ეგვიპტურ პლაჟებს ელექტრომაგნიტური ფარებით დაიცავენ
ეგვიპტურ ზვიგენებს ელექტრომაგნიტური
ფარებით დააფრთხობენ. მტაცებლებისგან დამსვენებლების დაცვის ამ მეთოდს
ეგვიპტის ხელისუფლებას იტალიური კომპანია სთავაზობს. ამგვარ ფარებს თავდაპირველად ექსპერიმენტის სახით გამოცდიან. შარმ
ელ შეიჰის პლაჟზე ზვიგენების ტურისტებზე თავდასხმის საკითხი რამდენიმე
დღის წინ კურორტზე გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე განიხილეს. შეხვედრაზე
იტალიურმა კომპანია Shark Shield-მა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს
ელექტრომაგნიტური გამოსხივების გამოყენება შესთავაზა. კომპანია ამ
მოწყობილობებს ორ ადგილას დაამონტაჟებს. იდეის
ავტორები აღნიშნავენ, რომ ფარი გარემოსთვის უსაფრთხოა, ის ტურისტებს
არავითარ ზიანს არ მიაყენებს და ყველა სახეობის ზვიგენს დააფრთხობს. ასეთი
ხელსაწყოებით ზვიგენებისგან ტურისტებს სამხრეთ აფრიკაში იცავენ. ტექნოლოგია
„ნატოს" მიერაა დამტკიცებული. შეგახსენებთ,
რომ ნოემბერ-დეკემბერში ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიჰზე ტურისტებზე
ზვიგენების თავდასხმის რამდენიმე ფაქტი მოხდა, რომლის დროსაც
დამსვენებლებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს, ერთ-ერთი მათგანი, გერმანელი
ტურისტი კი დაიღუპა. ამჟამად
ეგვიპტეში ზღვაში ბანაობაზე აკრძალვა ნაწილობრივ მოხსნილია და შარმ ელ
შეიჰისა და ნაამა ბეის ოტელების პლაჟებზე ბანაობა მხოლოდ უსაფრთხოების
ნორმების დაცვითაა დაშვებული: სასტუმროებმა პლაჟები ხუთმეტრიანი
სათვალთვალო კოშკებით უნდა აღჭურვონ, რომლებიც ყოველ 100 მეტრში იქნება
განთავსებული. მთელი დღის განმავლობაში იქ მაშველებმა და ექიმებმა უნდა
იმორიგეონ. ასევე ნებადართულია
საზღვაო ექსკურსიების მოწყობა, თუმცა წყლის ატრაქციონები - მაგალითად,
ბანანით გასეირნება და წყლის თხილამურებით სრიალი შარმ ელ შეიჰის ყველა
პლაჟზე ისევ აკრძალულია.