მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » ავსტრალია
2:31 PM
ავსტრალია



ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი ინგლ. Commonwealth of Australia) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით.

40 000 წლის განმავლობაში, XVIII საუკუნის ბოლომდე, სანამ ევროპელებმა დაიწყეს კონტინენტის ათვისება, ავსტრალიასა და ტასმანიაზე საშუალოდ 250 სხვადასხვა ტომის ავსტრალიელი აბორიგენი სახლობდა. უშუალოდ ჩრდილოეთიდან წამოსული მეთევზეების არარეგულარული სტუმრობისა და 1606 წელს ევროპული აღმოჩენის შემდეგ[1], ავსტრალიის აღმოსავლეთი ნაწილი 1770 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიისაკუთრა და საწყის ეტაპზე პატიმრებით დაასახლა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიები, 1788 წლის 26 იანვარს აღმოჩენიდან. მომდევნო წლებში მოსახლეობა ინტენსიურად იზრდებოდა. XIX საუკუნეში კიდევ ხუთი უფრო დიდი თვითმმართველური ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონია დაარსდა.

1901 წლის 1 იანვარს, ექვსი კოლონია ფედერაციად გაერთიანდა და ავსტრალიის რესპუბლიკა შეიქმნა. ამჟამად ავსტრალიას სტაბილური ლიბერალური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა აქვს. მისი მოსახლეობა 22 მილიონია, რომლის დაახლ. 60% ცხოვრობს შტატების დედაქალაქებში: სიდნეი, მელბურნი, ბრიზბენი, პერთი და ადელაიდა. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა, რომელიც ფედერალურ ტერიტორიაზე მდებარეობს.

ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების იდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური და პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით[2].

ავსტრალიის ქალაქები მსოფლიოს უდიდესი ქალაქების რიგს მიეკუთვნება კულტურული მრავალფეროვნებითა და ცხოვრების ხარისხით. ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

.ავსტრალიის ფართობი 7.686.850 კვ.კმ-ია, საზღვაო საზღვარი — 34,218 კმ. მას გარს აკრავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეები. აზიისგან გამოყოფილია არაფურისა და ტიმორის ზღვებით. ავსტრალია მსოფლიოში ყველაზე პატარა კონტინენტია და სიდიდით რიგით მეექვსე ქვეყანა. იგი ასევე ყველაზე დიდ კუნძულად არის მიჩნეული[3].

ავსტრალია სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს: მატერიკზე, კუნძულ ტასმანიასა და მრავალრიცხოვან პატარა კუნძულებზე. ავსტრალიის მფლობელობაშია რამდენიმე მცირე კუნძული, ე. წ. გარე ტერიტორიები, აგრეთვე სექტორი ანტარქკიდაზე. იგი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მთელ კონტინენტს იკავებს. ფართობით ოდნავ ჩამორჩება აშშ-ს (ალასკას გარეშე) და დაახლოებით 32-ჯერ აღემატება მის ყოფილ მეტროპოლიას — გაერთიანებულ სამეფოს. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 3 680 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 2000 კმ-ზე. ავსტრალია, გეოლოგიური თვალსაზრისით, ხმელეთის ერთ-ერთი უძველესი მასივია, რომელიც ჩამოყალიბდა თითქმის 3 მლნ წლის წინ. რელიეფში ჭარბობს პლატოები, მთიან რაიონებს ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი უკავია. კონტინენტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ ვრცელდება სუბტროპიკული, ტროპიკული, სუბეკვატორული და ზომიერი კლიმატური სარტყლები. კონტინენტებს შორის იგი ყველაზე მშრალია.
ავსტრალიის რუკა

ქვეყნის აღმოსავლეთით წყნაროკეანულ სანაპიროს გაუყვება დიდი წყალგამყოფი ქედი, რომლის სამხრეთში, ავსტრალიის ალპებში, მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კოსციუშკო. დასავლეთი ნაწილი უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. მათ შორის უდიდესია ვიქტორიის დიდი უდაბნო.

დიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის კონტინენტის, იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე. იგი გადაჭიმულია 2000 კმ-ზე და მნიშვნელოვნად აფერხებს ნაოსნობას ავსტრალიის ამ რეგიონში.

ტერიტორიის 40% ტროპიკებს წარმოადგენს, ერთი მესამედი უდაბნოა (დიდი ქვიშიანი უდაბნო, ვიქტორიის დიდი უდაბნო, გიბსონის ქვიანი უდაბნო). ავსტრალიის უდაბნოების ზონაშია აღმართული მსოფლიოს უდიდესი მონოლითი დიდი ბელტი - წითელი მთა აიერს - როკი. იგი დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის ფერს.

* ავსტრალიის გეოგრაფიული რაიონებია: დასავლეთ ავსტრალიის ზეგანი, ცენტრალური დაბლობი, აღმოსავლეთ ავსტრალიის მთები.
* მთის მასივებია: მაკდონელი, ჰამერსლი, კიმბერლი, ნალარბორი, ავსტრალიის ალპები. უმაღლესი მწვერვალია მთა კოსციუშკო (2 228 მ).
* უდიდესი მდინარეებია: დარლინგი, მურეი, მარამბიჯი, ლაკლანი.
* უდიდესი ტბებია: ეირი, ტორენსი, გერდნერი.
* უდიდესი კუნძულებია (კვ.კმ) - ტასმანია (64.519), მელვილი (5.786), კენგურუ (4.416).
* უდიდესი ნახევარკუნძულებია: არმენლენდი, კეიპიორკის და ეირის ნახ. კუნძულები.
* უდაბნოებია:ქვიშიანი უდაბნო, გიფსონის უდაბნო და ვიქტორია.
* ბუნებრივი რესურსები: ბოქსიტები, ქვანახშირი, რკინის მადანი, სპილენძი, კალა, ოქრო, ვერცხლი, ურანი, ნიკელი, ვოლფრამი, მინერალური სილა, ტყვია, თუთია, ალმასი, ბუნებრივი აირი, ნავთობი;

.ავსტრალიის ფაუნა გამოირჩევა უნიკალური ცხოველების მრავალფეროვნებით, კონტინენტზე არსებული ძუძუმწოვრების 83%, ქვეწარმავლების 89%, თევზებისა და მწერების 90% და ამფიბიების 93%, წარმოადგენენ ავსტრალიის ენდემურ სახეობებს[4]. ენდემიზმის მაღალი დონე შეიძლება მიეწეროს კონტინენტის გრძელ გეოგრაფიულ იზოლაციას, სტრუქტურულ სტაბილურობას და კლიმატის იშვიათი ცვლილების ეფექტებს. ძუძუმწოვრებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ ჩანთოსნები. დათვლილია, რომ ავსტრალიაში 200,000 ცხოველის ჯიში არსებობს, რომელთაგანაც 96% უხერხემლოები არიან. ეს სამყარო იმდენად უნიკალურია, რომ ავსტრალიელებმა საკუთარ სახელმწიფო გერბზე ორი მათგანი გამოსახეს: კენგურუ და სირაქლემა ემუ. ზანტი ჩანთოსანი დათვი - კოალა ანუ ავსტრალიური ზარმაცა - ხეზე ცხოვრობს. აბორიგენების ენაზე მისი სახელი ნიშნავს ”ვინც წყალს არ სვამს.” მართლაც,კოალა სიცოცხლისთვის საჭირო ტენს მხოლოდ თავისი საკვების, ევკალიპტის, თორმეტიოდე სახეობის ფოთლებიდან იღებს. ავსტრალიის წყლებში 4,000-ზე მეტი თევზის სახეობა ცხოვრობს, რომლის 90% ენდემურია. ავსტრალიასა და მის ტერიტორიაში ცხოვრობს 800-ზე მეტი სახეობის ფრინველი, რომელთაგანაც 350 ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ახალი გვინეის ენდემები არიან.

ავსტალიის ფლორა მოიცავს მცენარეების მრავალ სახეობას: სისხლძარღვოვნების 20,000, ხოლო არასისხძარღვოვნების - 14,000 სახეობას. სოკოების 250,000 ჯიშია გავრცელებული, ხოლო ლიქენების - 3,000. გვხდება ევკალიპტის 600 სახეობა. ქვეყნის აღმოსავლეთში ისინი 100 მ. სიმაღლეზე იზრდება. ტყეებს უკავია მთელი ტერიტორიის 6%.

.











კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1737 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar