მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » დიდიე დეზირე დროგბა ტებილის ბიოგრაფია
11:22 PM
დიდიე დეზირე დროგბა ტებილის ბიოგრაფია
                                
 
დიდიე დეზირე დროგბა ტებილი 1978 წლის 11 მარტს აბიჯანში, იმ ქვეყნის დედაქალაქში დაიბადა, რომელიც რუკაზე სპილოს
ძვლის ნაპირის სახელით იყო აღნიშნული. 1980-იანი წლებიდან კი ამ ქვეყანას ფრანგულ ენაზე-კოტ დ'ივუარს უწოდებენ.
მომავალი ვარსკვლავის მშობლები ბანკში მუშაობდნენ, ტიტოს (სწორედ ასე უწოდებდნენ დიდიეს ოჯახის წევრები) გარდა ოჯახში კიდევ ხუთი ბავშვი იზრდებოდა და არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, საფრანგეთში მხოვრები მისი ბიძა - მიშელ გობა რომ არა. მიშელი საკმაოდ ახალგაზრდა გაემგზავრა საფრანგეთში და პროფესიონალ ფეხბურთელად იქცა. მშობლიურ ქალაქში ბევრმა არ იცოდა, რომ გობა საშუალო დონის მოთამაშე გახლდათ, მათთვის იგი ,,მაღალი საზოგადოების'' წევრი იყო. აბა როგორ, ის ხომ საფრანგეთის პირველ დივიზიონში ჟირესის , ტიგანას, პლატინის გვერდით თამაშობდა. ბიძია მიშელი იმდენს ჰყვებოდა ფეხბურთელის მომხიბვლელი ცხოვრების შესახებ, რომ ბიჭუნასა და მის მშობლებს თავბრუ დაახვია. 5 წლის ასაკში დიდიე ბრეტანსში გაემგზავრა, სადაც ბიძამისი ,,ბრესტში'' თამაშობდა. საქმე ისაა, რომ ბავშვზე მეურვეობის გამო, მიშელს გადასახადებით შემცირებული ტარიფით გადახდის უფლება ჰქონდა...
როგორც უკვე ვთქვით, გობა საშუალო დონის ფეხბურთელი იყო და ხშირად უხდებოდა კლუბიდან-კლუბში ,,ხეტიალი''. პატარა მასთან ერთად მოგზაურებდა. მის მოვალეობაში ბიძის გაღვიძება შედიოდა, რათა მიშელს ვარჯიშზე არ დაგვიანებოდა და სახლში გარკვეული სამუშაოების შესრულება. ჯილდოდ დიდიე სხვადასხვა კლუბის მაისურებს იღებდა - ბიძამისი მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს მაისურებს უცვლიდა ხოლმე. გობამ ძმიშვილს ისე შეაყვარა ფეხბურთი, რომ პატარა დიდიემ ბავშვთა სკოლაში დაიწყო ვარჯიში, სადაც დაცვის მარჯვენა ფლანგზე გაამწესეს. როცა ამის შესახებ შეიტყო, ბიძა დიდიეს გაუბრაზდა ,,რაო, დაცვაში? დაცვაში რა დაგრჩენია? ფული და დიდება თუ გსურს თავდამსხმელი უნდა იყო, თანაც - ცენტრფორვარდი. გოლების გატანა უფრო საინტერესოა, ვიდრე ამის გაკეთებაში ხელის შეშლა!'' მიშელი საფეხბურთო სკოლაში მივიდა, მწვრთნელი კარგად გამოლანძღა და იმ დღიდან ტიტო ცენტრფორვარდი გახდა...
თუმცა მის კარიერაში სამწლიანი ,,შესვენების'' დრო დადგა. აბიჯანში დაბრუნებული დროგბა მშობლებმა საფრანგეთში აღარ გაუშვეს და 8-დან 11 წლამდე დიდიე მთელ დღეებს ავტოსადგომზე თანატოლებთან ერთად ბურთის გორებაში ატარებდა. ამის გარდა, მომავალ ვარსკვლავს სხვა გაცილებით ექსტრემალური გასართობიც ჰქონდა - ტბის გადაცურვა, რომელიც ნიანგებით იყო სავსე. მალე ახალი გატაცების - ცეკვის დროც დადგა. დიდიე ქალაქის მტვრიან ქუჩებში ცეკვავდა და პირველი გასამრჯელოც სწორედ ამ გზით იშოვა. ფეხბურთისადმი სიყვარული თანდათან განელდა, თუმცა მალე კოტ დ'ივუარიში ეკონომიკურმა კრიზისმა იფეთქა, ბანკი, რომელშიც მისი მშობლები მუშაობდნენ, დაიხურა. 13 წლის ასაკში ტიტოს სწავლაზეც აუცრუვდა გული და მომდევნო კლასში გადასვლა ვერ შეძლო. ამით განრისხებულმა მამამ ბურთის თამაში აუკრძალა, სანამ აკადემიურ მოსწრებას არ გააუმჯობესებდა.
ხუთოსანი არ გამხდარა, მაგრამ სკოლა მაინც დაამთავრა და ჯილდოდ ქალაქ ლევაიუს საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშის უფლება მიიღო, სადაც ხშირად იმეორებდა - მეორე ვან ბასტენი უნდა გავხდეო. სერბმა მწრთვნელმა სრებენკო რეპჩიჩმა მასში ვან ბასტენი არა, მაგრამ ტალანტი ნამდვილად დაინახა და ჯერ ადგილობრივ ,,ლევაიონში'', მერე კი სახელგანთქმულ ,,პარი სენ ჟერმენში'' გაუწია რეკომენდაცია.
პსჟ-ში დროგბა სინჯებზე დაიბარეს. ძალიან ცდილობდა, ორმხრივ თამაშში გოლიც გაიტანა, მაგრამ დედაქალაქური კლუბის სარეზერვო გუნდის მწრთვნელებს, რატომღაც არ მოეწონათ. ,,ძალიან მეწყინა, თითქოს ზეციდან დედამიწაზე დამანარცხეს, როცა მითხრეს, რომ ჩემი ადგილი მხოლოდ დაბალი დივიზიონების კლუბებშია. ყველაფრის მიტოვების სურვილი გამიჩნდა'', - იხსენებს დროგბა. თუმცა 17 წლის თავდამსხმელს ხელი მაინც არ ჩაუქნევია - ,,გენგამშიც'' დაიწუნეს, სამაგიეროდ ,,ლე მანში'' ჩარიცხვა მოახერხა. ბუნებრივია, საფრანგეთის მეორე დივიზიონში მოთამაშე ,,ლე მანი'' სულაც არ გახლდათ გრანდი, თუმცა სამოყვარულო ,,ლევაიონთან'' შედარებით, საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. ,,პირველი შთაბეჭდილების მოხდენას ვერ ვახერხებდი, ძალიან გამხდარი ვიყავი და მწვრთნელი მარკ ვესტერლოპი თავდაპირველად ჩემი აყვანისგან თავის შეკავებას აპირებდა. თუმცა, საბოლოოდ, 19 წლის ასაკში მაინც აღმოვჩნდი ,,ლე მანში'' - ამბობს კოტ დ'ივუარელი ფორვარდი. ახალ გუნდში ყველაზე ხშირად მას ,,ტებილის კუზენს'' ეძახდნენ. საქმე ის არის, რომ ტიტოს ბიძაშვილი - მცველი ოლივიე ტებილი იმ დროისთვის უკვე ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ. როცა დიდიე ბიძაშვილის წარმატებულ თამაშს ადევნებდა თვალს, დროგბას მიშელ გობას შეგონებები ახსენდებოდა, რომ ტიტო აუცილებლად თავდამსხმელი უნდა გამხდარიყო. აი, მეორე ძმისშვილმა არ დაუჯერა ბიძას, მცველის ამპლუა აირჩია და ახლა მშვენიერი ხელფასი აქვს. დიდიე კი ,,ლე მანში'' გროშებს იღებდა.სამაგიროდ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა საკმარისი. თუმცა, როცა კლუბში მრწთვნელი შეიცვალა, დროგბა ძირითად შემადგენლობას დაემშვიდობა, ამის ტრამვაც დაერთო და...

,,ლე მანში'' გატარებული ოთხი წელი სასიამოვნო მოგონებად ნამდვილად არ დარჩება თავდამსხმელისთვის. არც ფეხბურთი და არც მასში მიღებული გასამრჯელო სიხარულს არ ანიჭებდა და დიდიემ რამდენჯერმე ფეხბურთისთვის თავის დანებებაც კი გადაწყვიტა. მსველელად მას ის ,,გენგამი'' მოევლინა, რომელშიც კარიერას იწყებდა. გუნდი დატოვა ფაბრის ფიორეზმა, დაიმტვრა სტეფან გივარში და, ფაქტობრივად, გუნდი თავდამსხმელის გარეშე დარჩა. ,,გენგამის'' ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ,,პირველივე შემხვედრი'' ფორვარდი ეყიდა, ეს კი დროგბა აღმოჩნდა. 150 ევრო და დიდიე ახალ კლუბში გადაბარგდა.
მიუხედავად იმისა, რომ ,,გენგამი''' უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდა, მის შემადგენლობაში თამაში უფრო ადვილი გამოდგა, ვიდრე ,,ლე მანში'', შესაძლოა ეს იმის ბრალია, რომ მწვრთნელი გი ლაკომბი ბოლომდე ენდობოდა ახალწვეულს. -ადაპტაციას დიდი დრო დასჭირდა, სამაგიეროდ, დიდიემ იგრძნო, რომ მისი სჯეროდათ და კბილებს მომავალი სეზონისთვის ილესავდა. ,,საძაგელი იხვის ჭუკის'' დრო 2002 წლის 2 აგვისტოს დადგა. იმ დღეს ,,გენგამი'' საკუთარ მოედანზე ქვეყნის ჩემპიონ ,,ლიონს'' მასპინძლობდა და 70-ე წუთისთვის 1:3 აგებდა. მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო, თუმცა მწვრთნელმა მინდორზე დროგბა შეუშვა და... აფრიკელმა მთლიანად შეცვალა გუნდის თამაში - ჯერ თანაგუნდელს გაატანინა, უკანასკნელ წუთზე კი - ჩინებული დარტყმით თავად შეაგდო ბურთი - 3:3. ,,მაპატიე დიდიე, პირველივე წუთებიდან რომ არ გათამაშე'', - უთხრა მოგვიანებით მწვრთნელმა და იმ დღიდან დიდიე ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. 2002-2003 წლების სეზონში ფორვარდმა 17 გოლი გაიტანა და პრესის დიდი ყურადღებაც დაიმსახურა. ამას საფრანგეთის ნაკრებში მიწვევა მოჰყვა, რაზეც დროგბამ უარი განაცხადა. იმ დროისთვის ორი - ფრანგული და კოტ დ'ივუარის პასპორტის მფლობელმა ფეხბურთელმა არჩევანი სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა და ,,სპილოების'' შემადგენლობაში ითამაშა.
,,გენგამში'' დიდიე და მისი პარტნიორი - ფლორან მალუდა გა,ოკვეთილი ვარსკვლავები იყვნენ და ცხადი იყო, ამ მოკრძალებულ კლუბში მათ დიდხანს არავინ გააჩერებდა. ასეც მოხდა - მალუდა ,,ლიონში'' აღმოჩნდა, დროგბას კი ,,მარსელიდან'' მოაკითხეს. 3 მილიონი ევრო - ამ ფასად გადაბარგდა ფორვარდი ,,მარსელში'', გუნდში, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრობდა. საკითხავი კი ის გახლდათ, მოერგებოდა კი მეორეხარისხოვანი კლუბიდან გადასული ფეხბურთელი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა? მოერგო და მერე როგორ. ,,მარსელში'' პირველ და როგორც აღმოჩნდა - უკანასკნელ სეზონში კოტ დ'ივუარელმა შედეგიანი თამაში აჩვენა და კინაღამ სეზონის აღმოჩენად იქცა. კლუბმა არც ისე კარგად იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაში, ვერ გაიმარჯვა ქვეყნის პირველობაზე, სამაგიეროდ, უეფას თასზე ითამაშა წარმატებით და მხოლოდ ფინალში დამარცხდა. იმ სეზონში დიდიემ 26 გოლი გაიტანა და მასზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა - ,,მილანი''. ,,რეალი'' და. რა თქმა უნდა ,,ჩელსი'' ყველანაირად ცდილობდნენ აფრიკელის ხელში ჩაგდებას. მარსელელებს არაფრით არ სურდათ დროგბასთან განშორება, მაგრამ აბრამოვიჩის 30-მილიონიან შეთავაზებას წინ ვეღარ აღუდგნენ და დიდიე ლონდონში აღმოჩნდა. ასე, რომ ერთ წელიწადში ფორვარდის ფასი ათჯერ გაიზარდა.
ჩუკოტკის გუბერნატორს მილიონები არაერთ ფეხბურთელში გადაუხდია, თუმცა ყველამ როდი გაამართლა. პირველივე მატჩებიდან გამოჩნდა, რომ აფრიკელის შეძენით ,,ჩელსიმ'' სერიოზული შევსება მიიღო. სადებიუტო სეზონში დიდიემ მეტოქეთა კარი თხუთმეტჯერ დალაშქრა. 50-წლიანი პაუზის შემდეგ ლონდონური კლუბი პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი, ,,სტემფორდ ბრიჯმა'' კი ახალი კერპი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ინგლისში დროგბა არ უყვართ, ისევე როგორც მთლიანად ,,ჩელსი'' თავის ებრაელ მფლობელთან ერთად. ხშირად დიდიეს იმის გამო საყვედურობდნენ, რომ საჯარიმოში მეტოქე ფეხბურთელების დაუხმარებლად ეცემა და ხელით ბურთის გატანასაც არ ერიდება. ,,არაფერი მსგავსი - ყოველთვის სუფთად ვთამაშობ. მათ კი, ვინ სიმულაციაში მადანაშაულებს, ვერც წარმოუდგენია, რისი გაძლება მიხდება თამაშის დროს''. - აღნიშნავს დროგბა.
მომდევნო სეზონში დიდიემ 12 დოლს 11 საგოლე გადაცემაც დაუმატა, ,,ჩელსიმ'' კი ზედიზედ მეორედ მოიპოვაქვეყნის ჩემპიონობა. იმის მიუხედავად, რომ ლონდონურ კლუბში ფეხბურთელები ლამის მთელი აფრიკიდან არიან თავმოყრილი - ესიენი, მაკელელე, კალუ და მიკელი, დროგბამ მაინც მოიწყინა. ,,ჩელსიში'' ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ,,მარსელში'' გატარებულ დღეებს ყოველთვის ვიხსენებ. იქ თავს ჩინებულად ვგრძნობდი. მარსელში ცოტა ხანს, მხოლოდ ერთი სეზონი ვითამაშე, ამიტომ იქაური გულშემატკივრების წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობ. ოდესმე აუილებლად დავბრუნდები''.
საფრანგეთში დაბრუნების სურვილი დიდიეს განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც ,,ჩელსიმ'' შევჩენკო შეიძინა. ,,ჩვენ განსხვავებული ფეხბურთელები ვართ და არ ვიცი, როგორ ავაწყობთ თამაშს. არ მგონია ჩვენი დუეტი შედგეს''... - ამბობდა აფრიკელი უკრაინელის ტრანსფერის პირველ დღეებში. შევჩენკო ლონდონში ნამდვილად არ ბრწყინავს, დროგბა კი კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში.




კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1809 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar