მთავარი » 2010 » აგვისტო » 31 » სანდრო კვიტაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზები განმარტა
7:13 PM
სანდრო კვიტაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზები განმარტა



საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტი კავანტურია - სანდრო კვიტაშვილმა გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გააკეთა. უკვე ყოფილმა მინისტრმა განმარტა, რომ მან მიიღო შემოთავაზება თბილისის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის პოზიციაზე და ის ამ შემოთავაზებას დასთანხმდა.

სანდრო კვიტაშვილი დღეს 18:00 საათზე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზეა მიწვეული, სადაც ის საბჭოს წევრებს გაესაუბრება და უნივერსიტეტის განვითარების მის ხედვებს გააცნობს.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე ბოლო წლებში მისი მუშაობა შეაჯამა და ყველა პროგრესული ნაბიჯისთვის მადლობა გადაუხადა როგორც სამინისტროს თანამშრომლებს, ისე პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურს.

სანდრო კვიტაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია ვინ შეიძლება დაიკავოს მინისტრის პოსტი, თუმცა განმარტა, რომ საკადრო ცვლილებამდე მინისტრის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი შეასრულებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოლო რექტორმა, გიორგი ხუბუამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 13 აგვისტოს დატოვა, მას შემდეგ, რაც ის ისტორიული მნიშვნელობის წიგნების უკანონო გაყიდვის ხელშეწყობაში დაადანაშაულეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია უნივერსიტეტის ბიბლიიოთეკის დირექტორი, თამარ ნემსიწვერაძე.

გიორგი ხუბუას აგრეთვე გადაჭარბებული სახელფასო დანამატების აღებისა და თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის წესების დარღვევისთვის ედავებოდნენ.

 გიორგი ხუბუას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიურმა საბჭომ ნუგზარ სურგულაძე აირჩია.

რაც შეეხება უკვე ყოფილ მინისტრს, სანდრო კვიტაშვილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2008 წლის 31 იანვარს დაინიშნა. მანამდე ის რამდენიმე წლის განმავლობაში ნიუ-იორკში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის ადმინისტრაციის უფროს დირექტორად და ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრად მუშაობდა. ალექსანდრე კვიტაშვილის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა იაფი დაზღვევის პროგრამა. აგრეთვე გაგრძელდა 100 ახალი საავადმყოფოს პროექტი. 2010 წლის დასაწყისში კი წარმატებით იქნა განხორციელებული ღორის გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებები.










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1202 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar