მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » მივიწყებული ლეგენდები..ნაწ.1
3:25 PM
მივიწყებული ლეგენდები..ნაწ.1



რაღაც მიგვავიწყდა მგონი ჩვენი ღვაწლმოსილი პოეტების შესანიშნავი და უკვდავი შემოქმედება.გადავავლოთ თვალი და კიდევ ერთხელ ვისიამოვნოთ მათი ლექსებით.საინტერესოა ვის რომელი პოეტი თუ ლექსი მოგწონთ,რომელი არა და რატომ.თან მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ "საინტერესო" ფაქტზე.იქნებ თქვენც უყურეთ ეკა ხოფერიას გადაცემას "აუდიტორია".სადაც საუბარი იყო ქართული საზოგადოების განათლების დონეზე.ჩაუტარებიათ გამოკითხვა,თუ ვისი იყო ლექსი "ჩემო კარგო ქვეყანავ". სამწუხაროდ,ათი გამოკითხულიდან მხოლოდ ორმა იცოდა "ავტორი".ჩემი აზრით,სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ.ყოველდღიურად უკან იწევს საქართველოში განათლების დონე.მე ნამდვილად ვერ დავიტრაბახე,რომ არაქართულ შედევრებს კარგად ვიცნობ მეთქი,მაგრამ ქართული რომ არ ვიცოდე შემრცხვებოდა.დღესდღეობით კი ახალგაზრდების საკმაოდ დიდ ნაწილს სირცხვილი კი არა უბრალოდ საკუთარი ქვეყნის ისტორია არ აინტერესებთ.
ვისაუბროთ რა შეიძლება იყოს ამიზ მიზეზი,რატომ გადაფასდა ძირძველი ფასეულობები,იქნებ ვინმეს გაქვთ საინტერესო შემოთავაზება,ან აზრი,რაში ხედავთ გამოსავალს... არის ეს მდგომარეობა მხოლოდ ჩვენი ბრალი,თუ რაიმე გარე ფაქტორებიც "ეხმარება" და მონაწილეობს განათლების დაქვეითებაში.
სასურველია ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი შეხედულება...

"მივიწყებული ლეგენდები"

"საახალწლო ელეგია"(ტ.გრანელი)

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ,მიკვირს.
მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს
მინდა თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს.
მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა.
მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე,ვიცი,გამაწამებს.
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ,მიკვირს.

"ფიქრნი მტკვრის პირას"(ნ.ბარათაშვილი)

წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.
იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?
თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..
თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..
მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!

"ზღვისფერი გაქვს თვალები ..."(კ.გამსახურდია)

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.

"სენტიმენტალური ტრიოლეტი"(ვ.გაფრინდაშვილი)

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,
შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბათ _ მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი.

"დავითიანი"(დ.გურამიშვილი)

30
ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე; კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;
თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, -
ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა.

31
დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენeბსა,
ძის სიხარულით დაჰკარგავს ილაოს მზგავსთა სენებსა;
მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,
ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.

32
სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;
მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.
სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;
თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.

33
ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,
ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების

"წერილი დედას"(პ.იაშვილი)

დავტოვე სოფელი,
მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მაენები
და კატის კნუტები_სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილე,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე_ სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება,კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.

იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;

როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე _ როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.

დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია,
ღმერთო! აპატიე_
მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.

"მოდიოდა ნინო მთებით"(ა.კალანდაძე)

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!"- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...

"ყივჩაღის პაემანი"(გ.ლეონიძე)

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..

"საღამო გამოსალმებისა"(გ.ორბელიანი)

მზე ჩაესვენა: მის შუქი გამოსალმის ჟამს კავკასსა,
თავსა ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა!
ბუმბერაზ მთანი მდუმარედ ცათამდის აყუდებულნი,
ჰსხედან, ვით დევნი, სპეტაკის ყინულ გვირგვინით შემკულნი!
მათ კლდოვან გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედ დაჰსწოლიან,
და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან.
გაზაფხულისა ველითა ტყე შემოსილი სიმწვანით,
მთებისა კალთებს შეამკობს სატკბო სუნნელთა მოფენით.
წყალნი მთით დაქანებულნი, ალმასებრ უფსკრულს ჰსცვივიან,
თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!
შეწუხებული ვუმზერ გზას და მასზე ეტლსა მიმსრბოლსა,
მიმტაცსა ყოვლის კეთილის, რაცა გვაქვს ამა სოფელსა,
რაცა გვიშვენებს სიცოცხლეს ზეციურისა სხივითა,
და აღგვამაღლებს ამ სოფლით სულისა აღმაფრენითა!
მიდიხარ სატრფოვ? მშვიდობით! მარად დღე ჩემი კურთხევა
ცად მიმართ შენთვის მექნება, ვიდრემდის სული მელევა.
არღა აამონ აწ თვალთა გული შენისა ხილვითა,
წარვიდეს ჩემი სიცოცხლე უშენოდ შრომით, ზრუნვითა.
ეტლი ჰრბის, სატრფო მშორდების... თანა ჰსდევს ჩემი მას სული,
ვმზერ... შორს ძლივსღა ჰსჩანს... აღარ ჰსჩანს... რაღასა ვუმზერ
შმაგ-ქმნილი?
სიშორის ნისლმა მიჰფარა თვალთაგან ეტლი მიმსრბოლი,
და გულით ოხრვა სიმწარის აღმოუტევე უნებლი...
მშვიდობით! ვინცა დამატკბე სიცოცხლის ნეტარებითა,
აწ ვისთვის გული მიკვნესის, სული ჰსწუხს განშორებითა,
ვის ხილვა არღა შემმოსავს სიხარულისა ნათლითა,
არ განმასვენებს მწუხარეს ალერსის ხმითა ტკბილითა!
მარამ ამ სოფელს შენს გარდა ვინა მყავს მანუგეშებლად,
რომ შენც განმშორდი, დამტოვე, მწუხარებისა მე მსხვერპლად?
წახველ, წარმტაცე ყოველი საამებელი სულისა,
და ვინ განმიღოს აწ კარი ბედისა დაკარგულისა?
ან მე უგუნურს რად მრწამდა ბედისა დაუსრულება?
აწ დავჰშთი მარტოდ... მშვიდობით! შენს გულს ნუ ჰშორდეს
მშვიდობა!
არს მწუხარება სულისა, არ აქვს ნუგეში რომელსა,
ჰსჯობს ენა ჰსდუმდეს, ხმა შესწყდეს, მოთქმით რა ერგოს
გულ-წყლულსა?
შეღამდა... მარტო ვზი ჭმუნვით; ჩემი ჩივილი ვის ესმის?
დაყრუვდა არე... მხოლოდა ხმა ისმის ზოგჯერ გუშაგის.
მხოლოდ ჰსჩანს, მთანი მდუმარედ აყუდებულან ცათამდის,
და ყაზიბეგსა საამოდ ზედა ვარსკვლავი დაჰნათის!
წყალნი მთით დაქანებულნი, უფსკრულსა იკარგებიან,
თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!

"მერი"(გ.ტაბიძე)

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან "მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს "მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

"მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე "(ტ.ტაბიძე)

ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.

წამექცა თავზე ცა გარღვეული,
და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.

და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,
კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს.

ვიცი მომელის მაინც ეს ბედი,
და ისიც ვიცი ჩემზე ახია,
ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,
ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.

მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით
ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,
ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით
ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.

მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,
საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,
ვარ ავსებული შენით გულამდე
და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.

მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
მინდა გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი.

.









კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 1692 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar