ცოტა
ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანია Lamborghini კროსოვერების
წარმოებას დაიწყებდა, მაგრამ ეს ინიციატივა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა
გამოცემა Autocar-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ იტალიური კომპანიის
ხელმძღვანელმა სტეფან ვილკენსონმა. მისი თქმით, Lamborghini ნამდვილად
ფიქრობს სამოდელო ხაზის გაზრდაზე, მაგრამ ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, ეს
ოთხკარიანი სედანი იქნება, თუ კროსოვერი.
როგორც ჩანს, კომპანიაში
უფრო მეტად მაინც სედანისკენ იხრებიან, ვინაიდან მათი აზრით, სწორედ ასეთი
ავტომობილი შეძლებს ახალი მყიდველის მოზიდვას, რომელთაც ექსკლუზიური და
ამავდროულად პრაქტიკული ავტომობილი სურთ, ვიდრე ორკარიანი სუპერქარები,
რომელთა წარმოებითაც გამოირჩევა Lamborghini.
ოთხკარიანის
სასარგებლოდ შეიძლება მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითიც: 2008 წლის
შემოდგომაზე "ლამბოს" მიერ ჟენევის ავტოსალონზე წარმოდგენილი კონცეპტი
Estoque საკმაოდ თბილად მიიღო პუბლიკამ. ჯერ კიდევ მაშინ აპირებდნენ
იტალიელები მის სერიულ წარმოებას, მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა ეს გეგმები
გადაავადა.
ასევე ნუ დაგვავიწყდება კონკურენტები. ოთხკარიან კუპეს
ამდროისთვის აწარმოებენ Lamborghini-ს პირდაპირი მეტოქეები Porsche და
Aston Martin-ი. თუმცა ეს კომპანიები კროსოვერებსაც უშვებენ "ასტონ
მარტინი" Lagonda-ს მოდელზე მუშაობს, "პორშე" კი უკვე დიდი ხანია
წარმატებით აწარმოებს სრული აძვრის მქონე კროსოვერს და ახლა უკვე მის
მომცრო ვერსიაზე Cajun-ზე ფიქრობს.
ასე რომ, არჩევანი კროსოვერსა და სედანს შორის საკმაოდ რთულია.