მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » ანდრო ბარნოვი: თუ ისევ შინაგამცემლებმა არ გამოყვეს თავი, რუსეთი ვერაფერს დაგვაკლებს
2:13 PM
ანდრო ბარნოვი: თუ ისევ შინაგამცემლებმა არ გამოყვეს თავი, რუსეთი ვერაფერს დაგვაკლებს

Ambebi.Geამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და გერმანია რუსეთს ისევ, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებენ, მოსკოვი კი ჯიუტად განაგრძობს პოსტსაბჭოთა სივრცეში, კერძოდ კი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში პოზიციების გამყარებას.

სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე ზელინმა სულ ახლახან განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე C-300 (რომელსაც დასავლეთში SA-20-ს უწოდებენ) განათავსა. როგორც ქართველი და რუსი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, ეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი რუსეთში შექმნილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი სისტემაა, რომელსაც 100 მილის მანძილიდან თვითმფრინავის აღმოჩენა და სამიზნეს განადგურება შეუძლია.

მართალია, რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ აფხაზეთში განთავსებული სარაკეტო დანადგარები რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ობიექტების საქართველოსგან დასაცავად და "სახელმწიფო საზღვრების დარღვევის" აღსაკვეთადაა განსაზღვრული, მაგრამ ამერიკელი, ქართველი და ევროპელი ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს თითებზე ჩამოსათვლელი ბალისტიკური რაკეტები და თვითმფრინავები ჰყავს, შესაბამისად, რუსეთი სხვა, უფრო დიდი გეგმის განსახორციელებლად ემზადება. ამ ვერსიას იზიარებენ რუსი ექსპერტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ C-300 ქართულ ცაში საკადრის სამიზნეებს ვერ იპოვის...

სავარაუდოდ, რა გეგმის განსახორციელებლად გამოიყენებს რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რა შედეგი მოჰყვება კრემლის მხრიდან აშშ-ისა და ევროპის მოწინავე ქვეყნების მოწოდებების გამუდმებით უგულებელყოფას და როგორი იქნება საქართველოს როლი ახალ რეალობაში? - ამ საკითხებთან დაკავშირებით, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი გვესაუბრება.

- ამერიკულ და ევროპულ პრესაში უკვე მრავლად იბეჭდება სტატია იმის შესახებ, რომ რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეში პოზიციები გაიმყარა, საბოლოოდ მოსწყვიტა საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი... შეერთებული შტატები კი ისევ დაბნეული და უმოქმედოა. ამის კონტრარგუმენტად შესაძლოა, ვინმემ ამერიკელ მაღალჩინოსანთა საქართველოში მოხშირებული ვიზიტი და მათ მიერ კრემლის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები მოიყვანოს. თუმცა დასავლური პრესა იმასაც წერს, რომ საქართველოში ჩასული კლინტონი მკაცრად საუბრობდა რუსულ ოკუპაციაზე, მაგრამ ქართველებისთვის ოკუპანტების შესაკავებლად არანაირი იარაღი არ შეუთავაზებია. თქვენი აზრით, რატომ არ გვეხმარება რეალურად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ან რატომ ხუჭავს თვალს კავკასიაში რუსული პოზიციების გაძლიერებაზე?

- მე არ ვფიქრობ, რომ ვაშინგტონი დაბნეულია. ობამას ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო წარსულს უნდა ჩაჰბარდეს, რადგან ასეთი სისტემა სხვადასხვა ქვეყანას შორის, ხშირად ხდება უკმაყოფილების საბაბი. თეთრი სახლის უსაფრთხოების სტრატეგიაში პირდაპირ წერია, რომ მსოფლიო მრავალპოლუსიანია და ამერიკა სხვადასხვა პოლუსთან თანამშრომლობას აპირებს. ერთ-ერთი პოლუსია რუსეთიც, რომელიც ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, დაბალი (ანუ მესამე) დონის ქვეყანაა, მაგრამ აქვს ბირთვული შეიარაღება, რომლითაც მსოფლიოს აშანტაჟებს... კრემლი ფარულად (ზოგჯერ არც ისე ფარულად) ხელს უწყობს ისეთ ექსტრემისტულ სახელმწიფოებს, როგორიცაა მაგალითად, სამხრეთ კორეა და ამით აშინებს როგორც ამერიკას, ისე სხვა დიდ სახელმწიფოებს. სამწუხაროდ, ეს პროცესი ისეთი შეუქცევადი გახდა, რომ ამის უკან შებრუნება პრაქტიკულად, შეუძლებელია. ჩვენ დღეს ძალიან დიდი და რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი დაიწყოს და შემდეგ ეს მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ვაშინგტონს ეს საფრთხეები გააზრებული და გათვლილი აქვს...

- ამ რეალობაში, საქართველოს პოზიცია როგორი უნდა იყოს?
- ჩვენი ქვეყანა უნდა დავალაგოთ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს თავად საზოგადოებამ არ უნდა მისცეს იმის საშუალება, რომ საერთაშორისო არენაზე არსებული მყიფე სიტუაცია სათავისოდ, ეგოისტური მიზნების მისაღწევად გამოიყენონ. დღეს ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ღია, შეუნიღბავი აგრესია განახორციელოს. კრემლი შეეცდება, საამისოდ ისევ ქართველები გამოიყენოს. თუ ჩვენ მართლა მივცემთ ამის საშუალებას, კარგი არაფერი დაგვემართება, თუ არ მივცემთ...

- ...თუ არ მივცემთ, ისევ ძველი პოზიციების გამყარებაზე იზრუნებს. ფაქტია, რომ რუსეთი არ გაითვალისწინებს ამერიკელი და ევროპელი ლიდერების მოწოდებას, - შეასრულოს 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება. ამ ყველაფერს შედეგად რა მოჰყვება?
- არაფერი. რუსული ჯარი მანამდე იქნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვიდრე მისი იქ ყოფნა აზრს არ დაკარგავს.

- რის გამო შეიძლება, დაეკარგოს აზრი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული ჯარის ყოფნას?
- დღეს ამის თქმა ძნელია, ასეთი მიზეზი ჯერჯერობით არ ჩანს.

- როგორ შეაფასებთ კარნეგის ცენტრის დირექტორის, დმიტრი ტრენინის "საქართველოსთან შერიგების" გეგმას, რომლის მიხედვითაც, ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო პოლიციის განლაგებისა და გალის რაიონის დაბრუნების სანაცვლოდ, აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა ვაღიაროთ, ცხინვალის რეგიონი კი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება იმ პირობით, რომ რუსეთს "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეების დაცვის უფლება ექნება?
- ამ მოდელს თავად რუსები არ დათანხმდებიან. საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას გალის რაიონის ჩათვლითაც აღიარებდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ფარსი იქნება! აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა თავისი მიწიდან განდევნილია; ვინც დარჩა, იმასაც არაფერს ეკითხებიან. აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით ჩვენ მხოლოდ იმას მივაღწევთ, რომ რუსეთს ჩვენივე ნებით დავუკანონებთ გარკვეულ ტერიტორიას. ე.წ. სამხრეთ ოსეთზე აღარაფერს ვიტყვი, იქ ნამდვილად კომიკური სიტუაციაა - მთელ რეგიონს კრიმინალების ერთი დიდი "ბუდე" განაგებს.

Ambebi.Ge- თქვენი აზრით, აფხაზეთის ტერიტორიაზე C-300-ის განთავსება მოსკოვს რისთვის დასჭირდა?
- მართალია, გენერალმა ზელინმა ახლახან თქვა, რომ C-300 აფხაზეთში განათავსეს, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, პი ჯეი ქროული ირწმუნება, რომ დანადგარი იქ ორი წლის წინ ჩაიტანეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აგვისტოს ომი რუსების მიერ იყო დაგეგმილი. ისიც ცხადია, რომ ამ ტიპის საზენიტო კომპლექსი მხოლოდ საქართველოს სივრცის გასაკონტროლებლად ან ჩვენი მხრიდან თავდასხმების მოსაგერიებლად როდი იყო გათვლილი. მისი მიზანი - ჩვენი პოტენციური მხარდამჭერის განადგურება იყო. როგორც ჩანს, რუსეთი არ იყო დარწმუნებული, რომ კონფლიქტში ამერიკა და ევროპა არ ჩაერეოდა. აფხაზეთში განლაგებული C-300 თითქმის ირანამდე გააკონტროლებს საჰაერო სივრცეს.

- გამოდის, თურქეთიც გარკვეული საფრთხეების წინაშე დგას. ამ ფაქტთან ერთად, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსკოვი სომხეთს სამხედრო გარანტიებს აძლევს, თანაც აზერბაიჯანისა და თურქეთისგან საზღვრების დაცვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ოფიციალური ანკარის მხრიდან მოსკოვის მისამართით მკაცრი ნაბიჯების გადადგმას ხომ არ უნდა ველოდეთ?
- ნახეთ, რას აკეთებს რუსეთი: ახალ ხელშეკრულებას აფორმებს ერევანთან და ამ ქვეყნის საზღვრის დაცვის ვალდებულებას კისრულობს. ამ სვლის გაკეთებისას კრემლი სომხეთზე კი არა, აზერბაიჯანზე ფიქრობს. რუსეთმა მოახერხა და ჩაშალა თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკებები, გააკეთა ეს მშვიდად და ყვირილის გარეშე, ისე, რომ ოფიციალურად, მხარსაც კი უჭერდა ამ მოლაპარაკებებს. ახლა რუსეთს სჭირდება, რომ მომავალში ამგვარი შეთანხმების შესაძლებლობაც კი აღმოფხვრას. სომხეთი უკვე ისედაც "ჯიბეში" ჰყავს, ახლა გულს დაუმშვიდებს, - მე თქვენიანი ვარ, დაგიცავთო, - ერევანს ერთგულების ვალდებულებასაც დააკისრებს, მერე კი შეტრიალდება და, ყარაბაღის კონფლიქტის განმუხტვის მიზნით, ბაქოსთან დაიწყებს ვაჭრობას; შეჰპირდება, რომ ყარაბაღის 5 რაიონს დაუთმობს, სანაცვლოდ კი რაღაც-რაღაცებს მოსთხოვს (თუნდაც ნაბუკოს საკითხში მხარდაჭერას).

ცხადია, ბაქო კრემლისგან გარანტიებს მოითხოვს. რუსეთი გარანტიებს არ მისცემს, მაგრამ აზერბაიჯანელ საზოგადოებაში მისთვის სასურველი აზრის ჩამოსაყალიბებლად მუშაობას დაიწყებს და გარანტიების მოთხოვნისას, ბაქო ძალიან პრინციპული ვეღარ იქნება. თუ მოსკოვი ბაქოსთან გარიგებას მოახერხებს, რეგიონში პოზიციებს ერთიათად გაიმყარებს, ამით კი თურქეთის ინტერესები მნიშვნელოვანწილად დაზარალდება და ამ ორ ქვეყანას შორის ისევ უთანხმოება ჩამოვარდება. მე მაინც მგონია, რომ რუსეთის ეს მცდელობები შედეგს ვერ გამოიღებს, თუნდაც იმიტომ, რომ ბაქომ და ანკარამ დღეს უკვე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

- რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებით, საქართველოს თუ შეუძლია რაიმე ხეირის ნახვა?
- თეორიულად შეუძლია, მაგრამ ეს ვრცელი თემაა და ცალკე საუბარს მოითხოვს. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ ქართველები დღეს უიმედო მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ არც ასეა საქმე. თუ ისევ შინაგამცემლებმა არ გამოყვეს თავი და ქვეყანა შიგნიდან არ არიეს, რუსეთი ვერაფერს დაგვაკლებს, სამხედრო კამპანიის წამოწყების შემთხვევაშიც კი. მთავარია, სწორი სტრატეგიით და კარგად გათვლილი გეგმებით დავხდეთ.


ხათუნა ბახტურიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)

წყარო/Source: http://www.ambebi.ge









კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 986 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar