მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » მივიწყებული ლეგენდები...ნაწ.2
3:26 PM
მივიწყებული ლეგენდები...ნაწ.2



"ჩემს კალამს"(ა.ყაზბეგი)

მიყვარხარ, ჩემო კალამო,
არ მოიწყინე წერაო,
გულით მსურს მოგესალამო,
შენი სიწმინდე მჯერაო.
მათ გეტრფი, გრძნობის ალამო,
მტერმა ვერ შეგაჩერაო,
დაჭრილის გულის მალამო,
ჩემი ხარ, ბედისწერაო.
შენ გენაცვლები, კალამო,
სხვაფრივ ხარ მონათლულიო,
გულის წადილი პირდაპირს,
არა გაქვს დამალულიო.
ჰგრძნობ მკვნესავს, იცი მშრომელსა
თვალზედ არ მოსდის ლულიო,
და ხელი ძმურად მიეცი,
შეუსუბუქე წყლულიო.

"განთიადი"(ა.წერეთელი)

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.

დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა..მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს...

მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა.
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:

"ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!...

"ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო;
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.

"წინ მომეგებენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,
მოკაშკაშ-მოელვარეო.

"გულში იფეთქა სიამემ,
სევდები უკუვყარეო, -
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლად გამიხარეო!...

"ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!...

"ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო...
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:

"დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო!...
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!”

"ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.."(ი.ჭავჭავაძე)

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, ულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!
მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია,
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?

"არწივი"(ვ.ფშაველა)

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!

"25 თებერვალი"(კ.ნადირაძე)

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

"ხარ ვერაფერი ვაჟკაცი..."(მ.მაჭავარიანი)

ხარ ვერაფერი ვაჟკაცი! _
როცა იყავი ნიბლია, _
«ბიძია თომას ფაცხაში»
ცრემლები თუ არ გიღვრია.

გაგიმწარდება სიბერე
(ჯერ ერთი, თუკი გეღირსა) _
ფშაველას «ხმელი წიფლიდან»
ხმა თუ არ გესმის დედისა

"ხმა სამარიდან"(მ.ლებანიძე)

ხალხით ავსებულ
ნაპარტახალ სოფლებს სალამი!
ეს მე ვიყავი
სული მედგა ვიდრემდის პირში,
რომ ვჩურჩულებდი:
"ოჰ, უფალო, მომეც ძალა მე,
გადაშენების
ვზიდო ბოღმა, ეჭვი და შიში!”
ცრემლს რომ ვმალავდი,
ჭირშიმყოფელს არ გთვლიდი მკვიდრებში,
მშობლის სახელი
მაბოდებდა ჩემ ამაყ მთებში
განახლებული
როსმე მძლავრი ქართული ჯიში.

.
.











კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 1402 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar