მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » თენგიზ ფხალაძე - უახლოესი 5-10 წელი რუსეთის მხრიდან საქართველოზე გააფრთებული შემოტევების პერიოდი იქნება
2:11 PM
თენგიზ ფხალაძე - უახლოესი 5-10 წელი რუსეთის მხრიდან საქართველოზე გააფრთებული შემოტევების პერიოდი იქნება

თენგიზ ფხალაძე - უახლოესი 5-10 წელი რუსეთის მხრიდან საქართველოზე 
გააფრთებული შემოტევების პერიოდი იქნება რას შეიძლება ნიშნავდეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კრემლის დემონსტრაციული გააქტიურება, რამდენად მართებულია მტკიცება, რომ საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით დასავლეთმა ხელი ჩაიქნია, ასევე იმაზე, თუ ვისი აზრი გაახმოვანმა რუსმა ექსპერტმა ტრენინმა, როცა საქართველოს აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ გალის რაიონისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების იდეა შესთავაზა, "ინტერპრესნიუსი" გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარეს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

_ ბატონო თენგიზ, აგვისტოს ომიდან ორი წლის თავზე რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ვა-ბანკზე მიდის, ყოველ შემთხვევაში ამაზე მეტყველებს პრეზიდენტ მედვედევის აფხაზეთში დემონსტრაციული ჩასვლა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა
ს-300-ის განლაგება. როგორ შეაფასებდით 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი წლის თავზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას?

_ რუსეთი დროს არ კარგავს და მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგალიზებას. რუსეთი ამის კეთებას ცდილობს როგორც დიპლომატიურ-პოლიტიკური კუთხით, ისე ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით. რუსეთმა ამ რეგიონებიდან პრაქტიკულად განდევნა საერთაშორისო მისიები, რითიც მან თავისი არალეგალური საქმიანობისთვის პრაქტიკულად ხელ-ფეხი გაიხსნა. ეს ტერიტორიები დღეს პრაქტიკულად საერთაშორისო მეთვალყურეობის გარეშეა დარჩენილი. აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. გარდა ამისა, რუსეთი ამ ტერიტორიებზე იმას აკეთებს, რაც მოესურვება. ამის კარგი მაგალითია აფხაზეთიდან არა მხოლოდ ინერტული მასალების გატანა, არამედ აფხაზეთის ინერტული მასალებისაგან ძარცვა და ყველა იმ პროექტების განხორციელება, რასაც რუსეთი ამ რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას უწოდებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთში უპრობლემოდ აქვთ უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების შეძენის უფლება რუსეთის სამხედრომოსამსახურეებს. ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მის მიერვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულ საქართველოს პროვინციებს რუსეთის ნაწილად გადაქცევას ცდილობს.
რუსეთი არც მალავს რომ სოჭის ოლიმპიადისთვის ემზადება და იმ დროისთვის, სოჭთან ახლოს მდებარე აფხაზეთში, თავისი პოზიციების გამყარება სურს. რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების ათვისების პოლიტიკას მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ახორციელებს.
_ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ვაშინგტონი და ბრიუსელი საკმაოდ მკაცრ განცხადებებს კი აკეთებენ, მაგრამ ამ რეგიონებთან დაკავშირებით ვითარება არა თუ უკეთესდება, არამედ უარესდება. კრემლის აშკარად გამომწვევი მოქმედებები დასავლეთის მხრიდან უპასუხოდ რჩება. დასავლეთმა ამ პრობლემებზე ხელი ჩაიქნია, თუ რასთან გვაქვს საქმე?
_ სამწუხაროდ, რეალობა ისეთია, რომ იმ აგრესიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა, დასავლეთი სამხედრო ძალით ვერ დაუპირისპირდება. აქედან გამომდინარე, საუბარია მხოლოდ ახალ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ხერხებსა და მიდგომებზე. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროდ და ვთქვათ, რომ არც ჩვენ და არც დასავლეთი, არც კონკრეტულად ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფო მზად არ იყო ისეთი სახის საფრთხეებისა და გამოწვევებისათვის, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში. დასავლეთს ორი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ შეეფასებინა სიტუაცია და გაერკვია თუ სად ვართ, რა პრობლემების წინაშე ვიმყოფებით და საერთოდ, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.
დღეს, იგივე რუსეთთან მიმართებაში მსოფლიოში საკმაოდ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. ნატო თავის ახალ, იმგვარ სტრატეგიას ამუშავებს, რომლის მიღებაც წელს მოხდება. მასში საუბარია რუსეთთან ურთიერთობაზე, ევროპის ცალკეული სახელმწიფოები და ევროკავშირი აუმჯობესებენ ურთიერთობას რუსეთთან. იგივე შეძლება ითქვას ამერიკა-რუსეთს შორის მიმდინარე გადატვირთვის პოლიტიკაზე, მათ შორის ირანის საკითხში თანამშრომლობა. იმავდროულად, ძალიან საგულისხმო იყო ნატოს სარაკეტო სისტემების აღმოსავლეთ ევროპაში განლაგება. აქ არის საკმაოდ დიდი და კომპლექსური პრობლემების მთელი კასკადი, რომელთა გადაწყვეტაშიც რუსეთი მეტ-ნაკლებად ჩართულია.
შექმნილ ვითარებაში დასავლეთი ეძებდა იმ მიდგომებს, თუ რა ენაზე უნდა ესაუბრა და წარემართა თავისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ. ახლა ის პერიოდია, როცა თავის მხრივ საქართველომაც კარგად უნდა გაითავისოს ჩვენ სადა ვართ დღეს რუსეთთან ურთიერთობებში. ერთადერთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც მეტ-ნაკლებად ასახავს არსებულ ვითარებას, 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზი-მედვედევ-სააკაშვილის 6 პუნქტიანი შეთანხმებაა, რომელიც რუსეთმა ერთ კვირაში დაარღვია. ამიტომ, ჩვენც კარგად უნდა გავერკვეთ რა რესურები და ბერკეტები გვაქვს და რა საფრთხეები მომდინარეობს რუსეთიდან.
უახლოესი 5-10 წელი რუსეთის მხრიდან საქართველოზე გააფრთებული შემოტევების პერიოდი იქნება. ამის თქმის საშუალებას ის სტრატეგიული დოკუმენტები იძლევა, რომელიც რუსეთში ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში იქნა მიღებული. ესენია _ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, ეკონომიკური განვითარების ახალი კონცეფცია, მოსკოვის მიერ დასავლეთისათვის ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შეთავაზებული კონცეფცია. ყველა ეს დოკუმენტი თავისი არსით საკმაოდ ამბიციურია. ხაზგასმულია მრავალი საფრთხეები, რომელიც მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ჩვენთვის. მათ შორის გამოვყოფდი ამ დოკუმენტებში ისეთ ასპექტებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ მომავალი კონფლიქტები შეიძლება დაიწყოს წყლის რესურსებისათვის, ან რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ნაწილში და ამდაგვარი მინიშნებები. ეს მესიჯები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
ამიტომ ვამბობ, რომ უახლოესი 5-10 წელი რუსეთის მხრიდან საქართველოზე გააფრთებული შემოტევების წლები იქნება და ჩვენ საკმაოდ კარგად უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ თავი დავიცვათ.
_ ამას წინათ, ბრიტანული The Financial Times-ის ცნობილმა ავტორმა ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში დაასკვნა, რომ რუსეთს საქართველოსაგან მორჩილება უნდა და არა შერიგება. ეთანხმებით ასეთ შეფასებას?
_ ამ მოსაზრებას სრულიად დავეთანხმები, ვინაიდან რუსეთი ცდილობს დიპლომატიურ ენაზე სხვაგვარად წარმოაჩინოს ვითარება. რუსეთის ლიდერები კი აცხადებენ, რომ მათ ქართველ ხალხთან გასაყოფი არაფერი არა აქვთ, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ რუსეთს მართლაც სურს საქართველოს დამორჩილება და არა მასთან შერიგება. შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ რუსეთს საქართველოში რომელიმე კონკრეტული პიროვნება არ მოსწონს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს სამი პრეზიდენტი ჰყავდა და არც ერთი მათგანი რუსეთისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. საუბარია რუსეთის, როგორც სახელმწიფოს სტერეოტიპზე და მის აზროვნებაზე. რუსეთი არის ქვეყანა, რომლისთვისაც ყველაფერი დასავლური მიუღებელია და დასავლეთი მისთვის ის სამყაროა, რომელსაც უნდა ებრძოლონ.
კრემლისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნატო-ს რუსეთის საზღვრებთან მიახლოება, საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის დაკარგვა. რუსეთში ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ კავკასია რუსეთისაა. ჩვენ სწორედ ამ სტერეოტიპებთან გვიწევს ბრძოლა. აქედან გამომდინარე, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისათვის საქართველოსთან შერიგება, მხოლოდ დამორჩილებას და გიორგიევსკის ახალ ტრაქტატს ნიშნავს. ეს ნიშნავს იმ პირობების უპირობოდ მიღებას, რასაც მოსკოვი გვიკარნახებს.
_ კიდევ რა სახის საფრთხე შეიძლება შეუქმნას რუსეთმა საქართველოს და ქართულმა მხარემ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საფრთხეების აცილება შესაძლებელი იყოს?
_ ამ კითხვაზე ცალსახა პასუხისა და რეცეპტის გამოწერა შეუძლებელია. ერთადაერთი, რაც არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფ საქართველოს სჭირდება, უფრო მოქნილი დიპლომატია და საგარეო პოლიტიკაა. საერთოდ, პატარა არ ნიშნავს სუსტს. ხანდახან მოქნილობასა და მობილურობაში უფრო მეტი ძალაა, ვიდრე ტლანქი და უხეში სხეულის მოქმედებაში. მოხერხებითა და ჭკუით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე უხეში ძალით. საქართველოს სჭირდება ათჯერ და ასჯერ მეტად დაფიქრება, ნაკლები ემოციები და იმაზე მუდმივად მუშაობა, რომ დავთვალოთ და შევაფასოდ საფრთხეები. გავთვალოთ, თუ რა შეიძლება მოხდეს არა მარტო ხვალ და ზეგ, არამედ, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში და ვეცადოთ მოწინააღმდეგეზე წინ ვიყოდ, და არ ვიყოთ მხოლოდ პოსტფაქტუმ რეაგირების რეჟიმში.
მთავარია, შეიქმნას პრევენციის მექანიზმი, რისთვისაც აუცილებელია ჩამოყალიბდეს სტრატეგია იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მას მრავალჯერ აღემატება და რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ნებისმიერი საკითხი სწორედ რომ ამ სტარტეგიის ჭრილში უნდა განიხილებოდეს.
_ მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ტრენინმა მოსკოვში გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთ " The Moscow Times"-ში საქართველოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გალის რაიონისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება შესთავაზა.
თქვენი აზრით, ტრენინმა თავისი აზრი გაახმოვანა, გარკვეული პოლიტიკური წრეების, თუ უბრალოდ მიგვანიშნებენ, რომ საქართველოს სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოუწევს?

_ საქართველოსაგან განსხვავებით სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს იმ სიტუაციის მუდმივი შესწავლა, რაც დღეისათვის საქართველოშია. შესაბამისად, მიმდინარეობს სხვადასხვა სცენარების შექმნა. როგორც ჩვენთვის ყველაზე მისაღებზე, ასევე ყველაზე ცუდზე. ის, რაც ტრენინმა გაახმოვანა, ერთ-ერთი სავარაუდო სცენარია. ასეთ სცენარებზე მუშაობა საქართველოშიც უნდა მიმდინარეობდეს და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამგვარი ტიპის თვითოეული სცენარისათვის. იმისათვის, რომ საქართველომ გააკეთოს ამგვარ სცენარებზე რეაგირება, კარგად უნდა გვქონდეს გათავისებული რასთანა გვაქვს საქმე და სად, როდის და როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება ჩვენს სასარგებლოდ.
მსოფლიოში არიან პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, რომლებიც საქართველოსათვის დახმარებას ცდილობენ, მაგრამ არიან პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, რომლებსაც არსებული სიტუაციის განმუხტვა საქართველოს ინტერესების ხარჯზე სურთ. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ რეალობას თვალი გაუსწოროთ და არსებული რეალობიდან გამომდინარე ათჯერ და ასჯერ მეტად ვიმუშაოდ.
ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში იქმნებოდეს და ჩვენ ვთავაზობდეთ ჩვენს პარტნიორებს საითკენ უფრო შესაძლებელია სვლა და როგორ შეიძლება მოქმედება.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"







კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1280 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar