მთავარი » 2010 აგვისტო 18 » ავღანეთი
2:21 PM ავღანეთი | |
,,მისმა თვალებმა მსოფლიო დაატყვევა”, - წერს ცნობილი ჟურნალი, National Geographic ერთი ავღანელი ქალის, შარბათ გულას შესახებ, რომელსაც ფოტოგრაფი სტივ მაკგარი შემთხვევით გადააწყდა პაკისტანში, საბჭოთა არმიის მიერ დევნილთა ბანაკში. მწვანეთვალება გოგონა, რომლის სახელიც არავინ - მათ შორის, არც თავად ფოტოგრაფმა - იცოდა, 1985 წელს National Geograhic-ის გარეკანზე აღმოჩნდა. სტივ მაკგარიმ და შარბათ გულამ ერთმანეთი 17 წლის შემდეგ ნახეს. National Georgaphic-მა, ავღანელი გოგონას ბედის გასარკვევად, პაკისტანში სატელევიზიო ჯგუფი გაგზავნა, ფოტოგრაფთან ერთად. თუმცა, როგორც გაირკვა, ქალი საბჭოთა კავშირის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ სამშობლოში, ტორა ბორას მთებში დაბრუნებულიყო. „ყველგან რუსები იყვნენ. ისინი ხალხს ხოცავდნენ. სხვა გამოსავალი არ გვქონდა, უნდა გავქცეულიყავით... რუსულმა აგრესიამ ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია”, - უთხრა შარბათ გულას ძმამ შეხვედრისას ცნობილ გამოცემას. 17-წლიანი ჯოჯოხეთი სულ რაღაც 30 წლის შარბათის სახეზე წიგნივით იკითხება. საბჭოთა ოკუპაციამ დაახლოებით მილიონი ავღანელი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, ხუთ მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად აქცია პაკისტანსა და ირანში. მაგალითისთვის, ყანდაღარის მოსახლეობა 200.000-დან 25.000-მდე შემცირდა. რუსეთს ტრადიციისთვის არ უღალატია და ავღანეთშიც, საქართველოსა და სხვა ყოფილი რესპუბლიკების მსგავსად, ცდილობდა, ადგილობრივთა ეთნიკური სიჭრელით ესარგებლა, ისინი ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა და მოახერხა კიდეც - ავღანეთი, საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ, ეთნიკურ ნიადაგზე წამოწყებულ სამოქალაქო ომში გაეხვია და მას მერე აღარც დამშვიდებულა. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანას ძრითადად ოპიუმის წარმოებითა და ნარკოტიკებით ვაჭრობით, ან შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეებისგან მიღებული დახმარებით გააქვს თავი. ოპიუმის მსოფლიო ექსპორტის 90% ავღანეთზე მოდის. ბოლო ხანებში პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთს ტრილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი რესურსების მარაგი აქვს. როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, აუთვისებელი რკინის, სპილენძის, კობალტის, ოქროსა და ლითიუმის მარაგით, ავღანეთს შეუძლია მსოფლიოს წამყვანი მიმწოდებელი გახდეს. თუმცა, იმის გამო, რომ ბუნებრივი რესურსების მოპოვების გამოცდილება ავღანეთს არ აქვს, მაღაროების გამართვას შეიძლება ბევრი წელი დასჭირდეს. შარბათ გულა ეთნიკურად პუშტუნია. პუშტუნებზე ამბობენ, მშვიდად მაშინ გრძნობენ თავს, როდესაც ომობენო. პუშტუნები ავღანეთის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია, გაეროს 2009 წლის კვლევის მიხედვით, ისინი ავღანეთის მოსახლეობის 42%-ს შეადგენენ. პუშტუნები თანამედროვე ავღანეთის ფუძემდებლები არიან. ავღანი სპარსულად სწორედ პუშტუნს ნიშნავს. სიდიდით მეორე ეთნიკურ ჯგუფს ტაჯიკები შეადგენენ (27%). პუშტუნებისა და ტაჯიკების გარდა, ავღანეთში ცხოვრობენ თურქმენები, უზბეკები, ხაზარები და ა.შ. აბრეშუმის გზაზე მდებარე ავღანეთის თანამედროვე ტერიტორიას ოდითგანვე დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მის დამპყრობლებს შორის არიან ალექსანდრე მაკედონელი და ჩინგიზ ხანი. აღსანიშნავია, რომ ავღანეთში განსაკუთრებული სისასტიკით გაითქვეს სახელი ქართველებმა, როდესაც შაჰ აბას პირველმა ქართლის მეფე გიორგი XI და მისი რაზმი, რომელშიც 4000 ქართველი იყო, ავღანელთა აჯანყების ჩასახშობად გაგზავნა. ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ გიორგიმ, წარმატებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, თავის ჯარისკაცებს უფლება მისცა, სურვილისამებრ დაემცირებინათ ყანდაღარის მოსახლეობა. მე-19 საუკუნეში ავღანეთი დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის დაპირისპირების საგანი გახდა. ეს ქიშპობა ისტორიაში ცნობილია „დიდი თამაშის” სახელით. გაერთიანებული სამეფო ცენტრალურ აზიაში რუსეთის ექსპანსიას ეწინააღმდეგებოდა, ინდოეთში პოზიციების დაკარგვის შიშით. ბრიტანეთმა ავღანეთში ფეხი ვერ მოიკიდა, თუმცა 40 წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო საკითხებს ის განაგებდა. სრულ დამოუკიდებლობას ავღანელებმა მხოლოდ ინგლისთან მესამე ომის შედეგად მიაღწიეს 1919 წელს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ავღანეთმა დიპლომატიური მისიები გაგზავნა ევროპასა და საბჭოთა კავშირში. ჯერ კიდევ ბრიტანეთის პროტექტორატის დროს დაწყებულმა რეფორმებმა სახე იცვალა და უფრო ინტენსიური გახდა. ქაბულში გაიხსნა გერმანული და ფრანგული სკოლები. ხელი მოეწერა ორმხრივ ხელშეკრულებებს თურქეთთან, სპარსეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საბჭოთა კავშირთან. დაიწერა ავღანეთის კონსტიტუცია. თურქი და ფრანგი ექსპერტების დახმარებით მოხდა რევოლუცია ადმინისტრაციულ, სასამართლო, სამხედრო და საფინანსო სფეროებში. პირველად ავღანეთის ისტორიაში წაახალისეს კერძო ინიციატივები ბიზნესში. ოღონდ, უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმები მხოლოდ ქაბულს დაეტყო. რაც შეეხება პროვინციებს, ისინი ამ პროცესს ეჭვის თვალით უყურებდნენ და არ სწყალობდნენ. ამის გამო ავღანეთის მმართველს, ამანულა ხანს, დროებით ქვეყნის დატოვებაც კი მოუწია. თუმცა, შვიდთვიანი მოგზაურობიდან დაბრუნებულმა, ათათურქისა და რეზა შაჰის პოლიტიკით შთაგონებულმა, რეფორმების ახალი ეტაპი წამოიწყო, რითაც ქვეყნის ტრადიციებსა და ფასეულობებს დაუპირისპირდა. რეფორმები გულისხმობდა პოლიგამიის აკრძალვას, ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნეპოტიზმისა და კორუფციის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, სეკულარული საჯარო სფეროს შექმნას. მაგრამ მას არ დასცალდა. ამანულა ხანს ისლამის მტრობა დააბრალეს და მალე დაამხეს. ის ჯერ ინდოეთში, ხოლო შემდეგ იტალიაში გადავიდა და სიკვდილამდე აღარავის გახსენებია. ამის შემდეგ ავღანეთში მეტ-ნაკლებად მშვიდი პერიოდი დაიწყო. რეფორმების ტემპი დავარდა, შესაბამისად, წინააღმდეგობამაც იკლო. დასავლეთის ინტერესების დაცვა ცენტრალურ აზიაში დიდი ბრიტანეთისგან მემკვიდრეობით ერგო ამერიკის შეერთებულ შტატებს. წლიდან წლამდე იზრდებოდა საბჭოთა გავლენაც. მთელი ამ ხნის განმავლობაში ავღანეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ის არც ერთ ბლოკში არ ერთიანდებოდა. თუმცა, 1978 წელს საბჭოთა კავშირისგან შეგულიანებულმა ავღანეთის კომუნისტურმა პარტიამ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და ავღანურ მონარქიას ბოლო მოუღო. შეიქმნა ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც კომუნისტური ძალები მართავდნენ. სწორედ მათ მხარდასაჭერად შეიჭრა საბჭოთა კავშირი 1979 წელს ავღანეთის ტერიტორიაზე, იმ საბაბით, რომ ანტიკომუნისტურ ძალებს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდა. ავღანეთი ცივი ომის ცხელ წერტილად გადაიქცა. ის, ვინც ისლამის მტერს ჯიჰადს ანუ „წმინდა ომს” უცხადებს, თავს მოჯაჰედად ანუ „თავისუფლებისთვის მებრძოლად” მოიხსენიებს. მოჯაჰედებმა აქტიური წინააღმდეგობა დაუწყეს საბჭოთა ძალებს, რისთვისაც ისინი დახმარებას იღებდნენ აშშ-სგან, პაკისტანისა და საუდის არაბეთისგან. აშშ-ს მხარდაჭერა კარტერის დროს დაიწყო, მაგრამ რეიგანის დროს ბევრად გაიზარდა. იმაზე, თუ როგორ გადაიქცა ავღანეთი რეიგანის დოქტრინის ცენტრალურ ნაწილად, მშვენივრად მოგითხრობთ ფილმი - ჩარლი უილსონის ომი - რომელიც ნამდვილ ამბავს ეფუძნება. კონგრესმენი ჩარლი უილსონის როლს ტომ ჰენკსი ასრულებს. მის სახელს უკავშირდება რეიგანის გადაწყვეტილება, ავღანელი მოჯაჰედები საბჭოთა არმიის წინააღმდეგ სტინგერებით მოემარაგებინა. ოფიციალური ვერსიით, ამერიკელებმა მოჯაჰედების დახმარება საბჭოთა ინტერვენციის შემდეგ დაიწყეს. თუმცა, 1998 წელს ფრანგულ გამოცემა Nouvelle Observateur-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ ზბიგნევ ბრზეჟინსკისთან, რომელიც საბჭოთა ინტერვენციის დროს პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი გახლდათ უსაფრთხოების საკითხებში. ინტერვიუს მიხედვით, ბზეჟინსკი ამბობდა, რომ ამერიკელებმა ანტიკომუნისტური ძალების დახმარება საბჭოთა ინტერვენციამდე ექვსი თვით ადრე დაიწყეს, ვარაუდობდნენ რა, რომ ინფორმაცია ამერიკული დახმარების შესახებ გაჟონავდა და პასუხად რუსები ავღანეთში შეიჭრებოდნენ. ჟურნალისტის კითხვაზე: ნანობს თუ არა ბზეჟინსკი გადაწყვეტილებას მოჯაჰედების დახმარების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ მათ წინააღმდეგ უწევს ბრძოლა ახლა ამერიკას და მის მოკავშირეებს, ყოფილი მრჩეველი ასე პასუხობს: „რას უნდა ვნანობდე? საიდუმლო ოპერაცია საუცხოო იდეა გახლდათ. ჩვენ შევძელით და რუსული ჯარები ავღანურ ხაფანგში გავაბით. ამ დღეს რუსებმა ყველანაირი საზღვარი გადაკვეთეს. მე მივწერე პრეზიდენტ კარტერს: ახლა შეგვიძლია, საბჭოთა კავშირს სამაგიერო გადავუხადოთ ვიეტნამის ომისთვის. მართლაც, მოსკოვი იძულებული გახდა ეწარმოებინა 10-წლიანი ომი, რომლის შესაძლებლობა მას არ გააჩნდა, ომმა ხელისუფლების დემორალიზება, საბოლოოდ კი, საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია.” მოგვიანებით, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ინტერვიუს ნამდვილობა უარყო. ინტერვიუს ჩანაწერი კი ფრანგულმა ჟურნალმა ვერ წარმოადგინა. თუმცა, ზემოაღნიშნული საიდუმლო ოპერაციის შესახებ თავის მემუარებში - From the Shadow - შეერთებული შტატების ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, მაშინ კი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ანალიტიკოსი რობერტ გეითსიც საუბრობს. საბჭოთა არმიის გასვლის შემდეგ ამერიკამ ავღანეთის მიმართ ინტერესი დაკარგა. საბჭოთა კავშირის მიერ დათესილი ეთნიკური შუღლის ნიადაგზე დაწყებული სამოქალაქო ომი ამერიკის ყურადღების მიღმა დარჩა. ავღანური სახელმწიფოს შენებას აშშ-მ დრო და ენერგია აღარ დაუთმო, რამაც შედეგი მალევე გამოიღო - სამოქალაქო ომმა ხელი შეუწყო პუშტუნებისგან შემდგარი, ექსტრემისტული ისლამური პოლიტიკური ძალის - თალიბების აღმოცენებას, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ მოჯაჰედები, ნაწილი კი პაკისტანის ლტოლვილთა მადრასების (სკოლების) მოსწავლეები ან მასწავლებლები იყვნენ. თალიბები სუნიტი მუსლიმები არიან და ყურანის განსაკუთრებულად მკაცრი ინტერპრეტაციით გამოირჩევიან. 1996 წელს მათ ხელისუფლებაში მოსვლაც მოახერხეს, თუმცა, ლეგიტიმურ მმართველ ძალად მხოლოდ სამმა ქვეყანამ - პაკისტანმა, საუდის არაბეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა - ცნო. თალიბები კრძალავენ ტელევიზორისა და კომპიუტერის გამოყენებას, ქალებს არ შეუძლიათ ტაშის დაკვრა სპორტულ ღონისძიებებზე, იკრძალება მუსიკა, რომ აღარაფერი ვთქვათ ალკოჰოლზე, მამაკაცებს ევალებათ ატარონ განსაზღვრული სიგრძის წვერი და თავსაბურავი. ქალები თავიდან ფეხებამდე ჩადრში გახვეულნი დადიან. 2001 წლის 12 მარტს, მათ ბამიანში ააფეთქეს ბუდას კოლოსალური ქანდაკებები, იმ მოტივით რომ ისინი ყალბ კერპებს წარმოადგენდნენ. თალიბებს აფარებდა თავს 11 სექტემბრის შემოქმედი, ოსამა ბინ ლადენი და ალ-ქაიდას წევრთა დიდი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ 11 სექტემბერსვე, ავღანეთში მოკლეს თალიბების პოლიტიკური მოწინააღმდეგე, აჰმად შაჰ მასუდი, იგივე პანშერის ლომი, ტაჯიკური თემის ლიდერი. 2001 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც თალიბებმა უარი თქვეს ამერიკისთვის ბინ ლადენისა და ალ-ქაიდას სხვა წევრების გადაცემაზე, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთზე შეტევა დაიწყო მოკავშირეებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში მე-5 მუხლის ამოქმედების პირველი შემთხვევაა. მე-5 მუხლის მიხედვით, ალიანსი, მის რომელიმე წევრზე თავდასხმას, ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად განიხილავს. ნატოს შეტევამ თალიბებს ქვეყანაზე ფორმალური კონტროლი დააკარგვინა. ისინი იძულებულნი გახდნენ, ქალაქები დაეტოვებინათ. სხვაგვარად ვერც მოიქცეოდნენ. ამერიკულ B-52 ტიპის ბომბდამშენს იოლად შეუძლია ძალის ნებისმიერი კონცენტრაცია გაანადგუროს ჰაერიდან. მაგრამ თალიბებმა კარგად ისარგებლეს ამერიკის გარღვევით დაზვერვის ნაწილში, გადაჯგუფდნენ და პარტიზანული ბრძოლა გააჩაღეს. რაც შეეხება ალ-ქაიდას, მისმა წევრებმა პაკისტანს შეაფარეს თავი. ავღანეთის პრეზიდენტი, ამერიკელების ხელშეწყობით, მათივე მოკავშირე ჰამიდ ყარზაი გახდა. 2009 წლის აგვისტოში ამერიკელმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა, რომელიც ნატოს ჯარებს ხელმძღვანელობს ავღანეთში, განაცხადა, რომ კოალიციის ავღანურმა მისიამ შესაძლოა მარცხი იწვნიოს, თუ შეერთებული შტატები და ნატო არ განახორციელებენ ახალ ანტიპარტიზანულ სტრატეგიას, რომელსაც ზურგს დამატებით 80 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი გაუმაგრებს. დასაწყისისთვის გენერალმა 40 000 ჯარისკაცი მოითხოვა. მანვე აღნიშნა, რომ სწორი სტრატეგიის შემთხვევაში ამერიკას და მის მოკავშირეები შეძლებენ თალიბებთან და ალ-ქაიდასთან ბრძოლაში გამარჯვებას. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ავღანეთში წარუმატებლობა პირდაპირ ნიშნავს ამერიკის მოკავშირე პაკისტანის დესტაბილიზაციას. პაკისტანი კი ბირთვული ქვეყანაა და იქ 180 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. საყურადღებოა 2008 წლის ინციდენტი, როდესაც თალიბებმა სუატის დაბლობი დაიკავეს. პაკისტანის არმიას მათთან შეტაკება მოუხდა. მართალია, ამჟამად ტერიტორია გაწმენდილია, მაგრამ თალიბების გავლენის გაფართოების საფრთხე მუდმივად არსებობს. ობამას ახალი სტრატეგია ავღანეთსა და პაკისტანს სწორედ ამ ჭრილში განიხილავს: „მაშინ, როდესაც ჩვენ ვებრძვით თალიბებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი მუქარა დასავლეთ პაკისტანში მყოფი ხალხისგან მოდის, - მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებში, რიჩარდ ჰოლბრუკი, - საკმარისია, სუატის დაბლობი აიღონ, ისლამაბადამდე (პაკისტანის დედაქალაქი) 100 მილი დარჩებათ. ახალი ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ პაკისტანი და ავღანეთი ერთად უნდა განიხილებოდეს, როგორც ომის ერთი სცენა, მკვეთრად განსხვავებული წესებით საზღვრის იქით და აქეთ.” ბევრი მიიჩნევს, რომ მაკკრისტალის ანტიპარტიზანული სტრატეგია ამ ეტაპისთვის უალტერნატივოა. ის გულისხმობს მოსახლეობის დაცვას, მათ გადმობირებას, კარგი მართვის ხელშეწყობას, თალიბების ტრადიციული საყრდენების მოშლას. გენერალი მაკკრისტალის განცხადებიდან სამი თვის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ დამატებით 30000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო და თან ისიც განაცხადა, რომ 18 თვეში ჯარის უკან გამოყვანას დაიწყებს: „ჩვენ ვიბრძოლებთ ჰაერში, ბარში, მთაში - 18 თვის განმავლობაში. შემდეგ ჩვენ სახლში დავბრუნდებით... იმიტომ, რომ მე საკუთარი ქვეყნის შენება მაინტერესებს”. ამ სიტყვების გამო პრეზიდენტი ორმაგი კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა. ერთნი მშვიდობის დარგში მიღებულ ნობელის პრემიას აყვედრიდნენ და მიიჩნევდნენ, რომ შეერთებულ შტატებს ავღანეთში არაფერი ესაქმება, ის ვერაფერს გახდება და ტყუილად იხარჯება. მაგალითად კი დიდი ბრიტანეთის გამოცდილება მოჰყავდათ - „დიდი თამაშის” დროს. სხვანი კი ვადის დაწესებისა და არასაკმარისი ძალისხმევის გამო აკრიტიკებდნენ. „ეს იყო არა მთავარსარდლის, არამედ პოლიტიკოსის სიტყვა, - წერს ვაშინგტონ პოსტში პოლიტიკური კომენტატორი ჩარლზ ქრაუთჰამერი, - შესანიშნავია. წადით, იბრძოლეთ, ეუბნება ის თავის კადეტებს, ზოგიერთი თქვენგანი ალბათ ცოცხალი არ დაბრუნდება, მაგრამ მე თქვენს მისიას შევამოკლებ, იმიტომ, რომ ჩემი პრიორიტეტი ადგილობრივი თემებია”. ბევრი შიშობს, რომ ჯარის გაყვანის ვადის დათქმით ობამამ ცხადყო - მისი პრიორიტეტი ავღანეთში წარმატების მიღწევა არ არის და ამით ალ-ქაიდას და თალიბებს გამარჯვების იმედი გაუძლიერა. ანტიპარტიზანული სტრატეგია მოკლე დროში ვერ განხორციელდება. ქსენოფობი პუშტუნების გადმობირებას დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ ფერხდება მოკავშირეთა კონტროლის დამყარება პუშტუნისტანის ცენტრზე - ყანდაჰარზე. როგორც ამბობენ, ამერიკის მოკავშირე ჰამიდ ყარზაი ეჭვობს, რომ ობამას მიერ დათქმულ მცირე დროში დასავლეთი თალიბების დამარცხებას ვერ შეძლებს და ამიტომ თალიბებთან მოლაპარაკებას ცდილობს. იმასაც ამბობენ, რომ 2011 წლისთვის ავღანეთის ხელისუფლება და ჯარი ვერ გადაიბარებს სრულ პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე. როგორც ცნობილი გამოცემა თაიმი მიუთითებს, ამ ეტაპზე „ათიდან ცხრა ავღანელ ჯარისკაცს არც ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქციის წაკითხვა შეუძლია, არც მანქანის მართვა. ჯარში წინააღმდეგობებია: ყოფილი საბჭოთა ვეტერანები ყოფილ მოჯაჰედების უპირისპირდებიან, ტაჯიკები - უზბეკებს, ხაზარებსა და პუშტუნებს. მაღალჩინოსნები რუტინულად პარავენ რიგით ჯარისკაცებს ხელფასს.” მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ევროპელები, განსაკუთრებით საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი, ფეხს ითრევენ თავიანთი საჯარისო ნაწილების რაოდენობის გაზრდაზე გაეროს მანდატით მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ჯგუფში (ISAF – International Security Assistance Force) სადაც ამ დროისთვის 46 ქვეყანა მონაწილეობს. თავიდან, ევროპელების ამ დამოკიდებულებას ჯორჯ ბუშს და მის "უნილატერალიზმს” აბრალებდნენ. მაგრამ განსაკუთრებულ პროგრესს ვერც პრეზიდენტმა ობამამ მიაღწია. მიუხედავად ობამას იმ დროისთვის მაღალი პერსონალური მხარდაჭერისა ევროპაში, აშშ-ს ავღანური კონტიგენტის 30 000 ჯარისკაცით გაზრდის პასუხად, 2009 წლის დეკემბერში ბრიუსელში ჩასულმა ჰილარი კლინტონმა ევროპელებისგან მხოლოდ 7000 ჯარისკაცის დამატების პირობა წამოიღო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელი ჯარისკაცების ნაწილს თავისი ქვეყნის კანონმდებლობა უკრძალავს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას, ასე რომ, მათ მოქმედების არეალი მკვეთრად შეზღუდული აქვთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ავღანეთში ომის დაწყებისას, პირველად და ერთადერთხელ ამოქმედდა ნატოს ქარტიის მე-5 მუხლი. ავღანეთში მიღწეული შედეგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალს გადაწყვეტს. თუ ევროპამ არ იაქტიურა ალ-ქაიდასთან და მათ მოკავშირე თალიბებთან ბრძოლაში, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ეჭვი შეიტანოს ტრანსატლანტიკური კავშირის ურყევობაში და, ერთ მშვენიერ დღეს, ევროპამ ვეღარ ისარგებლოს ამერიკის მიერ 60 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიებით. მსოფლიო მასშტაბის ბოროტებასთან ბრძოლა არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის საქმე. ვისაც მშვიდობა სურს საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს მშვიდობისთვის ბრძოლაში. . . | |
|
სულ კომენტარები: 0 | |