მთავარი » 2010 » დეკემბერი » 1 » როგორ ვებრძოლოთ პარაზიტებს
1:10 PM
როგორ ვებრძოლოთ პარაზიტებს



ბუნებაში უამრავი პარაზიტი ბინადრობს. ისინი სხვადასხვა გზით ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში და მრავალ დაავადებას იწვევენ. ზოგიერთი დაავადება იოლად იკურნება, ზოგს კი ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

რომელი პარაზიტული დაავადებებია გავრცელებელი დღეს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მათ, ამაზე სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების გამგე, პროფესორი ოთარ ზენაიშვილი გვესაუბრება:

- ჩვენს ქვეყანაში ბოლო ხანს საკმაოდ არის გავრცელებული ენტერობიოზი. მისი გამომწვევია ენტერობიუსი, მცირე ზომის პარაზიტი, რომლის დედალ-მამალი ინდივიდები ბრმა ნაწლავში ბინადრობენ. განაყოფიერების შემდეგ მამალი უმალვე კვდება, ხოლო დედალი გაივლის მსხვილ ნაწლავს, უკანა ტანში გამოძვრება და ნაოჭებში, ანუსის ირგვლივ, ყრის კვერცხებს. ერთი პარაზიტი ხუთიდან ათი ათასამდე კვერცხს დებს. თუ ეს კვერცხი ადამიანის პირში მოხვდა, დაავადდება.

- როგორ შეიძლება მოხვდეს პირში პარაზიტის კვერცხი?

- დაბინძურებული ხელების საშუალებით. ხელზე კი მტვრიდანაც შეიძლება მოხვდეს და პირში გადაინაცვლოს. კვერცხები შეიძლება იყოს სათამაშოებზე, თეთრეულზე, ხალიჩაზე, აბაზანაში, ტუალეტში.

ენტერობიუსი უმეტესად ბავშვის ორგანიზმში იდებს ბინას. როდესაც პარაზიტი უკანა ტანში გამოძვრება, იწვევს ძლიერ ქავილს, რაც ძალიან შემაწუხებელია. თუ ბავშვმა ძილში უკანა ტანი მოიქავა, კვერცხები ფრჩხილებში ჩარჩება და თუ ხელი პირთან მიიტანა, დაინფიცირდება. ენტერობიოზის პირველი სიმპტომები სწორედ ქავილი და მოუსვენარი ძილია.

ვაჟებისთვის ეს პარაზიტი ისე საშიში არ არის, როგორც გოგონებისთვის - ნაწლავიდან გამოსვლის შემდეგ ის სველ ადგილს ეძებს და შესაძლოა, საშოში შეძვრეს. შედეგად, გოგონას უჩნდება გამონადენი, აწუხებს ქავილი, ზოგჯერ კი საქმე იქამდეც მიდის, რომ ბავშვები უნებლიეთ ონანიზმს ეჩვევიან.

- როგორ მკურნალობენ ენტერობიოზს?
- გავრცელებულია თვალსაზრისი, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვებს ნივრიანი ოყნა უნდა გავუკეთოთ, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. ოყნა ნაწლავების ქვედა ნაწილს გამორეცხავს, პარაზიტი კი ბრმა ნაწლავში ცხოვრობს, სადამდეც ეს სითხე ვერ აღწევს. ამ შემთხვევაში უკეთესია თბილი წყლის ოყნა, გზად მომავალი პარაზიტები რომ ჩამოირეცხოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობა. ბოლო ხანს ენტერობიოზის საწინააღმდეგო ბევრი კარგი წამალი გამოვიდა.

მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვაც, რაც უკანა ტანის სისუფთავეს გულისხმობს. მშობელმა ბავშვი დღეში ორჯერ მაინც უნდა დაბანოს, კვერცხები რომ მოაშოროს, დღეში ორჯერ უნდა გამოუცვალოს საცვალი და ცხელი უთოთი გააუთოოს მისი თეთრეული. სკოლაში კი აუცილებლად უნდა იყოს თბილი წყალი და საპონი, რომ ტუალეტით სარგებლობის შემდეგ ბავშვებმა ხელები კარგად დაიბანონ და დაავადება ერთმანეთს არ გადასდონ.
თუ მკურნალობამ კარგად ჩაიარა და არ მოხდა რეინვაზია, ანუ პარაზიტი ხელახლა არ მოხვდა ორგანიზმში, ადამიანი საბოლოოდ იკურნება.

- რომელი  დაავადება გხვდებათ მოზრდილებში?
- მეორე დაავადება, რომელიც ხშირად მოზრდილებში  გვხვდება, ფასიოლოზია. ამ დაავადების გამომწვევია, ფასციოლა, იგივე ღვიძლის ორპირა, საკმაოდ დიდი პარაზიტი. ბინადრობს ღვიძლში, სანაღვლე გზებსა და ნაღვლის ბუშტში. ამ პარაზიტით ავადდება წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ადამიანის ორგანიზმში ორპირა შეიძლება დაბინძურებული წყლიდან ან ასეთი წყლით მორწყული ბოსტნეულიდან მოხვდეს.

ფასცილოზის პირველი ნიშანია სისხლში ეოზინოფილების მომატება. ეს უჯრედები ნორმალურ პირობებში ადამიანს 4-6% უნდა ჰქონდეს, ჩვენთან კი მოდიან პაციენტები, რომლებსაც ეოზინოფილების რაოდენობა 40-60%-მდე აქვთ.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი კვერცხიდან გამოიჩეკება მატლი, რომელიც ნაწლავიდან გამოდის და ღვიძლისკენ მიემართება. სწორედ ამ დროს უვითარდება ადამიანს ტემპერატურული რეაქცია და ეოზინოფილია.

ღვიძლში ჩასახლებული ფასიოლა ერთ სანტიმეტრამდე იზრდება. ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, სანაღვლე გზებში გაიჭედოს და საშინელი ტკივილი გამოიწვიოს.

ტკივილი ისეთი აუტანელია, რომ კენჭის გავლა ჰგონიათ და ადამიანი საავადმყოფოში მიჰყავთ. არის შემთხვევებიც, როდესაც პაციენტს ოპერაციას უკეთებენ და ნაღვლის ბუშტს კვეთენ. მეც მქონდა ასეთი შემთხვევა - მოვიდნენ და მითხრეს, ჩვენს ამხანაგს კენჭის გავლა ჰქონდა, წავიყვანეთ საავადმყოფოში, ამოაჭრეს ნაღვლის ბუშტი და როდესაც ის გაჭრეს, კენჭების ნაცვლად იქ პარაზიტები აღმოაჩინესო. იმ ადამიანისთვის პარაზიტებზე გამოკვლევა რომ ჩაეტარებინათ, ნაღვლის ბუშტს აღარ ამოკვეთდნენ.

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ფასციოლოზით არის დაავადებული?
- ყველა ჩვენგანმა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაიკეთოს სისხლის ანალიზი, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ყველა ცვლილებაზე მიგვანიშნებს. რაც შეეხება ნიშნებს: თუ ადამიანი გაცივებული არ არის, მაგრამ ტემპერატურის მატება აღენიშნება, ეს უკვე საგანგებოა.


ცნობისათვის

ენტერობიოზის გამომწვევს, ენტერობიუსს სხვაგვარად მახვილას უწოდებენ. დაავადების საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით 15 დღეა. განასხვავებენ ენტერობიოზის უსიმპტომო და გამოხატულ ფორმებს. ზოგიერთ ავადმყოფს აწუხებს მუცლის ტკივილი, უმადობა. ხშირია გულისრევა, პირღებინება და ფაღარათი. დარღვეულია ნაწლავური ფლორა.

შესაძლოა, თავი იჩინოს სისუსტემ, დაღლილობამ, გაღიზიანებადობამ, მოუსვენარმა ძილმა, ძილში კბილების კრაჭუნმა. მახვილა შესაძლოა შეძვრეს ჭიანაწლავში და მისი ანთება გამოიწვიოს. ბავშვებში ენტერობიოზი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, ზრდასა და წონაში ჩამორჩენას.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

















კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1788 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar