მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » ჯაბა ქარსელაძე საკუთარ თავზე ჭორების გავრცელებას ხელს უწყობს წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kultura/24753-jaba-qarseladze-sakuthar-thav
2:40 PM
ჯაბა ქარსელაძე საკუთარ თავზე ჭორების გავრცელებას ხელს უწყობს წყარო/Source: http://www.ambebi.ge/kultura/24753-jaba-qarseladze-sakuthar-thav

Ambebi.Geჯაბა ქარსელაძე თავს იმ შოუბიზნესის ნაწილად მიიჩნევს, რომელმაც თავისი საქმე გააკეთა და ახლა შედარებით ზევიდან უყურებს ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებს. ჯაბა საქართველოში საკუთარ კონკურენტს ვერ ხედავს, იცის საკუთარი თავის ფასი და პირველად ინტერვიუში იმასაც აღიარებს, რომ ჭორების გავრცელებას ზოგჯერ თავადაც უწყობს ხოლმე ხელს. ჯაბა, როგორც ყოველთვის, საინტერესო რესპონდენტი გამოდგა და ახალი კლიპის შესახებაც გვესაუბრა.

- შოუბიზნესში მართლაც არაფერი ხდება, მაგრამ ამ ბოლო დროს ერთი ტენდენცია დამკვიდრდა. ყველა მირეკავს რჩევის საკითხავად, რომ ჩემი იდეებით დავეხმარო. მგონი, იქითკენ მივყავარ ამ ყველაფერს, რომ ბიზნესის აწყობაში სხვებს დავეხმარო.

რაც შეეხება ჩემს კლიპს, სიმღერა ლილიკო ნემსაძემ დამიწერა. მას ადრეც ვიცნობდი, მაგრამ ერთად არასდროს გვიმუშავია. სიმღერა რომ მომასმენინა, ძალიან ჩავფიქრდი, სევდიანი მომეჩვენა. ლილიკომ მითხრა, ზურა მახნიაშვილთან გავაკეთოთ არანჟირება და არანჟირებით გამოვასწორებთ მაგ ამბავსო. მოკლედ, მივედი სტუდიაში, სადაც რამდენიმე დღით კოტე ნონიკოვი იყო ჩამოსული. მე მხოლოდ ამ ხმის რეჟისორთან ვმუშაობ. ტექსტი მანანა გურგენიძემ დამიწერა, თუმცა მას ორი საათი ვუყვებოდი ამბებს, რომ მათზე აეგო ტექსტი.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ტექსტი ჩემი იდეით შეიქმნა და მას ხორცი მანანამ შეასხა. სიმღერას ჰქვია ”ნუ ვიფიქრებთ ბევრს”. ამ კლიპს ბევრი დატვირთვა აქვს და რომ გამოვა, დარწმუნებული ვარ, ყველას სხვადასხვა აზრი ექნება. კლიპი ნინო ხატიაშვილმა გადაიღო, მე მეორეხარისხოვან როლში ვარ, წინ ბევრი სხვა ისტორიაა წამოწეული, ფილმივით არის.

სიმღერა, არ დაიჯერებთ და, ზუსტად ნახევარ საათში ჩავწერე, ლილიკო აპირებდა მოსვლას და სტუდიაში რომ შევედი, დამირეკა, ცოტა ხანში მოვალო და მეორედ რომ შემომეხმიანა, სიმღერა უკვე ჩაწერილი მქონდა (იცინის). ლილიკოს არ სჯეროდა, რას ბოდიალობთო. ასეთი გრძნობით ჯერ არ მიმღერია. კლიპმაც ემოციურობა მოითხოვა. სასწავლებლად მივდივარ მონაკოში და მინდა, ახალი ვიდეო დავტოვო.

- კლიპს კონკრეტული ადრესატი ჰყავს?
- არა, არავისთვის მიმიძღვნია. შეიძლება, რამდენიმე ადამიანს ეგონოს, რომ მასზეა, რადგან ტექსტია ასეთი. ვიცი, რომ ბევრი მიიღებს საკუთარ თავზე. მხოლოდ ერთი ფრაზაა ისეთი, რომელიც კონკრეტულ ადამიანს ეძღვნება. ვამბობ, რომ ჩვენ გარშემო ბევრს არ უნდოდა ჩვენი ერთად ყოფნა. ვერ დავასახელებ ამ ადამიანს. მას თავისი ცხოვრება აქვს და მისი ვინაობის დასახელებით შეიძლება ცხოვრება დავუნგრიო. არ მინდა, მას პრობლემები შევუქმნა და მისი სხვებთან ურთიერთობები დავანგრიო. თორემ ისე არასდროს არაფერი არ მაქვს დასამალი. ამ ბოლო დროს ასეთი ტიპი ვარ. ადრე ზოგი რამ მაკომპლექსებდა, ახლა აღარ. რაც უნდა მკითხონ, პირდაპირ და ღიად ვპასუხობ.

- რატომ ხდება ასე?
- ეს არის პროტესტი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავს იტანჯავენ - თუ გიყვარს, უნდა თქვა, მე უბრალოდ, არავინ არ მიყვარს ამ ეტაპზე.

- ჯაბა, მონაკოში სასწავლებლად საერთაშორისო სიმდიდრის მართვის ფაკულტეტზე მიდიხარ. ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ფულზე არ ვიყიდები. შეიძლება, ურთიერთობაზე ”გავიყიდო” და გულით დამიპყროს ვინმემ, შემიძლია, ადამიანს ბევრი რამ გავუკეთო უანგაროდ. თუ დავინახე, ჩემთან იმიტომ ურთიერთობ, რომ ფული გაინტერესებს, ძალიან ვმწარდები და ვბრაზდები. ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია. ყოველთვის ვწყვეტ ასეთ ადამიანთან კონტაქტს, თუმცა ბოროტებას არ ვუკეთებ, თუ თავზე არ გადამიარა.

- ჯაბა, ამბობ, რომ საკმაოდ რთული ხარ ურთიერთობაში.
- აუტანელი ვარ. მაგალითად, გამიჩნდა სიმპათია ადამიანის მიმართ, გოგო იქნება თუ ბიჭი, თუნდაც მეგობრულ ურთიერთობას ვგულისხმობ, ხუთი დღე არის მაქსიმალური ვადა. ამ დროში ვარკვევ, ეს ჩემი ადამიანია თუ არა. ცუდი და რთული ვარ იმ მხრივ, რომ ადამიანის შეფასებისას ჩემი კრიტერიუმები მაქვს, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. ელემენტარული ყურადღების გამოჩენა, პატივისცემა, აი, ამას ვაქცევ ყურადღებას ადამიანის მხრიდან. ის ხუთი დღე ვცდილობ, სულ იმ ახალ ადამიანთან ერთად ვიყო. შეიძლება, ჭამის დროს რაღაც მანერა არ მომეწონოს. დეტალებს ვაკვირდები.

თუ ვნახე, რომ ადამიანი უკულტუროდ ჭამს, შევწუხდები, ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს ხოლმე. ზოგჯერ მიჩნდება სურვილი, რომ გამოვასწორო. თუ არადა, უნდა დავშორდე. სადმე რომ წავიყვანო, ჩემს მეგობრებთან და ასე ჭამოს, ეს ხომ ჩემზეც აისახება? რადგან ის ჩემი მეგობარია. მოკლედ, ბევრი მომენტია. არ მიყვარს ტყუილი ურთიერთობაში და საშინელი გართულება მაქვს.

- ცოლის მოყვანა გაგიჭირდება...
- დედაჩემიც ამას მეუბნება. ოჯახში რომ აღმიწერენ ხოლმე, როგორი რძალი უნდათ, სულ ვფიქრობ, ასეთი გოგო საქართველოში არსებობს თუ არა. ჩემს ოჯახსაც ევროპული მენტალიტეტი აქვს და არასდროს არაფერი დაუშლიათ ჩემთვის, უბრალოდ, ურჩევიათ და გამითვალისწინებია. მე გამიძლებს უცხოელი, ცოტა ინდიფერენტული გოგონა. ცოლი რომ დამიწყებს რეკვას შეხვედრებზე ყოველ წუთას, შეიძლება გავრეკო. ამას ქართველი გოგო ვერ გაიგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ვერ გადალახავს, რადგან თავადაც ვერ გადავლახე ეს ბარიერი - რომ საყვარელ ადამიანს მივცე საშუალება, ჩემი ზარისა და ჩემი ყურადღების გარეშე იყოს.

Ambebi.Ge- თავად რომ შეიცვალო, ამაზე არ გიფიქრია?
- მიფიქრია და ვეცადე კიდეც, მაგრამ ჩემს ხასიათს მაინც ვერ ვთოკავ. მქონია შემთხვევა, მინანია ჩემი საქციელი, უფრო სწორად, გული დამწყვეტია. იშვიათად მინანია გულწრფელად. დამიკარგავს ადამიანი ჩემი უსაქციელობით. იცი, რას ვაკვირდები? ჩემს დაბადების დღეზე მაგიდის ერთ მხარეს მუდმივად ერთი და იგივე ადამიანები სხედან, მეორე მხარეს კი სურათი ყოველ წელს იცვლება. ეს ხალხი მიდის და მოდის, ამიტომ ვამბობ, რომ რეალურად ძალიან ცოტა მეგობარი მყავს.

შეცვლას რაც შეეხება, შევიცვალე იმ მხრივ, რომ ადრე შეიძლებოდა, რაღაცის გამო დამეცინა ადამიანისთვის, ახლა ამას აღარ ვაკეთებ. თუკი ვინმეს რაიმე პრობლემა აწუხებს, თანავუგრძნობ. როცა მეგონა, რომ მაგალითად, ნევროზი არ დამემართებოდა, ერთხელ, ისეთი ნევროზი დამემართა, გულის შეტევა მქონდა. როცა ვფიქრობდი, რომ კუჭი არასოდეს მეტკინებოდა, გასტრიტი დამემართა. ნევროზი ყველა ადამიანს აქვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

- ჯაბა, შენზე ამბობენ, რომ ჭორებს თავადვე თხზავ საკუთარ თავზე. გადარდებს რას ლაპარაკობენ შენზე?
- არ მადარდებს. რაც შეეხება ჭორებს, აუცილებლად შევთხზავ მომავალშიც. ინგლისის პიარსკოლა მაქვს დამთავრებული. ვიცი, როგორ უნდა შევქმნა ეს ბუნებრივად, არც ერთი პიარი რეალური საფუძვლის გარეშე არ იქმნება. რაც მასწავლეს, იმას წარმატებით ვიყენებ. შეიძლება, მე და ჩემმა რომელიმე ცნობილმა მეგობარმა მოვილაპარაკოთ, რაღაც ინტრიგა ჩავაგდოთ და ხალხი ვალაპარაკოთ. მაგალითად, ჩემი და ნინას ფოტო დაიბეჭდა ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე და ერთი თვე მთელი თბილისი ლაპარაკობდა ჩვენზე, დაქორწინდნენო. ჟურნალისტმაც და ჩვენც ვიცოდით, რომ ამას გამოხმაურება მოჰყვებოდა. თუმცა, მეორე მხრივ, იმასაც ვიტყვი, რომ ნამდვილად არ ვზივარ და არ ვიგონებ რაღაცებს საკუთარ თავზე, ღამეებს არ ვათენებ.

”პროფილში” რაც გავაკეთე, ეს დაუგეგმავი იყო. ახლა პირველად მოვყვები. რეალური ამბავი მოვყევი, რაც ამოჭრეს, ეს ძალიან სევდიანი ამბავი იყო, ბოლოს მაიამ მკითხა, როგორი ტიპის ქალები მოგწონსო და მაგალითად დავუსახელე ინგა გრიგოლია. არ ვამბობ, რომ სპეციალურად გააკეთეს, მაგრამ ერთმანეთს მიება და ჭორებიც აგორდა. ინგას მიმართ ყოველთვის მქონდა მეგობრული სიმპათია და ეს ინგამაც იცოდა. ყოფილა ჭორები, რისთვისაც მე გამიკეთებია პროვოცირება.

- და ეს შენთვის პრობლემა არ არის.
- ეს არის ჰობი და პროფესიის დახვეწა. თუ პიარს მოვკიდე ხელი, პრაქტიკისთვის ძალიან გამომადგება. ყველა ცდილობს რაღაცით ყურადღების მიქცევას, მე ეს ბუნებრივად გამომდის. ამბობდნენ, რომ ერთ-ერთ გაზეთს მე თვითონ მივეცი კადრები, როგორ დამხვდნენ სტუდენტები. კიდევ კარგი, ”სიმართლის დროში” დამისვეს ეს კითხვა და არ ჩავჭრილვარ.

- ჯაბა, ვის მიიჩნევ კონკურენტად?
- არავის. მე ჩემი სტილი მაქვს. შეიძლება, მუსიკალური კონკურსების მონაწილეები ჩავთვალო კონკურენტებად, მაგრამ ისინი უფრო მეტად მუშაობენ ვოკალზე და უფრო არიან მომღერლები. მე პოპს ვასრულებ და ვცდილობ, შესაბამისად შევფუთო ეს ყველაფერი. თავის დროზე ნატო დუმბაძემ სწორი პიარი გამიკეთა და მისი მადლობელი ვარ. ამას ვინარჩუნებ. მე პოპმომღერალი ვარ, სიმღერაზე მეტად ვიზუალსა და პიარზე ვზრუნავ. რაც შეეხება მათ, ვინც ვოკალზე უფრო ზრუნავს, ჩემნაირი ადამიანი დასჭირდება, რომელიც მის პიარზე იზრუნებს. ვერც საქართველოში და ვერც სხვაგან მხოლოდ ვოკალით წარმატებას ვერ აღწევენ. ნინი შერმადინმაც თქვა და ვეთანხმები.

ახლა რაც ხდება ქართულ შოუბიზნესში, სწორად გამიგე, მაგრამ ჩვენ ამას ზევიდან ვუყურებთ. როცა კონცერტზე მეპატიჟებიან და ეს ძირითადად სამთავრობო ღონისძიებებია, ყოველთვის ვკითხულობ არა იმას, რა ჰონორარი იქნება, არამედ იმას, მექნება თუ არა მისი დახურვის შესაძლებლობა.

ადრე მაინტერესებდა ჰონორარი, მაგალითად, ერთხელ მე და ბუკამ იმ დროისთვის უზარმაზარი ჰონორარი, 5000 ლარი ავიღეთ. დღეს ეს აღარ მაინტერესებს და უფრო მეტად იმით ვარ დაინტერესებული, რომ საკუთარ იმიჯზე ვიზრუნო, ვკითხულობ, ვინ გამოდის კონცერტზე და მას მერე ვთანხმდები და რადგან მაქვს ჩაწერილი მაიკლ ჯეკსონის სიმღერა, მიმაჩნია, რომ კონცერტის დახურვისთვის უკეთეს სიმღერას ვერც შეარჩევენ.


ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)


წყარო/Source: http://www.ambebi.ge




















კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1990 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar