ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ციტოლოგიის განყოფილების უფროსი, მეცნიერებათა დოქტორი დალი თუშიშვილი დიაგნოსტიკის აუცილებლობასა და თავის ურთულეს საქმიანობაზე მოგვითხრობს:
- დაავადების დიაგნოსტიკა მედიცინის უმნიშვნელოვანესი დარგია. როდესაც ადამიანი ორგანიზმში თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებას შეამჩნევს, მან არ იცის, რასთან აქვს საქმე. შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წარმონაქმნი სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს, ვიზუალურად შიშის მომგვრელი კი - კეთილთვისებიანი. ამიტომ მკურნალობის პირველი ეტაპი დიაგნოსტიკაა.
ჩვენი ონკოლოგიური ცენტრი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. ეს ნებისმიერ დარგს ეხება - მამოლოგიას, გინეკოლოგიას, დერმატოლოგიას, ყბა-სახის ქირურგიას თუ სხვას, მაგრამ თავდაპირველად პაციენტებს წინასწარი დიაგნოსტიკის სამსახურში, ანუ ციტოლოგიურ განყოფილებაში გზავნიან. სწორედ ჩვენს კაბინეტებში წყდება ადამიანის ბედი, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი. თუ წარმონაქმნი ავთვისებიანი აღმოჩნდა, ქირურგმა უკვე იცის, როგორი ოპერაცია გააკეთოს და როგორ მიუდგეს პაციენტს, ხოლო თუ კეთილთვისებიანი - სხვა მეთოდს მიმართავენ.
ჩვენს დარგში მომუშავე ადამიანი აუცილებლად მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი უნდა იყოს, ჩვენ შეცდომის უფლება არ გვაქვს. მაგალითად, თუ სარძევე ჯირკვალში არსებულ წარმონაქმნზე დავწერეთ, რომ ის ავთვისებიანია, სინამდვილეში კი კეთილთვისებიანი აღმოჩნდა, ჩვენი შეცდომის გამო ახალგაზრდა ქალი მკერდს დაკარგავს და პირიქით - თუ დავწერეთ, რომ წამონაქმნი კეთილთვისებიანია, სინამდვილეში კი ავთვისებიანი აღმოჩნდა, შესაძლოა, სავალალო შედეგი მივიღოთ.
- რომელი ონკოლოგიური დაავადება გხვდებათ ყველაზე ხშირად?
- ძალიან გახშირდა კანის დაავადებები, განსაკუთრებით - ხალების გადაგვარება, რის მთავარ მიზეზადაც ინსოლაცია (მზის სხივები) და რადიაციული ფონი მიიჩნევა. ის დაავადებები, რომლებიც წინათ ასაკოვან ადამიანებს ემართებოდათ (მაგალითად, კანის კიბო), დღეს 30 წლამდე ასაკის პაციენტებში გვხვდება. ყველაზე აგრესიულად მიმდინარე სიმსივნეა მელანომა.
მქონდა ასეთი შემთხვევა - მოვიდა გოგონა და მითხრა, საზარდულის არეში რაღაც კვანძი გამიჩნდაო. პუნქცია რომ გავაკეთეთ, ხალის მეტასტაზი აღმოჩნდა. ვკითხე, ტანზე ხალი ხომ არ გქონდა-მეთქი. გაირკვა, რომ რამდენიმე თვის წინ პოლიკლინიკაში წინასწარი ციტოლოგიური ანალიზის გარეშე მოუწვავთ ხალი... გოგონა გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა ბევრია. არც ერთი კვალიფიციური ექიმი რამე წარმონაქმნს ხელს არ ახლებს, თუ დიაგნოსტიკური გამოკვლევის პასუხი არ აქვს.
- რას გულისხმობს ციტოლოგიური გამოკვლევა?
- ციტოლოგია უჯრედის დონეზე განსაზღვრავს წარმონაქმნის ავთვისებიანობა-კეთილთვისებიანობას. გარდა ამისა, ვიდრე წარმონაქმნი ავთვისებიანი გახდება, დაავადება უამრავ კიბოსწინარე ეტაპს გადის, ჩვენ კი შეგვიძლია, ამ ცვლილებათა დინამიკა დავინახოთ.
ბევრს სიტყვა "ონკოლოგიაც" კი აშინებს და ამის შიშით გამოსაკვლევად არ მოდის, აქ მოსულებიც ხშირად ისე არიან დაბნეულები, მკლავს გვიწვდიან - ჰგონიათ, ვენიდან უნდა ავუღოთ სისხლი.
- პაციენტებს ანალიზის პასუხს პირველი თქვენ ეუბნებით. ეს, ალბათ, არ არის ადვილი...
- მრავალი წელია, აქ ვმუშაობ. მართლაც ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი ახალგაზრდა ან მოზარდია... ჩვენს დარგში მომუშავე ადამიანისთვის მაღალი კვალიფიკაცია საკმარისი არ არის, ის კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. პაციენტს ჯიქურ რომ მიახალო, სიმსივნე გაქვსო, შესაძლოა, შოკში ჩავარდეს ან გული გაუსკდეს. თუ უთხარი, არაფერიაო, თავს აღარ მიხედავს და სავალალო შედეგს მივიღებთ. ასე რომ, ოქროს შუალედის დაცვაა საჭირო. ჯობს უთხრა: "მართალია, პრობლემა გაქვს, მაგრამ იმკურნალებ და ყველაფერი რიგზე იქნება".
- ქალბატონო დალი, ამ მძიმე თემიდან მსუბუქზე გადავინაცვლოთ. როგორც ვიცი, არაერთ ქართულ ფილმში გითამაშიათ. მართალია, როლები ძირითადად ეპიზოდური იყო, მაგრამ მაყურებელი მოხიბლული გყავდათ...
- (იღიმის) სამი წლიდან როიალზე ვუკრავდი. შეიკრიბებოდნენ მეზობლები, დამსვამდნენ კლავიატურასთან და მაკვრევინებდნენ. მოწაფეობის პერიოდში ვმღეროდი კვარტეტში, შემდეგ - უნივერსიტეტის ანსამბლში, დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი და ყველას ეგონა, რომ კონსერვატორიაში ჩავაბარებდი, მაგრამ მედიცინა ვამჯობინე.
მოსწავლეობის პერიოდშივე გადამიღეს ფილმში "აბესალომ და ეთერი", მურმანის დის ეპიზოდურ როლში, შემდეგ ასევე ეპიზოდური როლები ვითამაშე "მაცი ხვიტიაში", "დიდოსტატის მარჯვენაში", "ღიმილის ბიჭებში", ნიკოლოზ სანიშვილმა მიმიწვია ფილმ-ოპერა "დაისში", ნანოს როლზე, მთავარი როლი შევასრულე მოკლემეტრაჟიან ფილმში "ცეცხლთან თამაში".
სწორედ იმ პერიოდში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე თეიმურაზ ბუაჩიძე (სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის კლინიკის დირექტორი - ლ.კ.), შევუღლდით და.. ჩემი სამსახიობო კარიერა დასრულდა (იღიმის). ჯერ რენტგენრადიოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, შემდეგ - ონკოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც უკვე 30 წელიწადია ვმოღვაწეობ. მყავს შვილები და ორი შვილიშვილი.
- ხომ არ ნანობთ, რომ სამსახიობო კარიერას არ გაჰყევით და ასეთ რთულ საქმეს ემსახურებით?
- თავდაპირველად კინო საოცრად მენატრებოდა. ვინც ერთხელ მაინც ჩაისუნთქა გადასაღები მოედნის ჰაერი, მისი სურნელი დიდხანს მიჰყვება. ზოგჯერ ახლაც მესიზმრება, რომ ისევ ახალგაზრდა ვარ და კინოში მიღებენ. მაგრამ იცი, რა? ღმერთი რა გზასაც დაგისახავს, ვერ გადაუხვევ. ჩემი ცხოვრება, ალბათ, ასე უნდა წარმართულიყო, ალბათ, ხალხს აქ უფრო გამოვადგებოდი.
ცნობისათვის
დიაგნოსტიკური კვლევა ორგვარია: მორფოლოგიური და ციტოლოგიური. ციტოლოგიური კვლევა უჯრედის დონეზე ოპერაციამდე კეთდება, ანუ წინასწარ დგინდება დაავადების ხარისხი და ფორმა, ხოლო მორფოლოგიური ოპერაციის შემდგომ მასალის ქსოვილის დონეზე შესწავლას გულისხმობს. ციტოლოგიური კვლევა სწრაფია, უმტკივნეულო, ნაკლებად ტრავმული და მალე გვაძლევს შედეგს.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)