მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » სოკრატე
1:04 PM
სოკრატე



სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს.

ნაწილობრივი მინიშნებები ასევე არსებობს სოკრატეს თანამედროვეთაგან. ჯანანტონი, მის მონუმენტურ ნაშრომში „სოკრატე და სოკრატესეული რელიქვიები" („Socratis et Socraticorum Reliquiae") აგროვებს სოკრატეზე არსებული ყველა დოკუმენტის ფრაგმენტსაც კი. ის იშველიებს მწერლებს ესქინეს სოკრატიკუსს, ანტისთენეს და სხვა დანარჩენებს რომლებიც პირადად იცნობდნენ სოკრატეს. პლატონი, ბერძნული ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საკუთარ იდეებს, თეორიებსა და შესაძლოა პიროვნულ თვისებებსაც კი თავის მენტორს მიაწერდა. ასეთი მიდგომიდან გამომდინარე პრობლემების გამო, ინფორმაცია სოკრატეზე უნდა მივიჩნიოთ, როგორც სავარაუდო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, როგორც სარწმუნო.

ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, სოკრატეს მამა, სოფრონისკუსი, მოქანდაკე იყო, დედას ფენარეტი ერქვა. ჰყავდა მეუღლე, ქსანთიპე, ვისგანაც სამი ვაჟი ეყოლა. იმ დროის არსებული კულტურული რეალიების გათვალისწინებით ქსანთიპე კაპას, მძიმე ხასიათის მქონე ქალად მოიაზრებოდა. სოკრატე თავადაც აღნიშნავდა, რომ ქსანთიპესთან თანაცხოვრების წყალობით ის ნებისმიერი ხასიათის ადამიანთან შეძლებდა შეგუებას, ადარებს რა ამ თვისებას ველური ცხენების გამხედნის მოთმინებას. ამავე წყაროებიდან გამომდინარე, სოკრატეს შეხება ჰქონია სამხედრო მოქმედებებთან პოტიდეასთან, დელიუმსა და ამფიპოლისის ბრძოლებში. ერთგან მას დაჭრილი მეგობარი ალკიბიადე სიკვდილს გადაურჩენია. თუმცა სოკრატეს საბრძოლო მამაცობისთვის მინიჭებულ ჯილდოებსა და წოდებებზე უარი განუცხადებია, გამოუვლენია ხასიათის სიმტკიცე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მას ზამთარში ფეხშიშველს და ლაბადის გარეშე უვლია.

უცნობია, თუ რით ირჩენდა თავს სოკრატე ცხოვრებაში. ის არ მუშაობდა; ქსენოფონტის „ნადიმში" სოკრატე ხაზგასმით აცხადებს, რომ იგი საკუთარ ბედს ფილოსოფიას უკავშირებს, და, რომ მისი აზრით, ფილოსოფია უმნიშვნელოვანესი ხელოვნება ან პროფესიაა. ძნელად სავარაუდოა, რომ მას ოჯახისგან რაიმე ქონება დარჩენოდა, ვინაიდან მამამისი ღარიბი მოქანდაკე-ხელოსანი იყო. პლატონის ჩანაწერებით, სოკრატე სწავლებისთვის ფულს არ იღებდა; თუმცა, ქსენოფონტის „ნადიმში" ასევე ნახსენებია, რომ სოკრატეს მოსწავლეებისგან გასამრჯელო მიუღია, ხოლო არისტოფანე აღნიშნავს, რომ სოკრატეს სოფისტიკის საკუთარი სკოლა ჰქონდა. ასევე შესაძლოა, რომ სოკრატე მისი მოწყალე, გავლენიანი და მდიდარი მეგობრების ხარჯზე არსებობდა.

.სოკრატეს ცხოვრება მოუწია ათენის პოლისის განვითარების უმაღლესი მწვერვალიდან დაღმასვლამდე გარდამავალ პერიოდში, სპარტანელთა და მათ მოკავშირეთა მიერ პელოპონესის ომში ათენელთა დამარცხების შემდგომ. ამ პერიოდში, როცა ათენი ცდილობდა სამარცხვინო დამარცხების შემდგომ ძალების აღდგენას, ათენის არეოპაგს სამმა წამყვანმა სახალხო ფიგურამ მიმართა, რათა სოკრატე ურწმუნოებისა და ათენის ახალგაზრდობის ღმერთთა მოძულე იდეებით გარყვნისთვის გაესამართლებინათ. ძველი ბერძნების წარმოდგენით თითოეულ პოლისს ჰყავდა მფარველი ღვთაება. საყოველთაოდ მიჩნეულ იქნა, რომ ათენის პელოპონესის ომში დამარცხებით ათენა, ათენის მფარველი ქალღმერთი, მის მოქალაქეებს ურწმუნოებისთვის სჯიდა. სოკრატეს მსოფლხედველობა ღმერთთა განკითხვად მიიჩნეოდა, და არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ეს არასასურველი იყო. მოქალაქეთა აზრით ათენს არ სჭირდებოდა ათენასგან უფრო დიდი სასჯელი ერთი ადამიანი გამო, რომელიც მისა თუ სხვა ღმერთების განკითხვას ბედავდა. თუმცა პლატონის აპოლოგიაში სოკრატე დაჟინებით უარყობს ამგვარ ბრალდებას. სასამართლო პროცესზე სოკრატე წაყენებული ბრალდებებით დამნაშავედ სცნეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

აღსანიშნავია, რომ ციხეში ყოფნისას სოკრატეს გაქცევის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ვინაიდან მის თანამოაზრეებს მცველების მოქრთამვა შეეძლოთ. გაქცევისას სოკრატეს ადვილად შეეძლო სხვა ქალაქისთვის შეეფარებინა თავი. თუმცა, კრიტოსთან დიალოგში, სოკრატე ხელმძღვანელობს რა კანონის უზენაესობის იდეით, ამბობს რომ მისი ციხიდან გაქცევის შემთხვევაში იგი შექმნის კანონის დარღვევის პრეცედენტს, რომლითაც შეეძლებათ ხელმძღვანელობა პოლისის სხვა მოქალაქეებს. ციხიდან გაუქცევლობით სოკრატემ დაიცვა და თვალნათლივ აჩვენა ყველას კანონის უზენაესობის იდეა.

პლატონის აპოლოგიაში მოყვანილ სოკრატეს დაცვის სიტყვაში, სოკრატეს მიერ ათენელთა თავის მობეზრება იმით დაიწყო, როცა მისმა მეგობარმა ხერფონმა დელფოს სამისნოს ორაკულს ჰკითხა თუ სოკრატეზე ჭკვიანი ვინმე არსებობდა; რაზეც ორაკულმა უარყოფითი პასუხი გასცა. სოკრატეს აზრით ორაკულის სიტყვები ორაზროვანი იყო და ოკრატეზე უფრო ჭკვიანი ადამიანის პოვნას ისახავდა მიზნად. ათენის მოქალაქეებს იგი ცხოვრების ავ-კარგიანობაზე მათი ცოდნის შესახებ ეკითხებოდა. აღმოაჩინა რა, რომ საპირისპიროს რწმენის მიუხედავად მათ არაფერი იცოდნენ, სოკრატემ დაასკვნა, რომ ის სხვებზე უფრო ჭკვიანი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ საკუთარი უმეცრება გათვითცნობიერებული ჰქონდა. სხვათა წარმოდგენა საკუთარ ცოდნაზე კი მცდარი იყო.

.დასავლეთის ფილოსოფიურ აზროვნებაში სოკრატეს უმნიშვნელოვანესი შენატანი გამოკითხვის მისეული დიალოგიკური მეთოდია, ცნობილი, როგორც სოკრატესეული მეთოდი, რომელსაც იგი იყენებდა ისეთი მთავარი მორალური კონცეფციების შეფასებისას, როგორიცაა „კარგი" და „სამართალი", ცნებები, რომელიც ხშირად გამოიყენება რაიმე ნამდვილი განსაზღვრების გარეშე. მეთოდი პირველად აღწერილი იყო პლატონის მიერ „სოკრატესეულ დიალოგებში". ამის გამო, სოკრატეს მიიჩნევენ პოლიტიკური ფილოსოფიისა და ეთიკის, ანუ მორალური ფილოსოფიის მამად, უფრო მეტიც, საერთოდ დასავლური ფილოსოფიის მთავარი თემების ფუძემდებლად.

ამ მეთოდით, შეკითხვათა სერია დაისმის, რათა გაირკვეს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ქვეცნობიერი რწმენები და მათი ცოდნის ხარისხი. სოკრატესეული მეთოდი ჰიპოთეტური გამორიცხვის ნეგატიური მეთოდია, სადაც უკეთესი ჰიპოთეზები ჩნდება კონფლიქტური ჰიპოტეზების მუდმივი გამოვლენითა და გამორიცხვით. მისი მიზანია აიძულოს ადამიანი შეაფასოს საკუთარი შეხედულებები და მათი საფუძვლიანობა.

.
.













კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1106 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar