6:08 PM giorgi saakadze | |
გიორგი სიაუშის ძე სააკაძე, დიდი მოურავი (დ. დაახლ. 1580, სოფ. ფელი — გ. 3 ოქტომბერი, 1629, თბილისი), საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს გაერთიანებისათვის აქტიური მებრძოლი. . სააკაძის წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. ნოსტე. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფელ ერთაწმინდას კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე სოფელი შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა). სააკაძეთა გვარი მკრთალად თუ ძუნწად, მაგრამ მაინც ჩანს საუკუნეთა წიაღში. ყველაზე ადრეული წინაპარი – ჯანზურაბ სააკაძე, იხსენიება თამარ მეფის დროს, XII საუკუნის მიწურულს. შემდგომ – დონა სააკაძე, ბაგრატ V თანამებრძოლი (1386 წლის 21 ნოემბერს, თემურლენგის შემოსევის ჟამს, თბილისის დაცემისას მეფესთან ერთად წაუყვანია ტყვედ თემურლენგს). შემდეგ გიორგი სააკაძე, იხსენიება 1547 წლის საბუთში პატრონად. ივანე ჯავახიშვილის აზრით, პატრონად მხოლოდ მსხვილი ფეოდალები იწოდებოდა. გიორგის ოთხი ვაჟი ჰყოლია: ზეშთაელი, სიაუში, ზურაბი და ივანე. ამათგან მხოლოდ სიაუშს არგუნა ბედისწერამ მამობა ყველაზე სახელგანთქმული სააკაძისა. სააკაძეთა გაძლიერება მხოლოდ და მხოლოდ მეფისადმი ერთგულების გზით ხორციელდება. გიორგი სააკაძის მამა სიაუში, ბიძები – ზეშთაელი, ზურაბი და ივანე დაახლოებულნი არიან სამეფო კართან და თავდადებით ემსახურებიან სიმონ I დიდს. გივი ჯამბურიას ცნობით: "1569-1578 წლებში სიმონის მეუღლე, დედოფალი ნესტან-დარეჯანი ,,ერთგულსა ყმასა და თავდადებით ნამსახურ სააკაძეს გიორგის შვილს ზეშთაელს” წყალობად აძლევს ქალაქ გორში ერთ კომლ ვაჭარს თავისი მამულით.’’ ამ ზეშთაელის ერთ-ერთი ძმა, გიორგი სააკაძის ბიძა სახლთუხუცესია ქართლის მეფის კარზე, თანაც ხანგრძლივად 1590-1607 წლებში, სახლთუხუცესობა კი დიდ თანამდებობად ითვლებოდა. მეფისადმი სააკაძეთა თავდაუზოგავი სამსახური ცხადად მტკიცდება ისტორიული საბუთებით. .სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰრონდა მიღებული. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1600-1606 გიორგი X-ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩინდა ლუარსაბ II-ის მეფობაში. ამ დროს იგი თბილისის (1608-იდან), ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე.წ. "ბატონყმური რიგის" დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის "მოკიდებული კაცნი" (სააკაძის დასი ან "პარტია") ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც. ლუარსაბმა ძალიან დაიახლოვა გიორგი სააკაძე. მას მამამისის თანამდებობა გადასცა და დანიშნა თბილისის მოურავად. ის 1608 წლისათვის თბილისის მოურავად იხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, გიორგი იყო ცხინვალისა და დვალეთის მოურავიც. სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა გამდგარი მთიელები და მათ შორის ოსები და დვალები. დიდი ფეოდალი, არაგვის ერისთავი ნუგზარი თავისთავად შეიქმნა მეფის ერთგული, რადგან გიორგის სიმამრი იყო. შესუსტდა ფეოდალთა ანარქია. სააკაძემ ყურადღება მიაქცია ქვეყნის შენებასაც, ხელი შეუწყო ომიანობის დროს მიმოფანტული მოსახლეობის უკან, ფუძეზე დაბრუნებას. ამას კი მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერება, რაც თავისთავად გადაიზრდებოდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებაში. პლატონ იოსელიანის ცნობით, გიორგი სააკაძემ ცხინვალსა და თბილისში ციხეები შეაკეთა და დვალეთის მთებში ახალი სიმაგრეები ააგო. სააკაძის დასი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო 1608-1612 წლებში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და (1611), სააკაძემ და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება ტაშისკარის ბრძოლაში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |