მთავარი » 2010 » აგვისტო » 21 » interviu maia miminoshviltan
1:51 PM
interviu maia miminoshviltan
ქალბატონო მაია, რეგისტრაცია 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის უკვე დაიწყო. რა სიახლეებს სთავაზობთ წელს აბიტურიენტებს?

რეგისტრაციის პროცესი 5 თებერვალს დაიწყო და 20 მარტს დასრულდება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი პერიოდია აბიტურიენტებისათვის და, ცხადია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო საბუთები დროულად უნდა წარადგინონ რეგისტრაციისათვის ან ანკეტა ყურადღებით შეავსონ – ახალგაზრდები ხომ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ – ირჩევენ პროფესიას, სფეროს, რომელსაც მთელ თავიანთ ცხოვრებას დაუკავშირებენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახლობლების, ოჯახის წევრების რჩევები, მაგრამ გადაწყვეტილება აბიტურიენტმა უნდა მიიღოს.
რაც შეეხება სიახლეებს, პირველ რიგში უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით მოგახსენებთ: იმ ფაქტმა, რომ წელს უმაღლეს სასწავლებლებს უცხოური ენის არჩევის საშუალება მიეცათ, აბიტურიენტები საკმაოდ შეაშფოთა. მინდა დავამშვიდო ისინი – ამ შესაძლებლობით მხოლოდ სამმა უმაღლესმა სასწავლებელმა ისარგებლა (მათ ფაკულტეტებზე სწავლება ინგლისურ ან გერმანულ ენებზედაც მიმდინარებს), დანარჩენი სასწავლებლების ფაკულეტეტების მითითებისას კი აბიტურინეტი კვლავ თავად აირჩევს უცხოურ ენას.
ცვლილება გვაქვს საბუნებისმეტყველო ტესტის ფორმატთან დაკავშირებითაც. როგორც იცით, ტესტი შედგება ორი – ინტეგრირებული და საგნობრივი –ნაწილებისგან. წელს უმაღლეს სასწავლებლებს ჰქონდა შესაძლებლობა, საგნობრივი ნაწილის მიხედვით აერჩიათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტი. მაგალითად, სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა აირჩია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტი საგნობრივი ნაწილით – ბიოლოგია, ფარმაციის ფაკულტეტმა კი – საგნობრივი ნაწილით – ქიმია. თუ ფაკულტეტი არ უთითებს ტესტს კონკრეტული საგნობრივი ნაწილის მიხედვით, აბიტურიენტს თავად შეუძლია აირჩიოს, რომელი საგნობრივი ნაწილით (ან ნაწილებით) სურს ტესტის ჩაბარება.

ანუ, შესაძლებელია აბიტურიენტმა მიუთითოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტი განსხვავებული საგნობრივი ნაწილებით?

დიახ, ასეთი შესაძლებლობა აბიტურიენტებს აქვთ, რადგან შეიძლება მათ მიერ არჩეული ფაკულტეტები ამ ტესტს სხვადასხვა საგნობრივი ნაწილებით ირჩევდნენ ამ გამოცდას. თუ აბიტურიენტი მიუთითებს ტესტს სხვადასხვა საგნობრივი ნაწილებით, მას საგამოცდო დრო დაემატება.

წელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარიც გაიზარდა...

დიახ, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრა 25 ქულით ყველა გამოცდისათვის, გარდა უცხოური ენებისა (აბიტურიენტმა უნდა მიიღოს 26 ქულა, რომ გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა) და 20 ქულით უცხოური ენებისათვის (აბიტურიენტმა უნდა მიიღოს 21 ქულა, რომ გადალახოს ზღვარი).

რატომ განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულად ქულების ამ რაოდენობით?

4 წლის მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომელბიც 26 ქულაზე ნაკლებს იღებდნენ, უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა ჩაჭრილების რაოდენობისგან, ანუ სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა ცხადად დაგვანახა, სად გადიოდა რეალური ზღვარი. ეს იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვრის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

სახელმწიფო დაფინანსება კვლავ ზოგადი უნარების ქულის მიხედვით გაიცემა?

სახელმწიფო დაფნანსების გაცემის წესი არ შეცვლილა. სახელმწიფო გრანტი წელსაც ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების მიხედვით გაიცემა და დაფინანსება კვლავ იქნება სრული და ნაწილობრივი.

უცხოეთში მყოფი აბიტურიენტები როგორ გაივლიან რეგისტრაციას?

რეგისტრაციის ვადა საზღვარგარეთ მყოფი აბიტურიენტებისთვისაც 20 მარტამდეა. მთ შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნონ ინფორმაცია ან მათი ოჯახის წევრებმა მიაკითხონ სარეგისტრაციო პუნქტებს. ცხადია, ჩამოსვლის შემდეგ, საგამოცდო ბარათის აღებამდე, ეს აბიტურიენტები კიდევ ერთხელ დაამოწმებენ ფოსტით გამოგზავნილ ან ახლობლების მიერ წარმოდგენილ განაცხადს.

შეიცვალა თუ არა საგამოცდო ტესტები და ხომ არ იქნება წელს გამოცდები უფრო რთული, ვიდრე წინა წლებში.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდის ფორმატთან დაკავშირებულ ცვლილებაზე უკვე ვისაუბრეთ, რაც შეეხება დანარჩენ გამოცდებს, ტესტები იქნება საშუალო სირთულის, ისევე როგორც წინა წლებში. ტესტური დავალებების ნიმუშებისა და საგამოცდო პროგრამების გაცნობა აბიტურიენტებს შეუძლიათ კრებულების – „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის“ – მეშვეობით, რომლებიც ყოველწლიურად გამოდის და აბიტურიენტებისათვის მნიშვნელოვან რჩევებსა და რეკომენდაციებსაც შეიცავს.
გამოცდების ეროვნული ცენტრი გასული წლების განმავლობაში სისტემატურად ხვდებოდა აბიტურიენტებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს.

წელს თუ გაქვთ დაგეგმილი ასეთი შეხვედრები?

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებთან, პედაგოგებთან შეხვედრები და ცხადია, წელსაც ვგეგმავთ ასეთ შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში. ამ შეხვედრებზე გვეძლევა საშუალობა კიდევ ერთხელ ვუპასუხოთ აბიტურიენტებსა და მათ პედაგოგებს კითხვებზე და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენც მივიღოთ მათგან ჩვენთვის საინტერესო და ყურადსაღები ინფორმაცია.

.

.



კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1292 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar