თბილისის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის გარშემო
მიმდინარე რთულ პროცესებზე გვესაუბრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
წევრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი გუგული მაღრაძე.
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის
მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ სურგულაძემ ახლახან განაცხადა, რომ მისი
მთავარი ფუნქცია ამ 3 თვის განმავლობაში ახალი რექტორის არჩევნებისთვის
მზადებაა...
- ოქტომბრის დასაწყისიდან ხელახლა უნდა აირჩეს
აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ორი მესამედი, რომელიც რექტორთან ერთად,
უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობას წარმართავს. აკადემიური საბჭოს
წევრების პრინციპულობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
აკადემიურმა
საბჭომ უნდა დაადგინოს ის მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც რექტორობის
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. საინტერესოა, რომ ივლისის ბოლოს
პარლამენტმა მიიღო ცვლილებები "კანონში უმაღლესი განათლების" შესახებ,
რომლითაც არ არის აუცილებელი, რექტორობის მსურველი იყოს არათუ
უნივერსიტეტის თანამშრომელი, არამედ მეცნიერებათა დოქტორი... რატომ
დასწიეს თამასა? ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
აკადემიური
საბჭოს წევრებს ვუთხარი: რა გაუჭირდა "ნაციონალურ მოძრაობას" ისეთი, რომ
ერთგული დოქტორი ვეღარ ნახეს-მეთქი? პიროვნება, რომელსაც აკადემიური
საქმიანობის გამოცდილება არა აქვს, როგორ უნდა გაუძღვეს უნივერსიტეტს?
რექტორი ნამდვილად არ უნდა იყოს მხოლოდ მენეჯერი, როგორც ვიღაცებს ჰგონიათ.
იგი მეცნიერებაში უნდა ერკვეოდეს, ჩატარებული ჰქონდეს სამეცნიერო კვლევები
და ა.შ.
- ნუგზარ სურგულაძის კანდიდატურა დეპუტატმა, აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა ფრიდონ თოდუამ წამოაყენა?
-
ჩვენ ყველანი შვებულებაში ვიყავით, საბჭოს რამდენიმე წევრი ახლაც
უცხოეთშია. შეგვატყობინეს, რომ გია ხუბუას თხოვნით, საბჭოს რიგგარეშე
სხდომა ინიშნებოდა. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ რექტორი გადადგომას აპირებდა,
რადგან რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, ყველა საკითხზე მზად ვარ
სამართალდამცავ ორგანოებთან სათანამშრომლოდო...
მანამდე კი
დამირეკა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის
წარმომადგენელმა, რომელიც, წესით, ამ საქმის კურსში არ უნდა ყოფილიყო და
მითხრა: თქვენი რექტორი გადადგომას აპირებს და ახალ კანდიდატურებზე რას
ფიქრობთო? ასე რომ, ეს ინფორმაცია ჩვენზე ადრე სამინისტროში იცოდნენ...
აკადემიური საბჭოს სხდომაზე, ხუბუას მიერ გადადგომის თაობაზე გაკეთებული
განცხადების შემდეგ, ფრიდონ თოდუამ იკითხა:
უნივერსიტეტის
ხელმძღვანელის გადადგომის შემდეგ ვინ უნდა დაინიშნოს მის დროებით
შემცვლელად?" ითქვა, რომ რექტორს ჰყავს მოადგილე, რომელიც მის მოვალეობას
ასრულებს არყოფნისას და ამ პიროვნების კანდიდატურის დასახელება შეიძლებოდა.
ფრიდონ თოდუას ისიც ვუთხარი, რაკი ამ გადაწყვეტილებას მაინც "ზემოთ"
იღებენ, ბარემ თქვენ იყავით რექტორის მოვალეობის დროებით
შემსრულებელი-მეთქი.
მან კი განაცხადა, რომ ნუგზარ სურგულაძეს
უწევდა რეკომენდაციას. ნუგზარ სურგულაძეს საბჭოს წევრებიდან მხოლოდ ერთი
წევრი - გია დავითაშვილი იცნობდა, რომელიც იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლის და
დაახასიათა იგი, როგორც კეთილსინდისიერი მეცნიერი... თუმცა, სურგულაძე
აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა... საბჭოს წევრებმა გადავწყვიტეთ, რომ
სურგულაძისთვის ჩვენ წინაშე წარსადგომად რამდენიმე დღე მიგვეცა... თუმცა,
მოულოდნელად, მესამე დღეს კვლავ დაინიშნა აკადემიური საბჭოს რიგგარეშე
სხდომა, რომელზეც ნუგზარ სურგულაძე ერთხმად აირჩიეს რექტორის მოვალეობის
შემსრულებლად.
- გია ხუბუა მმართველი გუნდისა და განათლების
სამინისტროს ფავორიტი იყო, ბოლო ხანს კი მის წინააღმდეგ მძლავრი
პროპაგანდისტული მანქანა ამუშავდა...
- ბატონ ხუბუას ჩემი
დაცვა არ სჭირდება, ნახევარი პარლამენტი მისი დამცველი იყო... კრიტიკოსი
ყველას ჰყავს, მაგრამ ასეთი შტურმი მის წინააღმდეგ ყველა ტელეარხიდან,
ცხადია, შემთხვევითი არ იყო. რაც შეეხება წიგნების დაკარგვას, უკვე 2008
წლის მარტში თვითონ უნივერსიტეტმა მიმართა ვაკის პოლიციას და საქმეც
აღიძრა...
რატომ დაემთხვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის
ხმაურიანი ტელედაჭერა ხუბუას გარშემო ატეხილ სკანდალს? დეკემბერში
უნივერსიტეტის ახალი რექტორის არჩევნები ისედაც უნდა ჩატარებულიყო. რატომ
არ აცალეს ხუბუას თუნდაც ნოემბრამდე, რის შემდეგაც ეტყოდნენ, რომ ახალ
კონკურსში მონაწილეობა აღარ მიეღო? ცხადია, ეს პროცესი გარკვეული ჯგუფის
მიერ იმართება, რომლის მიზანი უნივერსიტეტის დისკრედიტაციაა და არა
კონკრეტული დანაშაულის მხილება.
- უნივერსიტეტის პროფესურის
ნაწილმა თავიდანვე გაილაშქრა ხუბუას მიერ გატარებული რეფორმების
წინააღმდეგ, ლაპარაკი იყო მის ასტრონომიულ ხელფასზე, ნეპოტიზმზე და ა.შ.
პროფესორმა მერაბ ჯიბლაძემ ჩვენთან ინტერვიუში თქვა: თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი გარდაიცვალაო...
- როგორც მარკ ტვენმა თქვა:
ხმები გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია; ჩვენმა უნივერსიტეტმა იმდენი
კატაკლიზმი გამოიარა, ბოლშევიკური იდეოლოგიის ისეთ შეტევებს გაუძლო, რომ
კიდევ არაერთ ქარიშხალს გაუძლებს.
იმისდა მიუხედავად, ვინ არის
ხელმძღვანელი, სტუდენტისა და ლექტორის ურთიერთობაში არაფერი იცვლება.
თუმცა, რა თქმა უნდა, ცუდია, როცა უნივერსიტეტიდან პროტესტის ნიშნად,
თავისი ნებით მიდიან პროფესორები, რომელთა 30 პროცენტი ნებისმიერ კონკურსს
გაუძლებდა... რაც შეეხება ხელფასს, ის უნივერსიტეტში არა მარტო ხუბუას,
ყველას გაეზარდა.
გია ხუბუა, როგორც იურიდიული ფაკულტეტის სრული
პროფესორი, იღებდა 3 ათას ლარს, ამას ემატებოდა რექტორის ანაზღაურება -
4.300 ლარი. ნუგზარ სურგულაძეს, გია დავითაშვილსაც 3 ათასი ლარი აქვთ
ხელფასი.
- ხუბუას ოპონენტი პროფესორები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია უნივერსიტეტში სამეცნიერო სექტორის გაუქმება...
-
ეს მარტო უნივერსიტეტის დონეზე გადასაწყვეტი არ არის. უმაღლეს
სასწავლებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს თანხა სამეცნიერო
კვლევების დასაფინანსებლად. პროფესორ-მასწავლებლები ვითხოვდით,
უნივერსიტეტს საბაზისო დაფინანსება ჰქონოდა, რაც განათლების ყოფილ მინისტრ
კახა ლომაიასთვის მიუღებელი იყო, ამ საკითხზე მასთან მწვავე დისკუსიაც
მქონდა.
სამწუხაროდ, მეცნიერების განვითარება ჩვენი
ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არ არის... ხომ გახსოვთ მოარული ხმები, რომ
უნივერსიტეტი კოლეჯად უნდა გადაიქცეს და ა.შ.? ასე რომ, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეტი ავტონომია უნდა ჰქონდეს...
რაც
შეეხება მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე უნივერსიტეტის მშენებლობას,
არსებობს ასეთი ამბიციური გეგმა - ცოდნის ქალაქის დაარსება. რაც, ვფიქრობ,
უფრო მმართველი გუნდის პიარკამპანიის ნაწილია, ყველა უმაღლესი სასწავლებლის
ერთ ჭერქვეშ შეყრა დაანგრევს საუნივერსიტეტო განათლებას.
-
3 თვეში უნივერსიტეტს ახალი რექტორი ეყოლება. კულუარებში ითქვა, რომ
ყველაზე რეალური კანდიდატები კოტე გაბაშვილი და გიგი თევზაძე იქნებიან...
-
გიგი თევზაძე ხელმძღვანელობს უნივერსიტეტს, სადაც იგი წარმატებით
ახორციელებს თავის იდეოლოგიას... ილიას უნივერსიტეტი ლიბერალური
უნივერსიტეტია, რომლის ფუნქციობა საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს... თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი კი კონსერვატიული უმაღლესი სასწავლებელია.
თევზაძის ადგილზე ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი.
კოტე
გაბაშვილი დიდი ხანია წასულია მეცნიერებიდან, იგი ცოტა ხანს მუშაობდა
უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრაზე, მაგრამ მას შემდეგ
უნივერსიტეტთან შეხება არ ჰქონია. თუკი ზემოაღნიშნული ცვლილება კანონში
კოტე გაბაშვილისთვის განხორციელდა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია
მისი შვილისთვის, რადგან თავდასხმები უნივერსიტეტზე პარლამენტიდან იყო
ნაკვები.
მითხრეს ისიც, რომ იმ დღეებში რამდენიმე დეპუტატი შევიდა
რექტორთან და "არწმუნებდნენ" გადამდგარიყო. ზნეობრივია, როცა ასეთი
ხერხებით იკაფავენ ხოლმე გზას მიზნისაკენ? მე ვერც ერთ ამ კანდიდატურას
რექტორობის სერიოზულ კანდიდატად ვერ აღვიქვამ.
P.S. ამ საკითხზე კომენტარისთვის თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძეს მივმართეთ:
- ბატონო გიგი, ამბობენ, რომ თქვენ უნივერსიტეტის რექტორობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი ხართ...
- მე უკვე ვარ უნივერსიტეტის რექტორი.
- ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტზეა ლაპარაკი...
- ამ ხმებს საფუძველი არ აქვს.
P.P.S.
ბატონი ფრიდონ თოდუასგან კი ასეთი პასუხი მივიღეთ: - რამდენიმე პიროვნებამ
რექტორის მოვალეობის შესრულებაზე უარი ვთქვით. ბატონი სურგულაძე სულ
ერთი-ორჯერ მყავს ნანახი, ვიცი, რომ შესანიშნავი მეცნიერია, რატომ არ უნდა
იყოს ამ თანამდებობაზე?!
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)