მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » საზოგადოება––უმუშევრობა
1:56 PM
საზოგადოება––უმუშევრობა


დღეს საქართველოში უმუშევრობის ბუმია. დასაქმების მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, მაგრამ დასაქმება არც ისე ადვილია. სადღეისოდ სარეკლამო ბეჭდურ თუ ელექტონულ გამოცემებში ხშირად შეხვდებით ისეთ განცხადებებს, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში არსებული კომპანიების მიერ მოსახლეობის გარანტირებულ დასაქმებას, თანაც მაღალი ანაზღაურებით, გვთავაზობენ. მათ მომხიბვლელ განცხადებებს ადამიანები დიდი ინტერესით ეცნობიან და კომპანიის ე. წ. წარმომადგენელთა მიერ დანიშნულ ადგილსა და დროს პუნქტუალურად ცხადდებიან. თავდაპირველად ყველაფერი თითქოს ნორმალურად მიდის. ხდება რეგისტრაცია, ტესტირება და ბოლოს გასაუბრება. სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო: კომპანიის წარმომადგენელი ტრენინგის გასავლელად და შემდგომ გარანტირებული სამუშაოს მისაღებად სამუშაოს მაძებართაგან 30 ლარის გადახდას ითხოვს. ამ თანხის გადახდისას შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ თქვენ არავითარი გარანტირებული სამუშაო და მით უფრო წარმატებული მომავალი არ "გემუქრებათ", პირიქით დაზარალებულიც კი რჩებით. გთავაზობთ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის "ტიენსის" მიერ გაწბილებული და მოტყუებული ადამიანის მონათხრობს, რომელიც ჩვენს გაზეთს დაუკავშირდა და გვთხოვა ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო ამ კომპანიის საქმიანობის შესახებ, რათა სხვები მომავალში არ წამოეგონ ამ ჩინური კომპანიის მიერ დაგებულ მახეს და არ მოტყუვდნენ.

საკითხის უკეთ შესასწავლად და იმის დასადასტურებლად, რომ ჩვენი რესპოდენტის მონათხრობი სრული სიმართლე იყო, ერთი ძველი ქართული ანდაზა მოვიშველიე და ასჯერ გაგონილის ერთხელ ნანახის სიბრძნით შთაგონებული კომპანია "ტიენსის" ერთ-ერთ წარმომადგენლობას სამუშაოს მაძებართა სტატუსით ვეწვიე. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩვენი რესპოდენტი მართალი აღმოჩნდა და რაც იქ ვნახე და მოვისმინე, რესპოდენტის მიერ მოთხრობილის ანალოგია აღმოჩნდა.

კომპანია "ტიენსს" დედაქალაქის სხვადასხვა უბანში აქვს განლაგებული ოფისები. ისინი 16-50 წლამდე ყველა პროფესიის ადამიანს მაღალ ანაზღაურებას, გარანტირებულ სამსახურს და დიდ მომავალს სთავაზობენ. შესაბამისად, კომპანიის ოფისებს ბევრი დასაქმებით დაინტერესებული პირი აკითხავს. აღსანიშნავია, რომ კომპანია განცხადებებში სახელ "ტიენსს" არ ახსენებს და თავს უბრალოდ საერთაშორისო კომპანიად ან PR ჯგუფად მოიხსენიებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები თავიანთ საპრეზენტაციო გამოსვლაში გვაუწყებენ, ჩინური კომპანია "ტიენსი" ანუ "ცის ლომი" 1995 წელს არის დაარსებული. მათივე ინფორმაციით, სადღეისოდ კომპანია 150 ქვეყანაში მოღვაწეობს და წელიწადში 8 მილიარდი ბრუნვა აქვს. კონკრეტულად რას ემსახურება ,,ტიენსი", ამ კითხვაზე ჯგუფის ხელმძღვანელი სიამაყით აცხადებს, რომ ის ადამიანის ორგანიზმისთვის უნიკალურ გამაჯანსაღებელ პროდუქციას აწარმოებს. თუმცა მათი შეძენა, მხოლოდ წინასწარ შეკვეთითაა შესაძლებელი. და თუკი ადამიანები მათთან ითანამშრომლებენ, დიდი ფასდაკლებით შეეძლებათ ამ უნიკალური პროდუქციის შეძენა.

ახლა კი კომპანიის მიერ მოტყუებული ჩვენი რესპოდენტის, 19 წლის თამთა წიკლაურის მონათხრობს გთავაზობთ, რომელსაც PR ჯგუფში დასაქმება ჰქონდა განზრახული. `გაზეთ "სიტყვა და საქმეში" PR ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული განცხადება ვნახე. შემოთავაზებებმა დამაინტერესა და მითითებულ ნომერზე დავრეკე. ტელეფონით ზოგადად ამიხსნეს, თუ რა სახის ვაკანსია ჰქონდათ და გასაუბრებაზე დამიბარეს. მთხოვეს, პირადობის მოწმობით მივსულიყავი და განყოფილება N 12 მეკითხა. მეორე დღეს დაბარებულ დროს მივედი. 10 კითხვიანი ზოგადი ტესტი შემავსებინეს და გასაუბრებაზე გამიყვანეს. მკითხეს, ხელფასი რამდენი მინდოდა მქონოდა, საზოგადოებასთან ურთიერთობა თუ მიყვარდა, სიახლეები თუ მიზიდავდა და ა.შ. გასაუბრების დროს მითხრეს, რომ შესაფერისი კადრი ვიყავი და თუ მათთან თანამშრომლობა მსურდა, 6 დღიანი ტრენინგი უნდა გამევლო, სადაც ჩემს საქმეს შემასწავლიდნენ. შემდეგ ტესტირებას გავივლიდი, რომელსაც ჩემი დასაქმებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა და მათი თანამშრომელი გავხდებოდი. ტრენინგის გასავლელად 30 ლარი უნდა გადამეხადა. კითხვაზე, საჭირო იქნებოდა თუ არა სამომავლოდ რაიმე თანხის გადახდა დამატებით, გამსაუბრებელმა მითხრა, რომ არა. ხოლო კითხვაზე, რა ორგანიზაციაში უნდა მემუშავა კონკრეტულად და რა იქნებოდა ჩემი მომავალი საქმიანობა, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე. მხოლოდ ის გავიგე, რომ ეს ბიზნესის სფერო იქნებოდა. მართალია, ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება აბსურდი ყოფილიყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ბედი მეცადა. PR ჯგუფში ოცდაშვიდნი შევიკრიბეთ, უმეტესად ახალგაზრდები. ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი, როგორც თავის ბიზნესში წარმატებული ადამიანი, ყველა ლექციის დაწყების წინ ტაშით შეგებებას გვთხოვდა. ტრენინგები ფსიქოლოგიაზე, Pღ-ზე და ქსელურ მარკეტინგზე წაგვიკითხეს. ყველა სწავლება 2 საათი გრძელდებოდა, თან გვთავაზობდნენ წიგნებს შესაძენად. მე პირადად არ მიყიდია, რადგან საკმაოდ ძვირი ღირდა და ვერ შევწვდებოდი, მაგრამ ბევრი დაინტერესდა და ყიდულობდა. უკვე მეოთხე ლექციაზე ვიდეო მასალა გვიჩვენეს, სიდაც კომპანია ,,ტიენსის" და მისი წარმატებული თანამშრომლების შესახებ იყო მოთხრობილი. ნაჩვენები იყო კადრები, თუ როგორ დასეირნობენ ადამიანები იახტით, ვერტმფრენით, მანქანით და ა.შ. როგორც გვითხრეს, ეს ის პიროვნებები იყვნენ, რომლებმაც კომპანიაში ყველაზე მეტი ადამიანი გააწევრიანეს და კომპანიისგან ასე უხვად დასაჩუქრდნენ.
ტრენინგების ბოლოს, ტესტირების შემდეგ, გამოგვიცხადეს, რომ PR ჯგუფში მუშაობის დაწყება იმ შემთხვევაში შეგვეძლო, თუ 600 ლარს გადავიხდიდით და 4 ისეთ ადამიანს მოვიყვანდით, ვინც ამ რაოდენობის თანხას გადაიხდიდა. ამ ყველაფერმა საშინლად გამაბრაზა და ვიკითხე, რისთვის იყო ეს თანხა საჭირო. ერთ-ერთმა მთავარმა ხელმძღვანელმა ამიხსნა, რომ ეს თანხა ბიზნესის დასაწყებად მჭირდებოდა და რაც უფრო მეტ ადამიანს გავაწევრიანებდი ჯგუფში, მით უფრო მაღალ ქულებს დავაგროვებდი და ხელფასსაც შესაბამისად მივიღებდი. მექნებოდა საკუთარი კომპიუტერული ნომერი, სადაც ჩემი დაგროვილი ქულები დაფიქსირდებოდა, ხოლო ჩემს მიერ მოყვანილ თითოეულ ადამიანს 600 ლარი უნდა გადაეხადა და მათაც ჩემსავით ბიზნესი დაეწყოთ, ანუ ადამიანები მეც ისევე უნდა მომეტყუებინა, როგორც თავად მოვტყუვდი. სწორედ ეს იქნებოდა ჩემი ბიზნესი და საზოგადოებასთან ურთიერთობა. მეც "ტიენსის" წარმატებებისა და ჩვეულებრივი ადამიანების გამდიდრების შესახებ უნდა მომეყოლა ზღაპრები ხალხისთვის, რომ შემდეგ გაწევრიანებულიყვნენ PR ჯგუფში და მე ქულები მეგროვებინა. ჩემს ჯგუფში გორიდან ლტოლვილი გოგონა იყო, რომელმაც გვითხრა, რომ ტრენინგების გასავლელად ფული ნასესხები ჰქონდა და 500 ლარიან სამსახურს დიდი იმედით ელოდა. ჩემი ჯგუფის დიდი ნაწილი იმედგაცრუებული დარჩა. ზოგი 30 ლარზე დარდობდა, ზოგი ტყუილად დაკარგულ დროზე. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც 600 ლარი გადაიხადეს მფრინავი თუ ცის ლომის ანუ "ტიენსის" კომპანიაში ბიზნესის დასაწყებად. თუმცა, რამდენიმე დღის წინ შევიტყვე, რომ მათ ისევე გაუცრუვდათ იმედები, როგორც მე. ტრენინგების განმავლობაში ბოლომდე მაინც ვერ გავარკვიე ეს კომპანია რას საქმიანობს. ჩემი უამრავი კითხვა დატოვეს მათ პასუხგაუცემელი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თავადაც არ იცოდნენ, რას გვასწავლიდნენ და რას ემსახურებოდნენ ამ კომპანიაში."

"ტიენსის" საქმიანობით უფრო დეტალურად დავინტერესდი და გავარკვიე, რომ გარდა იმ საქმიანობისა, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით, კომპანია პროდუქციის გაყიდვაზეც მუშაობს. აქაც, რა თქმა უნდა, დასაქმებისთვის მისულ ადამიანებს გარკვეულ თანხას ახდევინებენ. ანაზღაურების მისაღებად კი მათი პროდუქციის რაც შეიძლება მეტი რაოდენობით რეალიზებაა საჭირო. "ტიენსის" თანამშრომლები გვარწმუნებენ, რომ ჩინური ბალახეულობით დამზადებული წამლები უნიკალურია. თუმცა ეს ჭეშმარიტებას რამდენად შეეფერება, ჯერ კიდევ საკითხავია, რადგანაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათ გამაჯანსაღებელ მედიკამენტებს უჩივიან, მაგრამ პასუხს ვერავის სთხოვენ, რადგან ისინი თავად მიენდნენ "ტიენსის" თანამშრომლების რჩევას და შემდეგ მოტყუებულნი აღმოჩნდნენ.

მართლაც, რა სახის მედიკამენტებს აწარმოებს ეს კომპანია და საერთოდ, რამდენად ლეგალიზებულ და კანონშესაბამის საქმიანობას ეწევა, ვფიქრობთ, ამით შესაბამისი ორგანოები ანუ სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ, თანაც დროულად, რადგანაც "ტიენსი" თავის კომპანიაში ყოველდღიურად უამრავი ადამიანის მიტყუებასა და მათ გამოძალვას განაგრძობს.

.













კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1917 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar