მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » saintereso
11:02 AM
saintereso
ერთხელ აგათა კრისტის ჰკითხეს, რატომ აირჩია ქმრად არქეოლოგი და არა, ვთქვათ, ფიზიკოსი ან დიპლომატი. დეტექტივის დიდოსტატმა უპასუხა: — უბრალოდ, მომავალზე ვიფიქრე. რაც უფრო დაბერდება ცოლი, მით მეტად საინტერესო ხომ იქნება არქეოლოგისთვის?! ასე რომ, არქეოლოგი ქმარი ისეთი ქმარია, როგორზეც ნებისმიერი ქალი იოცნებებს.

* * *
დეიმ აგატა მერი კლარისა მილერი დაიბადა 1890 წლის 15 სექტემბერს პატარა ინგლისურ ქალაქ ტორკში. უბრალო ვიქტორიანულ ოჯახში კიდევ ორი ბავშვი იყო, უფროსი და მეჯი და ძმა - მონტი. წერა დის მიბაძვით დაიწყო - რომელსაც ძალიან მხიარული მოთხრობები გამოსდიოდა. აგათამ კი გადაწყვიტა, შიშისმომგვრელი მოთხრობა დაეწერა, მშობლებს არ მოეწონათ და უთხრეს კიდეც ქალიშვილს. გოგონამაც დიდი ხნით აიღო ხელი თხზულებების წერაზე.

ბავშვობა - თამაში “აგათას ქმრები”

ბავშვობაში “დეტექტივის დედოფალი” ლედი აგათა კრისტი ძალიან უცნაური თამაშებით თამაშობდა. მაგალითად: თამაში “აგათას ქმრები”! უფროსი და საერთო ნაცნობებიდან 2-3 მამაკაცს ირჩევდა (საუკეთესოს არა – ვინმე გამონაყრიან, თვალეგადმოკაკლულ მსუქანას), ხოლო აგათას ამ ნაკრებიდან ქმარი უნდა აერჩია. უცნაური არაა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახურ ტრადიციად იქცა, ყველაზე შეუხედავი მამაკაცები “აგათას” ქმრებად მოეხსენიებინათ.

თუმცა, ცხოვრებაში არჩევანის დრო რომ დაუდგა, მსგავს კანდიდატურებზე ყურადღების შეჩერება გოგონას აზრადაც არ მოსვლია. მხოლოდ საუკეთესოები!

დედამისი მეტისმეტად ცნობისმოყვარე ქალი იყო, ხან ახალი რელიგიით დაინტერესდებოდა, ხან მოდური ხელსაქმით, მამა კი დროდადრო თავს ღვინისაგან კარგავდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მთელი ოჯახი საცხოვრებლად ქაიროში გადავიდა, რადგან იქ ცხოვრება გაცილებით იაფი იყო, ვიდრე ინგლისში.

პირველი სიყვარული

აგათა ძალიან ადრე მიხვდა, რომ ნამდვილმა ლედიმ გრძნობების დაფარვა უნდა შეძლოს. 5 წლისას მშობლებმა ლეკვი აჩუქეს. მოზღვავებული ემოციები რომ დაემალა, მომავალმა მწერალმა საპირფარეშოში ჩაკეტვაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, აალებული ლოყებზე ხელების მიბჯენით იმეორებდა: ძაღლი მყავს! ნამდვილი ცოცხალი ძაღლიო!

დაახლოებით ამ დროს აგათას პირველად შეუყვარდა. შეუყვარდა და სრულიად საწინააღმდეგო გრძნობების გამომჟღავნებასაც შეუდგა. ცისფერთვალება ფილიპს რომ ხედავდა, ზურგს აქცევდა და გარბოდა. ერთხელ შენიშვნაც კი დაიმსახურა: თუ არ მოგწონს ეს ბიჭი, ზრდილობიანად მაინც მოიქეციო. აგათა ძალიან კმაყოფილი დარჩა, რომ ვერავინ შენიშნა მისი გატაცება.

თუმცა ამ გულჩათხრობილიბას სხვა მიზეზიც ჰქონდა – გოგონა ძალიან მორცხვი იყო. კონცერტზე გამოსვლა მისთვის უდიდესი პრობლემა იყო. ერთხელ გულიც წაუვიდა სცენაზე. მაშინ გოგონა მიხვდა, რომ საჯარო გამოსვლა სამისო საქმე არაა.

ყმაწვილქალობა ქაიროში - კარგი იქნებოდა, ლაპარაკიც გესწავლებინათ

როცა სიმპათიური, განათლებული და ერუდირებული აგათა საზოგადოებაში გამოიყვანეს, თაყვანისმცემლებში დიდი წარმატება ჰქონდა. მაგრამ ერთ-ერთმა გოგონას დედას კლარისა მილერს უთხრა: «თქვენი ქალიშვილი შესანიშნავად ცეკვავას. ახლა კარგი იქნებოდა, ლაპარაკიც გესწავლებინათ».

მაგრამ აგათას ლაპარაკი არ უყვარდა, გაცილებით მეტად მოსწონდა წერა. თუმცა, მაშინ ყველა ახალგაზრდა ლედი ერთობოდა ლიტერატურით – ხელსაქმის მსგავსი იყო მათთვის.

«მე გოლფის ქვრივი ვარ»
ერთ საღამოზე მერი კლარისმა ახალგაზრდა, არც თუ შეძლებული მფრინავი (სამეფო საჰაერო კორპუსიდან) - არჩიბალდ კრისტი გაიცნო. მფრინავი ისეთი რომანტიკული ცნებაა, რომ აცდუნებას ვერ გაუძლო, შეიყვარა.

ქაიროში იმ დროს ომი იყო, არჩიბალდი სამხედრო სამსახურში იყო, მოიპოვებდა ორდენებს და წოდებებს, ხოლო აგათა წითელი ჯვრის ჰოსპიტალში მუშაობდა, სადაც ბელგიელი ლტოლვილები გაიცნო. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ შეხვედრამ მისცა ბიძგი ცნობილი დეტექტივის -ერკიულ პუაროს სახის შექმნაში.

ჰოსპიტალის შემდეგ სამუშაოდ აფთიაქში გაგზავნეს, სადაც დიდხანს და გულმოდგინედ სწავლობდა წამლებისა და შხამების თავისებურებებს. მოგვიანებით არ დაავიწყდა ეს ცოდნა და თავის რომანებში შესანიშნავად იყენებდა მსხვერპლთა საიქიოს გასასტუმრებლად.

აგათა გულისსწორს იშვიათად ხვდებოდა, მაგრამ ამ იშვიათი შეხვედრების დროსაც ახერხებდნენ წაჩხუბებას. ყველაფრის მიუხედავად, მაინც დაიყოლიეს მღვდელი, მოკლე დროში მათთვის ჯვარი დაეწერა. ჯვრისწერა არ იყო ხანგრძლივი, მოკრძალებულად შესრულდა.

ომის დროს მეუღლე ნახევარ წლობით არ იყო შინ, აგათას ძალიან ბევრი თავისუფალი დრო რჩებოდა და აი, გაიხსენა ბავშვობის გატაცება - მწერლობა. რამ უბიძგა ახალგაზრდა ქალს, თავისი შემოქმედებისათვის დეტექტივის ჟანრი აერჩია, ახლა არავინ იცის. შესაძლოა ეს იყო რეალური ცხორების საშინელებებისაგან, ქმრის სიცოცხლის გამო მუდმივი შიშისაგან გაქცევის სურვილი. თვითონ აგათა კრისტი ამბობდა, რომ სიუჟეტებს ჭურჭლის რეცხვისას, აბაზანაში და ვაშლების ჭამის დროს იგონებდა, პირველი მის გონებაში მორიგ მკვლელობას ბადებდა, ხოლო ვაშლები - სიუჟეტის განვითარებას აჩქარებდნენ.

გაყრა

როცა ომი დასრულდა და ოჯახი ცხოვრების ძველებურ რიტმს დაუბრუნდა. არჩი სითიში დადიოდა, აგათა წერდა. 1919 წელს ქალიშვილი როზალინდი გაუჩნდათ. მოგზაურობდნენ, მისის კრისტის გმირი არასდროს შორდებოდა მათ - მისიე პუარო ყველგან იყო: ჰავაებშიც და ახალ ზელანდიაშიც.

არჩიბალდს არასდროს დაუმალავს, რომ სრულებით არ აინტერესებდა ცოლის ლიტერატურული შემოქმედება, გატაცებული იყო გოლფითა და ვინმე ნენსი ნილით. მაშინ აგათა ხშირად ხუმრობდა: გოლფის ქვრივი ვარო. ამავე დროს ნენსი ნილი გიჟდებოდა გოლფზე და მშვენივრადაც თამაშობდა. მალე არჩიმ აგათას განქორწინება მოსთხოვა. ცოლი ერთი წელი ეწინაღმდეგებოდა, ცდილობდა, გადაერჩინა ოჯახი, თუმცა დანებდა, როდესაც დარწმუნდა, ყველა მცდელობა ამაო იყო.

მაგრამ, მოულოდნელად, უკვე ცნობილი მწერალი... გაქრა.

მოსამსახურემ სახლში ვეღარ ნახა დიასახლისი, კარი ღია იყო. პოლიციამ აგათა კრისტის მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დასვენების პატარა სახლში მიაგნო, სადაც მკურნალობდა და დარეგისტრირებული იყო ქმრის საყვარლის სახელით. ქალს არაფერი ახსოვდა... მაგრამ მართლა ამნეზია ჰქონდა თუ არა, ერთადერთმა მისის კრისტიმ იცოდა. იქნებ, უბრალოდ, უნდოდა, ეს განქორწინება მის მეუღლეს სიცოცხლის ბოლომდე დამახსოვრებოდა.

ამ შემთხვევამ შესანიშნავი რეკლამა გაუწია მის ახალ რომან ,,როჯერ ეკროიდის მკვლელობას”.
შეიტყვეს რა, რომ აგათა დარდობდა, მეგობრებმა შუმერული ცივილიზაციის მთავარი ქალაქის ურას არქეოლოგიურ გათხრებზე დაპატიჟეს.

ახალგაზრდა არქეოლოგი
1930 წლის ზაფხულში ჩავიდა ურას გათხრებზე. უძველეს ადგილებში მეგზურად ახალგაზრდა მეცნიერი მაქს მელოუენი შეურჩიეს. გათხრებზე ჩამოსულმა ახალგაზრდა მეცნიერმა არაბული ენა ისწავლა, მუშებს სამედიცინო დახმარებას უწევდა, აწყობდა ექსკურსიებს სახელოვანი სტუმრებისთვის, რომლებიც ურაში ხშირად ჩამოდიოდნენ. ამიტომ ისეთი ცნობილი ქალბატონის ჩამოსვლას, როგორიც აგათა კრისტი იყო, მელოუენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდებია. უბრალოდ ცდილობდა, ზრდილობიანი და თავაზიანი ყოფილიყო ამ არცთუ ახალგაზრდა ქალბატონთან.

აგათა მასზე 15 წლით უფროსი იყო და სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორადაც მაქსმა წარმოიდგინა. ხუმრობდა, იცინოდა, ადვილად ითვისებდა არქეოლოგიურ ტერმინებს, უბრალოდ მომხიბვლელი აღმოჩნდა და მაქსსაც შეუყვარდა.

მოგვიანებით აგათა კრისტი იხსენებდა: «აბსოლუტურად ბუნებრივი ვიყავი, რადგან იმის ფიქრიც კი არ შემეძლო, რომ ამ ახალგაზრდა კაცს დავაინტერესებდი. მაშინ ქმრობის კანდიდატად რომ აღმექვა, ალბათ ასე არ იქნებოდა და დავიძაბებოდი».

აგორებული რომანის მიუხედავად, აგათას გამგზავრება მოუხდა — დეპეშით შეატყობინეს, რომ ქალიშვილი ავად გახდა. როცა გოგონა მოკეთდა, აგათამ მაქსი კრესუელ ფლეისში დაპატიჯა და თან აღნიშნა, რომ ის ერთადერთია, ვინც საუზმეზე მიუწვევია.

ერთობლივი საუზმეების შემდეგ მაქსმა ხელი თხოვა. აგათა დიდხანს ყოყმანობდა, სხვადასხვა დაბრკოლებას აღმოაჩენდა. ყველაფერი მოგვარდა: როზალინდა მალე დაიყოლიეს, მაქსი კი იძულებული გახდა, კათოლიკობაზე ეთქვა უარი და ანგლიკანური ეკლესიის წევრი გახდა. მაშინ ქალმა უარი ვეღარ უთხრა და 11 სექტემბერს იქორწინეს.

აგათამ საგანგებოდ გააკეთა ახალი პასპორტი, რომელშიც უფრო ახალგაზრდა იყო. სურდა, მაქსიმალურად შეემცირებინა ასაკობრივი სხვაობა ქმართან. არადა მაქსი მთელი ცხოვრება ”პატარა გოგონად” თვლიდა, რომელზეც გამუდმებით უნდა იზრუნო, რომ ”ეზოში კაბა არ გაიხიოს”.

გადაწყვიტეს, შვილები არ გაეჩინათ - ერთმანეთი და საინტერესო საქმეებიც ყოფნიდათ ბედნიერებისთვის. სამეფო ისტორიულ საზოგადოებაში მაქსი ცნობილი მეცნიერი იყო, აგათა - მისი მოკრძალებული მეუღლე; მწერალთა კლუბში კი მაქსი უბრალოდ დიდი აგათას ქმარი იყო.

იმ დროიდან ყველა სიუჟეტი ახლო აღმოსავლეთში ვითარდებოდა, ხოლო ერკიულ პუარომ მის კვალდაკვალ მოგზაურობა მთელ მსოფლიოში დაიწყო. უფროსი იყო თავის მეუღლეზე და ზოგიერთი ნაცნობის უტაქტო შეკითხვებზე არაერთხელ გაუცია პასუხი: ,,რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მეტად საინტერესო ვხდები ჩემი მეუღლისათვისო”.

ამ ქორწინებამ აგათა გააბედნიერა. მეუღლეები პატივისცემით ეკიდებოდნენ ერთმანეთის გატაცებას. კლარისი ეხმარებოდა ქმარს გათხრების ფოტოგრაფირებაში, მისი მდივანიც იყო, თავი მხრივ, ქმარი სერიოზულ ინტერესს იჩენდა ცოლის შემოქმედებისადმი.

ფარდა
მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში აგათა კრისტიმ 78 დეტექტიური რომანი, 19 პიესა, ასევე, მოთხრობები, ლექსები და პიესები დაწერა. დაჯილდოვდა ბრიტანეთის იმპერიის მესამე ხარისხის ორდენით და კიდევ მრავალი ლიტერატურული ჯილდო ერგო. 1958 წლიდან აგათა დეტექტივთა კლუბის უცვლელი პრეზიდენტიგახდა, მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, არასდროს ეკიდებოდა სერიოზულად საკუთარ შემოქმედებას, მთავარ საკითხად მიაჩნდა შემეცნებითი საქმიანობა, მეუღლის დახმარება მასალების სისტემატიზაციაში.

ეს იყო ძლიერი და გულადი ქალი, გახდა არც თუ ცუდი მფრინავი და ავტომოყვარული, ცხენით ჯირითობდა და სერფინგიც იტაცებდა. ბევრს მოგზაურობდა.

უკანასკნელი გამოცემული წიგნი გახდა “ფარდა”. თითქოს გრძნობდა აგათა, რომ ეს რეკვიემი იყო და ძალიან დიდხანს არ სურდა, წიგნის გამოქვეყნება. სიუჟეტის მიხედვით ერკიულ პუარო კვდება. მისი სიკვდილის შემდეგ კი მწერალსაც აღარაფერი ესაქმებოდა ამ ქვეყანაზე: «ამიერიდან ჩემი ცხოვრება ვალად მედება, შემოსასვლელში გამოახებას ველოდები, რომელიც აუცილებლად იქნება და წავალ სადღაც სხვაგან. მზადა ვარ სიკვდილთან შესახვედრად. ყოველტვის ვგიჟდებოდი ესკიმოზე. ერთხელაც ძვირფასი მოხუცისთვის დახვეწილი ცივი კერძი მომზადდება და ისიც წავა ყინულის გზაზე და უკვე აღარასდროს დაბრუნდება».

გარდაიცვალა 1976 წელს ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში. ახლობლები მძიმედ განიცდიდნენ დანაკარგს, მაგრამ ყოველთვის ახსოვდათ აგათას სიტყვები: ,,სიკვდილი –ყველაზე დიდი თავგადასავალია, რაც კი ოდესმე შეიძლება გადახდეს ადამიანსო”. უკანასკნელ დღეებამდე შეინარჩუნა იუმორის გრძნობა და უნარი, გახარებოდა ყოველი დღის გათენება: ,,მე მიყვარს სიცოცხლე და ვიცი, რომ თვით ყველაზე მძიმე გამოცდასაც კი შემოაქვს მასში რაღაც კარგი.”

აგათა კრისტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეუღლემ კი მასზე მხოლოდ ორი წლით მეტი იცოცხლა. თავისი ავტობიოგრაფიის ბოლოს მან დაწერა: ,,მადლობა, ღმერთო, ჩემი კარგი ცხოვრებისათვის და მთელი იმ სიყვარულისათვის, რომელიც მე მომენიჭა”.

ციტატები:
ილუზია, თითქოს ქალს ნებისმიერი არამზადის კეთილშობილ რაინდად გადაქცევა შეუძლია, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალური ილუზიაა ყოველთვის.
დამსხვრეულ ჭურჭელს ბედნიერება მოაქვს, მაგრამ მხოლოდ არქეოლოგებისთვის.
ჩემი მეუღლე არქეოლოგია, არქეოლოგები კი წარსულის დეტექტივები არიან.
საუკეთესო დეტექტივი – შემთხვევაა.
იქ, სადაც საუბარი დიდ ფულზეა, ძალიან გონივრულია, თუ არავის ენდობი.
მსხვერპლი უფრო მეტად მაინტერესებს, ვიდრე დამნაშავე.
რომელი წუთები იყო ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ძალიან გვიან მიხვდები.
ქალისა და მამაკაცის ურთიერთმიზიდულობა ყოველთვის გამაოგნებელი ილუზიით იწყება, თითქოს ყველაფერზე ერთნაირად ფიქრობთ.
ძველ ცოდვებს გრძელი ჩრდილები აქვთ.
ჩვევა ისაა, რასაც თავად ვეღარ ამჩნევ საკუთარ თავს.

.



კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1408 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar