მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური მდგომარეობით კმაყოფილია
5:05 PM
პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური მდგომარეობით კმაყოფილია



პრემიერ-მინისტრი ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ქვეყანამ ეკონომიკის ზრდის ტემპი მაქსიმალურად შეინარჩუნა. გილაურის განცხადებით, 2010 წლის 6 თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, წინასწარი მონაცემებით, 5.5-6 პროცენტის ფარგლებშია, რაც საკმაოდ კარგი მონაცემია. თუმცა 6 თვის საბოლოო მაჩვენებლები სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

`რაც შეეხება ივლისის თვეს, ზრდის ტემპი აქაც შენარჩუნდა და ის იმავე ფარგლებშია, რაც 2010 წლის პირველ 6 თვეში იყო. ივლისის თვეში გაიზარდა დეპოზიტების მოცულობა და ის 2009 წლის ივლისის თვეს რომ შევადაროთ, გაზრდილია 44 პროცენტით. დღეისათვის გაზრდილია ასევე სასესხო პორტფელი და ის 2009 წლის ივლისთან შედარებით, 10 პროცენტით გაიზარდა. ივლისში გაიზარდა ასევე ავტომობილების რეგისტრაცია და თუ 6 თვეში ზრდა 15 პროცენტი იყო, ივლისში 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34 პროცენტითაა გაზრდილი. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ასევე დღგ-ს ბრუნვასთან მიმართებით და ივლისში, 2009 წლის ივლისთან შედარებით, 28 პროცენტია`, - განაცხადა გილაურმა.

პრემიერის განცხადებით, გაზრდილია ასევე ექსპორტისა და ტურიზმის მაჩვენებლებიც. 6 თვის მონაცემებით, საქართველოში 33 პროცენტით მეტი ტურისტის შემოვიდა, ვიდრე 2009 წლის 6 თვეში.

`ეკონომიკური მაჩვენებლებიც ასეთი ზრდა იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში იქმნება სამუშაო ადგილები და ჩვენ ვებრძვით უმუშევრობას`, -  განაცხადა გილაურმა.










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 783 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar