მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » ძველი ეგვიპტე
8:31 PM
ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე (ეგვიპტურად: "კემე" - შავი ქვეყანა) იყო უძველესი ცივილიზაცია აღმოსავლეთ ჩრდ. აფრიკაში, ნილოსის გავაკების არეალში, სადაც ამჟამად თანამედროვე ქვეყანა ეგვიპტე მდებარეობს. ცივილიზაცია აღმოცენდა დაახლოებით ძვ. წ. 3150 წელს[1], პირველი ფარაონის მიერ ზემო და ქვემო ეგვიპტის პოლიტიკური გაერთიანებით, რომელიც მომდევნო სამი ათასწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა.[2] მისი ისტორია ითვლის რამდენიმე სტაბილური "სამეფოს" სერიას, რომლებსაც შედარებითი არასტაბილურობის პერიოდები აცალკევებს (ცნობილი როგორც "გარდამავალი პერიოდები"). ძველმა ეგვიპტემ განვითარების პიკს ახალი სამეფოს პერიოდში მიაღწია, რომლის შემდეგაც ის ხანგრძლივი დაცემის პერიოდში გადადის. გვიანდელ პერიოდში ეგვიპტე თანმიმდევრობით დაპყრობილი ჰყავდა რამდენიმე უცხო სახელმწიფოს. ფარაონთა მმართველობა ოფიციალურად დასრულდა ძვ. წ. 31 წელს, როდესაც ეგვიპტე ადრეულმა რომის იმპერიამ დაიპყრო და საკუთარ პროვინციად აქცია.[3]

ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსის ხეობის ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი. წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პერიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტროლირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა, რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას. მდიდარი რესურსებით ზურგმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას, ასევე დამწერლობის სისტემის განვითარებას, კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების ორგანიზებას, მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას, რომლის მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო. ამ საქმიანობისთვის მასების მოტივირება და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა, რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორთა ბიუროკრატიულ მექანიზმს ევალებოდა, რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგიურ რწმენათა კომპლექსური სისტემის მეშვეობით.[4][5]

ძველ ეგვიპტელთა მრავალ მიღწევათა შორისაა მაღაროების დამუშავების, კადასტრისა და სამშენებლო ტექნიკის დახვეწა, რამაც მონუმენტური პირამიდების, ტაძრებისა და ობელისკების აგება გახადა შესაძლებელი; ასევე მას ეკუთვნის მათემატიკის სისტემის, პრაქტიკული და ეფექტური მედიცინის სისტემის, საირიგაციო სისტემისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნიკის განვითარება. პირველი დღემდე ცნობილი გემები, ეგვიპტური ფაიენცი (კერამიკა) და მინის ტექნოლოგია, ლიტერატურის ახალი ფორმები და უძველესი დღემდე ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტელებს ეკუთვნით.[6] ეგვიპტემ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. მისი ხელოვნება და არქიტექტურა საუკუნეების განმავლობაში სანიმუშო იყო ვრცელი რეგიონებისთვის, ხოლო აქ დამზადებული საქონელი მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მიჰქონდათ. მისი მონუმენტური ნანგრევები დღემდე მოგზაურთა და მწერალთა შთაგონების წყაროა.

.ძველი ეგვიპტე აფრიკის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, თანამეროვე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ჩრდილოეთიდან ესაზაღვრებოდა ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით - ლიბიის უდაბნო, აღმოსავლეთით წითელი ზღვა, სამხრეთიდან ნილოსის ჭორომები.

ნილოსი ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა. იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინება და ხმელთაშუა ზღვაში იღვრება. შესართავთან იგი შვიდ ტოტად იყოფა. ნილოსის\ შესართავი ბერძნებმა თავიანთ ასოს, დელტას მიამსგავსეს და მას ნილოსის დელტა უწოდეს.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ძველი ეგვიპტელები ზემო ეგვიპტეს უწოდებდნენ, ჩრდილოეთ ნაწილს - ქვემო ეგვიპტეს. ქვემო ეგვიპტე უფრო ნაყოფიერი მხარე იყო და აქ წვიმებიც უფრო მეტი მოდიოდა. 19 ივლისიდან ნილოსი დიდდებოდა და ანაყოფიერებდა მის ნაპირზე არსებულ მიწებს. შემოდგომაზე კი ისევ თავის კალაპოტს უბრუნდებოდა.

.ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელი) და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია[7] ). ეს პერიოდები გრძელდება ძვ. წ. III - ძვ. წ. I ათასწლეულებში.

პერიოდები ამგვარად იყოფა: ადრეული სამეფო (I - II დინასტია); ძველი სამეფო (III - VI); პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X); შუა სამეფო (XI-XI); მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII); ახალი სამეფო (XVIII-XX); გვიანი პერიოდი (XXI-XXVI); ასურელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 664-656); სპარსელთა მმართველობა (XXVII, ჩვ. წ.-მდე 525-ჩვ. წ.-მდე 404); სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX, ჩვ. წ.-მდე 343-ჩვ. წ.-მდე 332); მაკედონელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 332-ჩვ. წ.-მდე 305); პტოლემეების მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 305-ჩვ. წ.-მდე 30).

გვიანდელი პალეოლოთის პერიოდისთვის ჩრდილოეთ აფრიკის მშრალი კლიმატი თანდათან უფრო ცხელი ხდება, რამაც მოსახლეობა აიძულა ნილოსის ხეობის გასწვრივ მოეყარა თავი, და მას შემდეგ რაც თანამედროვე მონადირე-შემგროვებელი ადამიანი ამ რეგიონში დასახლდა შუა პლეისტოცენში დაახ. 120 ათასი წლის წინ, ნილოსი ძველი ეგვიპტის სიცოცხლის წყარო იყო.[8] ნილოსის ნაყოფიერი დაბლობი ადამიანებს დასახლებული სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკისა და უფრო კომპლექსური, ცენტრალიზებული საზოგადეობის განვითარების საშუალებას აძლევდა, რაც ადამიანის ცივილიზაციის ისტორიის ქვაკუთხედი გახდა.[9]



კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1522 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 ann • 11:07 AM, 2013-07-18
kargia dzzz
ComForm">
avatar