მთავარი » 2010 » აგვისტო » 28 » საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
7:16 PM
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება


მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რუსეთი მიზანმიმართულად ატარებდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ პოლიტიკას, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს დაკნინება და დეზინტეგრაცია, ხოლო შემდგომ  რუსეთის ნეოიმპერიალისტური ამბიციებისადმი სრული დამორჩილება.

საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირების შემდეგ, მის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ბანდიტურ დაჯგუფებებთან ერთად, რუსეთმა არაერთგზის განახორციელა  ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიაზე. ვერ მიაღწია რა დასახულ მიზნებს, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხოლო 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს განუყოფელი ნაწილების სამხედრო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღის შემდეგ, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევით აღიარა მის მიერვე შექმნილი საოკუპაციო რეჟიმების ე.წ. „დამოუკიდებლობა`.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი დღემდე აგრძელებს  დანაშაულებრივ ქმედებებს, კერძოდ ახორციელებს ამ ტერიტორიების მილიტარიზაციას, ეკონომიკურ ექსპანსიას, კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და ბუნებრივი სიმდიდრეების მითვისების მტაცებლურ პოლიტიკას.

განვლილმა ორმა წელიწადმა ნათლად აჩვენა, რომ კრემლის მცდელობა  დიპლომატიური და არადიპლომატიური მეთოდებით, მათ შორის ფინანსური მოსყიდვით, დაეკანონებინა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილება, სამხედრო ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა, წარუმატებლად დამთავრდა. საერთაშორისო თანამეგობრობამ არ დაუშვა დანაშაულის დაკანონება.

კრემლის აგრესიულმა პოლიტიკამ ჩიხში შეიყვანა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, გამოიწვია დესტაბილიზაცია მთლიანად კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში და საფრთხე შეუქმნა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის საფუძვლებს.

რუსეთის ფედერაციას მოუწევს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია.










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 850 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar