მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » კრის დე ბურგი, კალვერას ბანდა და ყივჩაღები
1:52 PM
კრის დე ბურგი, კალვერას ბანდა და ყივჩაღები

Ambebi.Geშესავლის ნაცვლად
ანეკდოტით ვამთავრებ ხოლმე, მაგრამ ახლა პირიქით უნდა მოვიქცე - ანეკდოტით უნდა დავიწყო, რადგან ისეთი ძველია, ყველას გეცოდინებათ, ამიტომ არ გაგეცინებათ და არ მინდა არაეფექტური ბოლო ჰქონდეს ამ ”პროვოკაციას”. სულ ნუ მოგვიყვებიო - მეტყვით, მაგრამ როგორ არ მოვყვე, როდესაც ჩვენმა მიშიკომ ბათუმში სტუდენტობა რომ გაიხსენა, იმის შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობ და გიჟივით მეცინება!.. ჰო, ანეკდოტი:
მეგრელი ბაბუა შვილიშვილს ომის ამბებს უყვება:

- დაგვიჭირეს, ბაბუა, ფაშისტებმა მე და ერთი გურული და გვითხრეს, თუ გვეტყვით, სად არის თქვენების მთავარი შტაბი, - გაგიშვებთ, თუ არა და - მოგკლავთო! ხოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, ამ უსვინდისო გურულმა ყველაფერი თქვა და გაუშვეს...

- შენ, ბაბუ, შენ? - ეკითხება შეშინებული შვილიშვილი.

- მე მომკლეს, ბაბუ...

იმედია, უმეტესობა მიხვდა, რატომ გამახსენდა ეს ”წვერიანი” ანეკდოტი, მაგრამ ვისაც ბათუმში პრეზიდენტის საუბარი არ მოუსმენია ”ყივჩაღ” მასწავლებლებთან (ამაზე ქვემოთ), მათთვის ავხსნი: მიშამ თქვა, სტუდენტი რომ ვიყავი, კრის დე ბურგის სიმღერას ვუსმენდი ჩუმადო(!!!), ”კა-გე-ბე”-ზე იყო ის სიმღერა - ანუ ანტისაბჭოთა, ჩუმად კი ვუსმენდიო (ეტყობა, ჩურჩულებდა კრის დე ბურგი, ისე როგორც ბათუმში გამართულ კონცერტზე, გასულ უქმეებზე), მაგრამ მაინც გაიგო ”კა-გე-ბე”-მ და ხუთი დღით ციხეში ჩამსვაო* (ვარსკვლავს იმიტომ ვსვამ, რომ არ არსებობს ის სასვენი ნიშანი, რომელიც აქ შეიძლება დაისვას).

ე.ი. ”ახალი პოლიტიკური სეზონისთვის” (როგორც ჩემს ტელეკოლეგებს უყვართ ხოლმე თქმა) ზოგიერთ ოპოზიციონერს უკანასკნელი უპირატესობაც გაუქრება - ბერძენიშვილები, ბათიაშვილი, წერეთელი, სარიშვილი და ვიღაც-ვიღაცები რომ ქულებს იწერდნენ და ყოფილი პოლიტპატიმრობით თავი მოჰქონდათ, ახლა რაღას იტყვიან?! ანდა, ის რომ არის, არასამთავრობო ორგანიზაცია - ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”...
კარგი, რა! მაგის ხელმძღვანელი, ნამდვილად ვიცი, პროკლამაციების გავრცელებისთვის იჯდა, აბა, სად ეგ და სად - ისეთი ინტელექტუალური დანაშაულისთვის ჯდომა, როგორიც კრის დე ბურგის მოსმენაა!..

ისე, ციხეში ჩასმა არა, მაგრამ ერთი-ორი ”ტკბილი სიტყვა” კი ეკუთვნის იმას, ვინც ეს ჩემი ბავშვობის დროინდელი (არადა, კაი მოწიფული ყვავის ხნის ვარ) ”ვარსკვლავი” შეაწუხა, მოხუცებულთა სახლის მშვიდ გარემოს მოსწყვიტა და აქ სამღერლად ჩამოიყვანა - შეეშვი, რა, დაგიშავა რამე? რეკლამა მაინც არ გინახავს პირველ არხზე - ”მეც დავბერდები”?

მაგრამ პრეზიდენტი საქართველოს მეგობრებს არასოდეს ტოვებს უყურადღებოდ. ამიტომ, როგორც გავიგე, ”ბონი ემ”-ის ბებერი მორფინისტი სოლისტი, ტოტო კუტუნიო, ეგ კრის დე ბურგი, მეორე კრისი - ”შესანიშნავი შვიდეულიდან” (და კალვერაც) და კიდევ ერთი-ორი კაცი, იანვრიდან, საქართველოში აიღებენ პენსიასაც და უმწეოთა დახმარებასაც.

ჰო, ”ყივჩაღ” მასწავლებლებს რაც შეეხება, ამაზეც ბატონმა მიხეილმა ბრძანა იმავე შეხვედრაზე - როგორც აღმაშენებელმა ჩამოიყვანა 40 ათასი ყივჩაღი თავიანთი ჯალაბიანად და საქართველო გადაარჩინა, ასეთივე მიზნით ჩამოგვყავს ჩვენც ეს მასწავლებლები დასავლეთიდან, რათა ჩვენი ბავშვები ”აზრზე მოიყვანონო”... ამ დროს კი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უფროსს ამავე ბიბლიოთეკიდან წიგნების მოპარვისთვის აპატიმრებენ! (მერე რა, გავა 20-25 წელი და ეგეც იტყვის, იმ დღეებში ბათუმში კრის დე ბურგი იყო ჩამოსული და იმის მოსმენისთვის დამიჭირესო).

კარგი, საკმარისია - აღარ მინდა სულ პრეზიდენტისა და მისიანების კრიტიკა, ბალანსის დაცვას ვცდილობდი ყოველთვის, მაგრამ რომ არ ჩანს ეს ოპოზიცია?! სახლში ხომ არ შევუვარდები?! შეიძლება წავიდნენ და ისვენებენ თავ-თავიანთ სოფლებში და ეგებ გადმოგვხედოს ღმერთმა და აღარ მოუნდეს ზოგიერთს თბილისში დაბრუნება?!
ეეჰ, ოცნებას კაცი არ მოუკლავს...

P.S. სარწმუნო წყაროებიდან გავიგე, რომ უგულავამ და სააკაშვილმა ერთმანეთი 30 წლის წინ, არასრულწლოვან პოლიტდამნაშავეთა ციხის დასახვრეტთა საკანში გაიცნეს, სადაც მიშა მეორე ”სროკს” იხდიდა ”კომბლეს” წაკითხვის გამო (კრის დე ბურგის მოსმენისთვის მეხუთეზე იჯდა), ხოლო უგულავას - ”პაროლობანას” თამაშისთვის მიუსაჯეს უმაღლესი ზომა (მერე ორივეს ამნისტია შეეხო და დახვრეტა ორდღე-ნახევრით შეუცვალეს); რაც შეეხება მიხეილ მაჭავარიანს და კობა ხაბაზს - ეგენი მაშინ ”პაბეგში” იყვნენ და ვერ დაიჭირეს. არადა, იმ დროს, კინოში ”მაგდანას ლურჯას” ნახვისთვის ”სუტკანახევრიანი სროკი” იყო...

P.P.S. რა გვეშაყირება, ორი აგური უნდა გვეჭიროს ხელში...


პროვოკატორი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)

წყარო/Source: http://www.ambebi.ge









კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1360 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar