მთავარი » 2010 » აგვისტო » 20 » თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
4:58 PM
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი





ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელს კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30.000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3.000-ს აღწევს.

უნივერსიტეტს ხუთი ფილიალი აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 6 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს "თბილისის უნივერსიტეტი".

1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.

უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.

1919-1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.

1991 წლის 14 ოქტომბერს როინ მეტრეველი თსუ–ს რექტორად დაინიშნა. 1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ–მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა (მართავს დიდი საბჭო), რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ როინ მეტრეველი თსუ – ს რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ როინ მეტრეველი პირველი არჩეული რექტორი იყო.

2004 წლიდან თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან ლორთქიფანიძე იყო. 2006 წლის აპრილიდან კი იგი ამ თანამდებობაზე გიორგი ხუბუამ შეცვალა.

.ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებისთანავე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში, მიუხედავად თავსმოხვეული იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი მსახურება, აღზარდა ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩამოაყალიბა საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში, ენათმეცნიერებაში, ისტორიაში, აღმოსავლეთმცოდნეობაში. თსუ-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მრავალი უმაღლესი სასწავლებლის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნას.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მას დაეკისრა ერის სულიერებაზე ზრუნვის, ეროვნული თვითშეგნების გაღრმავების ისტორიული მისია. ამასთან მის ძირითად გამოკვეთილ მიზანს კვლავ წარმოადგენს საქართველოში თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, კულტურისა და მეცნიერების განვითარება, ერის ცივილიზაციის დონის ამაღლება. ამიტომ, დღესაც, ქართველი ხალხი თბილისის უნივერსიტეტს სიყვარულით და პატივისცემით მეცნიერების წმინდა ტაძარს უწოდებს.

უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს, – საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. მისივე სახელობის ეკლესია უნივერსიტეტის ბაღში 1995 წლის 5 სექტემბრიდან შეუდგა მსახურებას. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა კოლეგიამ ცნობილი ქიმიკოსი, ღვაწლმოსილი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი აირჩია. თავიდან მუშაობას შეუდგა ერთადერთი, – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო, საისტორიო და ფილოსოფიური დარგებით. პირველი ლექცია, რომელიც 1918 წლის 30 იანვარს შედგა, ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 1918 წლის დასაწყისისათვის 18 კაცს ითვლიდა. სწავლას შეუდგა 369 სტუდენტი და 89 თავისუფალი მსმენელი.

დღეს უნივერსიტეტში ახალგაზრდების აღზრდისა და მეცნიერული წვრთნის საქმეს 3275 პროფესორ-მასწავლებელი ემსახურება. მათგან 55 აკადემიკოსი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 595 პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი, 1246 დოცენტი და მეცნიერებათა კანდიდატია.

უნივერსიტეტის პირველი გამოშვება შედგა 1922 წელს. ამ წელს თსუ დაამთავრეს სიმონ ჯანაშიამ, ვარლამ თოფურიამ, არნოლდ ჩიქობავამ, შალვა ამირანაშვილმა, ლევან (ლენკო) მუსხელიშვილმა და შემდგომში გამოჩენილმა სხვა მეცნიერებმა.

.მთავარი კორპუსის ოთხსართულიანი შენობა რენესანსული არქიტექტურის მოტივებს ეფუძნება. მთავარი ფასადის ცენტრალურ ნაწილს გამბათით დასრულებული შვერილი წარმოადგენს, რომელიც რუსტრირებული და გიგანტური კორინთული პილასტრებითაა გაფორმებული. ფართო კიბისა და სიმეტრიული პანდუსის კომპოზიცია ფასადს პარადულობას ანიჭებს. შენობის ხუროთმოძღვარია პირველი ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული – სიმონ კლდიაშვილი, მშენებლობის ორგანიზატორი და სულლის ჩამდგემელი კი – ცნობილი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ცხვედაძე. ბიბლიოთეკის დარბაზსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში მხატვარ გ. ბუღაძის მიერ 2001 წელს შესრულებული მოხატულობაა.

1940 წელს მ. შავიშვილის პროექტით აგებული უნივერსიტეტის II კორპუსი, რომელიც ილია ჭავჭავაძის გამზირის პლასტიკურ მოხაზულობას მიჰყვება, თავისი მასშტაბით, არქიტექტურული მორთულობითა და ფერით მთავარ კორპუსს ეხამება.

.უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონებში განთავსებულ თსუ-ის 8 ფილიალში დღეს 35 ათასზე მეტი ახალგაზრდა ეუფლება პროფესიას. საუნივერსიტეტო საქმიანობის გარდაქმნის მნიშვნელოვანი ეტაპი 1994 წლის 25 აპრილს დაიწყო, როცა დიდმა სამეცნიერო საბჭომ მიიღო "საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია", რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტი 1994 წლიდან სრულად გადავიდა სწავლების ორსაფეხურიან ფორმაზე (ეტაპობრივი გადასვლა 1992 წლიდან დაიწყო) და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისკენ გადადგა ნაბიჯი.

რეფორმის I ეტაპის დასასრულს, 2005 წლის დამდეგს, უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა 22 ფაკულტეტი 184 კათედრით, 8 ფილიალი 46 ფაკულტეტით, 3 სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, 81 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, 161 სასწავლო ლაბორატორია და კაბინეტი, კლინიკური საავადმყოფო და დიაგნოსტიკური ცენტრი, გამომცემლობა, სტამბა, ბიბლიოთეკა 3640693 ერთეული წიგნადი ფონდით, საერთო საცხოვრებელი 5 კორპუსით. მუშაობდა 95 საგანმანათლებლო პროგრამა ბაკალავრიატში, 194 მაგისტრატურაში და 16 ერთსაფეხურიან სწავლებაზე.

ქართულ უნივერსიტეტში დაფუძნდა არაერთი საქვეყნოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლა: მათემატიკის (ანდრია რაზმაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, არჩილ ხარაძე, ანდრია ბიწაძე და სხვ.), ფიზიკის (რაჟდენ ხუციშვილი, ელეფთერ ანდრონიკაშვილი, მათე მირიანაშვილი, ვაგან მამასახლისოვი, გივი ხუციშვილი და სხვ.), ქიმიის (პეტრე მელიქიშვილი, შალვა ცინცაძე, პეტრე ქომეთიანი და სხვ.), ფსიქოლოგიის (დიმიტრი უზნაძე, რევაზ ნათაძე, ფატი ხუნდაძე და სხვ.), ფიზიოლოგიის (ივანე ბერიტაშვილი, დიმიტრი გედევანიშვილი და სხვ.), ისტორიოგრაფიის (ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, შოთა მესხია, ვარლამ დონდუა და სხვ.), ლიტერატურათმცოდნეობის (კორნელი კეკელიძე და სხვ.), ქართული ფილოსოფიის (შალვა ნუცუბიძე, სერგი დანელია, მოსე გოგიბერიძე და სხვ.), ხელოვნებათმცოდნეობის (გიორგი ჩუბინაშვილი, ნიკოლოზ ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი და სხვ.), ქართული ენათმეცნიერების (აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, კარპეზ დონდუა, ვარლამ თოფურია და სხვ.), იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების (არნოლდ ჩიქობავა, ქეთევან ლომთათიძე და სხვ.), კლასიკური ფილოლოგიის (გრიგოლ წერეთელი , სიმონ ყაუხჩიშვილი და სხვ.), აღმოსავლეთმცოდნეობის (გიორგი წერეთელი, სერგი ჯიქია, მაკარ ხუბუა, ვლადიმერ ფუთურიძე, ვალერიან გაბაშვილი, კონსტანტინე წერეთელი, მზია ანდრონიკაშვილი და სხვ.).

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრებზე და სამეცნიერო კვლევით ქვედანაყოფებში ინტენსიურად მიმდინარეობს ასპირანტებისა და სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა მომზადება; ფუნქციონირებს სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი 26 საკვალიფიკაციო საბჭო მეცნიერების თითქმის ყველა დარგში.

1994 წელს, 64 წლის შემდეგ, უნივერსიტეტის წიაღში დაბრუნდა უმაღლესი სამედიცინო განათლება, აღდგა საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლების ტრადიცია – ჯერ გაიხსნა მედიცინის სპეციალობა ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, 2000 წელს კი მედიცინის ფაკულტეტი დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. შეიქმნა საუნივერსიტეტო კლინიკების ასამბლეა, რომლის სასწავლო ბაზები გამოირჩევა მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალით, გაიხსნა ჯანდაცვის მეცნიერებათა მართვის ცენტრი და უწყვეტი სამედიცინო განათლების დეპარტამენტი, შეიქმნა მედიცინის დარგის მზრუნველთა საბჭო, სამედიცინო ინფორმაციის სამსახური. პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურშია უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური ცენტრი.

1999 წელს დაარსდა ,,კავკასიის ბიზნესის სკოლა”. იგი ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრისა და მაგისტრის პროგრამების ფარგლებში ამზადებს სპეციალისტებს. სკოლა დააფუძნა კონსორციუმმა, რომელშიც შედიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატლანტაში (აშშ).

უნივერსიტეტთან 1923 წლიდან არსებობს სტამბა, 1933 წლიდან – გამომცემლობა. 1933 წელს შეიქმნა უნივერსიტეტის არქივი. 1919 წლიდან დარგების მიხედვით გამოდის სამეცნიერო კრებული ,,თბილისის უნივერსიტეტის შრომები”, 1996 წლიდან მოქმედებს პროგრამა ,,სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის”. უნივერსიტეტს გააჩნია ორი ყოველკვირეული გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი” (გამოდის 1927 წლიდან) და ,,ქართული უნივერსიტეტი” (გამოდის 1998 წლიდან).

2006 წლის აპრილიდან უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ განათლების სექტორში განვითარებადი, ფინანსური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამაში, რომელიც ხორციელდება განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის მიერ. განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი, რომელიც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს წარმატებით ვითარდება, როგორც უნივერსიტეტთა და სკოლათაშორისი რესპუბლიკური პროგრამა.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს რამდენიმე მუზეუმი: ისტორიისა და ქართული ემიგრაციის, მინერალოგიის, გეოლოგია-პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის.

უნივერსიტეტს აქვს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის 5 კორპუსი დაახლოებით 2200 საცხოვრებელი ადგილით.

ქვეყნის რეგიონებში გახსნილია თსუ-ის რვა ფილიალი – სოხუმის, მესხეთის, ოზურგეთის, სიღნაღის (კახეთის), ზუგდიდის, ფოთის, ჯავახეთის და ქვემო ქართლის (ქ. მარნეული).

მუშაობს საუნივერსიტეტო სკოლები – ივ. ჯავახიშვილის სახელობის 53-ე, ნ. მუსხელიშვილის სახ. 55-ე, პროფ. თ. გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი, თბილისის ლიცეუმი, რუსთავის გიმნაზია, გურჯაანის კოლეჯი, ხობის სკოლა.

.













კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 2052 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 max • 2:55 PM, 2011-03-23
მაინტერესებს ფილოსოფიის ლექციები რომელ კორპუსში ტარდება?
ComForm">
avatar