მთავარი » 2010 » აგვისტო » 21 » ლადო ასათიანის ლექსი(ნაწ.2)
1:58 PM
ლადო ასათიანის ლექსი(ნაწ.2)
ვინც კი იარაღს ატარებს, გულითადია მეფისა,

ვინც დროშას გორგასლიანსა დაუჩოქა და შეჰფიცა,

ყველა ლაშქარში, ვაჟკაცი ერთგული ვინც გვეგულება, —

იმსჯელეს და გადაწყვიტეს მეფემ და დიდებულებმა.

აიღო მინა რხეული (ამბობდნენ შოთას ნაჩუქარს),

დაჯდა თამარი და სულთანს ასე მისწერა პასუხად:

— “რა გითქვამს, რა მოგიჭორავს, რას მეშარები შორიდან,

ტყუილ-უბრალოდ ცილს მწამებ,

ალბათ, სისხლისღვრა მოგინდა;

ალბათ, სისხლისღვრა მოგინდა, თორემ, მაშ, რისთვის ისურვე,

რომ მოგეჩმახა ასეთი უმაგალითო სიცრუე?!

ჰოი, უგნურო ნუქარდინ, წინ მიძევს შენი ბარათი,

კარავში მოსვლას მიბრძანებ კაციჭამია ჯალათი…

მოვდივარ, მაგრამ სხვაგვარად, თავად გაიგე და მიხვდი,

მოვდივარ ჩემის ლაშქრითა, თუ ვაჟკაცი ხარ, დამიხვდი.

მოვდივარ შენს დასასჯელად, თავლაფდასხმულო, თავნებავ,

დაგამარცხებ და დაგიცხრობ მაგ უშნო ამპარტავნებას!”

მეფე მსახურებს ეტყოდა: სასწრაფოდ დესპანს უხმეთო.

შემოიყვანეს დილეგში ღამენათევი, უღმერთო.

უცხო სამოსით შემოსეს შავს მტვერში ამოგანგლილი

და სიამაყით გადასცეს მას საპასუხო გრაგნილი.

გულუხვად დაასაჩუქრეს, სხვას ვის არგუნეს იმდენი,

ფეხმარდი ლაფშა მიართვეს, წავიდა დიდის დიდებით.

მიჰქონდა ოქრო და ვერცხლი, თვლები და მარგალიტები

და ყბაზე დამღა — მხარგრძელის კელაპტრის სიმსხო თითები.

4

შეკრბა სრულიად სამეფო სპა იმერთა და ამერთა,

ზღვის ფსკერზე ქვიშას, ზეცაში — ვარსკვლავებს გადაამეტა.

ერთ ძლიერ ჯარად შეკრული, დაუშლელ-განუფანტავი, —

ქართველი მამულიშვილი ნიკოფსით დარუბანდამდი

ჯარები ოვსთა, ყივჩაღთა, კახთა და ჰერთა გულადთა, —

ერთმანეთს დატოლებულნი, ფიცვერცხლნაჭამი ძმურადა.

ქართლის, მესხეთის, სომხითის ვაჟები მალხაზ-მალხაზი,

თორელნი, ტაოელები, შავშ-კლარჯები და აფხაზნი,

ფიცხი და მკვირცხლი ლაზები, სვანები ბუმბერაზები

და რაჭა-თაკვერ-არგვეთის მამაცი სუმპერრაზმები.

აბორგდნენ, აბობოქარდნენ, როგორც ზვირთები არაქსის,

და მეფის ირგვლივ მოგროვდნენ ვარძიის ციხე-ქალაქში.

მეფემ ფრთებგანათებული სამეფო დროშა გაშალა,

და საქართველოს უძლეველ ჯარს დაულოცა გზა-შარა.

თავად კი ლოცვა-კურთხევით ქალაქ ოძრახეს წავიდა,

თავს დაჰნათოდა სულმნათსა მაისის ცა ვარსკვლავითა.

5

ერთ შესახედად კმაროდა ლაშქარი ომს მიმავალი:

წინ მიუძღოდა სოსლანი — ვაჟკაცი ჰაეროვანი.

სოსლანის გვერდით პირქუში მხარგრძელი განგაცვიფრებდათ.

იქვე ნახავდით შალვას და ივანეს ახალციხელთა;

უკან პორფირით მოსილი მისდევდათ ჯვარისმტვირთველი,

ნება-ნებაზე მიქროდნენ ქართველი ჯარის ზვირთები.

ყველა გულმარიხიანი, ერთიც კი არა ჯაბანი…

ცხენთა და კაცთა სიმრავლით იზნიქებოდა მთა-ბარი.



კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 1487 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar