მთავარი » 2010 » დეკემბერი » 17 » რას დაპირდა პრეზიდენტი ოპოზიციას და რატომ გაახსენდა გაჩეჩილაძეს შავნაბადას შეხვედრაზე საკუთარი ოცნებები?
12:33 PM
რას დაპირდა პრეზიდენტი ოპოზიციას და რატომ გაახსენდა გაჩეჩილაძეს შავნაბადას შეხვედრაზე საკუთარი ოცნებები?



ასგზის დამარხული "შავნაბადას შეხვედრის" თემა ასმეერთედ აღსდგა და ახლა საქმეს ახალი დეტალები თუ ქაღალდები დაემატა. ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე შეხვედრაზე მარტო არ ყოფილა, მას ოთხი ადამიანი ესწრებოდა - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბურჯანაძე, პრეზიდენტობის კანდიდატები სააკაშვილი და გაჩეჩილაძე და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილიო. შეხვედრის აქამდე უცნობ დეტალებსა და სამი წლის წინანდელ "ახალ რეალობაზე" "ვერსიას" დავით უსუფაშვილი ესაუბრება:

- ეს შეხვედრა 2008 წლის იანვრის არჩევნებიდან 2-3 დღეში შედგა. 7 ნოემბრის აქციების ფონზე, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე ძალიან დიდი იყო. შეხვედრისას სულ ოთხი მთავარი მიზანი გვქონდა: 1. ორ კანდიდატს სისხლისღვრის თავიდან აცილებაზე უნდა ესაუბრა. 2. ხმების დათვლის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა ყოფილიყო. 3. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ე.წ. განმუხტვად უნდა გამოყენებულიყო. 4. დაისვა პოლიტპატიმრებისა და, კონკრეტულად, ბათიაშვილის გათავისუფლების საკითხი. ამ შეხვედრას მხოლოდ 4 ადამიანი ესწრებოდა. ოთახში სხვა არავინ ყოფილა და საუბარი, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.

- გაჩეჩილაძემ ეს პუნქტები სააკაშვილს ქაღალდზე დაუწერა და ისე გადასცა?
- რაც შეეხება რაღაც ქაღალდების გადაცემა-გადმოცემას, იმ შეხვედრაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, მსგავსი რამ ნამდვილად არ მომხდარა.

- "მინდა 5 მილიონი ჩემი გარემოცვისთვის", "მინდა 10-12 მილიონი საადგილმამულო ბანკისთვის", "მინდა 6 თვით პრემიერ-მინისტრობა" - ეს ფრაზები თუ გაჟღერდა ამ შეხვედრაზე?
- ვერ გეტყვით, ეს ფრაზები საიდან მოდის. იქ არანაირი ციფრი, არანაირ კონტექსტში დასახელებული არ ყოფილა, არცერთი პირის მხრიდან, თუმცა ბანკთან დაკავშირებით საუბარი ნამდვილად იყო.

გასაგებია, რომ საადგილმამულო ბანკის თემა ამ საუბარში, ერთი შეხედვით, არაფერ შუაშია, თუმცა ეს სხვა კონტექსტში იყო ნახსენები. მიშა, შენ კარგად იცი, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ჩემი ცხოვრების ამოცანა არ არის, მე პარტიული კაცი არ ვარ, არც პარლამენტში ყოფნა მინდა, არც - პრემიერობა, არც პრეზიდენტობა. ჩემი ცხოვრების ოცნება საადგილმამულო ბანკის გაკეთებაა, რითაც ჩვენი გლეხებისთვის ხელის გამართვას, სოფლის მეურნეობის დახმარებასა და ა.შ. შევძლებო.

- თქვენ ახლა ფაქტს მიდასტურებთ. გაჩეჩილაძე-სააკაშვილმა ბანკის თემაზე ისაუბრეს და რაზე შეთანხმდნენ?
- გიმეორებთ, ეს თემა სხვა კონტექსტში არ განხილულა და თანხებზე საუბარი არ ყოფილა. სააკაშვილმა უპასუხა, რა კარგი იდეაა, ასეთი ბანკი ნამდვილად სჭირდება ჩვენს ქვეყანასო და ა.შ. ეს თემა ამ შეხვედრის დროს არც გაგრძელებულა, არც ის თქმულა, მოდი, კონკრეტულად, ასე გავაკეთოთო.

- თავად არაერთხელ აღნიშნეთ, ამ შეხვედრის ფარგლებშიო. ალბათ, არ გამორიცხავთ, რომ გაჩეჩილაძე-სააკაშვილს შორის სხვა შეხვედრა შედგა, სადაც ეს თანხებიც დასახელდა და სხვა დანარჩენიც?
- შემიძლია, დავადასტურო ან უარვყო ფაქტები, რომელსაც ვესწრებოდი. სხვა სპეკულაციებზე საუბარი არ შემიძლია. რაც შეეხება გაჩეჩილაძეს, მე და მას, ცხოვრების არცერთ ეტაპზე, არ გვქონია შეთანხმება, ერთმანეთის გარეშე არავის შევხვდეთ და ნაბიჯი არ გადავდგათო. ამ ნაწილში არც მე ვიყავი ვალდებული, არც - ლევანი.

- ახლა გამოდის, ხალხს ან მთელი მაშინდელი ცხრაპარტიული საბჭო ატყუებს, ან თქვენცა და ხალხსაც გაჩეჩილაძე გატყუებთ.
- ოპოზიცია ასეთი ყოვლისშემძლე რომ იყოს და მოვლენებს ისე მართავდეს, როგორც სურს, ამდენხანს, როგორმე, ხელისუფლებაში იქნებოდა.

- თქვენსა და გაჩეჩილაძეს შორის შეხვედრაზე განსახილველი საკითხები მაინც თუ იყო შეთანხმებული, თუ თქვენთვის მის ოცნებებზე საუბარი მოულოდნელობა იყო?
- ეს არ იყო ემოციური ამოფრქვევა, არც დღის წესრიგისთვის რაიმე საკითხის დამატება ყოფილა. თუმცა, არ ვიცოდი, თუ გაჩეჩილაძე სააკაშვილთან ბანკზე საუბარს აპირებდა და ეს არც შეიძლებოდა მცოდნოდა. მანამდე გაჩეჩილაძეს ნათქვამი ჰქონდა, თუ პრეზიდენტი გავხდები, 6 თვეში გადავდგებიო და თავის ოცნებაზეც ამის დასადასტურებლად ითქვა.

- ამის დასადასტურებლად ისიც უთქვამს, 6 თვით პრემიერი ან მე უნდა გავხდე, ან უსუფაშვილი, ხიდაშელი კი გენპროკურორად უნდა დანიშნოო.
- უსუფაშვილის შესაძლო პრემიერობა მანდ ნახსენებიც არ ყოფილა. ამაზე ცოტა ადრე, ნოემბრის ბოლოს, ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენის დღეს იყო საუბარი. როცა ლევანმა ჩემზე ერთით მეტი ხმა მიიღო, ითქვა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი მე უნდა ვყოფილიყავი. ამაზე მაშინვე უარი განვაცხადეთ და კანდიდატად ზურაბიშვილი შეირჩა.

რაც შეეხება ფრაზას ჩემს მეუღლეზე, სააკაშვილს უთქვამს, ხიდაშელი ბოკერიაა კაბაშიო. მგონი, ფაქტის ელემენტარული გააზრება გვკარნახობს, რომ ჩემი თანდასწრებით, სააკაშვილი ხიდაშელი-ბოკერიას შედარებით დახასიათებას ვერ მოახდენდა. ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ჩემზე კი მხოლოდ ის ითქვა, უსუფაშვილი ხვალვე უშიშროების საბჭოს მდივნად დავნიშნოთ და თვითონ დაწეროს კანონი, სადაც მაღალი გარანტია ექნება, პოსტიდან
ვერმოხსნაზეო. სააკაშვილმა ამაზეც უარი მიიღო.

- და ამ დროს, ბურჯანაძე რას აკეთებდა? როგორც ითქვა, მას სააკაშვილმა საუბრის თავიდან ბოლომდე ჩაწერა დაავალა.
- ეს ჩამწერი მოწყობილობები შეხვედრის განმავლობაში ბურჯანაძეს მოშვერილი არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მე არ შემინიშნავს. იგი, ერთის მხრივ, თითქოს მედიატორის როლს ასრულებდა, რადგან იცოდა, რომ მის წინ მჯდომი ორი კანდიდატიდან, მეორე დღეს ერთ-ერთი პრეზიდენტი გახდებოდა.

თუმცა, როგორც მხარე, იგი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო. როცა სააკაშვილმა რაღაც საკითხებში შესაძლო დათმობებზე საუბარი დაიწყო, ბურჯანაძემ ერთი-ორჯერ შეაჩერა, ნამეტანს ხომ არ შვრები, ოპოზიციას ზედმეტს ხომ არ ჰპირდები, ამაზე მზად მართლა ხარო?

- კი, მაგრამ, რას თმობდა ასეთს სააკაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტს, მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტებას, არაძალოვანი უწყებების მინისტრების პოსტებს...
- დიახ და ამ ყველაფრის ერთ-ერთი ეპიზოდი ნამდვილად ასეთი იყო - ბურჯანაძე სააკაშვილს აჩერებდა, ამათ ზედმეტებს ხომ არ ჰპირდებიო.

- სწორედ მაშინ, როცა ბურჯანაძე პრეზიდენტობის მოვალეობას ასრულებდა, კიწმარიშვილი სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. უდავოა, საუბრის ან ხელნაწერი არსებობს, ან ჩანაწერი. შეიძლებოდა თუ არა, იგი კიწმარიშვილის ხელში აღმოჩენილიყო?
- შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ კიწმარიშვილს იმ შეხვედრის ორგანიზებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ის იქ არაფერში ფიგურირებდა და, როგორც თავად თქვა, იმ მომენტში, მხოლოდ სააკაშვილის კრეატიული ჯგუფის, ე.წ. პიარ-ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, მის ამოცანას კი, გაჩეჩილაძის პოპულარობის დაწევა და ა.შ. წარმოადგენდა. კონკრეტულად, კიწმარიშვილს რა წვლილი მიუძღვის გაჩეჩილაძის საწინააღმდეგო ჭორების გავრცელებასა თუ აგორებაში, ამას ვერ გეტყვით. ეს ალბათ, თავად უკეთ იციან.

- თავად იმას ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ თავის ალტერნატივად მოიაზრებს ამიტომაც ამოწია სააკაშვილმა მკვდარი თემა გაჩეჩილაძის წინააღმდეგ. იქნებ აგვიხსნათ, რა მოიგო ამით ხელისუფლებამ?
- პარტიის ლიდერის გადმოსახედიდან გეტყვით, რომ უხილავი ხელი ახერხებს, ქართული პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობაში ასეთი თემები და საკითხები სულ შემოაგდოს. ამ ტიპის სკანდალებით გაუთავებლად მიდის პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია.

- ეს "უხილავი ხელი", ამ შემთხვევაში, ბურჯანაძისაც ხომ შეიძლება იყოს. ლოგიკურად, შეხვედრას ისიც ესწრებოდა, ხელი საუბრის ჩანაწერზეც მიუწვდებოდა, მისი პროექტი, "კრება" ჩავარდა, მან კი ამ ჩანაწერის გამოაშკარავებით, საზოგადოების აგრესია და ყურადღება "ქართულ პარტიაზე" გადაიტანა?
- ქვეყანას არ სჭირდება იმ ტიპის პოლიტიკა და პოლიტიკოსები, ვინც ამ "გადაფარვებითა" და სკანდალების შეთხზვითაა დაკავებული. გინდა, ხელისუფლებაში იყოს ეს პოლიტიკოსი, გინდ - ოპოზიციაში. ეს არ არის პოლიტიკა, ეს ანტიპოლიტიკაა. მოდით, დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. თუ ვინმეს ეს სიმართლე ხელთ ჰქონდა, ვინაა ის ქართველი, ვინც ამას სამ წელს ინახავდა და ქვეყანას ამ დღეში ამყოფებდა?

- ის, ვინც ინფორმაციას კომპრომატად ინახავს და საჭირო დროს ელოდება, პირობითად - ბურჯანაძე.
- ჰოდა, ვინც ამას კომპრომატებად ინახავს, თუკი საერთოდ ვინმე ინახავს, მაშინ ის თავის თავზე და არა ქვეყანაზე ფიქრობს და მას პოლიტიკაში არაფერი უნდა ესაქმებოდეს. ამ ყველაფერს ასე ვუყურებ - თუ ვინმეს რამე ფაქტი აქვს და ამ საქმეში სიცხადის შეტანა შეუძლია, კეთილი ინებოს და თქვას. ხოლო თუ ვინმე რამეს ინახავს, იქნებ მეორემ ან მესამემ რამე გააფუჭოსო, მისი არც ნათქვამი მჯერა და არც - გაკეთებული. არც იმისა მჯერა, რომ გაბრაზდებიან და მერე გადმოდგებიან ხოლმე, მე იმდენი რამე ვიცი, პირი არ დამაღებინოთო. სალაპარაკო გაქვს - ადექი და თქვი! თუ ვინმემ რამე ჩაიწერა და ჯიბეში ჩაიდო, ორი წლის მერე შეიძლება გამომადგესო, ეს აპოლიტიკური და მიუღებელია. აგერ, ახალ წლამდე, 2010-ის ბოლომდე კიდევ
2-3 კვირა დარჩა და თუ ვინმეს რამე აქვს გამოსაქვეყნებელი, გამოაქვეყნოს.


ნინო კომახიძე
გაზეთი "ვერსია"

















კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1391 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar