მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » ბეგარა
1:15 PM
ბეგარა
პარლამენტში ამტკიცებენ, რომ ზედმეტობით სხვა გადასახადის გადაფარვა კვლავაც შესაძლებელი იქნება

ახალ საგადასახადო კოდექსში ბევრი მუხლი რომ საგადასახადო რეჟიმს გამარტივების ნაცვლად აუარესებდა, ბიზნესმა მოგვიანებით აღმოაჩინა, როცა კანონპროექტი იურისტებსა და ბუღალტრებს გულდასმით წააკითხა. მათ შორის იყო მუხლი საურავის დარიცხვის შესახებ (საურავი საგადასახადო სანქციაა, რომელიც დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისთვის ეკისრება). დარიცხვის წესის ახალი რედაქცია კოდექსის პროექტში პარლამენტში მისი პირველი მოსმენის დროს აღმოჩნდა.

ამჟამად მოქმედი კოდექსით, ბიზნესს შეუძლია ერთი გადასახადის, მაგალითად, დღგ-ის ნაწილში წარმოქმნილი ზედმეტობით მეორე, ვთქვათ, მოგების გადასახადის თანხა გადაფაროს და საურავი იმ შემთხვევაში დაერიცხება, თუ ბიუჯეტის მიმართ დავალიანება კიდევ დარჩება.

პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი კოდექსით ფინანსთა სამინისტრო აპირებს, საურავი ჯამურად ნაანგარიშებ თანხაზე კი არა, არამედ თითოეულ გადასახადზე ცალ-ცალკე დაარიცხოს.

ვთქვათ, მეწარმეს სამი სხვადასხვა გადასახადი აქვს გადასახდელი – დღგ, მოგებისა და ქონების. დღგ-ის ნაწილში მას 1200 ლარის ზედმეტობა დაუგროვდა. მოგებისა და ქონების გადასახადების სახით კი 1000 ლარი აქვს ბიუჯეტში შესატანი. სხვაობა 200 ლარი გამოვა, რაც სახელმწიფომ უკან უნდა დაუბრუნოს. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, მეწარმეს არც საურავი დაეკისრება.

მაგრამ თუ პრინციპი შეიცვალა და საურავის ცალ-ცალკე დარიცხვის წესი ამოქმედდა, მეწარმეს 1000 ლარზე საურავი დაერიცხება, ხოლო დღგ-ის 1200-ლარიანი ზედმეტობის ბიუჯეტისგან დაბრუნებას დიდხანს უნდა ელოდოს. ზედმეტად გადახდილი გადასახადის უკან დაბრუნებას ბიზნესი რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ გაჭირვებით ახერხებდა, ერთი გადასახადის მეორეთი გადაფარვა კი მათთვის შეღავათია.

თუ როგორ იანგარიშებს საურავს შემოსავლების სამსახური ახალი წლიდან, როცა ახალი კოდექსი ამოქმედდება, ბიზნესს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, დანამდვილებით რამის თქმა ექსპერტებსაც უჭირთ.

ზურაბ ლალაზაშვილი (ბიზნესასოციაციის ექსპერტი, ახალ საგადასახადო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრი): "271-ე მუხლის მეორე ნაწილში არსებული ჩანაწერი მართლაც არ იყო. ფორმულირება შეიცვალა, ახალ კოდექსში ბევრი გადასახადი სხვა პრინციპით დალაგდა. მაგრამ მგონია, რომ ცვლილება არსებითი არ უნდა იყოს და გადასახადებზე საურავის ცალ-ცალკე დარიცხვის რისკი არ არსებობს".

საურავის დარიცხვის პრინციპის შეცვლას პარლამენტში უარყოფენ.

ზურაბ ბუცხრიკიძე (პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): "ახალი კოდექსის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ ის არის, რომ საგადასახადო რეჟიმს ამარტივებს. რაც შეეხება, საურავის დარიცხვას, უბრალოდ, ტერმინები შეიცვალა, სხვა ცვლილება არ მომხდარა. ამ მხრივ სიახლე არ არის. პირიქით, გაუმჯობესება გადასახადის გადაფარვის წესსაც შეეხება. საბაჟო და საგადასახადო კოდექსების გაერთიანების შედეგად იმპორტიორს შეეძლება, საბაჟოზე წარმოქმნილი ზედმეტობით სხვა საგადასახადო დავალიანებები გადაფაროს. მოქმედი კოდექსით კი საბაჟო გადასახადი არ იქვითება. ამ შეღავათს ყველაზე მეტად სწორედ იმპორტიორები იგრძნობენ".

ფინანსთა სამინისტროს მიერ კოდექსის 271-ე მუხლის მეორე ნაწილი ასეა ფორმულირებული: "საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის თანხაზე, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის, შესაბამისი ვალდებულების წარმოქმნის მომდევნო დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი". მოქმედ კოდექსში ასეთი ჩანაწერი არ ყოფილა.

ახალ საგადასახადო კოდექსზე მუშაობა შემოდგომამდეა გადადებული. პარლამენტს კოდექსი მესამე მოსმენით დარჩა მისაღები მაშინ, როცა ტექსტში რედაქციული შესწორებები შედის, ხოლო გადასახადის განაკვეთები და პრინციპები უკვე დამტკიცებულია. კოდექსის ის მუხლები კი, რომელთა მიღებას მთავრობა განსაკუთრებით ჩქარობდა (ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გაზრდა, ჯართის ექსპორტზე აქციზის დაწესება, მობილური კომპანიებისთვის ბრუნვის 10%-იანი დაბეგვრა) აგვისტოდან უკვე ძალაში შევიდა.

.
.



კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1292 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar