მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
12:44 PM
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით სპეციალური საპროტესტო განცხადება გაავრცელა.

`რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ 2010 წლის 17 აგვისტოს რუსეთმა აღადგინა საზღვაო მიმოსვლა ოკუპირებულ აფხაზეთთან - საქართველო.

ზემოთ აღნიშნული ქმედებით რუსეთის ფედერაცია არღვევს საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციის მე-2 მუხლს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 1996 წლის 9 მარტის სავაჭრო ნაოსნობის შესახებ შეთანხმების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს, ამავე შეთანხმების მე-2 მუხლს, საქართველოს კონსტიტუციას, 1996 წლის 31 იანვრის საქართველოს პრეზიდენტის N 140 და 2004 წლის 3 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის N 313 ბრძანებულებებს, 2008 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ`. რუსეთის მხრიდან მსგავსი დარღვევების შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) 2010 წლის 17 მარტს, შესაბამისი ნოტით აცნობა ყველა წევრ-ქვეყანას, მათ შორის რუსეთის ფედერაციას და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ 2009 წლის 17 სექტემბერს ამცნო მსოფლიო თანამეგობრობას, რომ იგი საჭიროდ არ მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრონციპებს დაცვას და აღადგენს საზღვაო მიმოსვლა ოკუპირებულ აფხაზეთთან.

რუსეთის მსგავსი ქმედება წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის აშკარა გამოწვევას და იმის მორიგ, ნათელ დემონსტრირებას, რომ რუსეთი არ მიიჩნევს სავალდებულოდ საერთაშორისო საზოგადოებრიობაში მიღებული ქცევის წესების დაცვას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს პროტესტს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების მორიგ, უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით და მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიიღოს სათანადო ზომები, რათა რუსეთმა სრულად შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები და განახორციელოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია,`- ნათქვამია განცხადებაში.










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1122 | დაამატა: allfile | ტეგები: საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხად, საგარეო, განცხადება, საქმეთა, protest, სამინისტრო, Imo, saprotesto, რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar