რამდენი სახეობის გველი ბინადრობს საქართველოში და რატომ არ არის საშიში შავი შეფერილობის ქვეწარმავალი ადამიანისთვის ზაფხულის დადგომასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად, ყოველთვის აქტუალური თემაა ქვეწარმავლების გაღვიძება, მათი გამოჩენა მოსახლეობაში. არც წლევანდელი ზაფხული იქნება გასული წლებისგან გამორჩეული და ეს თემა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორს, ქვეწარმავლებზე კონტროლის სამსახურის უფროსს, ბატონ გურამ წიკლაურს გავესაუბრეთ. ერთი რამ ფაქტია, სანამ ინტერვიუს ვწერდით სამი გამოძახება დაფიქსირდა. – ზაფხულის დადგომასთან ერთად ქვეწარმავლებიც აქტიურდებიან და ხშირად თბილისის სხვადასხვა უბნებშიც შეიმჩნევიან. სტატისტიკურად მომრავლდნენ თუ არა ისინი? – ყოველ წელს ერთი და იგივე ამბავი ხდება, უბრალოდ, წელს ცოტა დაგვიანებული გაზაფხული იყო. ამინდების შესაბამისად, გველებიც 10-12 მაისამდე არც გამოჩენილან. რადგან გველებს მთელი ზამთარი სძინავთ და არც არაფერს ჭამენ, სწრაფ დათბობასთან ერთად აქტიურდებიან და გარეთ გამოდიან. უკვე ძალიან ბევრი შემთხვევაა ქალაქში, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებული არაფერია. ყოველ წელს ჰგონიათ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება, მაგრამ ეს ასე არ არის. – ყველაზე მეტად თბილისის რომელი უბნებიდან გაქვთ გამოძახება? – გამოძახება ყველა უბნიდან გვაქვს, გველები ყველგანაა. შედარებით მეტი გამოძახებაა: ავჭალიდან, გლდანიდან, ვარკეთილიდან, ვაზისუბნიდან, ორთაჭალიდან. გამოძახება ასევე დაფიქსირდა, ვაკიდან, საბურთალოდან, ხშირია ნუცუბიძის პლატოდან. მიუხედავად ამდენი გამოძახებისა, მინდა მოსახლეობას ისიც ვუთხრა, რომ თბილისში შხამიანი გველები არ არის. – ყველაზე მეტად რომელი სახეობის გველია ქალაქში მომრავლებული? – წელს ძალიან დიდი რაოდენობითაა გველხოკერები. გველხოკერა აბსოლუტურად უწყინარი არსებაა, რომელსაც მართალია, გველის ფორმა აქვს, მაგრამ ის უფეხო ხვლიკია. ზოგ გველს შხამი არ აქვს, მაგრამ კბილები – კი, შეიძლება ადამიანს უკბინოს. გველხოკერას კი, არც კბილი აქვს და არც შხამი. – როგორ გამოიყურება ის, რა ფერია? – მოყავისფრო ფერია, მზეზე ცოტა მოყვითალო დაჰკრავს. – კიდევ რომელი სახეობაა გავრცელებული? – გველხოკერებთან ერთად ბევრია მცურავებიც. საერთოდ თბილისში და მის გარშემო 10-12 სახეობამდე გველი ბინადრობს, მაგრამ აქედან შხამიანი მხოლოდ ორთაჭალის იქით, აღმოსავლეთის მიმართულებით შეინიშნება, მათ შორის გიურზებიც კი. კახეთსა და ქვემო ქართლში მართლაც არასასიამოვნო სიტუაციაა. – გამოძახება მხოლოდ ქუჩაში შენიშნულ ქვეწარმავლებს ეხება, თუ შენობებშიც ფიქსირდება? – შენობებშიც არის, როგორ არა. გველი მეხუთე სართულზე, სადარბაზოში იყო, ხოლო დიდ დიღომში ბინაში, მერვე სართულზე აღმოვაჩინეთ. თან ევრორემონტიანი ბინა იყო, რომელსაც ხვრელიც კი არსად ჰქონდა რომ შემძვრალიყო. რადიო „ფორტუნას" შენობაში, მეოთხე სართულზე იყო. იქ ყველაფერი დავათვარიელეთ და ვერაფერი აღმოვაჩინეთ, ალბათ გარედან შემოჰყვა პროდუქტს ან სხვა რამეს. – დაკბენის შემთხვევა თუ დაფიქსირდა წელს? – ამ მხრივ მხოლოდ შხამიან გველებზე ვისაუბროთ, რადგან დანარჩენი საშიში არ არის. მაგალითად, გველხოკერამ რომ გიკბინოთ, იოდიც რომ წაისვათ სხვა არაფერია საჭირო. რაც დანამდვილებით ვიცი, წელს აეროპორტის იქით გიურზამ უკბინა ერთ მამაკაცს, რომელმაც დროულად მიმართა საავადმყოფოს და გადარჩა. თუმცა, საკმაოდ სერიოზული ნაკბენი ჰქონდა. – დაკბენის შემდეგ მაქსიმუმ, რამდენი დრო აქვს დაზარალებულს დახმარების აღმოჩენისთვის? – ხშირად ზღაპრებს ყვებიან, რომ მხოლოდ ნახევარი საათი აქვს ადამიანს დრო თავის გადასარჩენად, მაგრამ ეს ასე არ არის. ჯერ ერთი, გააჩნია კბენის ადგილს. ძალიან სერიოზულ შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს, თუ გველის ნაკბენი თავის არეშია. ცოტა ძნელია დროზე საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გვაქვს ერთ საათამდე. დანარჩენ შემთხვევაში 2-5 და 10 საათის განმავლობაში უნდა მივმართოთ ექიმს. – ანუ, ყველაზე საშიში თავის არეა? – თავი და კისერი. თბილისში არის ორი ადგილი, სადაც მსგავს შემთხვევაში დახმარებას აღმოგიჩენენ, ესენია მიხაილოვის და რესპუბლიკურის საავადმყოფოები. – როგორც აღნიშნეთ, არ არის სავალდებულო შრატის გაკეთება თუ ნაკბენი შხამიანი გველის არ არის. თუმცა, დღეს ნაკლებად რომ ვინმე ერკვეოდეს და არჩევდეს ერთმანეთისგან რომელი გველია შხამიანი და რომელი – არა. როგორ უნდა მივხვდეთ? – თუ შხამიანმა გველმა გიკბინათ ამას მაქსიმუმ, 10 წუთში იგრძნობთ. ნაკბენი გაგისივდებათ და შეიძლება, გაგიშავდეთ კიდეც. იცის სერიოზული ტკივილი და შეშუპება. როცა გველი შხამიანი არ არის, არც მისი ნაკბენია მტკივნეული და არც დიდ ზიანს მოგაყენებთ. თუ შემთხვევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა და მაინც ეჭვი გაქვთ, შეგიძლიათ, მიმართოთ ექიმს, რომელიც მაშინვე დაადგენს ნაკბენი შხამიანი გველისგან არის მოყენებული თუ არა. – რა ფერის გველები არ არის საშიში? – შავი გველი არ არის საშიში, რადგან ის ან ჩვეულებრივი ანკარა იქნება (თავის გასწვრივ აქეთ-იქით წითელი ლაქებით), ან ორზოლიანი მცურავი, რომელიც აბსოლუტურად უწყინარია. ასევე არის მოწითალო, აგურისფერი გველი, რომელიც 2 მეტრამდე და უფრო დიდიც იზრდება. ეს არის წითელმუცელა მცურავი. ის ძალიან სწრაფია, და მის შესახებ ბევრ ზღაპარს მოისმენთ, რომ ყველაზე საშიშია და ასე შემდეგ. მართალია, დიდი და სწრაფია, რომლისაც შეიძლება შეგეშინდეთ, მაგრამ საფრთხეს არ შეგიქმნით. იმ შემთხვევაში, თუ შეაწუხეთ, ან ფეხი დააბიჯეთ, შეიძლება, გიკბინოთ, მაგრამ შხამიანი არ არის. გველი ადამიანს არ ერჩის, პირიქით, ის ადამიანს ერიდება. – შეიძლება საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი შიში თითქმის ყველას აქვს. – გველის შიში კი უნდა გქონდეთ, მაგრამ პანიკაში არ უნდა ვარდებოდეთ. ერთმა ქალბატონმა დამირეკა და მითხრა, დასავლეთში ბიჭს გველმა უკბინა, არ მოწამლულა, არც ნაკბენი გართულებია, მაგრამ ბავშვი ჭკუიდან შეიშალა და უკვე მერამდენე წელია, ვერ არის კარგადო. ხშირად უფროსები ისეთ წივილ-კივილს ატეხენ მსგავს სიტუაციაში, რომ ბავშვი შეიძლება ფსიქიკურად შეიშალოს. ჩემი რჩევაა, ბავშვებს, ნუ ჩაუნერგავთ გველის მიმართ პანიკურ შიშს. პატარებს არ ეშინიათ ქვეწარმავლების მანამ, სანამ უფროსები არ უბიძგებენ ამისკენ. – როგორც ამბობენ, წელს ძალიან ცხელი ზაფხული გველის. მაღალი ტემპერატურა თუ გამოიწვევს გართულებებს? – ძლიერი სიცხე განსაკუთრებულს არც არაფერს გამოიწვევს. გველებმა უკვე ერთი თვის წინ გაიღვიძეს და დაახლოებით, ოქტომბრის ბოლომდე იქნებიან. დღისით, როცა ძალიან ცხელა, გველები არ აქტიურობენ, თავშესაფარს ეძებენ და სინესტესა და ჩრდილში იმალებიან. ამ დროს ხშირად შედიან სადარბაზოებსა და სარდაფებში. საღამოს კი, აქტიურდებიან და ისევ გამოდიან. თუ გაცილებით გრილი ამინდებია, მაშინ დღისითაც გარეთ არიან. – ამბობენ, თუ ეზოში ციცარია იმ ტერიტორიას გველი არ ეკარებაო. მართალია? – გველს არც ციცრის ეშინია და არც გოგირდის. – აბა, რით უნდა დაიცვას ადამიანმა მისი გამოჩენისგან ტერიტორია? – არის ერთი ამერიკული პრეპარატი „სნეიქ ევეი", მაგრამ მასაც საკმაოდ დაბალი ეფექტურობა აქვს. ჩვენც ვამზადებთ გველებისგან დამცავ საშუალებას, რომელიც აფრთხობს. – გამოდის, რომ ადამიანი ბოლომდე დაცული არ არის. - არის ჩვენი სამსახური, გვაქვს გამოძახებები და მათ ვიჭერთ. – ჩვენი საუბრის დროს უკვე 7 გამოძახება გქონდათ. მაქსიმუმი დღეში რამდენია? – მაისში იყო რეკორდი – ერთი დღის განმავლობაში 12 გამოძახება. – ხშირად იმასაც ამბობენ, რომ გველი რძეს ეტანება. – არა, ეს ტყუილია. გველი წყალს სვამს, მაგრამ რძეს არა. იმ შემთხვევაში, თუ გველი ყუთში ჩასვით და ორი თვე წყალი არ მიეცით, რძე კი არა, შეიძლება, არაყიც დალიოს. – რას ურჩევთ მოსახლეობას? – ვისაც გველის ეშინია, ისედაც ფრთხილადაა, მაგრამ ყველას ვურჩევ, პანიკაში ნუ ჩავარდებით, რადგან თბილისში შხამიანი გველი არ არის. 30 წელზე მეტია, ამ სამსახურში ვარ და მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. – ანუ, 99 პროცენტით გარანტირებული ვართ, რომ დედაქალაქში შხამიანი გველი წარმოუდგენელია? – გაცილებით მეტით – 99,99 პროცენტით.
. .
|