მთავარი » 2010 » აგვისტო » 26 » რამ აატირა შუა ზღვაში ხატია შამუგია
11:26 AM
რამ აატირა შუა ზღვაში ხატია შამუგია

Ambebi.Geხატია შამუგიას ზაფხული, მზე და გარუჯვა ძალიან უყვარს, ამ სეზონზეა დაბადებული და თავსაც ზაფხულის ადამიანად მიიჩნევს. მართალია, წელს ჯერ მხოლოდ მთაში იყო და დედის ჯანმრთელობის გამო საზაფხულო გეგმები აერია, მაგრამ, რაც მთავარია, დედა უკეთესად ჰყავს, ამიტომ სასექტემბროდ კიდევ გეგმავს სადმე "გაძრომას". ხატიასთან ზაფხულსა და დასვენების თემაზე სახალისოდ ვისაუბრეთ.

- ვინაიდან მთელი წელი აქტიურად ვცხოვრობ, დასვენება რადიკალურად განსხვავებული - სუპერპენსიონერული მიყვარს. როცა მეგობრებთან ერთად მივდივარ დასასვენებლად, მათთვის მე, ფაქტობრივად, არ ვარსებობ, ვდგები ძალიან ადრე, ვვარჯიშობ, პასიური ცხოვრებით ვცხოვრობ და ღამის თერთმეტ საათზე ვიძინებ. ზოგადად, მთას ზღვაზე დასვენება მირჩევნია, თუმცა წელს ცოტა ხანს ჩემს ბავშვობის მეგობრებთან ერთად ბორჯომში ვიყავი და მომეწონა მთაში, სიწყნარესა და ბუნებაში დასვენება, მაგრამ როცა არჩევანის წინაშე ვდგები, მაინც ზღვას ვანიჭებ უპირატესობას. მიუხედავად ამისა, კლუბებში სიარული მეზიზღება, როცა უცხო ქვეყანაში ვარ, ინტერესის გამო მივდივარ ასეთ ადგილებში თითო-თითოჯერ.

- აბა, როგორ ერთობი?
- ზღვისგან, მზისა და სანაპიროსგან იმდენ ენერგიას ვიღებ, თან სასტუმროშიც იმდენი გასართობია, რომ დისკოთეკაზე ძიგძიგი ნამდვილად აღარ მჭირდება, თან მე ამას გართობას არ ვეძახი, არ არის ეს ჩემი ცხოვრების სტილი. დისკოთეკაზე სიარულს კლუბში სიარული მირჩევნია. ზაფხულობით ყოველთვის დავდივარ მარმარისში, ბოდრუმში, რომელიც რუსებსა და ქართველებზე მეტად ევროპელებზეა გათვლილი, შესაბამისად, იქ უფრო მაღალი დონის კლუბებიცაა, სადაც ცოცხალი მუსიკა ჟღერს. უფრო კულტურული და ზრდასრული ხალხი იყრის თავს და ისვენებს, სწორედ ასეთ სიტუაციაში მიყვარს გართობა.

- ზაფხულისთვის, როგორც ყველა ქალი, შენც ალბათ განსაკუთრებით ემზადები...
- კონკრეტულად ზაფხულისთვის არ ვემზადები. უკვე ნახევარი წელია სიარული დავიწყე აკვააერობიკასა და ცურვაზე, რომელიც არაჩვეულებრივი საშუალებაა ფორმის შესანარჩუნებლად და სხეულის გასამკვრივებლად. აქედან გამომდინარე ჩემი სხეული ყოველთვის მზადაა ნაპირზე გასასვლელად (იღიმის). რაც შეეხება გარუჯვას, ჩემი სამსახურებრივი გრაფიკიდან გამომდინარე, როცა მზეა, ვერ ვახერხებ აუზზე წასვლას, ამიტომ ძალაუნებურად სოლარიუმს ვსტუმრობ, თუმცა დასვენების დღეებში, შაბათ-კვირას უკვე აუზზეც დავიწყე სიარული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და სოლარიუმსაც ვიშველიებ. ვიცი, სასარგებლო არ არის, მაგრამ რა ვქნა? არანორმალურად თეთრი ვარ და ამ სითეთრის კომპლექსი მაქვს, ამიტომ მთელი წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად გარუჯული ვარ.

- სიცხეში მაკიაჟს თუ იკეთებ, ან აქსესუარებს თუ ხმარობ?
- მაკიაჟის გაკეთება არ ვიცი და არც შემიძლია, ერთადერთი, რის გარეშეც სახლიდან ვერ გამოვდივარ, ტუჩის საცხი და ფერუმარილია. სამსახურში გამიმართლა, ამ მხრივ პროფესიონელები მუშაობენ და მათ ვენდობი (იღიმის).

- საზაფხულოდ გარდერობი თუ გადაახალისე?
- საზაფხულოდ გარდერობი გადავახალისე მარტში (იღიმის), როცა ამერიკაში ვიყავი, ფეხსაცმლიდან დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული, ყველაფერი ჩამოვიტანე.

- არ შემიძლია არ გკითხო, საცურაო კოსტიუმის შესახებ...
- ოო, ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, აუცილებლად უნდა იყოს ცალ-ცალკე, ღია ფერის ან ჭრელი. ერთი "კუპალნიკი" მაქვს აუზისთვის ამოჩემებული, სხვებს ვერ ვიმეტებ, რადგან ქლორიანი წყალი მაინც მოქმედებს ფერზე, ახუნებს, ამიტომ აუზზე სულ ის მაცვია. ამ საკითხშიც ხარისხს ვანიჭებ უპირატესობას, ყოველთვის ვცდილობ, საცურაო კოსტიუმი მაქსიმალურად ღია იყოს, ამაში სულ გაშიშვლებას არ ვგულისხმობ, რასაკვირველია, უბრალოდ, გასარუჯავად უფრო მოსახერხებელია. აქვე გიპასუხებ აქსესუარების შესახებაც, რომლის გარეშეც ვერც ზამთარში და ვერც ზაფხულში ვერ ვძლებ, ამისთვის ნებისმიერ სეზონზე მცალია. საერთოდ ბიჟუტერია უფრო ნაკლებად მიყვარს, მაგრამ არის ისეთი სამოსი, რომელსაც ეს უფრო უხდება, ვიდრე რომელიმე ძვირფასი ლითონი. ისე უფრო ოქროს ვანიჭებ უპირატესობას, თან ზოდიაქოთი ლომი ვარ და ეს სწორედ ჩემი ლითონია, გარდა ამისა, ჩემი ფერებიდან გამომდინარე, უფრო მიხდება.

- ისევ დასვენებას მივუბრუნდეთ. გარდა იმისა, რომ არ გიყვარს დისკოთეკები, წყლის გასართობების მოყვარული თუ ხარ?
- ვგიჟდები ბანანსა და მსგავს "ნაზ" გასართობებზე, ექსტრემალურები არ მიყვარს. ერთხელ მე და გვანცა დარასელია ერთად ვიყავით დასასვენებლად წასულები. მას უყვარს ექსტრემი, მე კი არა. წავედით აკვაპარკში, სადაც იყო როგორც წყნარი, ასევე გიჟური გასართობებიც. ეს "წყნარები" რომ მოვიარე, გვანცა ატყდა, გინდა თუ არა გიჟურ გასართობებზე დავჯდეთო, ოღონდ ეს იყო საშინელება, ჯერ ვარდებოდი ქვემოთ, მერე კი ინერციით ზემოთ, მერე რაღაცაში ხვდებოდი, ტრიალებდი და ბოლოს ქვემოთ ხტებოდი, თავიდან რომ შევხედე, დიდად საშიში არ მომეჩვენა და დავთანხმდი. კიბეზე რომ ავედით და ზემოდან გადმოვიხედე, გვანცას ვუთხარი, არ არსებობს, მე აქ ძალებს ვერ მოვსინჯავ-მეთქი და კიბეებით ისევ ქვემოთ ჩამოვედი. მან კი უკან არ დაიხია და ჩაჯდა კამერაში, რომლითაც უნდა დაეწყო "ვარდნა", მაგრამ პირველივე ჩამოსრიალების შემდეგ, ჰაერში ყოფნისას გვანცამ იმხელა შოკი მიიღო, კამერას ხელი გაუშვა, ის ცალკე მიფრინავდა და გვანცა კი ზურგით ხოხავდა, ბოლოს, როგორც იქნა ჩამოხტა და მე "დამაბრალა", შენი თვალი იყოო (იცინის).

Ambebi.Ge- შენ იმდენად ფრთხილი ყოფილხარ, საზაფხულო ხიფათში ალბათ არც არასდროს ჩავარდნილხარ...
- ხიფათიანი ვარ, მაგრამ ეს წყლის სპორტს არ უკავშირდება. ათი წლის წინ მე და გურამიკო ქობულეთში ვისვენებდით და იმ წელს პირველად შემოვიდა ბანანის მსგავსი წყლის გასართობი, ოღონდ ეს გახლდათ კატერზე გამობმული წყლის სავარძელი, რომელიც საშინელება ყოფილა. ვისაც სუსტი გული აქვს, ვურჩევ მასზე არ დაჯდეს, რადგან "ბანანზე" ჯდომისას წყალს ვერ ეხები, ეს კი დაბალია და სეირნობისას წყალზე ხტიხარ. მოკლედ, მაშინ არ ვიცოდი ამის შესახებ და დავჯექით, რომ დაიძრა, წყალზე ხტუნაობისას თავს ვერ ვიკავებდი, ვვარდებოდი და ამიტყდა ტირილი, შუა ზღვაში გავაჩერებინე, კატერში გადამსვეს და ასე დამაბრუნეს ნაპირზე.

აი, ხიფათებთან დაკავშირებით ერთ რაღაცას მოგიყვები. არ ვიცი, იმ წელს ვინ დამთარსა, მაგრამ თურქეთში წავედი დასასვენებლად და ჩავედი თუ არა, ბზიკმა მიკბინა ხელზე, ისეთი ამბავი ავტეხე, მთელი სასტუმრო მე მკითხულობდა. არასდროს უკბენია ჩემთვის ბზიკს, ეს იყო პირველი შემთხვევა და რამდენიმე წუთი ისე მტკიოდა, მეგონა, მთელი მხარე გამიშეშდებოდა.

ამის შემდეგ სამ დღეში მზის დაკვრა მივიღე, ძალიან დავიწვი, 40 გრადუსი მქონდა სიცხე, ბოლოს კი ჰერპესი გამომივიდა ტუჩზე და ტკივილმა გამაგიჟა. არადა, ძალიან მოწესრიგებული დამსვენებელი ვარ, ყოველთვის, ყველაფერი მიმაქვს ჩანთით, შეიძლება ორი კაბა და სამი საცურაო კოსტიუმი წავიღო, მაგრამ ხუთი ჩანთა სავსე მქონდეს დამცავი კრემებითა და წამლებით. მაინცდამაინც იმ წელს დამრჩა ჰერპესის წამალი და სწორედ მაშინ დამემართა ეს საშინელება. მიუხედავად იმისა, რომ სულ გარუჯული ვარ, ნამზეურის მიღებისას ძალიან ვწვალობ, ათასგვარ დამცავ საშუალებას ვიყენებ, ჩემი დაქალი ხუმრობს ხოლმე, შენ ისე იტანჯები "ზაგარის" მიღებისას, ერთხელ რომ გაირუჯები, აღარ უნდა გადაგდიოდეს, სულ გარუჯული უნდა იყოო, დიდ მსხვერპლს ვიღებ ფერის შესაცვლელად (იღიმის).

- საზღვარგარეთ წასულს, შენი ქვეყნის ან თუნდაც თბილისის ნოსტალგია ხომ არ გეუფლება?
- იმდენი ხნით არასდროს წავსულვარ სადმე, რომ ნოსტალგია დამეუფლოს. ორი კვირით როცა ტოვებ ქვეყანას ან ქალაქს, იმის დრო არ გრჩება, რომ მოგენატროს, რასაკვირველია, როცა დასასვენებლად მივდივარ, მენატრება ოჯახის წევრები, დედაჩემი, ჩემი შვილი, თორემ სხვა მხრივ ნოსტალგია არ მაწუხებს (იღიმის).


ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)







კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1448 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar