელთა დიდმა სიყვარულმა კვლავ ამქვეყნიური მოღვაწეობისაკენ არ მოაბრუნოს იგი და კეთილად დაწყებული მოწამეობრივი გზა არ დაუბრკოლდეს. ეს შიში მთელი ეპისტოლის მანძილზე იჩენს თავს. საგულისხმოა, რომ ტრალისელთა მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში ასეთივე შიშია გამჟღავნებული ამპარტავნების მიმართ: ”ჩემს თავს ვზღუდავ, რომ ამპარტავნებით არ წარვწყმდე, რადგანაც მმართებს აწ დიდად ვუფრთხოდე და ვერიდებოდე მათ, რომლებიც მაამპარტავნებენ მე” (4,1; შდრ. გიორგი მთაწმინდელის რამდენადმე გავრცობილი თარგმანი: ”უწყი საზომი თავისა ჩემისაი და თავსა ჩემსა განვიზომ, რაითა არა წარვწყმდე სიქადულითა... უფროის შიში თანა-მაც და არა მიხედვად მათდა, რომლენი ამაოდ აღმაზუავებენ მე”, დასახ. გამოც. გვ. 537). ფ. ფუნკი აღნიშნულ სიტყვებს უკავშირებს ლიონელ მარტვილებს, რომლებიც, ევსები კესარიელის მოწმობით, საკუთარ თავს მარტვილებს არ უწოდებდნენ და არც სხვებს რთავდნენ ნებას, ამგვარად მიემართათ მათთვის (იხ. ეგნატი ანტიოქიელი... პ. კამელოს - გამოც. გვ. 98, შენ. 1). პირველწყარო, ლიონის ეკლესიის ეპისტოლე ასე წარმოგვიდგენს თავის მარტვილებს:”მათ იმდენად აღიშურვეს ქრისტესადმი და იმდენად ჰბაძეს მას, ”რომელი-იგი ხატი ღმრთისაი იყო...” (ფილ. 11,6), რომ თუმცა ამგვარ დიდებაში იყვნენ და არათუ ერთგზის ან ორგზის, არამედ მრავალგზის იმარტვილეს... მაინც თავიანთ თავს მარტვილებად არ რაცხდნენ და არც ჩვენ გვრთავდნენ ნებას ამ სახელით გვეწოდებინა მათთვის; ხოლო თუ ვინმე ჩვენგანი ან ეპისტოლეში ან სიტყვიერად მარტვილებად სახელდებდა მათ მკაცრად გაკიცხავდნენ (”ეპეპლესსონ პიკროს”). ისინი წადიერად განუკუთვნებდნენ მოწამეობის წოდებას ქრისტეს, სარწმუნოსა და ჭეშმარიტ მარტვილს, მკვდართა პირმშოსა და საღვთო ცხოვრების წინამძღვარს, ამასთან მოიხსენიებდნენ გარდაცვლილ მარტვილებს და ამბობდნენ: ”ისინი უკვე არიან მარტვილები, რომლებიც ქრისტემ ღირს-იჩინა და შეიწყნარა მათეულ აღსარებაში, როდესაც სიკვდილის გზით ბეჭედი დაადო მათ მარტვილობას; ჩვენ კი ვართ ჩვეულებრივი და უბრალო აღმსარებლები, შემდეგ კი ცრემლებით მოუწოდებდნენ და ევედრებოდნენ ძმებს, რომ მხურვალედ ელოცათ მათი აღსრულებისათვის” (ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია, ბერძნული ტექსტი, თარგმანი და შენიშვნები გ. ბარდისა, პარიზი 1955, გვ. 23-24. წიგნი V, თავი 11,2-3). ამგვარი განცდის გამოხატულებაა, აგრეთვე, წმ. ეგნატის სიტყვები: ”მიყვარს (”აგაპო”) წამება; მაგრამ არ ვიცი, ღირსი თუ ვარ” (ტრალისელთა მიმართ 4,2). [7] - სიტყვ. ”მსრბოლი გავხდები” (”ესომაი ტრეხონ”). შდრ. გიორგი მთაწმინდლის თარგმანი: ”უკუეთუ ხორცთა ჩემთა ეტრფიალნენ, კუალად ვრბიოდი და მიმოვიქცეოდი სოფელსა ამას შინა” (დასახ. გამოც. გვ. 619). ამ შემთხვევაში ”სრბოლა” მიწიერ ცხოვრებას ნიშნავს, რაც თითქმის განვლო წმ. ეგნატიმ. საგულისხმოა, რომ გიორგი მთაწმინდელის ზემომოტანილი თარგმანი-კომენტარი ”სრბოლას” სწორედ ასე განავრცობს: ”მიმოქცევა სოფელსა ამას შინა”. საყურადღებოა აღინიშნოს, რომ ასკეტურ მწერლობაში ცნობილია უარყოფითი შინაარსით ტერმინი ”პალინ-დრომესაი” (”კვლავ სრბოლა”), რითაც აღინიშნება საღვთდ დაწინდული ასკეტის ამქვეყნიური ყოფისაგან მიბრუნება. ცნობილი ჰიმნოგრაფის სტეფანე საბაწმინდელის (X ს.) ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში ”თხრობა წმიდა მამათა მარტვილობის შესახებ, რომლებიც დახოცეს ბარბაროსებმა ანუ სარკინოზებმა ჩვენი წმიდა მამის საბას სახელგანთქმულ ლავრაში”, ვკითხულობთ: ”სამარცხვინოა, უამურია და საყვედრელია, რომ კაცობრივი შიშის გამო ამქვეყნიურობისაკენ მობრუნდნენ და კვლავ სრბოლას (”პალინდრომესაი”) მიეცნენ ისინი, რომლებიც ერთგზის უკვე უცხოიქმნენ ამქვეყნისაგან და არამცირედი ჟამი განლიეს უდაბნოებში” (პალესტინური და სირიული აგიოლოგიის კრებული, ტ. 1, გამოსცეს ა. პაპადოპულო, - კერამეუსმა და ვ. ლატიშევმა, სანკტ-პეტერბურგი, 1907, გვ. 8). [8] - წმ. ეგნატი მისტიკურად ჭვრეტს თავის მიწიერ გზას აღმოსავლეთიდან (ანტიოქიიდან) დასავლეთისაკენ (რომი). დასავლეთი, საზოგადოდ, სიმბოლოა სიკვდილისა, ამქვეყნიური ცხოვრებიდან მზისებრ ”დასვლისა” ანუ ჩასვლისა, რაც თავის მხრივ საღვთო წიაღში სულიერი ”აღმოსვლის” საწინდარია. საგულისხმოა, რომ წმ. იოანე ოქროპირს წმ. ეგნატის გზა დასავლეთისკენ ესახება ამქვეყნიური მზისა და სულიერი, გონისეული მზის თანამსვლელობად: ”მზისებრ ამოვიდა წმ. ეგნატი და დასავლეთისაკენ ისწრაფა მან, რომელიც უბრწყინვალესი იყო მზისა. თუკი მის ზემოთ მსრბოლი მგრძნობად სინათლეს აშუქებდა, თავად ეგნატი ქვემოდან ესხივებოდა მას და მოძღვრების გონისეულ ნათელს ანიჭებდა სულებს. ასევე, თუკი მზე დასავლეთის მხარეში ჩადის და თვალს ეფარება, რასაც მყისვე მოყვება ღამე, ხსენებული მოწამე დასავლეთში მისვლის შემდეგ უფრო ბრწყინვალე მზედ ამოვიდა” (pg. 50, col. 593). [9] - შდრ. II კორ. 4,18: ”არა ვეძიებ ჩუენ ხილულსა ამას, არამედ არახილულსა, რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო არახილული იგი საუკუნე არს.” [10] - იგულისხმება, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა რწმენასთან ერთად საქმეებსაც გულისხმობს, კერძოდ, ქრისტეს გამო დევნულებათა დათმენას და მარტვილობას, რითაც იდიდება მაცხოვარი და თავად სარწმუნოებაც. საგულისხმოა, რომ სიტყვა ”ქრისტიანიზმი” (”ხრისტიანისმოს”) საეკლესიო მწერლობაში პირველად წმ. ეგნატისთან გვხვდება. [11] - აქ კვლავ გამოხატულია შინაგანი შიში, რომ სხვათა ზედმეტმა ზრუნვამ და სიყვარულმა არ შეაფერხოს მისი მოწამეობრივი გზა. [12] - შდრ. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი: ”არა უმეცარ ვარ უმჯობესსა ჩემსა” (დასახ. გამოც. გვ. 621). [13] - აღნიშნულ ქვეთავში ”შობა”, ”ნათელი”, ”ადამიანი”, ცხადია, სულიერებას გულისხმობს. წმ. ეგნატი საღვთო ნათელში სულიერად იშვება ზეციურ კაცად ანუ გააცხოველებს თავის თავში სამოთხისეულ ადამს, ჭეშმარიტ ადამიანს, თავის ჭეშმარიტ ბუნებას, ღვთის ხატსა და მსგავსებას. ჯ. ლაითფუტი შენიშნავს: ” მარტვილის ტანჯვა მსგავსია მშობიარობის სალმობისა (შდრ. ”საქმე მოციქულთა”, 2,24 - ”სალმობანი სიკუდილისანი”). ახლოვდება ჟამი, როდესაც მოწამე უნდა გათავისუფლდეს სიკვდილისაგან, როცა ის უნდა იშვეს ახალი ცხოვრებისათვის. მშობიარობის ურვები, განცდილნი მიწიერი ეგნატის მიერ, შობას ანიჭებს ზეციურ ეგნატის” (იხ. წმ. ეგნატის ეპისტოლეთა პ. კამელოს გამოემა, გვ. 114, შენ. 1). მკვლევარი მოუხმობს ავგუსტინეს საგულისხმო სიტყვებს: ”პეტრეს ხსენების დღეს ეწამა პავლეც, ხოლო არათუ დედის საშოდან კაცთა რიცხვს შეერთო იგი, არამედ ხორცთა ბორკილებიდან ანგელოზთა ადგილას იშვა” (იხ. ავგუსტინე, პეტრე და პავლე მოციქულთა ხსენების დღის შესახებ, PL. 39, col. 1683 = sermo 381; შდრ. კამელოს დასახ. გამოც. გვ. 114; შენ. 1). პ. კამელო დასძენს: ”ეგნატი ემზადება, რომ იშვეს ”სიცოცხლეში”, ”წმიდა ნათელში”; ამიერიდან ის იქნება ”ადამიანი”, ანუ წმ. პავლესეული ”ახალი ადამიანი” - ”კაინოს ანთროპოს” (ეფეს. 4,24) (იქვე გვ. 115). საგულისხმოა იმის აღნიშვნაც, რომ ლათინური სიტყვა natalicium ანდა natalis, რომელიც ნიშნავს ”შობას”, ”დაბადების დღეს”, საეკლესიო ტექსტებში წმინდანთა სიკვდილს უკავშირდება და მათი ხორციელი აღსასრულის ხსენების დღეს გულისხმობს (იხ. ალბერტ ბლეზი, ქრისტიან ავტორთა ლათინურ-ფრანგული ლექსიკონი, 1954, გვ. 549). ამგვარი გაიგივება სწორედ იმით აიხსნება, რომ ქრისტიანული რწმენით, წმინდანის ხორციელი სიკვდილი მისი სულიერი შობის დასაბამია. დანარჩენი იხილეთ (თემა აღარ ეტევა) - http://allfile.do.am/news/2010-03-16-2102 ამ ლინკზე... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |